კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ყველა კაცი ერთნაირია

გაიხედე მარცხნივ!

ნინი ისევ პირდაღებული და თვალებგაფართოებული იჯდა, პასუხს ელოდა და ლიზას შესცქეროდა. ქალი ორაზროვნად იღიმებოდა… ნინიც ვეღარ ბედავდა თავისი შეკითხვის  გამეორებას. უხერხულმა დუმილიმა რამდენიმე წუთს გასტანა.

– შენ ეს რატომ გაინტერესებს? – ჰკითხა მოულოდნელად, – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ჩემი შვილის მამა? ზოგი ქალი საერთოდ დონორისგან აჩენს, მერე რა?! რაშია პრობლემა, ვერ ვხედავ.

– ვერ ხედავ? პრობლემა შეგექმნა და, შეიძლება, კიდევ უფრო გაღრმავდეს – ამას ვგულისხმობდი, თორემ, პირადად ჩემთვის მართლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვისგან აჩენ ბავშვს.

– ჰო, აბა, რა… არც ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, დედას გეფიცები. მინდოდა, მყოლოდა შვილი და ვაჩენ. ლევანიც ბედნიერია. აი, ზუკა კი ძალიან ცუდად ატყდა. იმას მიიღებს, რომ მის წინააღმდეგ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას წამოვიწყებ და გავანადგურებ.

– ასე რომ ლაპარაკობ, ძალიან მაშინებ… 

ლიზამ გადაიკისკისა:

– რა საყვარელი ხარ… მაინც, რითი გაშინებ?

ნინიმ მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი. უნებლიეთ კანი მიბუსუსდება… რაღაცნაირი მზერა გიხდება – საშიში.

– ზუკას მართლა უნდა ეშინოდეს ჩემი, – დაქადნებით დააქნია თავი ლიზამ, – უჰ, თუ გავმწარდი… გაბედოს და ჩემსა და ლევანს შორის ჩადგეს… გაჩენის დღეს გაწყევლინებ. ბავშვის მამობაზე საერთოდ აღარ იქნება ლაპარაკი.

ნინიმ ფიქრიანად მოჭუტა თვალები…

– ლევანის მიმართ საკმაოდ უცნაური დამოკიდებულება გაქვს.

– რატომ არის უცნაური?

ნინი შეყოყმანდა:

– შენ ხომ ღალატობდი ლევანს?

ლიზამ გადაიკისკისა.

– ჰა, ჰა, ჰა, მაგიჟებ მე შენ! გააჩნია, რას ეძახი ღალატს. გინდა, დაგიმტკიცო, რომ მე მისთვის არ მიღალატია? ასეთი გაოგნებული ნუ მიყურებ. ახლავე აგისხნი და მიხვდები, რომ მართალი ვარ. ღალატი არ არის ის, რომ პატარ-პატარა სიამოვნებაზე უარი არ თქვა… მე ლევანის მეგობარი ვარ და ყოველთვის ვიყავი… ჩემზე დაყრდნობა მას ყოველთვის შეუძლია და ცოლად გაყოლის დღიდან დღემდე არაფერი შეცვლილა ამ მიმართულებით.

– ლიზა, გეხვეწები, ისეთ რამეს მეუბნები, რაც საერთოდ არ მესმის.

– არა, შენ არ გინდა, რომ გაიგო! მომისმინე და მიხვდი რაღაცას. შეიძლება, გამოგადგეს.

 ნინის ირონიულად გაეღიმა. ლიზამ წარბი შეიკრა:

– სულ ტყუილად გეღიმება, სხვათა შორის… მე ემოციური ადამიანი ვარ, რბილი და მგრძნობიარე, როცა საქმე სიყვარულს ეხება. შთაბეჭდილებები, ახალ-ახალი ემოციები მჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცები ხშირ-ხშირად მიყვარდებოდნენ – რა სისულელეა… ეგ ბრჭყვიალა სათამაშო ჩემნაირებისთვის არ არის.

– ანუ, შენ არც ლევანი გიყვარს?

– მიყვარს, ოღონდ, სრულიად შეგნებულად და გაცნობიერებულად. ეს არ არის ვნებიანი, გიჟური გრძნობა, რომელიც თავს დაგაკარგვინებს – ასეთი რაღაცისგან ძალიან შორს ვარ. მინდოდა და მყავს ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეიძლება დაველაპარაკო, ან, უბრალოდ, მხარზე თავი მივაყრდნო და გავჩუმდე. ზოგჯერ მინდა ხოლმე, რომ ჩუმად ვიყო და საერთოდ არაფერი გავაკეთო… ლევანი ამას იგებს და საერთოდ არ მაწუხებს. ის კომფორტული პარტნიორია. ხვდება, რომ, მთავარია, გვერდით იყოს საჭირო მომენტში; ხვდება, რა მჭირდება, რა მინდა და როგორ გამიუმჯობესოს გუნება-განწყობა. ბევრ საკითხში აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება გვაქვს, მაგრამ, კამათში არ შევდივართ ერთმანეთთან და არაფრიდან პრობლემებს არ ვქმნით. მას თავისი აზრი აქვს, მე – ჩემი… ეს არ არის სადავო და საკამათო. ლევანი ჩემი სიმშვიდის გარანტია, მე კი – მისი სიმშვიდის…

– კი მაგრამ, რანაირად? ვერ დავიჯერებ, რომ ლევანს შენზე არასდროს უეჭვიანია და არ უნერვიულია.

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ლიზამ, – ამაზე ადრე არასოდეს ულაპარაკია.

– ადრე არ ულაპარაკია? ანუ, ოდესღაც მაინც ილაპარაკა, ხო?

ლიზამ მუცელზე მოისვა ხელი და გაიღიმა:

– ნუ, ახლა, პრობლემები ყველა ოჯახშია, ამას არ უარვყოფ, ამის გარეშე წარმოუდგენელია ორი ადამიანის თანაცხოვრება – ჩვენ ხომ წვრილმანებზე არ ვლაპარაკობთ. შენ მითხარი, ლევანს ხომ ღალატობდიო და მე გიპასუხე – არა-მეთქი. ვუღალატებდი, თუ მასზე წინ სხვა ადამიანს დავაყენებდი; თუ ისეთ რამეს მოვიმოქმედებდი, რაც მის პიროვნებას გაანადგურებდა. მე ყოველთვის გვერდით ვყავარ, როცა ვჭირდები და მისი ბიზნესის ასეთი აყვავებაც გარკვეულწილად ჩემი დამსახურებაა.

– არ ვიცი, არ ვიცი… ჩემთვის ეს ყველაფერი ჩინურია.

– იცი, რას გეტყვი? მე გავთხოვდი იმ პირობით, რომ ჩემი პირადი თავისუფლება არ შეიზღუდებოდა – ლევანმა ეს თავიდანვე იცოდა. მაგრამ, მე არც მისი პირადი სივრცე დამიპყრია. როცა სხვა კაცთან ვიყავი, ამას მხოლოდ ჩემი სხეული გრძნობდა და არა გონება. თან, ლევანისთვის ჩემი ჩრდილოვანი მხარეები ყოველთვის საიდუმლოდ დარჩება. სამაგიეროდ, ახლა აღარავინ მაინტერესებს ჩემი ქმრის გარდა.

– ჰო, მაგრამ, თუ ლევანი გაიგებს შენი კავშირის შესახებ სხვა კაცებთან, ეს მისთვის შეღავათი ვერაფრით ვერ იქნება.

– მაგაში გეთანხმები, მაგრამ, არ გაიგებს.  თუ ისევ გაინტერესებს, შენს პირველ შეკითხვაზეც გიპასუხებ – არ ვიცი, ვინ არის ჩემი მომავალი შვილის მამა და, გულახდილად რომ გითხრა, არც მაინტერესებს. არც გამომითვლია, არც გამომიძიებია და არც ვაპირებ. ბავშვის მამა იქნება ის, ვის გვერდითაც გაიზრდება და ვინც მასზე იზრუნებს – სულ ეს არის.

– ზუკამ რომ მაინც მოინდომოს დეენემის ანალიზი? – ჩააცივდა ნინი.

ლიზამ ტუჩი აიბზუა:

– რა ცუდად მიცნობ… საქმე აქამდე არ მივა, დამიჯერე…

***

ვახომ სახლის კარი იმ მომენტში შეაღო, როცა ქეთიმ ვიღაცასთან ლაპარაკი დაასრულა და ყურმილი ღიმილით დაკიდა. ვახოს უნებლიეთ ეჭვმა გაკენწლა და გული უსიამოვნოდ შეუქანდა. რაც ცოლს შეურიგდა, სადღაც, სიღრმეში მუდმივად ებრძოდა პატარა „ჭიას“, რომელიც სრულად დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. ქეთის ღიმილმა „ჭია“ უარესად გაააქტიურა და გააღიზიანა.

– ვის ელაპარაკებოდი? – წამოსცდა უნებლიეთ.

– არავის, – უბრალოდ მიუგო ქეთიმ, – ადრე მოხვედი.

ცოლის მიერ ნათქვამმა უკანასკნელმა ფრაზამაც ცეცხლზე ნავთი დაასხა და უცებ წამოენთო:

– რას ნიშნავს – არავის, როცა ჩემი თვალით დავინახე, როგორ დაკიდე ყურმილი?

ქეთის ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე გადაიკისკისა, ქმართან მიირბინა და მოეხვია:

– შენ რა, ეჭვიანობ? რა საყვარელი ხარ! მომწონს, იცი?

– სამაგიეროდ, მე არ მომწონს, ძალიან არ მომწონს. მითხარი, ვინ დაგირეკა.

– ვახო, რა მოგდის? ლელა იყო, ჩემი თანამშრომელი, რა ჩავიცვაო, ამაზე დამირეკა.

– სად რა ჩავიცვაო, რაზე მელაპარაკები საერთოდ? – წარბი შეიკრა ვახომ და ცოლის მკლავები მოიშორა.

ქეთი გაბრაზდა:

– ახლა გულს მტკენ. შენ რა, სერიოზულად ფიქრობ, რომ მე ვიღაც კაცს ველაპარაკებოდი?

– არა. არ ვფიქრობ, მაგრამ, დავინახე, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდი. კიდევ დავინახე… ჰო, დავინახე…

ქეთი გაფითრდა და ხელები უღონოდ ჩამოეკიდა.

– რა დაინახე? – ჰკითხა ჩამწყდარი ხმით.

ვახო შეცბა. მიხვდა, რომ რაღაც ისეთი წამოსცდა, რაც არ უნდა ეთქვა.

– არაფერი, დაივიწყე…

– რა დავივიწყო? აშკარად აპირებდი რაღაცის თქმას.

– არაფრის თქმას არ ვაპირებდი… დავამთავროთ ეს ამბავი, ძალიან გთხოვ, თორემ, ისევ ვიჩხუბებთ, რაც ძალიან არ მინდა.

– იქნებ, ჯობდა, ერთხელ და სამუდამოდ გაგვერკვია ყველაფერი. არ მინდა, ჩვენ შორის რაღაც ისეთი დარჩეს უთქმელი, რაც მერე ჩვენს ძლივს დალაგებულ ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.

– მაჭამე რამე, დაღლილი ვარ, – საუბრის თემის შეცვლა სცადა ვახომ. ქეთიმ საყვედურით შეხედა:

– ვახო, მინდა იცოდე, რომ მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, ანუ, ისეთი არაფერი ჩამიდენია, რაც შენს პიროვნებას დააკნინებდა ან ღირსებას შეგილახავდა. ბავშვს გეფიცები! ხომ გჯერა ჩემი?

– უნდა დავიჯერო. არჩევნის საშუალება აღარ მაქვს, რადგან მოვედი და რადგან გადავწყვიტე, რომ შენთან ვიყო.

– ეს რას ნიშნავს?

– ნუღარ ჩამეძიები, ქეთი, ასე აჯობებს. ნუ მომაქცევ ყურადღებას და ნელ-ნელა ყველაფერი გაივლის.

– ვახო, მართლა ასე გაგაღიზიანა ამ უბრალო ფაქტმა? მართლა ლელას ველაპარაკებოდი, გეფიცები. შენ რომ ივენთზე მიგყავარ, მინდა, იმ წვეულებაზე ლელაც წამოვიყვანო, თუ, რა თქმა უნდა, შენ წინააღმდეგი არ იქნები… ბოლო დროს ძალიან მოწყენილი და დათრგუნულია, მინდა, ცოტა გავახალისო.

– უკვე უთხარი, ხომ? – ვახომ სევდიანად ჩაიცინა.

– ჰო, ვუთხარი, მაგრამ, ისიც დავამატე, რომ ჯერ შენ უნდა შეგთანხმებოდი.

– ანუ, თუ მე ვიტყვი არას, რა გამოვა? რომ ურჩხული და უხასიათო ვარ, რომელიც დასანახავად ვერ იტანს ცოლის მეგობრებს?

– არა, რა თქმა უნდა, – შეწუხდა ქეთი.

ვახომ თავი გადააქნია:

– როგორ არა, როგორ არა, ქეთი. უბრალოდ, ამაზე საერთოდ არ გიფიქრია. რა თქმა უნდა, ლელას წამოსვლა პრობლემა ნამდვილად არ არის. პრობლემა ისაა, რომ ნებით თუ უნებლიეთ, მაინც არ უწევ ანგარიშს ჩემს აზრს. ასე რომ არ იყოს, ჯერ შემეკითხებოდი და ლელას მერე შესთვაზებდი წამოსვლას.

ქეთი უხერხულად შეიშმუშნა:

– ვაიმე, ისე, უნებლიეთ წამომცდა. გეფიცები. ისე საწყლად გამოიყურებოდა, რომ… კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა, შენ კი ისევ გეწყინა.

– არ მწყენია. უბრალოდ, გეუბნები, რომ ასე არ შეიძლება. თუ მეკითხები და ჩემი აზრიც გაინტერესებს, მაშინ, ისე უნდა მკითხო, არჩევნის საშუალებაც მქონდეს – სულ ეს არის. ფაქტის წინაშე კი ნუ დამაყენებ! გაუგებრად ვამბობ?

– არა, – დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა ქეთიმ და თვალები აუცრემლდა. ვახომ მხარზე მოხვია ხელი და შუბლზე აკოცა.

– კარგი, ჰო… ნუ დაიგრუზები. ყველაფერი კარგად არის, საწყენად არ მითქვამს. გინდა, დღეს კინოში წავიდეთ?

– მერე, ბავშვი?

– დაურეკე ძიძას და სთხოვე, მოვიდეს. რა მოხდება დამატებით გადავუხადოთ.

– უხერხული არ არის? ნახევარი საათის წინ წავიდა და უკან როგორ შემოვაბრუნო? რამე კარგი ფილმი რომ გადმოვქაჩოთ ინტერნეტიდან და ვუყუროთ?

– ეგეც შეიძლება. პრინციპში, ეგ კიდევ უკეთესი ვარიანტია. ოღონდ, რამე გემრიელი მომიმზადე, – ხალისით დათანხმდა ვახო, – მე მანამდე ბავშვს ვეთამაშები, მერე დავაძინებ და შენს განკარგულებაში ვარ.

ქეთიმ ქმარს თვალებში ჩახედა.

– მართლა ყველფერი კარგად იქნება? მპირდები?

ვახომ თავი დაუქნია…

***

ლიზამ კიდევ შეავსო ფინჯნები ჩაით და ნინის გაუღიმა:

– ჩემს ნათქვამზე ფიქრობ? გულთან ასე ახლოსაც ნუ მიიტან. შენთვის ახლა ძნელი გასაგებია, მაგრამ, შეიძლება, მოვიდეს დრო, როცა…

– არა! – წამოიყვირა ნინიმ, – ეგეთი დრო არასდროს არ მოვა. მე თუ გავთხოვდები, ქმარს არასოდეს ვუღალატებ. რა ვქნა, თუკი ჩემთვის ისიც ღალატია, რასაც შენ ღალატს არ ეძახი?!

– გოგო, კაცებს ხომ აქვთ „შუახნის კრიზისი“ და ამას ბევრი ცოლი მშვიდად უყურებს – რა მოხდა, თუ ერთს გაისერნებსო. მით უმეტეს, რომ ასეთი გასეირნებები ხანგრძლივი არ არის. თუ ჭკუა გაქვს, ხვდები, რომ, მაქსიმუმ, ერთ თვეში, ხან უფრო ადრეც, ეს ყველაფერი დამთავრდება. რატომ უნდა დაანგრიო ამ ხანმოკლე „გადახვევის“ გამო მასზე გაცილებით ღირებული?

– საინტერესოა, ლევანს რომ გაეკეთებინა იგივე და მერე ელაპარაკა, რას იტყოდი.

ლიზას მზერაში ისევ „აინთო“ ველური და უცნაური ნაპერწკალი:

– გააჩნია, როგორ გააკეთებდა ამას. ჩემს სტაბილურობის განცდას და სიმშვიდეს თუ არაფერი დაემუქრებოდა, მაშინ, საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას.

– ანუ, თუ ვერაფერს გაიგებდი, ხომ? – ნინიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, – სწორედ მაგ იდიოტური ლოგიკის გამო დავშორდი გიგის.

– შენ გიგის იმიტომ დაშორდი, რომ თავად იყო იდიოტი და, გირჩევნია, არ შემეკამათო. ბიჭმა ელემენტარული რაღაც ვერ გაიგო – ის, რომ შენთვის გული არ უნდა ეტკინა. ეგ საერთოდ სხვა შემთხვევაა და მაგისთანას ყოველ ნაბიჯზე რომ უღალატო, ახი იქნება. შენ კიდევ ფიქრობ მასზე?

– ზოგჯერ, – გამოტყდა ნინი, – რა ვქნა, ბოლომდე ვერ ამოიშალა გულიდან, არ ყოფილა ადვილი. თომასაც იმიტომ ვერ ვაძლევ კონკრეტულ პასუხს.

– რა პასუხს, გოგო… ხომ არ აპირებ ცოლად გაჰყვე? –  ლიზას სიცილი აუტყდა, – არ გაგიჟდე!

– ვითომ, რატომ უნდა გავგიჟდე?! – ეწყინა ნინის, – თომა საიმედო ადამიანია, თან, ძალიან ვუყვარვარ.

– კარგი, რა, მერე ეგ საკმარისია?

– რატომაც არა?! ჩემთვის ორივე ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს.

– თომა შენ უზრუნველ ცხოვრებას ვერ შეგიქმნის.

– არც მინდა. მშვენიერი სამსახური მაქვს. არც ის არის ზარმაცი და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს.

– ჰო, მთლად გადასაგდები არ არის, მაგრამ საუკეთესო ვარიანტს ვერ დავარქმევ.

– საბედნიეროდ, მე და შენ განსხვავებული გემოვნება გვაქვს, მით უმეტეს, მამაკაცებთან დაკავშირებით.

– ეჰ, ჩემო საყვარელო, კიდევ იმდენი რამე უნდა ისწავლო… ხელიც ხომ არ გთხოვა?

– დააპირა, მაგრამ, მე არ მივეცი საშუალება და ახლა მეცოდება. ცივი წყალი გადავასხი, ფაქტობრივად.

– ოჰ, წყალი, თორემ, მაგასაც, ორკარატიანი ბრილიანტის ბეჭედი ედებოდა ჯიბეში. გადაიტანს როგორმე. მოიცა და, მთელი ცხოვრება თომას უნდა უყურო? მაგის სიზანტეს? მე ჭკუიდან შევიშლებოდი. დიდი ცეცხლისმფრქვეველი გიგიც არ იყო, მაგრამ, მაგასთან – რა შედარებაა…

– გეყოფა, მოეშვი თომას. მე ისეთი მომწონს, როგორიც არის, – ჩაილაპარაკა ნინიმ.

– მოგწონს, მაგრამ, არ გიყვარს, – ნიშნისმოგებით შეახსენა ლიზამ, – რა გეჩქარება, ნინი… ფანტასტიკურად გამოიყურები. მე გაგაცნობ ვინმე მაგარ ტიპს. ლევანს ჰყავს საინტერესო მეგობრები.

– მეორედ აღარ მითხრა, თორემ იმ წვეულებაზე საერთოდ აღარ წამოვალ, – დაემუქრა ნინი და ჩაი მოხვრიპა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3