კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადარია თენგიზ არჩვაძემ ხაშით კლაუდია კარდინალე და შონ კონერი

„რომ არ ყოფილიყო მუშნი ზარანდია, არ იქნებოდა „დათა თუთაშხია” – ასე აფასებს ხელოვნებათმცოდნე ეთერ წეროძე არაჩვეულებრივ თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც 3 აგვისტოს 81 წელი უსრულდება. გიგა ლორთქიფანიძე კი წერდა: „ერთხელ მკითხეს, ზარანდიას უარყოფითი გმირის როლზე თენგიზ არჩვაძე რატომ შეარჩიე და არა სხვა მსახიობიო. ჯერ ერთი, თენგიზი ჩემი უსაყვარლესი მსახიობია-მეთქი და, მეორეც, თუ ზარანდია არ იქნებოდა თუთაშხიას ღირსეული მეტოქე, პიროვნება, დაჯილდოებული უამრავი საინტერესო თვისებით, ფილმი არ შედგებოდა. მუშნი არ არის, უბრალოდ, უარყოფითი გმირი. ამიტომ უნდა მიმეცა ეს როლი და მივეცი კიდეც ყველაზე მომხიბლავ მამაკაცს...” მეც, ჩემი მხრიდან, დავამატებ: რომ არ ყოფილიყო ეკრანზე ეს ძალზე ნიჭიერი, თავმდაბალი, ღირსეული, დახვეწილი,  მართლაც მომხიბვლელი მამაკაცი და ქუჩაში, რიგითი ადამიანების გვერდით დამენახა, აუცილებლად გავიფიქრებდი: „ეს კაცი როგორ დაამშვენებდა კინოს“... 

„დიდოსტატის მარჯვენა”, „კეთილი ადამიანები”, „შეხვედრა მთაში”, „ხევსურული ბალადა”, „წიგნი ფიცისა”... – ერთმანეთზე უკეთესი და საინტერესო სახეები, რომლებსაც ბატონი თენგიზი სიყვარულით, დიდი შრომისა და ენერგიის ფასად, წლების განმავლობაში ქმნიდა კინოში სწორედ ჩვენთვის და, ვისაც ის სცენაზე ახსოვს, მათთვის ხომ შეუფასებელია მისი ნიჭიერება და საოცარი მამაკაცური ხიბლი. დღეს ბატონი თენგიზი თავისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს გიამბობთ. 

შეხვედრა წარსულთან 

„ხელმოკლედ ვცხოვრობდით, რანაირად გაგვქონდა თავი, არ ვიცი. ქართველიშვილის 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი,” აბრეშუმის ყდითა და ზიჩის ილუსტრაციებით, ერთ „ბუხანკა” პურში გაცვალა მამამ, სხვა რომ აღარაფერი გვქონდა გასაყიდი. მაშინ კარგად გამოვკითხე მამას, ვის მიჰყიდა წიგნი და ჩავიწერე, რომ არ დამვიწყებოდა. უკვე ფეხზე კარგად რომ დავდექი და შემოსავალი გამიჩნდა, მოვძებნე ის კაცი. სოლიდური თანხა მომთხოვა – მანქანის ფული. გადავუხადე უსიტყვოდ... მამაჩემის ფაქსიმილეთი იყო წიგნი. საოცარი კალიგრაფია ჰქონდა... 

მიყვარდა კარგი ტანსაცმელი, ვხატავდი და იმის მიხედვით ვაკერინებდი მკერავს. ქსოვილს მამა ყიდულობდა ჩემთვის... 

ცხოვრება სცენაზე

მე ყოველთვის მაღიზიანებს აზრი, რომ თითქოს სცენაზე ასვლა უბრალო ტაშ-ფანდურია და მეტი არაფერი. მე ეგრე არ მიცხოვრია და სხვისი არ ვიცი. მე ვალდებული ვარ, ვითამაშო, რისთვისაც მომზადება მჭირდება. ახალგაზრდობაში ერთი დღე მყოფნიდა ამ განწყობის მისაღწევად, ახლა კი ერთი კვირა მჭირდება. როლზე მუშაობის პროცესში ძალზე ცუდად ვარ. მეწყება ნერვიულობა და უძილობა. სპექტაკლის წინა ღამე ჩემთვის არ არსებობს. არავის ვიღებ, არც მეუღლეს ვუსმენ. ჩემს თავს მე თვითონ დავუმკვიდრე ასეთი წესი... 

არაჩვეულებრივი მუშნი ზარანდია

...1958 წლამდე რამდენჯერმე დამიძახეს კინოსტუდიაში, მაგრამ, უშედეგოდ... მაშინდელი მოთხოვნები სხვა იყო, ეკრანული ფაქტურა არ მქონდა, ძალიან გამხდარი ვიყავი... არა, ამაყი და უკარებაც ვიყავი, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, კინოში თავიდან ბედი არ მწყალობდა. 1961 წელს კი, შოთა მანაგაძემ ყოველგვარი სასინჯი გადაღებების გარეშე დამამტკიცა „კეთილ ადამიანებში” ერთ-ერთ მთავარ როლზე. ასე შედგა ჩემი კინოდებიუტი. დღემდე ვერ შევეგუე ფილმის „გაკრეჭის” პროცედურას. ჩემთვის უსაყვარლესი ეპიზოდი მონტაჟის დროს იმდენჯერ ამოვარდნილა ფილმის საერთო მხატვრული სახის შესანარჩუნებლად თუ სხვა მიზეზით, რომ თითქოს კიდეც უნდა შევგუებოდი კინოსთვის ამ მეტად ბუნებრივ მოვლენას, მაგრამ, ვერ შევძელი, ყველაფერს ბავშვივით განვიცდი. ეს დიდი ნაკლია მსახიობისთვის, რადგან, ძალიან გვიშლის ხელს მუშაობაში. ამიტომაა, რომ საერთოდ არ ვუყურებ ფილმებს ჩემი მონაწილეობით. მეშინია დაუკმაყოფილებლობის იმ დიდი გრძნობისა, რომელიც ამ დროს მეუფლება ხოლმე. მინდა გამოვტყდე და გითხრათ, რომ მუშნის როლზე ნამდვილად დიდი საიმოვნებით ვიმუშავე და, მიუხედავად ამისა, შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ, ვერც „დათა თუთაშხია” გახდა გამონაკლისი – არც ეს ფილმი მინახავს დასრულების შემდეგ...

ხაშით გადარეული ამერიკელები და „ქართველი მილიონერი” 

...გადაღებული ვარ 150-ზე მეტ ფილმში, მაგრამ, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის – „წითელი კარვის” გადაღებები. ფილმის ნაწილს ვიღებდით მოსკოვში. შემდეგ კი გავემგზავრეთ ექსპედიციაში ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს, ფრანც იოსების მიწაზე. აქ გატარებულმა სამმა თვემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. თეთრი ღამეები... თეთრი დათვები, რომლებიც იმდენად ახლოს მოდიოდნენ ჩვენთან, რომ ვკვებავდით კიდეც. ფრანც იოსების მიწაზე გავემგზავრეთ მურმანსკიდან, ყინულმჭრელი „ობით”. ეს გემი განკუთვნილი იყო სამეცნიერო ექსპედიციისთვის, რომელიც ლენინგრადიდან აქტივისაკენ მიემართებოდა. შესანიშნავად ვიყავით უზრუნველყოფილი. ჩვენი აღჭურვილობა და სამოსი ინგლისური, ამერიკული, იტალიური იყო. ფილმში ჩემი პარტნიორები იყვნენ კინოს ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: შონ კონერი, პიტერ ფინჩი, კლაუდია კარდინალე. საბჭოთა კავშირში ჩამოსვლამდე, წარმოშობით შოტლანდიელ შონ კონერს ურჩიეს მოენახულებინა კავკასია, რადგან, ისევე, როგორც შოტლანდიაში, იქაც ბევრი მთებიაო. როდესაც გაიგო, რომ მე საქართველოდან ვარ, გამოთქვა სურვილი აქ ჩამოსვლისა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჩემთვის არ იყო ძნელი, ჩამომეყვანა აქ ორი კვირით – მე ხომ ბევრი მეგობარი მყავს ხევსურეთში, სვანეთში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ, ჩემი მიზანი განუხორციელებელი დარჩა. ორი კვირის განმავლობაში მიბარებდნენ სათანადო ორგანოებში და შონ კონერის ჩამოსვლა არ შედგა... ჩემს ამერიკელ კოლეგებს კვირაობით ვეპატიჟებოდი მოსკოვურ რესტორან „არაგვში,” ხაშზე (ამის ნებას მრთავდნენ). იმდენად მოეწონათ, რომ გაკვირვებულები მეკითხებოდნენ: „რატომ უნდა დაველოდოთ მომავალ კვირა დღეს და არ ვისიამოვნოთ ხაშით ყოველდღე?” ფულს ყოველთვის მე ვიხდიდი, რითაც აგრეთვე გაკვირვებას ვიწვევდი. პიტერ ფინჩი ამბობდა: „ჩვენ მილიონერები ვართ, რატომ იხდი ფულს ყოველთვის შენ?” მე კი ვპასუხობდი: „თქვენ მილიონრები ხართ, მე კი – ქართველი”...

 ...ვცხოვრობდი გამალებული რიტმით. მე ხომ ოჯახიც მაქვს. ასეთი შემთხვევაც ყოფილა: შაბათს გამოვფრენილვარ მოსკოვიდან, აქ გამიტარებია კვირა დღე და ორშაბათს დილის რეისით გავბრუნებულვარ. თქვენ წარმოიდგინეთ გადასაღებ მოედანზეც გამოვცხადებულვარ.  სხვათა შორის ბევრს მიღებდნენ „მოსფილმში“...  

 

скачать dle 11.3