კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უთვლიდა თამარ ციციშვილს ქმარი მეშჩანობად და როგორ დაუსახიჩრდა მას სახე „დარიკოს” გადაღებებზე

ქართულ კინოს ყოველთვის ჰყავდა ისეთი ქალბატონები, რომელთა სილამაზე ქალსაც და კაცსაც ერთნაირად ატყვევებდა. ერთ-ერთი იყო თამარ ციციშვილი, რომელიც ეკრანებზე გამოჩნდა სიკო დოლიძის ფილმით – „დარიკო.” 

თამარ ციციშვილი დაიბადა ოდესაში, 1908 წელს. მამა ოდესის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა; დედა კი, რომელიც წარმოშობით გერმანელი იყო, იქ ცხოვრობდა. ოჯახმა პირველი ორი წელი იქ გაატარა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და თავიანთ მამულში (ქარელის რაიონი, სოფელი ხვედურეთი) დასახლდა. როდესაც თბილისში ჩამოდიოდნენ, სასტუმროში ცხოვრობდნენ. თამარ ციციშვილი სიამოვნებით  იხსნებდა ხვედურეთში რევოლუციამდე გატარებულ ბავშვობის წლებს, განსაკუთრებით კი – პაპამისის ულამაზეს და ცნობილ ბაღს, რომელიც, თურმე, დავით ციციშვილის დიდი გატაცება იყო. ამ ბაღში ხარობდა 400-მდე სხვადასხვა ჯიშის ვარდი. სწორედ იქ გაიზარდა ჩვენი ლეგენდარული მებაღე მიხეილ მამულაშვილი. იგი უვლიდა, აგრეთვე, ილია ჭავჭავაძის საგურამოსა და ცნობილი სვეტიცხოვლის ბაღებს. დავით ციციშვილს ის ოჯახის წევრივით ჰყავდა, მერე კი გაგზავნა ბერლინში, სადაც დამატებით გადიოდა მებაღეობის კურსებს. საქართველოში დაბრუნებულმა, დავითის დაფინანსებით გახსნა მაღაზია. ქალბატონი თამარის ქალიშვილი მანანა გედევანიშვილი გვიამბობს: „3-4 წლის იქნებოდა დედა, ციმბირის წყლული რომ დაემართა. საუკეთესო მკურნალები დააყენეს თავზე, მაგრამ ვერაფერს შველიდნენ, უკვე ჩაქნეული ჰქონდათ ხელი. მათთან ცხოვრობდა პაპამისის და, ნატო ციციშვილი, რომელიც დაქვრივების შემდეგ დაბრუნდა მშობლების სახლში. ის გახლდათ დიდი მცოდნე ამ სამკურნალო საშუალებებისა. წინაპრის, ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის (პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ავტორი სამკურნალო წიგნის „კარაბადინი”. ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოსა და საციციანოს ერთ-ერთი ფუძემდებელი) რეცეპტები ჰქონდა შემონახული და, აი, ამ რეცეპტებით, ის ნათესავებს, სოფლად ყველას მკურნალობდა, ძალიან განათლებული ქალი იყო. დაჯდა ბავშვთან მთელი ღამე, არავინ შედიოდა-გამოდიოდა და მალამოს უსვამდა ყურზე, იმიტომ, რომ ყურზე ჰქონდა დედას წყლული. დილისთვის ბავშვმა თვალები გაახილა და ცოტა ხანში უკეთ გახდა. თუმცა, წყლულთან ერთად, ბიბილოს ნაწილიც მომძვრალიყო. შემდეგ, როდესაც რევოლუცია მოხდა, ბოლშევიკები შეესივნენ გორს, ქარელს და ციციშვილები ამოწყვიტეს. ჩვენებს ისევ გლეხები დაეხმარნენ: ერთ ურემში, ჩასხეს დიდები, ბავშვები და გამოუშვეს. გავიდა წლები. დედას ყველაზე მეტად იმაზე სწყდებოდა გული, რომ იქ პაპიდა ნატოს სამკურნალო რეცეპტების რვეული და მამამისის პორტრეტი (შესრულებული მეცხრამეტე საუკუნეში) დარჩა და ამას გაუთავებლად ახსენებდა. თბილიში რომ ჩამოვიდნენ, ბინა იქირავეს. ცოტა სამკაული წამოეღოთ და მათი გაყიდვა დასჭირდათ, რადგან, მამამისს, როგორც თავადს, რევოლუციის შემდგეგ სამსახურში არსად იღებდნენ. დედა კონსერვატორიაში საფორტეპიანოზე სწავლობდა, პარალელურად სწავლობდა უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მათ ოჯახს ჰყავდა მუსიკოსების, მწერლების, ექიმების უზარმაზარი სამეგობრო წრე. დედამ სრულიად შემთხვევით გაიცნო თავისი მომავალი ქმარი: 19 წლის იყო, როდესაც დასჭირდა პატარა ოპერაციის გაკეთება და მოხვდა მიხეილ გედევანიშვილის კერძო საავადმყოფოში, რომელიც ამ სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული (მიხეილ გედევანიშვილის სახლში, ასევე, გახსნილი იყო საბავშვო ბაღი, სადაც იაკობ გოგებაშვილი ასწავლიდა). მომავალი მეუღლე დიმიტრი გედევანიშვილი მამამისის, მიხეილის კლინიკაში მუშაობდა ექიმად. მანმადე კი, ორი წლით ადრე, იოსებ გრიშაშვილი, რომელიც დედასთან მეგობრობდა, დიმიტრის დას სწერდა: მე მიტო ძალიან მომწონს. ასეთი განათლებული, პატრიოტი, კულტურული ადამიანი იშვიათია და მისთვის არავინ მემეტება, გარდა ერთისა. არის ასეთი მშვენება – თამარ ციციშვილი, რომელიც თოვლზე დაგდებულ ალმასს ჰგავსო. გრიშაშვილის ეს წინასწარმეტყველება ახდა. ერთხელ დედამ, გათხოვებამდე, მიიღო ღია ბარათი ყირიმიდან, კურორტ ანაპიდან. რაღაც ბარათები იყო იმ დროს გამოშვებული პლაჟის სურათებით. გაუკვირდა დედას ძალიან. გადმოაბრუნა და, ხედავს, სოსო გრიშაშვილის ლექსია. იმ ფოტოში მოხვედრილა თამარი ქოლგით ხელში, სადაც წერტილივით ჩანს და როგორ იცნო გრიშაშვილმა, არ ვიცი. რომ უნახავს, მიუწერია პატარა ლექსი და დედაჩემისთვის გამოუგზავნია. 

მამამისის პორტრეტი, რომლის დაკარგვასაც ასე განიცდიდა დედა, 40 წლის შემდეგ იპოვა. ერთ დღეს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი, რომელიც იმ სოფლიდან იყო, ურეკავს დედას და ეუბნება: თამარა, შენ რომ ასე დარდობ მამაშენის პორტრეტზე, მგონი, ვიპოვეო. თურმე, რომელიღაც გლეხის სხვენში იდო და წვიმისგან გაფუჭებულიყო. ფრესკას ჰგავს, ნახევრად წაშლილია, მაგრამ, მაინც არაჩვეულებრივია. ეს პორტრეტი დღესაც ინახება ჩვენს ოჯახში. 

დედამ ერთი ასეთი ეპიზოდი მოგვიყვა: ნათლია ჰყავდა,  გიორგი ხერხეულიძე, რომელიც დაახლოებული იყო იმპერატორის კართან. რუსეთში რევოლუცია რომ მოხდა, თავისი ოჯახით საქართველოში გამოიქცა. ერთხელ, დაპატიჟეს სადილზე (დედა მაშინ 13 წლის იქნებოდა). ამ სადილზე იყვნენ დედა, თავისი მშობლებით და კიდევ სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა შორის ერთმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედაზე, რადგან, არნახული სილამაზის ახალგაზრდა კაცი ყოფილა. საშინლად სევდიანი და დაღვრემილი მჯდარა მაგიდასთან, ხმას არ იღებდაო. მოუყვანეს ბოშები, სხვა  მომღერლებიც, მაგრამ, მაინც მოწყენილი იჯდა. ბოლოს წავიდნენ. მერე უკითხავს დედას, ეს კაცი ვინ იყოო. აღმოჩნდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ძმისშვილი, რომელიც რასპუტინის მკვლელობაში მონაწილეობდა. გამოაპარეს, რომ არ დაეჭირათ და თურქეთში ცხოვრობდა. არაფერი იცოდა, რა ბედი ეწია მის ოჯახს და თბილისში ჩამოვიდა, რომ ამბები გაეგო. აქ შეიტყო, რომ ნიკოლოზის მთელი ოჯახი დახვრიტეს და ამიტომ იყო, თურმე, ასეთი დადარდიანებული. მერე დაბრუნდა თურქეთში, იქიდან კი პარიზში აღმოჩნდა. მას ძალიან ახლო მეგობრობა ჰქონდა კოკო შანელთან.” 

1977 წელს ჟურნალ „დროშაში” ერთი საინტერესო ეპიზოდი დაიბეჭდა: თამარ ციციშვილს ერთი გლეხის ოჯახში ნიკო ფიროსმანის ნახატი – „შველი” აღმოუჩენია. მაშინ, როცა მთელი ოჯახი სოფელ გლდანში ისვენებდა, ეს შედევრი ლურსმნით ყოფილა მიჭედებული კედელზე. ქალბატონ თამარს უთქვამს, ეს დიდი მხატვრის სურათია და დაგვითმეთო. რას ამბობთ, ეს სურათი „თეთრი დუქნიდან” წამოვიღეო, – უპასუხია იმ გლეხს. ჩამოუხსნია და მიუცია. ეს იყო 1949 წელს. ფიროსმანის ეს ნახატი დღეს საცავში ინახება.

„დედა ძალიან სპორტული იყო, სპორტული კლუბის – „შევარდენის” წევრი გახლდათ და ხშირად დადიოდა წვრთნებზე. „დარიკოში” რომ დასჭირდა ცხენზე ჯირითი, კასკადიორი მოუყვანეს და უთხრეს, შენ მხოლოდ ახლო კადრებს გადაგიღებთო. დედამ უარი თქვა – არავითარ შემთხვევაში, მე თვითონ უნდა ვიჯირითოო. ერთ მშვენიერ დღეს, გადაღებაზე რომ წავიდა, გამოუყვანეს სრულიად უცნობი, გადარეული ცხენი, რადგან, მისი ცხენი ვიღაცას წაეყვანა. დაიწყო გადაღება. შეჯდა დედა ცხენზე და გააჭენა, უკანა გზაზე, თურმე, ისე აიწყვიტა ცხენმა, რომ დედას ხელიდან გაუვარდა აღვირი, დაეკარგა და ცხენი ვეღარ დაიმორჩილა, ამიტომ, კისერზე ხელებით შემოეხვია. გადაღება შორს იყო და ბევრი პატარა სოფელი გამოიარა. პატარა ბიჭებს ეგონათ მთვრალი კაცი ზისო და ქვები დაუშინეს, რითაც სულ გააგიჟეს და ცხენი მთელი სისწრაფით შევარდა თავლაში, დედას უკვე დაკარგული ჰქონდა გონება, ამიტომ, თავი ვერ შეიმაგრა, პირდაპირ შუბლით შეენარცხა კარს და საშინლად დაშავდა. სულ დაულურჯდა და დაუსახიჩრდა სახე, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. გავიდა სამი თვე, დედა არ ჯანმრთელდებოდა და მაშინ სიკო დოლიძემ უთხრა: რა ვქნა, თამარა,  სხვა უნდა ავიყვანო, ამდენს ვერ მოვიცდიო. მაშინ არ შეიძლებოდა გადაღებების შეჩერება, ყოველი დღე გაწერილი იყო, თუმცა, ნაწილი უკვე გადაღებული ჰქონდათ. მოიყვანეს შემცვლელი და განაგრძეს გადაღება. გადაიღეს რამდენიმე დღე, მერე ისევ მოვიდა სიკო და უთხრა: თამარა, რამდენ ხანსაც არ უნდა იყო ავად ვერავის ვერ გადავიღებ შენ გარდაო. მომჯობინდა დედა, ისევ შეჯდა თავის ცხენზე და ჯირითობდა.

მისი ხასიათის გამორჩეული, მთავარი თვისება სწორედ ეს იყო, რომ არავისი და არაფრის არ ეშინოდა. ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის – მთაშიც, სადაც იყო ცოტა საშიში სიტუაციები და მეგობრები ეუბნებოდნენ: თამარა, შენ ნამდვილი დარიკო ხარ, არაფრის გეშინიაო. „დარიკო” რომ გამოვიდა ეკრანებზე, ქართული კულტურის დღეები იყო მოსკოვში. ეს იყო 1937 წელი. მაშინ უნახავს სტალინს, მოეწონა და მოინდომა მისი გაცნობა. გააცნეს კრემლში, ბანკეტზე. მერე ისე მოხდა, რომ სტალინის აგარაკზე მოხვდნენ დედა და მამა ვიწრო წრეში. სუფრასთან დედა სტალინის გვერდზე მჯდარა. სტალინმა მას ციციაანთ „მრავალჟამიერი“ სთხოვა. დედა შეცბა – არ შემიძლია, რადგან, ძალიან რთული სამღერაა, ტექსტიც არ ვიციო. იქ ორი გუნდის  წარმომადგენელიც მჯადარა – პაჭკორიასა და სანდრო კავსაძის. დედაჩემი პაჭკორიასთან ცეკვავდა და ფანდურზე უკრავდა. სანდრო კავსაძემ – მეც არ ვიციო. პაჭკორიაზე ცუდად იმღერა შენმა გუნდმა და არც ციციაანთ „მრავალჟამიერი“ იციო, – უთქვამს სტალინს და ბოლოს თვითონ უმღერია. სანდრო გაფითრებული მჯდარა. კიდევ უსაყვედურია სტალინს, რაზეც სანდროს უთქვამს: რა ვქნა,  წამოსვლის წინ ორი მთავარი მომღერალი დამიჭირესო. რომლებიო, – უკითხავს სტალინს. არავინ უპასუხა. მაშინ დედას უთქვამს: მე ვიცი, რომლებიც არიან, კრინის მიმცემნი – ჯიღაური და მჭედლიშვილიო. სტალინს გვარები თავის პატარა წითელ წიგნაკში ჩაუწერია. თბილისში რომ დაბრუნებულან, სანდრო კავსაძის კონცერტი იყო კლუბში და დედა და მამა დაპატიჟეს. რომ მივიდნენ, დაინახეს, ისევ თავიანთ ადგილზე სხედან მჭედლიშვილი და ჯიღაური. მაშინ, აგარაკზე სტუმრობისას, სტალინმა დედას აჩუქა ძალიან ძვირფასი შვეიცარიული ოქროს საათი, წარწერაც აქვს უკან.  

თამარს ჰყავდა ისეთი თაყვანისმცემლებიც, რომლებიც პირდაპირ ამჟღავნებდნენ თავიანთ გრძნობებს. ზოგჯერ ეს არ სიამოვნებდა მის მეუღლეს და ერთი-ორჯერ პატარა უსიამოვნებაც  ყოფილა, მაგრამ, დედას ამაზე ეცინებოდა. საერთოდ, როგორც წესი, ჩემი მშობლები არსად არ დადიოდნენ ცალ-ცალკე, ერთად მოიარეს მთელი ქვეყნები, მარტო  დასვენება ვერ წარმოედგინათ. მამას ძალიან აინტერესებდა აღმოსავლეთის ქვეყნები და ინდოეთში ორჯერ წავიდა. დედას ძალიან უყვარდა სახლის ინტერიერის მოწყობა, მამას კი ეს არ მოსწონდა – მას მიაჩნდა, რომ ეს არის მეშჩანობა და სახლში უნდა დადგა ის,  რაც მოსახერხებელია და არა დეკორატიული. ამაზე ჰქონდათ ხოლმე დავა. დედას უნდოდა რაღაცეების შეძენა, მაგრამ, ამის გამო ვერ ყიდულობდა. რაღაცეები მაინც შეიძინა. დანარჩენი, რასაც აქ ხედავთ, არის ვახტანგ გედევანიშვილის ნივთები. ისინი ფასეულია იმით, რომ ძველია, ამ ოჯახის საკუთრება და დაკავშირებულია რაღაც მომენტებთან. გედევანიშვილების ოჯახში ხშირად მოდიოდნენ სტუმრად ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვანო მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა... აი, იმ მრგვალ მაგიდასთან, სავარძლებში ისხდნენ. ეს კაბინეტის მაგიდა, მაგალითად, ფასეულია იმით, რომ გრიგოლ ორბელიანისაა. ის თავისი სკამით გრიგოლ ორბელიანის სახლიდან შეიძინა თამარის მამამთილმა“. 

ქალბატონი მანანას პაპა, მიხეილ გედევანიშვილი, ერთდროულად რამდენიმე დარგის სპეციალისტი გახლდათ: ფსიქიატრი,  ნევროპათოლოგი, რენტგენოლოგი. მათ ოჯახში, პაპამისის კაბინეტში, ინახება რევმატიზმის, სახსრებისა და სხვა დაავადებების სამკურნალო აპარატურა, რომელშიც ადამიანი ჯდებოდა, თავი კი ამოყოფილი ჰქონდა. ეს ის აპარატია, რომელზეც, თურმე, ყველა ფიზიკოსი გიჟდება. მოკლედ, რას არ ნახავთ აქ: გედევანიშვილების საგვარეულო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს ორი მეფე და ორი კათალიკოსი: ერეკლე მეორე, გიორგი მეთორმეტე, ანტონ პირველი და ანტონ მეორე; ასევე, აქ ინახება ილიას ფაქსიმილე. გედევანიშვილ-ციციშვილების ოჯახში  უცხოელები დღესაც ხშირად დადიან სტუმრად. მათ იციან, რომ აქ ნახავენ არა მხოლოდ სამუზეუმო ნივთებს, არამედ, მეცხრამეტე საუკუნის ცოცხალ თბილისურ ცხოვრებას.     

 

скачать dle 11.3