კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან წარმოიშვა სომხურ-გრიგორიანული ტაძრების – მოღნინისა და ფაშავანქის სახელწოდებები და რომელ სომეხ მეცენატებს აქვთ შეტანილი წვლილი თბილისის განვითარებაში

სომხების მიერ  თბილისის აშენებაში შეტანილ წვლილზე არაპოპულარული გახდა საუბარი, არადა წლების წინათ სომეხი მეცენატების სახელებს უკავშირდებოდა ყველაზე ინოვაციური და ევროპული პროექტების განხორციელება. სომხებს მართლაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი თბილისის განვითარებაში; ასევე, მნიშვნელოვანია სომხური ეკლესიების არქიტექტურა, რომელთა ხუროთმოძღვრება თბილისის ისტორიის ნაწილია.

არამიანცი, მელიქ-აზარიანცი, მანთაშევი, თამამშევი, ენფიაჯიანცი, მნაცაკანოვი და სხვები... დღეს მათი გვარები ბევრისთვის უცნობია, არადა, საუკუნის წინანდელ თბილისში მათი სახელები დიდი გავლენით სარგებლობდა და თავიანთ ფინანსებს ისინი ქალაქის აყვავებასა და განვითარებას ახარჯავდნენ. 

ნავთობმაგნატი ალექსანდრე მანთაშევი – ის გახლდათ თეატრალური ხელოვნების თაყვანისმცემელი და ფინანსური მხარდამჭერი. მანთაშევი ეხმარებოდა ეგორ პიტოევს, სომეხთა თეატრალური საბჭოს დამფუძნებელს და მისი ხელშეწყობით აშენდა „პიტოევის თეატრი”. მანთაშევის ქველმოქმედებათა ნუსხაშია უპოვართა სახლი ყოფილი ათარბეგოვის, დღევანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, სადაც ამჟამად ძველი თბილისის გამგეობაა განთავსებული; ასევე, სკოლა ბრმებისთვის ავლაბარში; რეალური სასწავლებელი და სავაჭრო სკოლა ამჟამინდელ ლადო ასათიანის ქუჩაზე. 

კიდევ ერთმა სომეხმა მეცენატმა, გრიგორი არწრუნმა 1879 წელს, თეატრალური ხელოვნების მხარდაჭერის მიზნით, სასახლის (ამჟამინდელ რუსთაველის გამზირზე), ააგო თეატრი, რომელიც დიდხანს ატარებდა მის სახელს. 1932 წელს ამ შენობაში ჩამოყალიბდა რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც 1934 წელს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი მიენიჭა. ეს შენობა არსებობდა მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე, სანამ მის ადგილას თეატრის ახალი შენობა აიგო. 

გაბრიელ თამამშევი

რუსეთის ისტორიაში პირველად, ბევრი საოპერო სპექტაკლი „ტფილისის საოპერო თეატრში” დაიდგა, რომელიც პირველი გილდიის ვაჭრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გაბრიელ თამამშევის ფულით იყო აშენებული და ცნობილი იყო „თამამშევის ქარვასლა-თეატრის“ სახელით. თეატრის აგების ისტორია კი ასეთია: 1844 წელს კავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა გრაფი მიხეილ ვორონცოვი. თბილისში ჩამოსვლისას მან მრავალ სხვადასხვა კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. რადგან ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი თეატრის შენობა, ვორონცოვმა მოისურვა თეატრის აშენება, თუმცა, ქალაქის ხაზინას ამის ფინანსები არ გააჩნდა. ვორონცოვმა გადაწყვიტა, მსხვილი ვაჭრებისთვის მიემართა და მის მოწოდებას მხოლოდ გაბრიელ თამამშევი გამოეხმაურა. ძმები თამამშევები იმ დროის უმდიდრესი ადამიანები იყვნენ: ერთი ძმა ფლობდა მტკვარზე განლაგებულ წისქვილებს, მეორე ძმაც, ასევე, მსხვილი ბიზნესმენი იყო. ვორონცოვის შემოთავაზებას გაბრიელ თამამშევი მხოლოდ ერთი პირობით დასთანხმდა – ქარვასლის მიერ დაკავებული მიწის ფართობი უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა. მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და ოთხი წელი მიმდინარეობდა. სამშენებლო სამუშაოები 1851 წელს დასრულდა და გამოვიდა მეტად ლამაზი შენობა იმ პერიოდის ევროპაში. ალექსანდრე დიუმა თავის რომანში „კავკასია” თეატრის შესახებ ამბობს, რომ მსგავსი სილამაზის ნაგებობა არსად უნახავს. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი საოპერო თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა. თეატრს ამშვენებდა გიგანტური, ტონანახევრიანი ჭაღი, რომელიც თამამშევის მიცემული ფულით ვორონცოვმა პარიზიდან გამოიწერა 9 ათას 400 ფრანკად. ის მარსელიდან წამოუღიათ გემით და ქართველები ფოთში დახვედრიან. 12 დიდ ყუთში იყო გადანაწილებული ჭაღი და ურმებით ჩამოუტანიათ თბილისამდე. ცნობილია, რომ გზაში ჭაღის ნაწილი დაფშვნილა და თამამშევს ხელმეორედ გამოუწერია.  სამწუხაროდ, ხანძარმა და შემდგომ ლავრენტი ბერიას პოლიტიკამ, თამამშევის ქარვასლა-თეატრი არ შემოინახა. 

მოღნინი

სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების ეს ეკლესია დგას თბილისის ისტორიულ ნაწილში – კალაში, დღევანდელი ლადო ასათიანის ქუჩისა და ფეთხაინის კიბის შესაყარის სიახლოვეს. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, მის მშენებლებს ნიმუშად ეჩმიაძინის ეკლესია აუღიათ. ფრანგი მოგზაური და კომერსანტი ჟან შარდენი ამ ეკლესიის სახელთან დაკავშირებით სადღაც გაგონილ ასეთ ლეგენდას გვთავაზობს: „მოგნაი ერევანთან მდებარე სომხების ერთი სოფლის სახელწოდებაა, სადაც როგორც ირწმუნებიან, დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა წმიდა გიორგის თავის ქალა. მაგრამ, შემდეგ თავის ქალის ნაწილი აქედან მოგნაის ეკლესიაში გადმოუტანიათ. ამ უკანასკნელისთვის სწორედ ამიტომ უწოდებიათ იმ ადგილის სახელი, საიდანაც იგი წამოიღეს”. ადრე აქ ორი ეკლესია მდგარა: დიდი და პატარა მოღნინი. დიდი მოღნინი 1751 წელს არის აგებული, ხოლო პატარა – 1754 წელს.

ფაშავანქი

სომხურ-გრიგორიანული ვანქის საეპისკოპოსო ეკლესია აშენდა მეთექვსმეტე საუკუნის დასასრულს თბილისის გარეთუბანში, მტკვრის მარჯვენა ტოტის პირას, ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის სიახლოვეს, მის აღმოსავლეთით. ერთ-ერთი შემოსევისას ეკლესია დაინგრა და მის საძირკვლებზე, ვახტანგ მეექვსის ზეობის ხანაში, 1720 წელს, ახალი ეკლესია ააგეს, რომელიც გალავნით იყო გარშემორტყმული. გალავნის ფრაგმენტები მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების შუა პერიოდამდე  შემონახული იყო ათონელისა და მტკვრის ქუჩებზე. შარდენი სომეხთა ნაამბობებზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ ეკლესია თურქეთიდან გამოქცეულ და ქრისტიანობას ზიარებულ ფაშას აუგია და სახელწოდებაც აქედან მოდისო.

  მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).

скачать dle 11.3