კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შენ იქნები მკვლელი!

მისტერ კრებტერი გახარებული იყო, რადგან, სამსახური იშოვა. განცხადება იმის შესახებ, რომ პატიოსანი კლერკი სჭირდებოდათ, გაზეთში ამოიკითხა. ფული უკვე ელეოდა. კომპანია, რომელშიც ის მუშაობდა, გაკოტრდა და ის, ბევრ მისნაირთან ერთად, ქუჩაში აღმოჩნდა. იმედი არ ჰქონდა, რომ დაურეკავდნენ, მაგრამ, გაუმართლა. ყურმილში ხმამ კონკრეტული მითითებები მისცა – უთხრა, სად იქნებოდა მისი ოფისი და რა უნდა გაეკეთებინა. პირობები შესანიშნავი იყო: ყოველდღე თერთმეტიდან ექვს საათამდე უნდა მჯდარიყო ოფისში და ფინანსური ჟურნალ-გაზეთებიდან ნიუსების ამონაწერები გაეკეთებინა, კვირის ბოლოს კი თავისი ანგარიში დაერთო ზედ და იმ მისამართზე გაეგზავნა, რომელზეც თავისი პირადი დოსიე გაგზავნა. კვირის ბოლოს, რეგულარულად, ასევე ფოსტის საშუალებით, 60 დოლარს მიიღებდა. მისტერ კრებტერი ამის ნახევარ ანაზღაურებასაც კი არ ელოდა, ამიტომ, სიხარულისგან მთელი ღამე არ სძინებია. მეორე დღესვე, დილით, მითითებულ მისამართზე გაეშურა. ჩვეულებრივი საოფისე ცათამბჯენი აღმოჩნდა. მისი კაბინეტი, რომლის კარზეც პატარა ფირნიშიც კი იყო მიკრული, წარწერით: „ფილიალი – მისტერ კრებტერი. ანალიზი და სტატისტიკა“ – სიამაყით აღავსებდა. ოთახი თითქმის შენობის სახურავის ქვეშ იყო. ანუ, ძალიან მაღლა და მის ერთ კედელს მთლიანად ფანჯარა წარმოადგენდა. მისტერ კრებტერი ფანჯარასთან ახლოს მივიდა და ქვემოთ ჩაიხედა. მაშინვე თავბრუ დაეხვა და შეძრწუნებულმა სწრაფად დაიხია უკან, ფანჯარა კი საგულდაგულოდ ჩაკეტა. ოთახში მხოლოდ ერთი მაგიდა და ორი უზარმაზარი სავარძელი იდგა, კედელში კი კარადა იყო ჩამონტაჟებული. მისტერ კრებტერმა კარადაში მისთვის ყველა საჭირო ნივთი იპოვა. ვიწრო ოთახში ვინმე რომ შემოსულიყო, ავეჯი ისე იყო განლაგებული, რომ მას აუცილებლად ფანჯარასთან მოუწევდა დადგომა. კრებტერს დრო აღარ დაუკარგავს, დაჯდა და მუშაობას შეუდგა. 

თითქმის ორ თვეზე მეტი გავიდა. კრებტერი კი მშვიდად მუშაობდა და ხელფასსაც ზუსტად კვირის ბოლოს იღებდა. ვერ იტყოდა, რომ თავისი სამუშაო მოსწონდა, მაგრამ, ანაზღაურება მართლაც შთამბეჭდავი იყო…

იმ დღესაც, პოპულარულ  ეკონომიკურ ჟურნალში თავჩარგული იჯდა, როცა კაბინეტის კარი გაიღო და ის შემოვიდა. მისტერ კრებტერს ეჭვიც არ შეპარვია, რომ ის „ის” იყო…

„ის“ სავარჯელში ჩაჯდა და, მისტერ კრებტერი იძულებული გახდა, ფანჯარასთან დამდგარიყო.

– გამარჯობა, მისტერ კრებტერ, – ხმა მბრძანებლურად, თუმცა, კეთილგანწყობით ჟღერდა, – ვხედავ, თქვენზე სერიოზული შთაბეჭდილება მოვახდინე. ახლავე მინდა გითხრათ, რომ იმედები გაამართლეთ. 

კრებტერმა შვებით ამოისუნთქა – ესე იგი, სამსახურიდან გაგდებას არ უპირებს.

– ჩემს ნამდვილ სახელსა და გვარს არ გეტყვით – ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირ საქმეზე გადავალ – მე მჭირდებოდა სრულიად სანდო ადამიანი, ჩემი ნების აღმსრულებელი. ალბათ, ხვდებით, რომ იმას, რასაც აკეთებთ, ჩალის ფასიც არა აქვს – თქვენი ინფორმაციები მე არაფერში მჭირდება.

– მაგრამ, მისტერ…

– გთხოვთ, ნუ შემაწყვეტინებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი სამსახური აღარ მჭირდება ან ამ უბადრუკი ოფისის გაუქმებას ვაპირებ. მაგრამ, ერთი პატარა პრობლემა მაქვს, რომელიც თქვენი დახმარებით უნდა მოვაგვარო. დაჯექით, მისტერ კრებტერ, აგიხსნით, რისთვის მოვედი აქ. საქმის არსი ასეთია: არსებობს ადამიანი, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის, მოკლედ რომ ვთქვათ – მაშანტაჟებს. მკვლელს ვერ დავიქირავებ – ეს იგივეა, ერთი შანტაჟისტი მეორით შევცვალო. გადავუხდიდი, რასაც ითხოვს, მაგრამ, ესეც არ არის გამოსავალი – ამით მხოლოდ იმას მივაღწევ, რომ შემოსავლის მუდმივ წყაროდ გამიხდის… მისტერ კრებტერ, როდისმე გიფიქრიათ იმაზე, რომ ადამიანის მოკვლა შეგიძლიათ?

– მე?! რას გულისხმობთ? იმას ხომ არა, რომ ვიღაც უნდა მოვკლა? არა, არა, მე ამას ვერ შევძლებ… ვერა, გამორიცხულია! ხუმრობთ? ალბათ, ხუმრობთ, ხომ?

– სულაც არა. ბევრი არაფერი გექნებათ გასაკეთებელი, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ყველა დეტალი გათვლილია, ამ ოთახისა და აქ განთავსებული ავეჯის ჩათვლით. ხომ ხედავთ, სად დგახართ? ფანჯარა რომ ღია იყოს, თქვენს ქვემოთ გადაგდებას მხოლოდ პატარა ბიძგი უნდა. ხვალ, საღამოს 4 საათზე, აქ ახალგაზრდა კაცი მოვა, რომელიც გეტყვით, რომ კონვერტის წასაღებად არის მოსული. ეს კონვერტი თქვენი საწერი მაგიდის უჯრაში დევს…

მისტერ კრებტერის შუბლზე ოფლმა გამოჟონა…

– ფანჯარა, რა თქმა უნდა, ბოლომდე ღია იქნება. თქვენ მას კონვერტს გაუწვდით და ის მას ჯიბეში ჩაიდებს, სწორედ ამ დროს უნდა უბიძგოთ თქვენს საწერ მაგიდას და სტუმარს ოდნავ მიაჯახოთ – ეს საკმარისი იქნება, რომ მან წონასწორობა დაკარგოს და ფანჯრიდან გადავარდეს… მორჩა, სულ ეს არის. პოლიცია მალევე იპოვის საცოდავი თვითმკვლელის გვამს და ამით დასრულდება ყველაფერი.

– ყველაფერი დასრულდება?! დამცინით? მე მკვლელი ვიქნები! პოლიცია ისეთი სულელი არ არის… მომაგნებენ… გაიგებენ, რომ ეს მე ჩავიდინე!

– ღვთის გულისთვის, ნუ ბოდავთ. ხომ შეიძლება, მაგიდას უნებლიეთ მიეჯახოთ? კონვერტში წერილია, შინაარსი სტანდარტულია – თვითმკვლელობის აღსარების ჩვეული ვარიანტი. ვერც ერთი სულიერი ვერ დაინახავს, რომ ის ამ ფანჯრიდან გადავარდა – ეს ოცდამეშვიდე სართულია, თქვენ ზემოთ კი უკვე სახურავია… მისტერ კრებტერ, იფიქრეთ იმაზე, რომ ეს თქვენს რუტინულ ცხოვრებაში პატარა, მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდი იქნება. აბა, რას იტყვით? ჰო, მართლა, უარეს შემთხვევაში, შეგიძლიათ, ხვალ სამსახურში აღარ მოხვიდეთ… ჩემი ჩანაფიქრი კი მხოლოდ ორიოდე თვით გადაიდება. აბა!.. 

მისტერ კრებტერი გაფითრდა…

– გამოსავალს არ მიტოვებთ?

– არა. დიდი ფული სწორედ ასე ვიშოვე… პასუხს ველოდები, მისტერ კრებტერ, ბოლო მოუღეთ ჩემს პრობლემას და არ ინანებთ.

– მართლა ყველა დეტალი გათვლილი გაქვთ?

– აბსოლუტურად. შეგიძლიათ, ეჭვი არ შეგეპაროთ, – „ის“ ადგა და კაბინეტიდან გავიდა. კარიც უხმაუროდ გაიხურა. კრებტერი მიხვდა, რომ მარტო დარჩა…

***

შვიდი საათი სრულდებოდა, რომ კაბინეტის კარზე დააკაკუნეს და ოთახში პოლიციის ორი ოფიცერი შემოვიდა.

– მისტერ კრებტერი? კარზე ასე წერია?

– რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. დღეს მთელი დღე ამ ოთახში გაატარეთ?

კრებტერმა თავი დაუქნია:

– თითქმის. თორმეტი საათიდან პირველ საათამდე ვიყავი ლანჩზე გასული. მოხდა რამე?

– დიახ. სავარაუდოდ 5 საათისთვის ამ შენობის სახურავიდან ახალგაზრდა კაცი გადმოხტა… თქვენი ოთახის ფანჯარა ყოველთვის დახურული გაქვთ, როცა მუშაობთ?

– რა თქმა უნდა. მე სერიოზულ საქმეს ვაკეთებ და ყურადღების სრული კონცენტრაცია მჭირდება.

– გასაგებია, ანუ, თქვენ არაფერი გაგიგონიათ?

– არა. ფანჯარა ყოველთვის მჭიდროდ მაქვს დახურული და ჩაკეტილი. სიმაღლის მეშინია, – მისტერ კრებტერმა ნაძალადევად გაიღიმა.

– გასაგებია. პრინციპში, სურათი ნათელია: თვითმკვლელმა წერილი დატოვა, რომლითაც თავის ხელმოცარულ ცხოვრებას ემშვიდობება…

– კარგად ბრძანდებოდეთ, მისტერ…

– მოხარული ვარ, რომ დაგეხმარეთ... თუ, ვერ დაგეხმარეთ…

– მაინც მადლობა, დრო რომ დაგვითმეთ.

მისტერ კრებტერმა სტუმრები გააცილა. ის უკვე სიმაღლის შიშსაც აღარ გრძნობდა…

 

 

скачать dle 11.3