კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი რეკორდების მფლობელია რაიან გიგზი და რომელი ოცნების ასრულებას აპირებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად რობინ ვან პერსი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ფეხბურთის ქომაგები მოუთმენლად ელიან ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას. მათ შორისაა ინგლისის პრემიერ-ლიგის დაწყება და „მანჩესტერ იუნაიტედის” მესაჭის რანგში დევიდ მოიესის ნახვა – მოიესმა ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი ჩაანაცვლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. პირველი სეზონი დაგვანახვებს, თუ როგორ გაუმკლავდება წითური შოტლანდიელი დაკისრებულ მისიას და როგორი წარმატებით იასპარეზებენ „წითელი ეშმაკები”. დევიდ მოიესის დასაყრდენი ახალ სეზონში ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი იქნება, რომელთა შესახებ მცირე ჩანახატების სახით მოგითხრობთ.

რაიან გიგზი

2013 წლის 1 მარტს უელსელმა რაიან გიგზმა კლუბთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც  2014 წლის ივნისამდეა გათვლილი. ნოემბერში გიგზს 40 წელი შეუსრულდება და  მისი სპორტული ფორმის, შემართებისა და პროფესიონალიზმის შემხედვარე, არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთელმა კიდევ გააგრძელოს ასპარეზობა „ოლდ ტრაფორდზე”. გიგზი, რომელიც უკვე ითვლება „მანჩესტერის ცოცხალ ლეგენდად”, 1987 წლის 29 ნოემბრიდან ირიცხება „მანჩესტერის” რიგებში და, სწორედ ამ დღეს, 14 წლის ალექს ფერგიუსონმა პირადად მიიწვია უელსელი კლუბის აკადემიაში. ცნობისთვის, გიგზი უკვე იმყოფებოდა სინჯებზე „მანჩესტერ სიტის” აკადემიაში და მხოლოდ ფერგიუსონის ავტორიტეტის დამსახურება იყო ის, რომ ბავშვმა სწორედ „ეშმაკების” სკოლა არჩია. პირველად კლუბის შემადგენლობაში გიგზმა 1991 წლის 2 მარტს ითამაშა – ფერგიუსონმა ჯერ კიდევ 17 წლის ფეხბურთელი „ევერტონის” წინააღმდეგ გამოიყვანა მოედანზე, სწორედ იმ „ევერტონის”, რომელსაც უკანასკნელი ათი წელი დევიდ მოიესი წვრთნიდა. საინტერესოა, რომ გიგზის დებიუტი „მანჩესტერში” მაშინ შედგა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბადებულები მისი თანაგუნდელები – ფილ ჯონსი და ნიკ პაუელი, ხოლო ჩიჩარიტოს, დენი უელბეკს, დავიდ დე ხეას, კრის სმოლინგსა და რაფაელ და სილვას ახალი ადგმული ჰქონდათ ფეხი. 1993 წელს რაიანმა 11-ნომრიანი მაისური მიიღო და, აგერ უკვე 20 წელია, ამ ნომრით რეკორდებისა და მოგებული ჯილდოების კოლექციონირებას განაგრძობს. გიგზს 1 005 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული უმაღლეს დონეზე, „მანჩესტერისა” და უელსის ნაკრების მაისურით, მათ შორის მეათასე იყო ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან” მატჩი. გიგზი ერთადერთი მოქმედი მანჩესტერელია 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალიდან, როდესაც ინგლისურმა კლუბმა ბოლო ორ წუთში მიუნჰენის „ბაიერნს” მოუგო დრამატულ მატჩში. გიგზს იმდენად ბევრი ჯილდო აქვს მოპოვებული, რომ მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ერთადერთს დავამატებთ: ფეხბურთელი დღემდე არ ნანობს, რომ უელსის ნაკრებში თამაში ამჯობინა, არადა, 1989 წელს გიგზმა, მამით ინგლისელმა და დედით უელსელმა, ინგლისის სკოლის მოსწავლეთა ნაკრებში ითამაშა რამდენიმე მატჩი. მოკლედ, გიგზი ჯერ არ ჩქარობს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას და მომავალ სეზონში სწორედ ის უნდა გახდეს მოიესის მთავარი დასაყრდენი.

რობინ ვან პერსი

ალექს ფერგიუსონისთვის ბოლო და თავის სადებიუტო სეზონზე „მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში, ჰოლანდიელმა რობინ ვან პერსიმ, 30 გოლი გაიტანა და პრემიერ-ლიგის ბომბარდირის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. ვან პერსიმ ფეხბურთისთვის სოლიდურ, 29 წლის ასაკში გადაწყვიტა კლუბის შეცვლა. „არსენალში” გატარებული წარმატებული, მაგრამ, კლუბის დონეზე უტიტულო რვა სეზონის შემდეგ, მან როგორც იქნა, მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ოცნება აისრულა. 2004 წელს „არსენალს” ვან პერსის შეძენა „ფეიენოორდიდან” 4,5 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო „მანჩესტერმა” ლონდონელებს 30,7 მილიონი გადაუხადა და  1,5 მილიონი ფუნტიც დაუმატა იმისთვის, რომ „მანიუმ” ვან პერსისთან ერთად მოიპოვა ჩემპიონობა. ვან პერსის შემდეგი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და, ვნახოთ, იქნებ, დევიდ მოიესის პირველივე სეზონი რობინისთვის კიდევ ერთი ოცნების ახდენის სეზონი გახდეს.

ხავიერ ერნანდესი – ჩიჩარიტო

„მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული სამი წლის თავზე ჩიჩარიტო პერსპექტიული თავდამსხმელიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა. ერნანდესმა 127 მატჩში ითამაშა და 50-მდე გოლი გაიტანა, რაც მექსიკის ჩემპიონატიდან პირდაპირ ინგლისის პრემიერ-ლიგაში გადმოსული ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია. ჩიჩარიტო მანჩესტერელი სკაუტების წარმატებული ოპერაციის პროდუქტია – ამომავალი ვარსკვლავი მათ ჯერ კიდევ 2009 წელს შეამჩნიეს და აკვირდებოდნენ, ხოლო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კონტრაქტიც გაუფორმეს. ცნობისთვის, სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე ჩიჩარიტომ გაიბრწყინა და, რომ არა ადრე გაფორმებული კონტრაქტი, მანჩესტერელებს, შესაძლოა, გაცილებით მეტი გადაეხადათ „დეპორტივო გვადალაჰარასთვის”. უბრალოდ, შედარებისთვის, ჩიჩარიტო ინგლისელებმა 7,5 მილიონ ევროდ იყიდეს, ხოლო ფეხბურთელის დღევანდელი ფასი 22 მილიონი ევროა. სხვათა შორის, ჩიჩარიტო საფეხბურთო ოჯახიდან არის: ბაბუა, ბალკასარ ერნანდესი, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ხოლო მამა ხავიერ ერნანდეს გუტიერესი, მექსიკელებისთვის მშობლიურ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა. ჩიჩარიტო ცნობილია სამშობლოში – იგი მექსიკის ელჩია „იუნისეფში.“ და, ბოლოს, რატომ – „ჩიჩარიტო”?! ხავიერის მამის, ხავიერ ერნანდეს-უფროსის მეტსახელია „ჩიჩარო,” რაც „მწვანე ბარდას” ნიშნავს, აქედან მომდინარეობს ხავიერ-უმცროსის მეტსახელიც – „ჩიჩარიტო”. 

დავიდ დე ხეა

20 წლის ესპანელი დავიდ დე ხეა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გოლკიპერია. 18 წლის ასაკში მას ჰქონდა დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში „ატლეტიკოს” რიგებში, ხოლო სეზონის ბოლოს ის ალექს ფერგიუსონის რჩეული გახდა პენსიაზე გასული ედვინ ვან დერ სარის ადგილზე. დე ხეაში მანჩესტერულმა კლუბმა მეკარის პოზიციისთვის სარეკორდო თანხა –19 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მართალია, პირველ სეზონში ესპანელი არ იყო ისეთი დამაჯერებელი, როგორც ვან დერ სარი, მაგრამ, დღეისთვის ის კლუბის პირველი ნომერია და ბევრად აღემატება კონკურენტს – ანდერს ლინდეგორს. ფეხბურთის სპეციალისტების თქმით, დე ხეა ხანგრძლივი დროით ჩადგა „წითელი ეშმაკუნების” კარში, თუმცა, საპირისპიროს ამბობს მეკარის მეგობარი გოგო, ესპანელი პოპ-მომღერალი ედურნე, რომლის თქმით, დავიდი „ბარსელონას” პირველ ნომრობაზე ოცნებობს. ეჭვებს ისიც ამყარებს, რომ მომავალ წელს კლუბის შეცვლა გადაწყვეტილი აქვს „ბარსელონის” კიპერს, ვიქტორ ვალდესს და მის შემცვლელად სწორედ ახალგაზრდა ესპანელი მოიაზრება. 

სინძი კაგავა

დრო, როცა აზიელ ფეხბურთელებს ევროპული სუპერკლუბები მხოლოდ რეკლამის გამო იწვევდნენ, წავიდა. კეისუკე ჰონდა, ჯი-სუნ პარკი და სინძი კაგავა ნებისმიერი კლუბისთვის ნამდვილი მარგალიტები არიან. მათ შორის ბოლო ორი – პარკი და კაგავა „მანჩესტერის” ისტორიის ნაწილად შეიძლება ჩაითვალონ. სამხრეთკორეელი პარკისგან განსხვავებით, კაგავა ახლა წერს საკუთარ თავს კლუბის ისტორიაში და მისგან მომავალ სეზონში იმ თამაშის ჩვენებას ელიან, რასაც ის „დორტმუნდში” აჩვენებდა. მანჩესტერმა იაპონელში აზიელი ფეხბურთელისთვის სარეკორდო თანხა – 16 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა, პირველი სეზონი კაგავასთვის არცთუ წარმატებული გამოვიდა – ტრავმებმა და ადაპტაციამ კლუბში დიდი დრო წაიღო, მაგრამ, უკვე ცნობილია, რომ კაგავა ახალი „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი აგური უნდა გახდეს, რომლის აშენება დევიდ მოიესს დაევალა.

скачать dle 11.3