კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტიპის პროდუქციის გაძვირება მოქმედებს ყველაზე მძაფრად საქართველოს მოქალაქეების ხარჯებზე და რატომ არის ყველაზე აქტუალური პრობლემა საკვების შეძენა

საქსტატი, სხვა დანარჩენთან ერთად, სამომხმარებლო ფასების ინდექსს, ანუ სამომხმარებლო კალათაზე ინფლაციის გავლენასაც ანგარიშობს. სამომხმარებლო ფასებს ხუთი ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი) საცალო ვაჭრობის და მომსახურების 1 500 ობიექტზე აკვირდებიან. სამომხმარებლო ფასების ინდექსი კი 12 სასაქონლო ჯგუფს მოიცავს. კერძოდ, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (30,25 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5,08 პროცენტი), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2,87 პროცენტი); საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეობები (8,38 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (6,21 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა (10,09 პროცენტი); ტრანსპორტი (11,82 პროცენტი); კავშირგაბმულობა (3,61 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა (6,56 პროცენტი); განათლება (5,42 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორანი (4,96 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (4,74 პროცენტი). 

თავის მხრივ, სამომხმარებლო კალათა არის იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რასაც ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოიხმარენ. ამჟამად სამომხმარებლო კალათა 295 საქონლისა და მომსახურებისგან შედგება, რომლებსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ხვედრითი წონა, მთლიანი მოხმარების პროპორციულად. 2012 წლიდან სამომხმარებლო კალათა ყოველწლიურად ახლდება და ის სულ ახლახანაც განახლდა: აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გიტარა და ყავის სერვიზი ფრიად აქტუალური შენაძენი გამხდარა (ამიტომაც ისინი დაემატა ადრე არსებულ ჩამონათვალს), ჯონჯოლის ავტორიტეტს კი კვების რაციონში თავისი ძველებური სიდიადე დაუკარგავს (ამიტომაც ის ამოვარდა ხსენებული ჩამონათვალიდან).

რაკი საქართველოს მოქალაქის სამომხმარებლო კალათა 295 საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად მიმოვიხილავთ, რომელ საკვებ პროუქტებსა და მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი ჩვენს მოქალაქეებს და რის გაძვირება იწვევს ხოლმე მათი ყოფის დამძიმებას.

– ზემოჩამოთვლილ სასაქონლო ჯგუფებს მიწერილი აქვს პროცენტის მაჩვენებელი, მაგალითად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები –  30,25 პროცენტი. რას ნიშნავს ეს პროცენტი?

– სამომხმარებლო კალათას აქვს ორმაგი დატვირთვა: ერთია ინფლაციის გასაანგარიშებელი და, მეორე, საარსებო მინიმუმის დადგენა შრომისუნარიანი მამაკაცისთვის. მიუხედავად ფორმალური მსგავსებისა, მათ სხვადასხვანაირი დატვირთვა აქვს. პირველი ემსახურება ქვეყანაში ფასების სამომხმარებლო ინდექსის რეალური ბადის, ანუ ინფლაციის დადგენას, მეორე კი მხოლოდ იმას, თუ როგორ იცვლება შეზღუდული რაოდენობის სამომხმარებლო დოვლათის, კერძოდ, კვების პროდუქტების მინიმალური ნაკრების ღირებულება და რა გავლენას ახდენს ის საარსებო მინიმუმზე. დადგენილია, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა დღე-ღამეში უნდა მოიხმაროს 250 გრამი პური. როდესაც ვიცით, რომ კილოგრამი პური ორი ლარი ღირს, მაშინ 250 გრამი ეღირება 50 თეთრი, ასეთივე გაანგარიშება ტარდება საარსებო მინიმუმში შემავალ ყველა საკვებ პროდუქტზე. შემდეგ დგინდება ჯამური ღირებულება და ის თანხა, რაც შრომისუნარიან მამაკაცს საკვებად სჭირდება, აიღება, როგორც სამოცდაათი პროცენტი, დანარჩენ 30 პროცენტად მიჩნეულია ყველა დანარჩენი არასასურსათო ხარჯი: ტანსაცმელი, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, კომუნალური გადასახდელები და ასე შემდეგ. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ 30,25 პროცენტს. ის გამოიყენება ინფლაციის გამოსაანგარიშებლად. ამ შემთხვევაში საქონლის ასორტიმენტი უფრო ფართოა. თუ პირველ შემთხვევაში მიზანი იყო საარსებო მინიმუმის დადგენა, მეორე შემთხვევაში გვაინტერესებს, რამდენს ხარჯავს საზოგადოება მთლიანობაში სამომხმარებლო დოვლათის შესაძენად, რომელსაც ის შეიძენს დაწყებული ელიავას ბაზრობიდან და დამთავრებული „გუდვილით“ თუ „კარფურით,“ ასევე, როგორ შეიცვალა ფასები მის მიერ შეძენილ საქონელზე რაღაც პერიოდის განმავლობაში. 30,25 პროცენტი გვეუბნება, რომ, თუ სურსათზე ფასი ერთი პროცენტით იცვლება, ეს ასახვას ჰპოვებს ინფლაციის მაჩვენებელში ერთი პროცენტი გამრავლებული 0,3025-ზე. მაგალითად: რამდენიმე წლის წინათ თბილისში ძალიან გაძვირდა წიწიბურა, ლარ-ნახევრიდან ოთხ-ნახევარ ლარამდე. იმავე პერიოდში გაიაფდა თვითმფრინავით მგზავრობა, საშუალოდ, 90 ლარით, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მწვავედ განიცდიდა წიწიბურას გაძვირებას 3 ლარით და ვერ გრძნობდა თვითმფრინავით მგზავრობის გაიაფებას 90 ლარით. იმიტომ რომ, თვითმფრინავით მგზავრობის სიხშირე გაცილებით ჩამორჩებოდა წიწიბურას მოხმარების სიხშირეს. ამიტომ, პროცენტულად რომ ავიღოთ, წიწიბურას ფასის ცვლილებას უფრო დიდი გავლენა აქვს სამომხმარებლო ფასის დინამიკაზე, ვიდრე თვითმფრინავით მგზავრობის ფასს ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს შემცირება თუ გაზრდა.

– სასაქონლო ჯგუფში „სურსათი თუ უალკოჰოლო სასმელები“ 92 დასახელების პროდუქტია. ეს ის საკვები პროდუქტებია, რომლებსაც რეალურად მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა?

–  რასაც მოიხმარს და რომელთა გარეშეც ადამიანის კვება, არსებობა თითქმის წარმოუდგენელია. მინიმალურ სასურსათო კალათაში შეზღუდული რაოდენობის რამდენიმე ათეული სახეობის კვების პროდუქტი შედის, სამომხმარებლო კალათაში კი უკვე 295 დასახელების საქონელია. ეს ის საქონელია, რისთვისაც რეალურად გაიღებს ჩვენი მოსახლეობა ხარჯებს. მაგალითად, წლევანდელი სამომხმარებლო კალათიდან ამოღებულია ჯონჯოლი.

– ძალიან უცნაური იყო.

– ბოლო წლების განმავლობაში სამჯერ ამოვარდა და სამჯერ დაემატა სამომხმარებლო კალათას ჯონჯოლი. თუ გახსოვთ, მეორე მსოფლიო ომის დროს ხარკოვი სამჯერ აიღეს ფაშისტებმა და სამჯერ გაათავისუფლა ის საბჭოთა არმიამ. ადრე დასავლეთ საქართველოში შედარებით ნაკლებად მოიხმარდნენ ჯონჯოლს, უფრო აღმოსავლეთ საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი. როგორც ჩანს, ისეთი ოჯახები მოხვდნენ გამოკითხვაში, რომლებიც ჯონჯოლს არ მიირთმევენ. მაგალითად, 2010 წლის სამომხმარებლო კალათიდან ამოვარდა მინერალური წყალი „ბორჯომი“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მაშინ არ სვამდნენ „ბორჯომს“. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ათეული საქონლით მომხდარა კალათის გადახალისება. წლევანდელ სტრუქტურას თუ დავაკვირდებით, რამე რევოლუციური ცვლილება არ მომხდარა, თუმცა რამდენიმე ეგზოტიკური დატვირთვის საქონელი მოხვდა სამომხმარებლო კალათაში: გიტარა და ყავის სერვიზი.

– ყურადღება მივაქციე, რომ სასაქონლო ჯგუფში „ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება“, რატომღაც, არ არის ჩაის სერვიზი.

– ისეთი ოჯახები მოხვდა  გამოკითხვაში, სადაც ჩაის სერვიზი არ იყო. გარკვეულწილად, თუ ამას მსუბუქი იუმორით შევხედავთ, სადაც არის გიტარა, იქ რატომ არ უნდა იყოს ჩქარი ტაში?! ეს ორი რამ ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.

– კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, იმავე სასაქონლო ჯგუფში არის დანა-ჩანგალი, მაგრამ არ არის კოვზი. ისეთ რა ოჯახებში მივიდნენ, სადაც კოვზი არ სჭირდებათ? კიდევ, არის საბანი, მაგრამ არ არის ბალიში და ლეიბი.

–  ამიტომ მეტი შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. ჩვენი სამომხმარებლო კალათა რამდენიმე ასეული საქონლისა და მომსახურებისგან შედგება და ის ვერ იქნება უსასრულო. მაგალითად, რაც უნდა განვითარებული საზოგადოება იყოს, ყველა ვერ შევა პარლამენტში, ამიტომ იქ გვყავს დეპუტატები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს უნდა წარმოადგენდნენ. ასევე, სამომხმარებლო კალათაში საქონელწარმომადგენლები წარმოადგენენ რამდენიმე სასაქონლო ჯგუფს და იქ ვერ შევიტანთ ყველა საგანს. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნების საშუალება, რომ ძალიან დაწვირლებით მოვახდინოთ ფასების ინდექსირება. თან, არ დაგვავიწყდეს, ინფლაციის ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს განვითარების ვექტორს და არა რეალობას. ძალიან ბევრი პირობითობაა, ამიტომაც, გარკვეულწილად, პირობითობის მატარებელია ეს ინდიკატორი და ვერ გავექცევით ამ ცდომილებას. თან, საზოგადოებაც არაერთგვაროვანია თავისი კეთილდღეობისა და შემოსავლების მიხედვით. დასაბუთებულია, რომ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოების საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენცირება 10-ს აღემატება, სოციალური დაძაბულობის მომენტი მატულობს. ჩვენთან ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

– დავაზუსტოთ მკითხველისთვის: სხვაობა საზოგადოების ყველაზე მდიდარი და ყველაზე ღარიბი ფენების შემოსავლებს შორის ჩვენთან ძალიან დიდია.

– დიახ და მოხმარების ის სტრუქტურა, რაც ახასიათებთ ყველაზე მდიდრებს, აბსოლუტურად არ არის საინტერესო და აქტუალური მათთვის, ვინც ყველაზე დაბალ სოციალურ ფენას წარმოადგენს. მათი მომხმარების, ქცევისა და ინტერსების კულტურა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ, ეს მომენტიც მუშაობს. შესაბამისად, ყოველთვის გაჩნდება საზოგადოებაში ადამიანი, ვინც კრიტიკულად შეხედავს ამ მაჩვენებელს და იტყვის, რომ ის არასწორად გამოხატავს ვითარებას. ისინი ზოგად პროცესზე იმსჯელებენ პირადი მდგომარეობის ცვლილების მიხედვით, ხოლო სტატისტიკის ამოცანაა, გააშუალოს მონაცემი. ეს ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ  –  ცუდი. საშუალო მაჩვენებელი უფრო ტენდენციის გამომხატველია, ვიდრე რეალური მდგომარეობის.

– რადგან ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი, 30,25 აწერია სურსათის სასაქონლო ჯგუფს, გასაგებია, რომ სწორედ საკვები პროდუქტების გაძვირება მოქმედებს ყველაზე ძლიერად ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე. „ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს“, სულ რაღაც, 2,87 პროცენტი ერგო, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად ანახლებს თავის გარდერობს. ამის ფული აღარ რჩება?

–  ნაკლები გავლენა აქვს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასების ცვლილებას. იყო დრო, როდესაც სურსათის ფასებს 60-პროცენტიანი გავლენა ჰქონდა, ის ახლა განახევრებულია, მაგრამ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სურსათის ფასების გავლენა 15-16 პროცენტს არ აღემატება.  ჩვენ 2010 წელს გვქონდა საკმაოდ მაღალი ინფლაცია სურსათზე, 30 პროცენტზე მეტი და ამის გამო ინფლაციის მთლიანი მაჩვენებელი გაიზარდა 11,4 პროცენტით წინა თვესთან შედარებით. იმისდა მიხედვით, რა წონას მივაკუთვნებთ ამა თუ იმ სასაქონლო ჯგუფს, შეგვიძლია, ინფლაციის მაჩვენებელი შევამციროთ ან გავზარდოთ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ვოლუნტარისტული მიდგომა.

– სასაქონლო ჯგუფს „სასტუმროები, კაფეები და რესტორანი“ მიკუთვნებული აქვს 4,96 პროცენტი. გამოდის, რომ ვერც ამ სერვისით სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა.

– ჩვენი მოსახლეობის შინა მეურნეობების ხარჯების მთლიან მოცულობაში სასტუმროს, კაფეებისა და რესტორნების ხარჯი შედარებით მოკრძალებულია, თუმცა იმედია, რომ, შემოსავლების ზრდის მიხედვით, როგორც ამ, ისე არასასურსათო მიმართულებითაც ხარჯების მოცულობა გაიზრდება და სტრუქტურა განსხვავებული იქნება. თანდათან მივუახლოვდებით განვითარებული ქვეყნების სტრუქტურას, სადაც სურსათზე ხარჯი დაბალია, მომსახურების, დასვენებისა და სხვა ხარჯები –  გაცილებით მაღალი.

– თითქმის ანალოგიური პროცენტი აქვს მიკუთვნებული სასაქონლო ჯგუფს, „განათლება“ –  5,42 პროცენტი. განათლებაც ხელმიუწვდომელი ხარჯი ყოფილა, რაკი მისი გაძვირება თუ გაიაფება დიდ გავლენას ვერ ახდენს მოსახლეობის მთლიან ხარჯებზე. 

– განათლებასთან მიმართებაში შედარებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა, გამოხატავდეს სახელმწიფოს მიერ მაღალი სუბსიდირების დონეს.

– ეს ის შემთხვევაა?

– მე ზოგადად მოგახსენებთ. მაგალითად, ევროპაში განათლებაზე ხარჯების მთლიან მოცულობაში მოსახლეობის წილი არ აღემატება 13 პროცენტს. ჩვენთან ეს მაჩვენებელი ორი მესამედის დონეზეა. ესე იგი, განათლებაზე გაწეული ხარჯების ორ მესამედს მოსახლეობა თავისი ჯიბიდან ან, უკეთეს შემთხვევაში, სპონსორის ხარჯზე ფარავს.

– საკვები პროდუქტების შემდეგ აქტუალური ხარჯია ტრანსპორტი და ჯანდაცვა –  12 და 10 პროცენტი. ძალიან დაბალია ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს წილი. არადა, ლამის ყველა ეწევა და სვამს?

– როგორც გითხარით, ეს ინფორმაცია მიიღება შინამეურნეობების გამოკვლევით, როდესაც ოჯახში მიდის ინტერვიუერი, როგორც წესი, ხვდება დიასახლისი და მას შეიძლება, არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რამდენს ხარჯავს მისი მეუღლე სასმელზე, რამდენ სიგარეტს ეწევა ან შეიძლება, შვილები არასრულწლოვნები ჰყავდეს, ან ეწეოდნენ, მაგრამ მშობლებმა არ იცოდნენ. ამიტომ ეს გამოკითხვა ყოველთვის ზუსტად ვერ გამოხატავს რეალურ მდგომარეობას, თუმცა დაზუსტება შესაძლებელია სპეციალიზებული კვლევებით.

– თუმცა დიასახლისს ნამდვილად ეცოდინება, რა ხდება სასაქონლო ჯგუფში „ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება“, რომელსაც მიკუთვნებული აქვს 6,21 პროცენტი. ვერც სახლს არემონტებენ, მაინცდამაინც, ხშირად ჩვენი თანამოქალაქეები და ვერც ახალ ავეჯ-ტექნიკას ყიდულობენ?

– ესეც შედარებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია, იმიტომ რომ, 90-ან წლებში, როდესაც დაირღვა შემოსავლის ტრადიციული წყაროები, მოსახლეობას სულ სხვა მიმართულებით მოუწია აქტივობა შემოსავლების მისაღებად, ამიტომ ბევრგან, განსაკუთრებით, სოფლად ჯერ კიდევ აქვთ 20-30 მეტი წლის წინანდელი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, როდესაც წელიწად-ნახევრის წინათ კახეთისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხით ბევრმა მიმდინარე ეკონომიკური პრობლემები მოიგვარა და თანხა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გამოიყენა. ზოგმა ტელევიზორი შეიძინა, ზოგმა –  მაცივარი, ზოგმა –  ავტომანქანა. ასეთივე სიტუაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც მრეწველობა სამხედრო რელსებიდან სამოქალაქო წარმოების რელსებზე გადავიდა და მოსახლეობამ ძალიან სწრაფად დაიწყო თავისი ამდენი წლის განმავლობაში შეკავებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

 

скачать dle 11.3