კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

როგორ გაეპარნენ უცხოეთში „სუკს“ დემიდოვის კოლექციის გამტაცებლები

1961 წლის 12 აპრილს, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი იური გაგარინის კოსმოსში გაფრენას ზეიმობდა და მოსკოვის ქუჩებში ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა, ძველ არბატზე, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული, ეგრეთ წოდებული „კარამზინის სახლი“ დაიწვა. იმ დილით, ვიღაც ანონიმმა „მურის“ სამორიგეოში დარეკა და ბოხი ხმით თქვა:

– მაიორ ლოდკინს გადაეცით, რომ ძებნილი ბერიძე კარამზინის სახლში, მესამე სართულზე იმალება და, სავარაუდოდ, თან აქვს ლალის თვლების კოლექცია...

ირაკლი ბერიძე საკავშირო ძებნილი იყო და მილიცია მას 1960 წლიდან ეძებდა, რადგან, ეგრეთ წოდებული „დემიდოვის კოლექციის“ გატაცებაში იყო ეჭვმიტანილი.

„მურის“ ოპერჯგუფი ოპერატიულად მივიდა მითითებულ ადგილზე და ძებნილის აყვანას უნდა შესდგომოდნენ, რომ მესამე სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან ჯერ ორი გასროლის ხმა გაისმა, შემდეგ ბინაში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც ელვისებურად მოედო ხის სახლს და შენობა ოც წუთში ისე ჩაიფერფლა, რომ შიგნით „მურის“ ოპერმუშაკებმა შესვლა ვერ მოასწრეს.

კარამზინის სახლი იმ პერიოდში ცარიელი იყო, სარესტავრაციოდ ამზადებდნენ და მოსკოვის ქალაქკომმა იქიდან მობინადრეები გამოიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მისულ ექსპერტ-კრიმინალისტებს შენობაში მამაკაცის დანახშირებული ცხედარი დახვდათ, რომელიც, მილიციის ვარაუდით, ირაკლი ბერიძე უნდა ყოფილიყო. იპოვეს „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიც და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სწორედ ამ იარაღიდან განხორციელდა ორი გასროლა მურელების მიმართულებით. ასევე, დადგინდა, რომ ხანძარი გამოიწვია ნავთით სავსე ბიდონის აფეთქებამ, რომელიც ბერიძეს ოთახში ედგა და რომელსაც მილიციის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლის დროს ტყვია მოხვდა. ყველაზე სამწუხარო და ბინდით მოცული კი ის იყო მილიციისთვის, რომ დანახშირებულ სახლში დემიდოვის კოლექციის ლალის თვლები ვერ იპოვეს.

– უცნაურია, – თქვა ვიტალი ლოდკინმა, – ნუთუ ბერიძემ სხვაგან გადამალა კოლექცია? ან ის ანონიმი ვინ იყო, ვინც ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა?

დემიდოვის კოლექცია

ცნობილი რუსი მრეწველი, ციმბირის ძვირფასი საბადოების მფლობელი, მილიონერი ვასილი დემიდოვი, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მსოფლიოში უდიდესი ლალების კოლექციის მფლობელი იყო – 107 ცალი უნიკალური თვალის საერთო წონა 2 ათას კარატზე მეტი იყო და, მაშინდელი შეფასებით, კოლექციის ღირებულება 8 მილიონ მანეთს აჭარბებდა. „ციმბირელი ლომი“, როგორც ვასილი დემიდოვს უწოდებდნენ რუსეთში, თავის კოლექციაში ათკარატიანზე ნაკლებ ლალს არ აჩერებდა და მსხვილი თვლების შესაძენად ფული არ ენანებოდა.

1917 წელს კი, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ, დემიდოვის კოლექცია სახელმწიფო საცავში მოხვდა და მას სპეციალურ სეიფში ინახავდნენ. დიდი სამამულო ომის დროს კოლექცია ტაშკენტში წაიღეს შესანახად, შემდეგ კვლავ მოსკოვში, ძველ ადგილას დააბრუნეს. 1960 წლის 4 მაისს კი ცნობილი კოლექცია სპეცსაცავიდან გაქრა და, როდესაც საქმეში მილიცია ჩაერთო, დადგინდა, რომ ძვირფასი თვლები ირაკლი ბერიძემ გაიტაცა.

31 წლის ირაკლი ბერიძე ხელოვნებათმცოდნე იუველირი იყო, სპეცსაცავში მუშაობდა და მოსკოვში მარტო ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ 1960 წლის 4 მაისს, დილის 9 საათსა და 45 წუთზე, ირაკლი ბერიძემ ღამის მორიგეობის შემდეგ დატოვა სპეცსაცავის შენობა და წავიდა. ვახტიორი ნიკიტა კუზნეცოვი გამომძიებელს გამოუტყდა, რომ მან ბერიძე სავალდებულო შემოწმების გარეშე გაატარა, რაც აუცილებელი პროცედურა იყო.

– ამხანაგო გამომძიებელო, – ამბობდა ვახტიორი, – ირაკლი ისეთი წესიერი კაცი ჩანდა, რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთ რამეს ჩაიდენდა. მას არაერთხელ უცია ჩემთვის პატივი, ხელიც გაუმართავს და მისი ჩხრეკა ვიუხერხულე.

ბერიძის მეწყვილე, სევა კოროლიოვი, რომელმაც იმ დილით ირაკლი შეცვალა, მილიციელებმა გაკოჭილი, პირში ჩვარჩატენილი და საკუჭნაოში ჩაკეტილი იპოვეს.

– ნამდვილად არ მეგონა, თუ ირაკლი ამას ჩაიდენდა, – იმავეს იმეორებდა კოროლიოვიც, – ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით, ვახლობლობდით კიდეც. ეტყობა, სიხარბემ სძლია, თუმცა, ეს მისთვის არასდროს შემიმჩნევია. ცვლა რომ გადავიბარე და სეიფისკენ შევტრიალდი ჩასაკეტად, თავში მძიმე საგანი მომხვდა და მას მერე არაფერი მახსოვს.

ირაკლი ბერიძე ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატი იყო, პარალელურად კი მინერალოგიის ინსტიტუტში ლექციებსაც კითხულობდა. მაიორმა ვიტალი ლოდკინმა, რომელიც ბერიძის საქმეს იძიებდა, გულდასმით შეისწავლა მისი დოსიე და დაადგინა, რომ მას არც ნათესავი ჰყავდა, არც მეგობარი, რომ საიმედოდ დამალულიყო და, იმედოვნებდა, რომ მას შეიპყრობდა.

– ბერიძე მარტოხელაა, – ეუბნებოდა კოლეგებს ლოდკინი, – საზღვარგარეთ ვერ გავა. ვერც ვინმესთან დაიმალება ისე, რომ ვერ მივაგნოთ, რადგან, საიმედო ზურგი არ აქვს. სავარაუდოდ, მას სადღაც სამალავი უნდა ჰქონდეს, სადაც თაგვივით მარტო იმალება, მაგრამ ჩვენ მას აუცილებლად მივაგნებთ.

ლოდკინის დიდი იმედების მიუხედავად, ბერიძე თითქმის ერთი წელი მოუხელთებელი იყო და მაიორის სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კარამზინის დამწვარ სახლში მხოლოდ ბერიძის დანახშირებული ცხედარი იპოვეს, გატაცებული ლალების კოლექცია კი უკვალოდ გაქრა...

ექიმ ვორობიოვის საქმე.

1963 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა 57 წლის ქირურგი, პროფესორი გავრილ ვორობიოვი დააპატიმრა.  გამომძიებლები მას სახის შეცვლის არალეგალური ოპერაციების ჩატარებაში სდებდნენ ბრალს. ვორობიოვზე კი „კაგებე“, შეიძლება ითქვას, შემთხვევით გავიდა. საქმე ის იყო, რომ ვორობიოვის ასისტენტმა, 30 წლის გრიგორი პეტუხოვმა, 1963 წლის 9 თებერვალს, მოსკოვში, წითელ მოედანზე, ამერიკელი ტურისტისგან სუვენირი – პლასტმასისგან გაკეთებული „თეთრი სახლი“ მიიღო. პეტუხოვს ტურისტი გამოელაპარაკა და ჰკითხა, როგორ უნდა მისულიყო ტრეტიაკოვის გალერეასთან და, როდესაც პეტუხოვმა აუხსნა მისასვლელი გზა, სწორედ ამის შემდეგ აჩუქა უცხოელმა სუვენირი. იმ პერიოდში ყველა უცხოელს „კაგებე“ უთვალთვალებდა და, როგორც კი ტურისტი წავიდა, პეტუხოვი დააკავეს, სუვენირი ჩამოართვეს და რაიონულ განყოფილებაში მიიყვანეს ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად, რაც უბრალო ფორმალობას წარმოადგენდა და დაკავებულს მაქსიმუმ ერთ საათში უპრობლემოდ გაუშვებდნენ. მიტკალივით გაფითრებული, შეშინებული გრიგორი პეტუხოვი კი ისე დაიბნა, რომ „კაგებეს“ თანამშრომელს უთხრა: ჩემი უფროსი, პროფესორი გავრილ ვორობიოვი სახის შეცვლის არალეგალურ ოპერაციებს ატარებს და მე მას ვეხმარებიო.

პეტუხოვის განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, რადგან, მსგავსი ქმედებები სახელმწიფო დანაშაულად ითვლებოდა. ამიტომ, „კაგებე“ ღრმად ჩაეჭიდა პეტუხოვის სიტყვას და დაადგინა, რომ 1962-1963 წლებში ვორობიოვმა ოთხი ოპერაცია ჩაატარა და თითოეული ადამიანისგან 2 ათასი მანეთი აიღო.

– ჩემი წილი იყო ხუთასი მანეთი, – თქვა პეტუხოვმა, – ორი კვირა მე ვუვლიდი ნაოპერაციევ პაციენტს და მათი ფოტოებისა და ნეგატივების განადგურება მევალებოდა, მაგრამ, ყველაფერი დღემდე მაქვს შენახული.

„კაგებემ“ პროფესორ ვორობიოვს ორი დღე უთვალთვალა, შემდეგ კი დააპატიმრა და სამხილად პეტუხოვის აღიარება და ნაოპერაციევი პაციენტების ფოტოსურათები დაუდეს. როგორც გაირკვა, ოთხივე ნაოპერაციევი, ანუ სახეშეცვლილი პაციენტი, ძებნილი იყო, სამი მათგანი – რეციდივისტი, მეოთხე კი – ირაკლი ბერიძე...

„კაგებემ“ ვორობიოვის საქმე თავის უწყებაში დაიტოვა, „მურიდან“ „ლალების საქმეც“ გამოითხოვა და გამოსაძიებლად ნოდარ ლომიძეს გადასცა, რომელიც ცენტრალური აპარატის გამოცდილი გამომძიებელი იყო.

როდესაც ყველაფერი „კეგებეს“ მაშინდელ თავმჯდომარეს, სემიჩასტნის შეატყობინეს, ის გაბრაზდა და თქვა:

– საქმე 8 მილიონი მანეთის ღირებულების გატაცებული ლალების კოლექციას ეხება და მხოლოდ სამი წლის მერე ჩამოართვით ეს საქმე მილიციას! აბა, რაც შეიძლება, ჩქარა დაადგით თავი ამ საქმეს და კოლექცია უკან დააბრუნეთ, დამნაშავეები დაიჭირეთ და დასაჯეთ!

ზღაპრული თვლები

საქმის ასეთმა შემობრუნებამ მთელი „მური“ შოკში ჩააგდო, „კაგებესგან“ შეურაცხყოფილმა ხელმძღვანელობამ შური მაიორ ლოდკინზე იძია და ის დააქვეითა.

ნოდარ ლომიძემ კი გულდასმით შეისწავლა „მურიდან“ გადმოგზავნილი მასალები და მტკიცედ თქვა:

– ერთი ნაღდია – ბერიძე მარტო არ მოქმედებს, მას აუცილებლად ჰყავს თანამზრახველი. კარგია, რომ მისი ახალი გარეგნობა ვიცით. ეს დიდს ვერაფერს მოგვცემს, მაგრამ, მისი ფოტო გაამრავლეთ და ყველგან დაგზავნეთ. ჩემი აზრით, მთავარი ამ საქმეში ისაა, რომ მას საიმედო მფარველი, ანუ, თანამონაწილე ჰყავს და მისი მეშვეობით ჯერ ბერიძეზე უნდა გავიდეთ, ბოლოს კი – თვლებზე.

 გამოცდილი ქართველი გამომძიებლის ყურადღება ბერიძის მეწყვილის, სევა კოროლიოვის პიროვნებამ მიიქცია. ლომიძეს ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ კოროლიოვი ის კაცი არ იყო, როგორადაც თავს ასაღებდა, ამიტომ, მის დოსიეს ჩაუღრმავდა, თუმცა, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, ლომიძემ ფარული თვალთვალი დაუწესა კოროლიოვს, მაგრამ, ესეც უშედეგო აღმოჩნდა. სევა კოროლიოვი უცოლშვილო იყო და მოსკოვის ერთ-ერთ ძველ რაიონში მარტოდმარტო ცხოვრობდა ოროთახიან, ძველებურ ბინაში. ის მხოლოდ სამსახურში დადიოდა, საეჭვოს არავის ხვდებოდა და თვეში ორჯერ-სამჯერ კინოში მიდიოდა. ერთთვიანი თვალთვალის შემდეგ, ნოდარ ლომიძემ არალეგალურად შეაღწია კოროლიოვის ბინაში და თავის ხელქვეითებთან ერთად საგულდაგულოდ გაჩხრიკა, მაგრამ, ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, ლომიძეს მაინც ეჭვი ეპარებოდა სევა კოროლიოვში, ის ბერიძის თანამზრახველად მიაჩნდა და მისი გაშიფვრის მიზნით მორიგ ეშმაკობას მიმართა. ღამით მან კოროლიოვს დაურეკა ბინაში და უთხრა:

– სევა, მე შემთხვევით გავიგე, რომ შენ და ირაკლი ბერიძემ ლალების კოლექცია მოიპარეთ და, თუ არ გინდა, რომ ეს ამბავი განვაცხადო, სამი ათასი მანეთი გადამიხადე.

– იდიოტო, რას როშავ! მეძინება და აღარ დამირეკო, თორემ, მე თვითონ განვაცხადებ შენზე და საგიჟეთში ჩაგსვამენ! – მიუგო სევამ და ტელეფონი გაუთიშა

ლომიძემ ღიმილით ჩაილაპარაკა:

– „და მაინც, ის ბრუნავს...“ დარწმუნებული ვარ, რომ კოროლიოვი დამნაშავეა. ის მიხვდა ჩემს ტრიუკს; არ გამოვრიცხავ, ისიც კარგად იცოდა, ფარულად რომ ვუთვალთვალებდით და ისიც, რომ მისი ბინა ფარულად გავჩხრიკეთ.

1963 წლის 11 ივლისს, ანუ, პროფესორ ვორობიოვის დაპატიმრებიდან ზუსტად ხუთი თვის თავზე, სევა კოროლიოვი სამსახურში არ გამოცხადდა. ის არც სახლში აღმოჩნდა და, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერში ედებოდა ბრალი, „კაგებემ“ მისი ძებნა დაიწყო. ლომიძე და მისი ჯგუფის წევრები ხელმეორედ შევიდნენ სევას სახლში და კომოდზე ბარათი აღმოაჩინეს, რომელშიც ეწერა: „ახლა მე და ირაკლი ძალიან შორს ვიმყოფებით და თქვენგან მიუწვდომლები ვართ. მაინც მოვახერხეთ თქვენი კლანჭებიდან თავის დაღწევა. მართალია, ბევრ ეშმაკობას მიმართეთ ჩვენს გასაშიფრად და შესაპყრობად, მაგრამ, ჩვენ მაინც გაჯობეთ. ლალები? ლალები, რა თქმა უნდა, ჩვენთანაა და მათი ზღაპრული შუქი გვინათებს მომავლის ნათელ გზას“.

როგორც ძიებამ დაადგინა, კარამზინის დამწვარ სახლში აღმოჩენილი დანახშირებული ცხედარი ბომჟს ეკუთვნოდა, რომელიც ქუჩიდან მიიტანეს იქ ბერიძემ და კოროლიოვმა, „ტეტედან“ გასროლა კი მექანიკური მოწყობილობიდან განხორციელდა და მისივე საშუალებით გაჩნდა ხანძარიც. ეს ყველაფერი კი მილიციის დასაბნევად იყო გამიზნული და, რომ არა შეშინებული პეტუხოვის ლაყბობა, ბერიძის ამბავი არ გამჟღავნდებოდა.

P.S. ირაკლი ბერიძე და სევა კოროლიოვი მხოლოდ მაშინ გაახსენდათ უშიშროებაში, როდესაც, 1982 წელს ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ აუქციონზე 3 მილიონ გირვანქად გაიყიდა ათკარატიანი ლალი, რომელიც, სავარაუდოდ, დემიდოვის კოლექციიდან იყო...

 

скачать dle 11.3