კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბერკეტებს აამოქმედებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ და ვინ დაიცავს საქართველოს ამერიკის მიერ რუსეთის დაშლის გეგმის ამოქმედების შემთხვევაში

ევროკავშირი დაგვპირდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას დააჩქარებს, თუმცა ეს დაჩქარება ხელმოწერის, სულ რაღაც, ერთი თვით, კერძოდ, აგვისტოში, გადმოწევას გულისხმობს. თავის მხრივ, გარე პოლიტიკისთვის ჩვენი მეზობელი რუსეთი ოლიმპიადის შემდეგ მოიცლის, დაახლოებით, ერთ თვეში, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქმედოდ 5 თვეზე მეტი დრო აქვს. მანამდე კი მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა: უკრაინის პრეზიდენტმა 2013 წლის აგვისტოში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე განუცხადა უარი ევროკავშირს იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებაში მისთვის მიუღებელი მუხლები იყო და საბაჟო კავშირში ამოაყოფინა თავი უკრაინას. ამის პარალელურად, სომხეთი, ისე, რომ არც დალოდებია ასოცირებას, პარაფირებამდე დათანხმდა რფ-ს საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. სულ ახლახან დავოსის ფორუმზე ილჰამ ალიევი გამოგვიტყდა, რომ არც ასოცირების ხელშეკრულებაზე აპირებს ხელმოწერას და არც საბაჟო კავშირთან, თუმცა დაგვაიმედა, რომ ორივესთან ითანამშრომლებს. შესაბამისად, ევროკავშირს აღმოსავლეთით გაფართოების პროგრამაში საქართველო და მოლდოვა შემოვრჩით. შესაბამისად, ამ თვის დასაწყისში მოლდოვას ერთ-ერთ ავტონომიურ წარმონაქმნ გაგაუზიაში (თითქოს კიშინიოვს დნესტრისპირეთის ავტონომიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ ეყოფოდა გასაჭირად) რეფერენდუმი ჩატარდა და ავტონომიამ მხარი საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დაუჭირა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლდოვას შემადგენლობიდან გასვლით დაიმუქრა. სოჭის ოლიმპიადის დასრულებიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რფ-ს 5 თვე აქვს საქართველოს წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად. ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად მიმოვიხილავთ იმ საფრთხეებს, რაც შესაძლოა, შეექმნას ქვეყანას უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში.

 

– მართალია, რუსეთს უკრაინის საკითხიც აქვს მოსაგვარებელი ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვისაც ვერ მოიცლის: რა თემებით შეუძლია საქართველოს იძულება იმისთვის, რომ უარი ათქმევინოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე?

– ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია იმ სიმპტომებიდან გამომდინარე, რომლებსაც მთელი მსოფლიო მედია თუ  ანალიტიკური აზრი გვთავაზობს. დავიწყოთ პუტინის ყველაზე ცხელი განცხადებებიდან, რომლებიც მან სოჭში გააკეთა: ერთი ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის თემას და მეორე, რომელშიც მან აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბევრი ტრაგიკული ფურცელი იყო, მაგრამ რუსეთი მზად არის, რომ გადადგას ნაბიჯები გასაუმჯობესებლად. რამდენიმე მთავარი კითხვაა და მათ შორის უმთავრესია: რა მიზანი ამოძრავებს პუტინს, რომელმაც მკვეთრად შეიცვალა რიტორიკა საქართველოს მიმართ.

ვფიქრობ, აქ ისევ და ისევ თარიღებთან გვაქვს საქმე: ერთია 2015 წელი, რომელიც პუტინმა ევრაზიული კავშირის შექმნის თარიღად გამოაცხადა და მეორე –  საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ეს ორი თარიღი მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან და არ გამოვრიცხავ, პუტინის ამ განცხადებების მიზანი იყოს ის, რომ მან სხვადასხვა ფორმითა და ხერხით მიიზიდოს ჯერჯერობით საბაჟო კავშირში, იმიტომ რომ ევრაზიული კავშირი ამ ეტაპზე მხოლოდ ფანტომია, ის ქვეყნები, რომელთა საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნების იმედი აქვს. პუტინი საკმაოდ რეალისტურად აფასებს მსოფლიო პოლიტიკას და ხვდება, რომ ჩვეული რესურსი, სამხედრო ძალის გამოყენებით საკუთარი ინტერესების გატარება ამა თუ იმ ქვეყანაში, ყველაზე ნაკლებად პოპულარულია დღეს და ყველაზე მეტ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ამიტომ პუტინი რბილი ზეწოლის ხერხებს მიმართავს საბაჟო კავშირში გაწევრიანებისთვის შეგულებულ ქვეყნებთან. ერთი მხრივ, მუდმივად გაჩვენებს, რომ აქვს ძალა, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მოგაყენოს და, მეორე მხრივ, რომ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში აქვს იმის კეთილი ნებაც, რომ ამ ურთიერთობებს რაღაც ხიბლი შესძინოს.

– მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკით ცნობილია რუსეთი ჯერ კიდევ მეფის რუსეთიდან მოყოლებული.

– საქართველოს მიმართ მას იმ დოზით აქვს პირდაპირი სამხედრო ძალადობა გამოყენებული და იმ დოზით იყენებს დღესაც მცოცავი ოკუპაციის სახით, რომ უკვე ნიღაბი აიფარა და კეთილგანწყობის თუ მოსყიდვის ფაზაში შედის, რის გამოძახილიც იყო მისი ეს განცხადებები სოჭში. ამდენად, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, რუსეთი ყველა შესაძლო რესურსს ითვლის, როგორც, თავისი გადმოსახედიდან, პოზიტიურს, ისე ნეგატიურს, თუმცა ჩვენთვის ორივე შეიძლება, იყოს ძალიან ნეგატიური შედეგის მომტანი.

– რა შეიძლება, რუსეთმა საქართველოს შესთავაზოს პოზიტიური? რუსეთი არათუ დეოკუპაციაზე არ აკეთებს მინიშნებებს, არამედ, მინიშნებებია, რომ თვითონ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაწყოს დესტაბილიზაცია, მათ შორის, ცარისტული რუსეთის ერთ-ერთი თემის, მეგრელებისა და სვანების არაქართველობის, აქტუალიზაციით.

– აქ უკვე ფსიქიატრიასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მას არ განვიხილავ. თუმცა ორიოდე სიტყვით შევეხები გაგაუზიის თემას.

– გაგაუზიაში კვლავ ძველი სცენარი გამოიყენა, რაც უკვე ნანახი გვაქვს საქართველოში 90-ან წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენმა ავტონომიებმა სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რაკი საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

– ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან რუსეთმა მსგავს მეთოდებს საქართველოში ერთხელ უკვე მიმართა, ის მეორედ და მესამედ იმავეს აღარ გააკეთებს. ამ თვალსაზრისით იყო საშიში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირვანდელი ვარიანტი, რომელშიც საქართველოს არსებული ტერიტორიული მოწყობის სრულ რევიზიაზე იყო საუბარი და რომლის მიხედვითაც არსებული რეგიონები უნდა დაყოფილიყო სხვა ფორმის ტერიტორიულ ერთეულებად. თან, ისე უნდა ჩატარებულიყო ეს რეფორმა, რომ წინასწარ არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა ეს დაყოფა. თუნდაც, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი როგორ ტერიტორიულ ერთეულებად დაიყოფოდა და ამ დაყოფაში როგორ შეიძლებოდა უნებლიეთ ჩადებულიყო მუხტები.

– დავაკონკრეტებ, სეპარატისტული მუხტები.

– დიახ. ამიტომაც იყო ჩემთვის გასაგები ის შეშფოთება, რასაც არაერთი ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი გამოხატავდა და ძალიან კარგია, რომ ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადაიდგა.  გაგაუზიის მაგალითი დამაფიქრებელია. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ კოსოვოს აღიარების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკური სპექტრი და მედია, ისევე, როგორც საქართველოში, ამტკიცებდა, რომ არანაირი ანალოგია არ არსებობდა კოსოვოსა და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს შორის. ვნახეთ, რა შედეგი მოგვიტანა ამ თვითდაჯერებამ თუ შეგნებულმა წაყრუებამ. დღესაც იგივე გზა არ მინდა, გავიაროთ. გაგაუზიის რეფერენდუმი ძალიან საგანგაშო სიმპტომია, რომ რუსეთმა შესაძლოა, იგივე სცენარი აამოქმედოს ჩვენთანაც. როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ დაიწყო ლაპარაკი თემაზე, თუ რა ბერკეტები შეიძლება, აამოქმედოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, ერთ-ერთ ვერსიად ვთქვი, რომ  საქართველოს ერთ-ერთმა რეგიონმა ან ამა თუ იმ რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობამ, რომელიც კომპაქტურად სახლობს, შესაძლოა, განაცხადოს უარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე და საკუთარ ხელისუფლებას გამოუცხადოს, რომ სურს საბაჟო კავშირში იხილოს საკუთარი ქვეყანა, ანუ საქართველო და ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი პრეტენზიები წაუყენოს.

– ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ რუსეთში ჯავახეთის დიასპორის პრეზიდენტთან აგასი არაბიანთან, რომელმაც სიტყვა სიტყვით მითხრა შემდეგი: რადგან საქართველომ აირჩია ევროკავშირი და „ნატო“, ჩემი ხალხის თვითმყოფადობა რომ დაცული იყოს, მოვითხოვთ კულტურულ ავტონომიასო.

– მე არ მინდოდა აქცენტი გამეკეთებინა კონკრეტულ რეგიონზე, მაგრამ, რადგან ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობენ, მეტი რაღა შეიძლება, დავამატოთ?! უკვე შეიმჩნევა საინფორმაციო მზაობა ამისკენ. არადა, საინფორმაციო სეგმენტი დღევანდელ პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია, რითაც ხდება საზოგადოების განწყობის შემზადება ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის.

– აქ არის ერთი პლუსი: აგასი არაბიანი არის მოსკოვში და ის პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს ჩვენს თანამოქალაქე ეთნიკურ სომხებზე. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს პრევენციის საშუალება.

– რა თქმა უნდა, მით უმეტეს, რომ ეს გეგმები არა მხოლოდ არსებობს საინფორმაციო დონეზე, არამედ, უკვე გაიჟღერა კიდეც მედია-სივრცეში. იგივე გაგაუზიის მაგალითი შეიძლება, იყოს ისეთივე სამართლებრივი საფუძველი რუსეთისთვის საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში ანალოგიური პროცესების პროვოცირებისთვის, როგორც თავის დროზე კოსოვოს აღიარება. რა თქმა უნდა, ეს და სხვა რესურსი რუსეთის ხელში არსებობს.

– ასევე, საინფორმაციო დონეზე ისინჯება სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივების მცდელობა. ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა ჯავახეთიდან თუ ქვემო ქართლიდან, სადაც ამზადებს ნამდვილ შეტევას თუ იქნებ სამეგრელოში გამოვიდეს და რატომ არ უნდა ვცადოთ?

– არავისთვისაა სასიამოვნო ის აქტივობა, რომელსაც იჩენს რუსეთის მეხუთე კოლონის წარმომადგენლების პატარა ჯგუფი სამეგრელოში. მე გამოვრიცხავ, რომ მათ შეძლონ სამეგრელოში მეტნაკლები უკმაყოფილების და ცენტრიდანული პროცესების პროვოცირება.

– მეც გამოვრიცხავ და ამიტომ მიკვირს, რატომ ხარჯავენ რესურსს? 

– ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელ განწყობაზე, მაგრამ იქ შესაძლებელია ათასი ფორმის პროვოკაციის მოწყობა. შესაძლოა, პროვოკატორების ჯგუფი გამოვიდეს რაღაც მოთხოვნით და იმ ტიპის პროვოკაციები შემოაგდონ, რაზეც სამართალდამცველი სტრუქტურები იქნებიან იძულებულები, გასცენ პასუხი. არავინ იცის, ეს რით შეიძლება, დამთავრდეს. ექნებათ მათ საკუთარი სცენარები, ამას შეიძლება, სამეგრელოს მოსახლეობის მასობრივი პროტესტი მოჰყვეს, ოღონდ ეს იქნება პროტესტი ხელისუფლებისადმი და არა –  პროტესტი კუთხური პრინციპით. თუმცა ნებისმიერი დესტაბილიზაცია აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ არის უკიდურესი საფრთხის შემცველი. ასე რომ, შემთხვევით არაფერი ხდება. ყველა ეს სიმპტომი ხელისუფლებისთვის იმის მანიშნებელი უნდა იყოს, თუ რა მიმართულებიდან უნდა ელოდოს საფრთხეს.

– ემჩნევა ჩვენს ხელისუფლებას, რომ მუშაობს ამ საფრთხეების ანალიზზე?

–  დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ ემზადება არანაირი საფრთხეებისა და რისკებისთვის. არანაირი კონცეფცია არ ჩანს ამა თუ იმ საფრთხის შესწავლის,  ხარისხის შეფასების, მისი განეიტრალების, პრევენციის ზომების მიღების და ასე შემდეგ. იმ კადრების გავრცელება, სადაც თიბილოვი და ანქვაბი სამთავრობო ლოჟაში სხედან, პირდაპირ მიგვანიშნებს პუტინის დღევანდელ ტაქტიკას: ერთ ხელში უჭირავს მათრახი და მეორე ხელით გაჩვენებს, როგორ აირიდო ის თავიდან.

– მაგრამ არ ჩანს, რას გვთავაზობს და არც არავინ ეკითხება.

– გაუგებარია, დღეს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაზეა ლაპარაკი თუ უფრო უარესზე?! რუსეთი შეიძლება, იმას ფიქრობდეს შემოთავაზებად, რომ საქართველოს მეტ ზიანს აღარ მიაყენებს.

– უნდა შეხვდნენ თუ არა რუსეთის და საქართველოს პირველი პირები ერთმანეთს და რა პირობების წაყენება შეგვიძლია, თუ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია?

– ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს რამდენიმე ფაქტორის გამო: ჯერ ერთი, დასავლეთი ვერ გაგვიგებს, რატომ არ ვიყენებთ დიალოგის შესაძლებლობას ქვეყანასთან, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის 25 პროცენტი წაგვართვა, მაშინ, როდესაც ამ ტერიტორიების დაბრუნების სხვა გზა, გარდა დიალოგისა, არ გვაქვს. მეორე ფაქტორია ის, რომ დასავლეთს დღეს ყველაზე ნაკლებად უნდა საქართველოსა და რუსეთს შორის კვლავ კონფრონტაციული ფონის წარმოშობა. მაგრამ, ამის პარალელურად, მსოფლიო მედიაში და განსაკუთრებით ამერიკულ მედიაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა რუსეთის შესაძლო დაშლის თემას და მივადექით საკითხს, რომელმაც შეიძლება, გაგვცეს პასუხი კითხვაზე, რატომ ღირს პუტინთან შეხვედრა: ჩრდილოეთ კავკასია არის ის საკითხი, სადაც რუსეთისა და საქართველოს ინტერესები თანხვდება. როდესაც მაკკეინისა და სოროსის გეგმაზე იწერებოდა მსოფლიო პრესაში, მოყვანილი იყო მაკკეინის სიტყვები, როდესაც ის ამბობდა, რომ ჩრდილო კავკასიის დაშლის სამართლებრივი საფუძველია კოსოვოს, აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. მეორე მხრივ, თუ რუსეთში, მართლაც, დაიწყება რღვევის პროცესი, ჩვენ გველის ლტოლვილთა და შეიარაღებულ მებრძოლთა ნაკადები. მე არ ვიცი, ითვლის თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ სცენარების თეორიულ ალბათობას, მაგრამ ამ უზარმაზარი მასისგან თავდაცვის არანაირი მექანიზმი არ გვაქვს, გარდა თეორიული და წარმოუდგენელი შანსისა, რომ საქართველოს საზღვრის გასწვრივ ჩადგეს „ნატოს“ ან აშშ-ის შეიარაღებული ძალები. რუსეთმა თავად მისცა მსოფლიოს საბაბი, ელაპარაკათ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის სამართლებრივ საკითხებზე. ამდენად, ჩვენ მათ შეგვიძლია, ვესაუბროთ ძალიან წელგამართულად ამ თემაზე –  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ. ეს ის რეალობაა, რაც ადრე თუ გვიან დადგება და ამისთვის უნდა ემზადებოდეს საქართველოს ყველა ხელისუფლება, რადგან არავინ იცის, როდის გამწვავდება იქ სიტუაცია, როდის გადაწყვეტენ ამერიკელები, რომ ნეოკონსერვატორებისა თუ „ქორების“თეორიული გეგმები განახორციელონ. ეს არის ის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, ამიტომ პუტინთან დიალოგი აუცილებელია,  ოღონდ მე არ ვიცი, რამდენად ეყოფა საქართველოს ხელისუფლებას კვალიფიკაცია პუტინთან სალაპარაკოდ ამ თემაზე თანასწორის პოზიციიდან.

 

скачать dle 11.3