კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

გამომძიებელს რაღაც უცნაურად ჩაეცინა. გუგას ეს არ გამოჰპარვია და ჰკითხა:

– რატომ იცინით‚ ბატონო გამომძიებელო‚ ჩემი სიტყვაუხვობით ხართ გაოცებული? – მიუხვდა გუგა.

– არა მარტო სიტყვაუხვობით‚ – ღიმილით უპასუხა გამომძიებელმა‚ – ჯერ ერთი‚ სტანდარტული ნარკომანი აშკარად არ ხარ‚ სხვანაირად რომ გითხრა‚ უბრალო კაცი არ ჩანხარ და‚ მიუხედავად იმისა‚ რაც მიამბე‚ მაინც არ მესმის‚ ამ გზას როგორ დაადექი; მეორეც‚ ჩემს პრაქტიკაში იშვიათად შემხვედრია ასეთი გულწრფელი ბრალდებული. შეიძლება‚ არ უნდა გეუბნებოდე‚ მაგრამ, უნდა ვაღიარო‚ რომ შენ მიმართ დადებითად განვეწყვე.

– მეც ასევე განვეწყვე თქვენ მიმართ და‚ ალბათ‚ ჩემი გულწრფელობაც აქედან მომდინარეობს. თანაც‚ აღარაფერი მაქვს დასაკარგავი – ჩემმა მატარებელმა ძალიან დიდი ხნის წინ ჩაიარა.

– ჯერ ახალგაზრდა ხარ. თუ მოინდომებ...

– ეგ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და ეს თქვენც კარგად იცით. ვთქვათ‚ მკვლელობის მიზნით თავდასხმა არ დამიმტკიცდა‚ რამდენს მომისჯიან?

– ჯერ არ ვიცი‚ – პასუხი აიცილა გამომძიებელმა.

– მე ვიცი. ყველაზე კარგ შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე. თუ გარკვეულ თანხას გადავიხდი‚ შეიძლება‚ ეს ვადა შემცირდეს‚ მაგრამ‚ მე არაფრის გადამხდელი არ ვარ‚ რადგან, არც არაფერი გამაჩნია და‚ არც არავინ მყავს ისეთი გულშემატკივარი‚ რომელიც თუნდაც სამ ლარს გაიმეტებს ჩემთვის. ან‚ ვის ვჭირდები ასეთი არარაობა? არავის. ახლა‚ აქ‚ თქვენ თვალწინ რომ მოვკვდე‚ კაცი დამტირებელი არ მეყოლება. ის კი არა‚ შეიძლება‚ ვერც ვერავინ გაიგოს; ან‚ თუ გაიგებს‚ თქვას – ერთი მაგის დედაცო. ჩემნაირი‚ შეიძლება‚ მხოლოდ მშობლებმა დაიტირონ‚ მშობლები კი აღარ მყავს. გაგეცინებათ და‚ ჩემს ნაცნობებს შორის‚ შესაძლოა‚ ერთადერთი ჭირისუფალი თქვენ იყოთ. ჰოდა‚ რატომღა უნდა მოვინდომო რამის გამოსწორება‚ ერთი-ორი დღით მეტხანს რომ ვიცოცხლო? მერე, რისთვის ან ვისთვის?! თუმცა‚ არის ერთი მიზეზი‚ რომლის გამოც ჯერ არ მსურს სიკვდილი – მინდა‚ მომაკვდავ დიმიტრის ჩავხედო თვალებში და ხმამაღლა გავიცინო...

– რატომ უნდა გაიცინო? – ვერ მიხვდა გამომძიებელი.

– იმიტომ‚ რომ იმას ძალიან უნდა სიცოცხლე და მალე მოკვდება; მე კი‚ ვისაც სიცოცხლე ჩალადაც არ უღირს‚ მისი აღსასრულის მოწმე და მომსწრე ვიქნები – მხოლოდ ამით თუ ვიგრძნობ შურისძიების ნეტარებას... თუმცა, ვერც ეს დამიწყნარებს სინდისს...

ამ სიტყვების შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. გამომძიებელმა იმაზე მეტად ამომწურავი პასუხები მიიღო კითხვებზე‚ ვიდრე მოელოდა და, აღარ იცოდა‚ რით დაესრულებინა დაკითხვა‚ რომელიც ორ მეგობარს შორის გულახდილ საუბარს უფრო ჰგავდა. 

ისევ გუგამ გამოიყვანა მდგომარეობიდან:

– ბატონო გამომძიებელო‚ თუ აღარ გაქვთ შეკითხვები‚ უბრძანეთ‚ რომ გამიყვანონ. მეტს მე ვერაფერს გეტყვით. თანაც‚ ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და წავალ ჩემს ახალ ბინაში – კამერაში‚ სადაც ერთი კოიკა ნამდვილად მეკუთვნის‚ წამოვწვები და დაველოდები‚ კიდევ რას მიმზადებს ბედისწერა.

 გამომძიებელმა ბადრაგს დაუძახა და‚ გუგა რომ გაიყვანეს‚ მაშინვე ირაკლი ქებაძესთან მივიდა:

– რას იტყვით‚ ბატონო ირაკლი‚ ყველაფერს მართალს ამბობდა?

– აბსოლუტურად. ამაში დარწმუნებული ვარ.

– ესე იგი...

– ესე იგი‚ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ‚ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ‚ რომ მინიმუმი მიუსაჯონ. ამ კაცის მიმართ‚ თქვენი არ იყოს‚ მეც თანაგრძნობით განვიმსჭვალე. თან‚ უნდა გამოგიტყდეთ და‚ ამ ხნის კაცი აუტანელმა ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო – მაინტერესებს‚ რა მოხდა მასა და დიმიტრის შორის. ცხადია‚ რომ ქალია შუაში‚ მაგრამ‚ მე სხვა მომენტმა დამაინტრიგა – ბრალდებული რომ ამბობდა‚ ერთით ერთიო‚ რას გულისხმობდა ამაში.

– ამას ჩვენ‚ ალბათ‚ ვერასდროს გავიგებთ.

– ჰო‚ ალბათ. თუმცა‚ კაცმა არ იცის... ახლა კი‚ წავალ‚ ბატონო გამომძიებელო‚ თორემ‚ ვინ იცის‚ რა ხდება კლინიკაში უჩემოდ. თუ დაგჭირდით‚ არ მოგერიდოთ‚ მაშინვე შემეხმიანეთ. ის კი არა‚ მოვლენების საქმის კურსში თუ მიყოლიებთ‚ ძალიან დამავალებთ.

ექიმი და გამომძიებელი ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

დიმიტრი

ცოლის ასეთი მოულოდნელი შერთვით მშობლები და ახლობლები კი არა, თვითონ დიმიტრიც კი გაოგნებული იყო, მაგრამ, რადგან ასეთი ნაბიჯი გადადგა, არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, რომ მისი ეს გადაწყვეტილება იმპულსური იყო. თან, ცოლის მიმართ აშკარად გრძნობდა უცნაურ ლტოლვას. ასე არც ერთ გოგოს არ უმოქმედია მასზე. დანახვისთანავე მიხვდა, რომ მათი ცხოვრების გზები გადაიკვეთებოდა. როგორ და რანაირად, ჯერ არ იცოდა, მაგრამ, დარწმუნებული იყო ამაში. წინათგრძნობამ არ უღალატა – მოვლენები ისე განვითარდა, რომ დიმიტრის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია მიზნის მისაღწევად. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მიზანი არც ჰქონია, ეს უფრო ვნება იყო, ზვავივით მოულოდნელად მომსკდარი და, კიდევ, თავისი უპირატესობის დამტკიცების სურვილი  იყო, თუნდაც საკუთარი თავის წინაშე. ქალებში წარმატებებს ჩვეულს, ვერც კი წარმოედგინა, რომ, შეიძლებოდა, რომელიმე გოგო, თუნდაც ეს გოგო მისი ძმაკაცის საცოლე ყოფილიყო, წინ აღდგომოდა მის განუმეორებელ მამაკაცურ ხიბლს. აკი ვერც აღუდგა. თუმცა, დიმიტრის გულში იმ პირველი დღიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ ნანიტას დიმიტრის მომხიბლავმა მამაკაცურობამ კი არ დაახვია თავბრუ, არამედ, თავისი არჩევნით გუგა დასაჯა, რადგან მან თავისი სიყვარული ვერ დაიცვა; რომ სინამდვილეში მხოლოდ ამ მიზეზით არჩია დიმიტრი და არა იმიტომ, რომ გასათხოვრად გამზადებულ გოგოს ამ „ვერელი კაზანოვას“ დანახვამ მაშინვე დაავიწყა ორი წლის განმავლობაში მასზე თან გადაყოლილი შეყვარებული და თვალის მოკვრისთანავე დაიბნიდა დიმიტრის სიყვარულით. ამ ეჭვს თავიდან ის უძლიერებდა, რომ პატარძალმა მთელი ერთი თვის განმავლობაში ახლოს არ გაიკარა ქმარი, დღე და ღამე ტიროდა და ისეთ დეპრესიაში იყო, დიმიტრიმ რამდენჯერმე გულწრფელად შესთვაზა, შენ თუ გინდა, მე თვითონ მიგიყვან გუგასთანო, თან, არწმუნებდა, გუგა ისე მიგიღებს, თითქოს არაფერი მომხდარაო, მაგრამ ნანიტა ამ სიტყვებზე უარესად ღიზიანდებოდა და ორივეს მიმართ გაუცნობიერებელი აგრესია უჩნდებოდა: დიმიტრის მიმართ იმიტომ, რომ ახლაც განაგრძობდა ისედაც დამარცხებული გუგას დამცირებას მის თვალში; გუგას მიმართ კი იმიტომ, რომ გულის სიღრმეში გრძნობდა, გუგა მართლაც სიხარულით მიიღებდა მას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა და ნანიტას სწორედ ეს უთავმოყვარეობა და უსუსურობა აცოფებდა, სწორედ ეს იყო მის მიერ გუგას მიტოვების უმთავრესი მიზეზი. ამიტომაც, კატეგორიულ უარს ამბობდა – მისი დანახვაც აღარ მინდაო. 

ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მათი პირველი ღამეც „შედგა“. უამრავი ქალის ლოგინგამოვლილი დიმიტრი სასიამოვნოდ გაოცებული, უფრო სწორად, აღფრთოვანებული დარჩა ცოლით. მიუხედავად იმისა, რომ ნანიტა ამ საქმეში აბსოლუტურად გამოუცდელი იყო (ამაში დიმიტრის ეჭვი ნამდვილად არასდროს შეჰპარვია), ისეთი პირველი ღამე აჩუქა ქმარს, რომლის მსგავსიც დიმიტრის არ ახსოვდა. მერეც, კარგა ხანს, ასევე გრძელდებოდა, თუმცა, ხანდახან ეჭვი მაინც იჩენდა ხოლმე თავს. სწორედ ასეთ მომენტებში „ვერელი კაზანოვა“ სხვა ქალის მკლავებში პოვებდა შვებას და, ეგონა, ამით უხდიდა სამაგიეროს ცოლის გულის უშორეს კუნჭულში გამოკეტილ ძველ სიყვარულს. ოღონდ, რაზე ეჭვიანობდა, ვერ ხვდებოდა. ეს, რაღაცნაირად, მამაკაცური ინსტინქტის დონეზე ხდებოდა და, ცოლთან ინტიმური ურთიერთობით აღფრთოვანების მიუხედავად, საშინელ ხასიათზე დგებოდა; ყოველი ასეთი თავდავიწყებული და ზღაპრული სექსის შემდეგ, კი არ გრძნობდა, თითქოს თვალნათლივ ხედავდა, როგორი შორი და მიუწვდომელი ხდებოდა ნანიტა; უფრო მეტიც, ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს სხვისი ცოლი გაიხადა საყვარლად, სხვას ჰპარავდა თუ ძალით ართმევდა სიყვარულს. თავიდან თვითონვე ეგონა, რომ, მის არსებაში სინდისის არარსებობის მიუხედავად, ეს მაინც სინდისის ქენჯნა იყო ძმაკაცის წინაშე ჩადენილი ცოდვის გამო, მაგრამ, მერე მიხვდა – ასეთი სენტიმენტები შორს იყო მისი სულისგან და რაღაც სხვა ხდებოდა მისგან და მისი არარსებული სინდისისგან დამოუკიდებლად. ხოლო, რა იყო ეს „რაღაც სხვა“, დიმიტრიმ წლების შემდეგ, თავად ნანიტასგან მოისმინა, როცა დედამისთან წასული ცოლი მოულოდნელად წაადგა თავს სწორედ მაშინ, როცა დიმიტრი და მის სახლში მიყვანილი პუტანა – ლიზა შიშვლები იწვნენ ცოლ-ქმრის საწოლზე და შამპანურს მიირთმევდნენ. მაშინ დიმიტრი ცხოვრებაში პირველად დაიბნა, სასწრაფოდ ამოიცვა შარვალი და ნანიტას მტკიცება დაუწყო, მხოლოდ შენ მიყვარხარ, ეს არაფერს ნიშნავს, შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი, შენთან სექსი თავს მაკარგვინებს, იმიტომ, რომ, ვიცი, მეც ერთადერთი და განუმეორებელი მამაკაცი  ვარ შენთვისო. სწორედ მაშინ, იმ მეძავის თანდასწრებით უთხრა ნანიტამ, თანაც, ნელა და გარკვევით: ვინ გითხრა, რომ ერთადერთი ხარ? პირველივე ღამიდან გღალატობ – ერთდროულად ვწევარ შენთან და გუგასთან და, ვერც კი წარმოიდგენ, რა ნეტარებაა, წარმოსახვითი სექსი იმ ადამიანთან, ვინც ოდესღაც გიყვარდა და რეალური სექსი შენისთანა პირუტყვთან, მით უფრო, თუ ეს ორი ურთიერთობა ერთდროულად ხდებაო. ეს სიტყვები ნებისმიერ საწამლავზე უფრო მწარე და ნებისმიერ ტყვიაზე უფრო მომაკვდინებელი იყო – ნანიტამ დიმიტრის პირდაპირ პატივმოყვარეობაში ჩასცა მახვილი და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დიმიტრი დარწმუნებული იყო, რომ ნანიტამ ეს სიტყვები მხოლოდ შურისძიების მიზნით უთხრა და მსგავსიც არაფერი მომხდარა, მაგრამ, მისი მამაკაცური თავმოყვარეობა მწარედ იყო შელახული და ამ ჭრილობის მოშუშებას არანაირი დრო არ ეყოფოდა. სწორედ იმ დღიდან იქცნენ ისინი ჯერ ფარულ, შემდეგ კი აშკარა მტრებად. იმ საღამომდე ცოტა ხნით ადრე კი, როცა ისევ მოუარა უცნაურმა ეჭვიანობამ, ვერ მოითმინა და ჰკითხა კიდეც ნანიტას – როგორ დავიჯერო‚ რომ გუგა სულ აღარ გიყვარს‚ რომ საერთოდ აღარ ფიქრობ მასზეო‚ რაზეც ცოლმა მშვიდად უპასუხა:

– ფიქრით როგორ არ ვფიქრობ‚ მაგრამ‚ ნამდვილად აღარ მიყვარს. ასე რომ არ იყოს‚ შენთან არ გავჩერდებოდი.

– თუ აღარ გიყვარს‚ აბა‚ რატომ ფიქრობ‚ ან‚ რას ფიქრობ მასზე? – დასაზუსტებლად ჩაეკითხა დიმიტრი.

– ვფიქრობ და ვერ გამიგია‚ რატომ მეგონა‚ რომ მიყვარდა ეს კაცი‚ – ისევ მშვიდად უპასუხა ნანიტამ‚ – ან, რა მიყვარდა მასში.

– ალბათ‚ თავისი წესიერების თუ ინტელიგენტობის გამო‚ ან‚ იქნებ‚ მისი შენდამი სიყვარული გიყვარდა?

– არა. წესიერებისა და ინტელიგენტობის გამო‚ შეიძლება‚ კაცს შეუყვარდეს ქალი‚ პირიქით კი‚ როგორც წესი‚ არ ხდება. ეს ორი თვისება კარგია‚ როცა სხვა მამაკაცურ თვისებებს ახლავს. ზედმეტად წესიერებასა და ინტელიგენტობას‚ სიდებილემდე თუ არა‚ უუნარობამდე თუ უხერხემლობამდე მაინც მიჰყავს კაცი‚ რასაც მას ყველაზე დაბალი დონის ქალიც კი არ აპატიებს. რაც შეეხება მეორე ვერსიას‚ ეს უფრო შესაძლებელია‚ რადგან, ყველა ქალს უნდა‚ რომ უყვარდეთ ის‚ აღმერთებდნენ როგორც ერთადერთსა და განუმეორებელს და... – ნანიტა გაჩუმდა და თვალები დახარა.

– და?!. – ჩაეკითხა ქმარი.

– და იცავდეს მას თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად... – ჩურჩულით თქვა ნანიტამ.

– ... რაც გუგამ ვერ შეძლო‚ – დაასრულა ფრაზა კმაყოფილმა დიმიტრიმ.

– ჰო. და, სწორედ ამით დამანახვა თავისი ნამდვილი სახე‚ – ნანიტამ თამამად შეხედა თვალებში ქმარს‚ – არც ამას არ აპატიებს ქალი კაცს არასდროს.

– კიდევ რას არ აპატიებს ქალი კაცს? – დაინტერესდა დიმიტრი‚ რადგან, მიხვდა‚ რომ ნანიტა დიდი ხნის ნაფიქრსა და ნააზრევს ეუბნებოდა.

– სიძუნწეს‚ ალკოჰოლიკობას‚ „იგროკობას“‚ ლოგინში მხოლოდ ვალის მოხდას ან მხოლოდ საკუთარი ვნების დაკმაყოფილებას‚ ზოგადად – უყურადღებობას... კიდევ არის რამდენიმე მიზეზი‚ მაგრამ‚ ახლა არ მახსენდება‚ თუ გამახსენდა‚ გეტყვი.

– არ აპატიებს‚ ანუ‚ გაეყრება?

– შეიძლება‚ არც გაეყაროს‚ მაგრამ, გულში არასდროს აპატიებს.

– ნარკომანობას‚ ცემას‚ გინებას‚ ღალატს?

– აქ უკვე „დოზას“ გააჩნია და კიდევ რაღაც-რაღაცეებს.

– ცვედანობას? – რაღაც უხამსი ღიმილით ჰკითხა დიმიტრიმ ცოლს.

– ცვედანობას ყველაზე ადვილად აპატიებს‚ თუ მართლა უყვარს.

– ყველაზე ადვილად?! – მართლა გაუკვირდა დიმიტრის.

– ჰო‚ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან შედარებით ყველაზე ადვილად‚ და არა ძალიან ადვილად‚ ოღონდ‚ იმ შემთხვევაში‚ თუ მათ მართლა უყვართ ერთმანეთი‚ – დააზუსტა ნანიტამ.

– გულში არპატიება რა პონტია‚ რა‚ ჩუმად უღალატებს და ამით მოიოხებს გულს?

– არც ეგ არის გამორიცხული და‚ თუ გადადგა ეს ნაბიჯი‚ ისეთი მწარე იქნება ეს ღალატი...

– მწარე – ვისთვის?

– რა თქმა უნდა‚ ქმრისთვის‚ თორემ‚ თუ ქმარშვილიანმა ქალმა ეს შეგნებულად გააკეთა‚ სიმწარე იგრძნოს კი არა‚ შეიძლება‚ ასეთი ნეტარების შეგრძნება სხვა დროს არც კი ჰქონდეს განცდილი.

– რისი ნეტარების? შემთხვევით‚ ან‚ თუნდაც‚ მისთვის ახალ მამაკაცთან დაწოლის?

– არა‚ შურისძიების‚ თანაც ისეთის‚ რომელიც ყველაზე მეტად მოუკლავს კაცს გულს.

– ჰო‚ ისე‚ ქალებს კი გიყვართ შურისძიება – ეს ნამდვილად თქვენი მოგონილია‚ მაგრამ‚ ყველა რისკავს ამ ნაბიჯის გადადგმას?

– პრაქტიკულად‚ ყველა‚ ოღონდ‚ სხვადასხვანაირად.

– ეგ როგორ გავიგო?

– ზოგი პირდაპირი გაგებით‚ ანუ‚ რეალურად იჩენს ერთჯერად პარტნიორს ან ხანგრძლივ საყვარელს და ამით „აღიდგენს“ შელახულ ქალურ თავმოყვარეობას თუ პატივმოყვარეობას‚ ზოგი კი ამ ნაბიჯის გადადგმას რეალურად ვერ ბედავს (რასაც მერე სიცოცხლის ბოლომდე ნანობს), ამ ოცნებად ქცეულ შურისძიებას თავის ფიქრებში ახორციელებს და‚ მით უფრო „ამომწურავია“ შურისძიება‚ რაც უფრო ვრცელია ქალის ფანტაზია‚ თუმცა‚ ასეთი ქალები იმასაც ახერხებენ‚ რომ გარეგნულად არაფერს იმჩნევენ და მორალის ეტალონებად არიან ცნობილნი.

– შენ რომელ კატეგორიას ეკუთვნი? – დაეჭვებით ჩაეკითხა დიმიტრი.

– ჯერჯერობით არც ერთს‚ – გაეცინა ნანიტას.

– „ჯერჯერობით“ რას ნიშნავს? – დაინტერესდა დიმიტრი.

– „ჯერჯერობით“ იმას ნიშნავს‚ რომ ჯერ ამის მიზეზი თუ საბაბი არ მოგიცია.

– ასეთი დარწმუნებული ხარ ჩემს ერთგულებაში? – გაუკვირდა დიმიტრის.

– თითქმის‚ – მოკლედ უპასუხა ცოლმა.

– საიდან‚ შენი ინფორმატორები გყავს და მითვალთვალებენ?

– ერთი ინფორმატორი მყავს და‚ თანაც‚ უტყუარი.

– ვინ? – დაიძაბა დიმიტრი და სიბრაზით სახე წამოუწითლდა‚ რადგან‚ წარმოიდგინა‚ როგორ დასდევდა ვიღაც უჩინარი „შპიონი“ ისე‚ რომ თვითონ აზრზეც არ იყო‚ – თუ გავიგე‚ ვინ არის‚ იცოდე‚ მოვკვლავ!

– ვერაფერსაც ვერ უზამ‚ – გაეცინა ნანიტამ.

– რა გაცინებს? – დაიბნა დიმიტრი‚ – მითხარი‚ ვინ არის‚ თორემ‚ იცოდე სერიოზული უსიამოვნება მოგვივა!

– კარგი‚ გეტყვი‚– მაშინვე დაეთანხმა ცოლი‚ – ეს ინფორმატორი შენ თვითონ ხარ.

– მეე?!. – დიმიტრი ისე გააოცა ნანიტას პასუხმა‚ რომ კარგა ხანს აღარ იცოდა‚ რა ეთქვა. მერე კი‚ როცა გონს მოვიდა‚ ჰკითხა: – მაინც‚ როგორ? საკუთარ თავზე გეუბნები‚ გიღალატე თუ არა?

– ჰო‚ მეუბნები‚ ოღონდ‚ არა სიტყვებით, არამედ‚ თვალებით და შენი ქცევით.

– რა იცი‚ იქნებ გატყუებ?

– ქალი‚ რომელსაც ქმარი უყვარს‚ ამაში არასდროს ტყუვდება – შეუმცდარი ყნოსვა აქვს.

– რომელსაც არ უყვარს? – ცოლის პასუხი აშკარად ესიამოვნა დიმიტრის.

– რომელსაც არ უყვარს‚ ისიც გრძნობს‚ ოღონდ‚ იმას იმ დონეზე „ჰკიდია“‚ რომ‚ შეუძლია‚ ამ თემაზე ქმართან იღადაოს კიდეც.

– საერთოდ არ ედარდება‚ ქმარი ღალატობს თუ არა?

– „არ ედარდება“ კი არა‚ „აღარ ედარდება“.

– რატომ?

– იმიტომ‚ რომ უკვე თვითონაც ღალატობს‚ ანუ, შურს იძიებს რეალურად ან ფიქრებში‚ თუმცა‚ სინამდვილეში‚ მნიშვნელობა აღარ აქვს – როგორ. მთავარია‚ რომ სამაგიერო გადახდილია და‚ შესაძლოა‚ არაერთხელაც.

ამ დიალოგის შემდეგ დიმიტრის სულ სხვა აზრი შეექმნა ქალებზე: თუ მანამდე ყველა ქალი მეტ-ნაკლებად ერთნაირად უტვინო არსებებად მიაჩნდა (დიმიტრისთვის ქალებს შორის განსხვავება მხოლოდ მათ ვნებიანობაში მდგომარეობდა)‚ ახლა დარწმუნდა‚ რომ მდედრობითი სქესის თვით ყველაზე სათნო წარმომადგენელიც კი‚ ზოგადად‚ ჭკვიანი‚ პრაგმატული‚ გულცივი‚ ვერაგი და საშიში არსება იყო.

– წეღან თქვი‚ ცოლს ისეთი შურისძიება შეუძლია‚ რაც ქმარს განსაკუთრებით მოუკლავს გულსო. რა არის ასეთი‚ რაც ჩვენ‚ ქმრებმა‚ არ ვიცით?

– როგორ არ იცით... იცით კი არა‚ ლამის ყოველი მეორე მოღალატე ქმარი ამას სჩადის‚ მაგრამ‚ ძალიან ხშირად ისე ხახვივით შერჩებათ ხოლმე ეს ყველაფერი‚ რომ‚ ფიქრობენ‚ მერე რა მოხდაო. მაგრამ‚ თუ პირიქით მოხდა‚ შეიძლება‚ კაცი მოკლან ან ომი წამოიწყონ.

– ვერ მივხვდი‚ რას გულისხმობ... – დაინტერესდა დიმიტრი.

– მაგალითად‚ როცა კაცი ცოლს ღალატობს ცოლის მეგობართან. რა‚ არ გაგიგია ასეთი შემთხვევები?

– როგორ არ გამიგია‚ მაგრამ‚ პირიქითო‚ რომ თქვი‚ ეს როგორ?

– როგორ და‚ როცა ცოლი ღალატობს ქმარს მისსავე ძმაკაცთან.

– როგორ თუ ძმაკაცთან? მე მაგათი დედაც‚ ორივესი! – გადაირია დიმიტრი.

– კარგი‚ დაწყნარდი! მე ეს ისე გითხარი‚ მაგალითისთვის‚ თორემ‚ აუცილებელი კი არ არის‚ ასე მოხდეს.

 – რას ჰქვია‚ აუცილებელი! საერთოდ კი შესაძლებელია? მე ასეთი რამ არასდროს გამიგია!

– სამაგიეროდ‚ მე გამიგია. მართალია‚ არც ისე ხშირად‚ მაგრამ‚ მაინც გამიგია. განსხვავება კი ამ ორ ღალატს შორის‚ იცი‚ რა არის?

– მაინც‚ რა? – ირონია გაერია ხმაში დიმიტრის.

– ის არის‚ რომ ქალის ასეთ საქციელს ბოზობა ჰქვია‚ კაცისას კი... – შესაფერისი ეპითეტი ვერ გაიხსენა ნანიტამ.

– ჰო‚ აბა‚ რა ჰქვია კაცის ასეთ საქციელს? – ჩაეკითხა დიმიტრი.

– რა და... მართალია‚ მოფერებით ხან კაზანოვას უწოდებენ‚ ხან – მექალთანეს‚ ხანაც სხვა უფრო რომანტიკულ საბურველში ხვევენ‚ მაგრამ‚ სინამდვილეში‚ ჩემი აზრით‚ ასეთ კაცსაც ბოზი ჰქვია და, ბოზი კაცი გაცილებით უფრო საშიშია‚ ვიდრე ბოზი ქალი; საშიში და‚ თან‚ საძაგელი‚ – და ნანიტამ საშინლად დამანჭა სახე.

დიმიტრის გაეცინა.

– რატომ იცინი‚ მართალს არ ვამბობ?

– „საძაგელზე” გამეცინა. ამ სიტყვას ასეთი ინტონაციით და‚ მით უმეტეს‚ ასეთი მიმიკით‚ მხოლოდ ქალი თუ წარმოთქვამს‚ კაცი ამას ვერ მოახერხებს. 

– ჰო‚ ალბათ‚ – გაეცინა ნანიტასაც‚ – მაგრამ, მე ის ვთქვი‚ რასაც ვფიქრობ...

ცოლ-ქმრის დიალოგი დიდხანს აღარ გაგრძელებულა‚ მაგრამ, დიმიტრის კარგა ხანს გაჰყვა ამ საუბრით გამოწვეული ემოცია. იმ დღიდან თითქოს სხვა მხრიდან გაიცნო ცოლი და გულში საკუთარ თავს გამოუტყდა‚ რომ, არა მარტო ნანიტაზე‚ არამედ‚ საერთოდ‚ ქალებზე შეეცვალა წარმოდგენა‚ თუმცა‚ ნამდვილად ვერ გარკვეულიყო‚ ეს ცვლილება დადებითისკენ უფრო იყო მიმართული თუ უარყოფითისკენ. მაგრამ‚ ერთ დღეს, დიმიტრი მიხვდა‚ რომ მის აგდებულ დამოკიდებულებას ქალების მიმართ თითქოს ვიღაცამ წვეტები‚ წახნაგები მოაქლიბა და ახლა უფრო ფრთხილი‚ უფრო სწორად‚ რაღაცნაირად, დადარაჯებული გახადა მათ მიმართ. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად‚ და‚ კიდევ‚ იმის მიუხედავად‚ რომ ნანიტამ‚ პრაქტიკულად, უთხრა‚ მიყვარხარო‚ დიმიტრის გულში უცნაურმა ეჭვმა ჩაიბუდა. თავიდან ეგონა‚ რომ ეს ეჭვი ცოლის მიმართ ჰქონდა და იმავე საღამოს‚ ბოლოს სწორედ ის ჰკითხა‚ რაც ყველაფერზე მეტად აწუხებდა:

– ნანობ‚ რაც მოხდა? – თან‚ ამას რომ ეკითხებოდა‚ გამომცდელად ჩახედა თვალებში, თუმცა‚ ძალიან შეეცადა‚ ისეთი გამომეტყველება მიეღო‚ თითქოს ამას ისე ეკითხებოდა‚ სხვათა შორის‚ ვითომ ხუმრობით.

ნანიტამ გაუძლო ამ მზერას. არც თვალი მოურიდებია‚ არც აღელვებულა‚ ხმაც კი არ შესცვლია‚ ისე უპასუხა:

– არა‚ არ ვნანობ‚ მაგრამ‚ ვწუხვარ‚ სინდისი მქენჯნის და‚ ვიცი‚ ეს გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.

დიმიტრი ისე გააოცა ამ პასუხმა‚ ვერც კი გაერკვია‚ უნდა გაბრაზებულიყო‚ უნდა სწყენოდა თუ უნდა გაეცინა და, თავის დაბნეულობის დასაფარავად‚ ვითომ სხვათა შორის ჰკითხა:

– წუხხარ და სინდისი გქენჯნის?! ეგ იგივე სინანული არ არის? ან‚ რა გაწუხებს‚ ჩემთან უბედური ხარ?

დიმიტრი ჯერ გააღიზიანა ცოლის ირონიულმა ტონმა, მერე კი უცებ საშინლად გაბრაზდა.

– წესით, შენ რაღაც-რაღაცეებზე დიდი პრეტენზიები არ უნდა გქონდეს. როგორც მახსოვს, ოქროს კოშკებს არ შეგპირებივარ; არც ყარაჩოხელები მომიყვანია შენს ფანჯრებთან სანთლებანთებული ფიალებით ხელში და მუხამბაზები არ მიმღერია! წესით, მარტო მე კი არა, შენც კარგად უნდა გახსოვდეს ეს ყველაფერი! – გასძახა გაცოფებულმა.

 – ეგეც მახსოვს, – მშვიდად უპასუხა ოთახში შემობრუნებულმა ნანიტამ, – ოღონდ, სხვა რაღაცეებიც არ მავიწყდება… – ბოლო სიტყვები რაღაცნაირი გესლით წარმოთქვა, ისეთი გესლით, მხოლოდ ძალიან გულნატკენ და განაწყენებულ ქალს რომ შეუძლია, გამოაყოლოს ნათქვამს.

დიმიტრი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა ცოლის სიმშვიდემ. სხვა დროს, შეიძლება, ქალურ ამბიციად ან ეშმაკობად ჩაეთვალა, ან, სულაც, საერთოდ არ მიექცია ამისთვის ყურადღება. მაგრამ ამჯერად, რატომღაც, რაღაცნაირი მუქარა იგრძნო მისი მხრიდან – ჩუმი, ქალური, შურისმაძიებლური მუქარა და, ძალიან დაიძაბა, უფრო სწორად, როგორც თვითონვე იტყოდა – „დაიგრუზა“ და საშინელი აგრესია გაუჩნდა ნანიტას მიმართ. იმ მომენტში საოცრად სძულდა ეს ქალი; ისე სძულდა, რომ, მზად იყო, ყველანაირი სისაძაგლე ეთქვა, ჩაედინა, ოღონდ კი მისთვის ტკივილი მიეყენებინა, გული მოეკლა, დაემცირებინა. იმ წუთებში ვერც კი გააცნობიერა, რატომ გაუჩნდა ასეთი სურვილი, მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა მიზეზს: მიუხედავად იმისა, რომ ნანიტა, პრინციპში, მორჩილი ცოლი იყო, დიმიტრი მაინც მუდმივად – ყოველ წუთს, ყოველ წამს გრძნობდა, რომ ბოლომდე, ბოლომდე კი არა, საერთოდაც ვერ მოდრიკა მისი ამაყი ხასიათი. დიმიტრი მიჩვეული იყო გოგოებისგან, თანაც, თბილისის ულამაზესი და უცნობილესი გოგოებისგან აღიარებას, კერპად გამოცხადებას, თვალებში ცქერას, მისი ყველანაირი (თუნდაც უტაქტო) სურვილების სიხარულით ასრულებას, ქედის მოხრას მისი განუმეორებელი მამაკაცური ხიბლის წინაშე და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ნანიტა კი… ვინ იყო ნანიტა? – ერთი ჩვეულებრივი გოგო, ვიღაც გამოთაყვანებული გუგას ყოფილი შეყვარებული; წიგნის ჭია, რომელსაც არც ერთ „სვეტსკი სასტავში“ არ იცნობდნენ; რომელმაც სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიგდო ხელში მთელი თბილისის ლამაზმანების საოცნებო რაინდი (ამაში დიმიტრი დარწმუნებული იყო) და, იმის ნაცვლად, რომ ბედნიერებისგან მის ყურმოჭრილ მონად ქცეულიყო და მის წინ მუხლებზე დამხობილს გამოეცხადებინა სრული, უპირობო მორჩილება; იმის ნაცვლად, რომ მისი მუდმივად მადლობელი და მადლიერი ყოფილიყო და ქედმოხრილს ეცა თაყვანი ქმრისთვის, ისე ეჭირა თავი, დიმიტრი, თავისდაუნებურად, იქით ცდილობდა, ნანიტას თვალში უკეთესი გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო. მართალია, „დანაკლისის“ ამოვსებას მერე და მერე შეეცადა – გადაჭარბებული სიმკაცრით, შარის მოდებით, უყურადღებობით, უპატივცემულობით, ხშირად ხელის შეხებითაც კი, მაგრამ, მაინც ვერ მოდრიკა და, რაც თვითონვე ყველაზე მეტად უკვირდა, ის იყო, რომ ცოლი თავისებურად უყვარდა და მის მიმართ უცნაურ ლტოლვას გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის ყოველ ნაბიჯზე ღალატობდა…

დიმიტრის კლინიკის საწოლში, ძილ-ბურანში ყოფნისას გაახსენდა ეს საღამო და ისე განიცადა, ისეთი სინდისის ქენჯნა იგრძნო, რომ ისევ ცუდად გახდა და მზია ექიმის დაძახება მოუწია.

***

რამდენიმე დღის შემდეგ, ექიმების ძალისხმევის წყალობით, დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და პროფესორმა საწოლში წამოჯდომის უფლება მისცა. მზია ისევ თვს დასტრიალებდა თავის ავადმყოფს და თვალებში შესციცინებდა. იცოდა, რომ მისთვის ნერვიულობა კატეგორიულად არ შეიძლებოდა და, ამიტომ, ცდილობდა, ხასიათზე მოეყვანა, გაეხალისებინა – ხან ანეკდოტებს უყვებოდა, ხან რაღაც სასაცილო ამბებს; როგორც პატარა ბავშვს, ისე უვლიდა და ყველა სურვილს უსრულებდა. თავიდან დიმიტრის ეგონა, რომ მზია, უბრალოდ, ყურადღებიანი ადამიანი და კარგი ექთანი იყო, მაგრამ, ერთხელ, როცა ჩათვლიმა, ძილ-ბურანში მყოფს მისი ჩურჩული ჩაესმა:

– ჩემი საბრალო ბიჭი… ყველამ მიგატოვა? ნუ გეშინია, მე სულ შენ გვერდით ვიქნები, სანამ ფეხზე არ დაგაყენებ… იმათ კი, ვინც შენს წყენინებას მოინდომებს, ჩემთან ექნება საქმე, მე გავცემ პასუხს… – მერე კი დიმიტრიმ თავზე ხელის გადასმა და შუბლზე უნაზესი კოცნა იგრძნო… უნდოდა, ამ დროს თვალები გაეხილა და მზიასთვის შეეხედა – ეს ყველაფერი ხომ არ მესიზმრებაო, მაგრამ, უცებ მიხვდა, რომ არ ესიზმრებოდა და, იმის შიშით, რომ ეს სასაცილო გოგო არ დაეფრთხო, თავი მოიმძინარა. მერე კი მართლა წაიღო ძილმა, ოღონდ სულ სხვა ეპიზოდი ნახა, ისევ წარსული ცხოვრებიდან…

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3