კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ყველა კაცი ერთნაირია

შეხედე სახეზე

– შეხედე კაცს კარგად, დააკვირდი მისი სახის ნაკვთებს და მაშინვე მიხვდები, რას უნდა ელოდო ამ ურთიერთობისგან, – ხმამაღლა განაცხადა ნატომ და ყავაში კონიაკი ჩაიმატა, – რას ვშვრებით, ვსვამთ სრულ გამოთრობამდე?

– მე ვერა, – ქეთიმ ოდნავ მოწრუპა კონიაკი, – საშინელ გუნებაზე ვარ. თან, საღამოს ბავშვთან მთვრალი ვერ ვიქნები.

ნატომ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ლელას და ანიშნა – ჩაერიე, შენც ხომ ხედავ, ჩემი აღარ ესმის, ყველა რესურსი ამოვწურეო.

– არ დაურეკე, ხომ? მაინც შენსაზე ხარ?! არ იშლი სიჯიუტეს?

– სიჯიუტე არაფერ შუაშია, – ამოიოხრა ქეთიმ, – არ ვჭირდები კაცს და, მოკალი თუ გინდა. დავუჩოქო და შევეხვეწო? ამას არ გავაკეთებ!

– საერთოდ არ დაურეკავს?

– როგორ არა, – ჩაიცინა ქეთიმ, – ძიძას დაურეკა და ბავშვის ამბავი იკითხა, მე ვითომ არც ვარსებობ.

– აბა, რას ელოდი? ისიც ზუსტად შენსავით ფიქრობს – არ ვჭირდები და რატომ უნდა შევეხვეწოო. კაცია, მარტივად აზროვნებს, – მიუგო ლელამ.

– ჰოდა, იაზროვნოს მარტივად და ოჯახიც მარტივად დაანგრიოს, რადგან ასე ნებავს. ეს მისი პრობლემაა, – თავი გაიმხნევა ქეთიმ, – მის გარეშეც გავძლებთ როგორმე.

– ახლა უკვე იტყუები. გეტყობა, როგორც ძლებ, – ნატომ კონიაკიანი ყავა სულმოთქმელად გამოცალა და შეაჟრჟოლა, – მაგარია ეს ოხერი, იმედია, არ მოგვწამლავს.

– ის კაცი ისეთი მოწიწებით გელაპარაკებოდა, საწამლავს როგორ გაკადრებდა, – თვალი ჩაუკრა ლელამ.

– რა ვიცი, პირველად ვსვამ სახლში კუსტარულად დამზადებულ კონიაკს.

– მერე, რატომ სვამ?! თანაც – ამდენს...

– „მჟავე პახმელია“ მაქვს და ქეთის სოლიდარობას ვუცხადებ, – გაიცინა ნატომ და ქეთის მიუბრუნდა, – დილით სარკეში თუ ჩაიხედე?

– ჩავიხედე, მერე?!

– იცი, რას ჰგავხარ? ამ ორ დღეში ძალიან შეიცვალე:  თვალები აღარ გიბრწყინავს, უპეები ჩაგიმუქდა... ამდენ ნერვიულობას: არ გირჩევნია, დაურეკო და შეურიგდე?

– არ მირჩევნია, – თავი ჯიუტად გადააქნია ქეთიმ, – ისიც ხომ ნერვიულობს? ჰოდა, ინერვიულოს და ათენოს ღამეები ოფისში.

– შენ რა შეღავათი გაქვს ამით? ქეთი, ვერ ხვდები, რომ შენ უფრო ზარალდები?

– მე ჩემს საძინებელში, ჩემს საწოლში მეძინა, ბავშვთან ჩახუტებულს. ვინ უფრო დაზარალებულია?

ლელა შეიჭმუხნა.

– გინდა, სიმართლე გითხრა? არ ვაპირებდი, მაგრამ... შენც და შენი ქმარიც ეგოისტებივით იქცევით – ჯიბრს ერთმანეთს უწევთ, რეალურად კი ბავშვი ზარალდება. შენ დედა ხარ და ასეთი ეგოიზმი შენ უფრო არ გეპატიება.

– მამას ეპატიება, არა?! – გაცხარდა ქეთი, – თქვენ რა, ვახოს მხარეს ხართ?

– არა, მაგრამ, შენც რომ კარგად არ იქცევი, ფაქტია, – უკან არ დაიხია ლელამ, – გახსოვს, ერთხელ, მე და შენ რაზე ვილაპარაკეთ?

– მახსოვს, მაგრამ, მარტო ღალატი არ ანგრევს ოჯახს, სხვა ფაქტორებიც არსებობს. ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და მორჩა!

– უჰ, დასვა დიაგნოზი! „ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს“... – აქამდე თუ ეწყობოდით?! სისულელეების გამო ქმარს ვინ ეყრება?

– მე... და, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს! თქვენ რომ სისულელეები გგონიათ, ჩემთვის შეხედულებებში პრინციპული განსხვავებაა. აღარ შემიძლია მუდმივ სტრესსა და სკანდალში ცხოვრება.

– არადა, მშვენიერი წყვილი იყავით, – სინანულით ჩაილაპარაკა ნატომ, – ვახოც მომწონდა. ფიზიოგნომიკის პრინციპებით, დადებითი აურა მოდიოდა მისგან.

ლელამ ეჭვით გახედა თანამშრომელს:

– არ მჯერა ეგეთი რაღაცეების. ფიზიოგნომიკაღა გვაკლდა. სანამ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრებ, ვერ გაიგებ, რანაირია.

– მე კი მჯერა. ერთი თვეა, ვსწავლობ და, დედას გეფიცებით, გოგოებო, კაცებს უკვე სხვა თვალით ვუყურებ. მაგალითად, ბრედ პიტის პიროვნება განვიხილოთ... –  თვალები მოწკურა ნატომ.

– რაღა ბრედ პიტს ეცი, უფრო ნაცნობი ვერავინ მოძებნე?

– მიყვარს ეგ კაცი და შემარგეთ. მოკლედ, ბრედს ხომ აქვს ნაოჭები საფეთქლებთან... ნატურალურად უნდა დავბერდეო და პლასტიკურ ქირურგს არ მიმართავს, ანუ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბრედიკო ამჩნევს უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი. ახლა განვიხილოთ მისი სახის ფორმა... – ნატო ეშხში შევიდა და ყურადღება აღარ მიუქცევია ირონიულად მოღიმარი ლელას რეპლიკებისთვის, – პიტს სახე ტრაპეციის ფორმის აქვს: ფართო შუბლი, მაღალი ყვრიმალები, დავიწროვებული ნიკაპი.

– შენ პროფესიას ხომ არ იცვლი, გენაცვალე? – ყალბი ალერსიანი ტონით ჰკითხა ლელამ.

– დამასრულებინეთ, როგორ არ გაინტერესებთ? – ეწყინა ნატოს, – სხვათა შორის, ძალიანაც ამართლებს და სულაც არ არის სასაცილო. ბრედ პიტისმაგვარი სახის მქონე კაცები ინტელექტუალურები, მგრძნობიარეები და გონიერები არიან.

– ანუ, გაუმართლა ჯოლის? – ისევ ვერ შეიკავა თავი ლელამ, – ნეტავ, ქმრად მაგ ფიზიოგნომიკით შეარჩია თუ გულის კარნახს ენდო – ბანალურად და გლეხურად?

ნატო გაბრაზდა:

– არ გაინტერესებთ და გავჩუმდები. გულის კარნახით გათხოვებას რა შედეგიც მოაქვს, ცოცხალი მაგალითი აგერ ზის, – ქეთისკენ გაიხედა და ხელი ჩაიქნია, – ეჰ, ვერაფერი გავაწყვე. არ გინდათ ჩემი მოსმენა.

– გისმენ, ნატო, გისმენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს შევცვლი, მერე ვნახოთ...

***

ვახომ რამდენჯერმე აიღო ხელში მობილური – ყოყმანობდა და ვერ გადაეწყვიტა, დაერეკა თუ არა...

– არ დაგირეკა? – ჰკითხა ოთახში შემოსულმა გიგიმ, – ახლა ეგ შენ გელოდება, იქით როდის დაურეკავ. დარწმუნებული ვარ, გაბრაზებულიც იქნება... მაგრამ, გაუვლის. ცოტა დრო კი დასჭირდება.

– ბავშვი მომენატრა. სულ მენატრება. დილით მისი პაწაწინა თითების შეხება მაღვიძებდა ხოლმე და ეს ძალიან მაკლია. მზად ვარ, დავურეკო ქეთის და ბოდიშიც კი მოვუხადო. არ უნდა წამოვსულიყავი...

– რაც მოხდა, იმაზე ნერვიულობა არ ღირს. წამოდი, ვისაუზმოთ. დედაჩემმა ხაჭაპური გამოაცხო.

– არ მშია, – თავი გააქნია ვახომ, – მობილური მაგიდაზე დადო და პერანგის ღილები შეიკრა, – დედაშენისაც მერიდება. შენ არ ეყოფი მოსავლელად?!

– მოიცა ერთი, რას მივლის... მეც მშვენივრად ვუვლი თავს. დედაჩემი მაშინ ნერვიულობს და მაშინ წუხდება, როცა სახლიდან ვინმე მშიერი მიდის.

– მართლა არ მშია, ბავშვს გეფიცები, ყავას კი სამსახურში დავლევ.

– მაშინ, წავიდეთ, მეც არ მინდა საუზმე. ახლავე პირს გავიპარსავ და...

– რატომ? შენ ჭამე... – ვახომ ისევ მობილურს დახედა.

– აუ, ვახო, დაურეკე, რა... ასე უფრო ცუდ დღეში ხარ.

– დავურეკავდი, მაგრამ, ქეთის ხომ ვიცნობ. რამე უხეშად რომ მითხრას, აღარ ვაპატიებ და... ახლა კიდევ გვაქვს პატარა შანსი, მერე კი ეგეც აღარ იარსებებს.

– აბა, რა უნდა ქნა?

– არ ვიცი. ვფიქრობ. უნდა დაველოდო. უკეთესს, მგონი, ვერაფერს ვიზამ.

– რამე სიურპრიზი რომ მოუწყო? მე კი არ მევასება ასეთი რაღაცეები, მაგრამ, ქალებზე მაგრად ჭრის. ყვავილები გაუგზავნე დასაწყისისთვის...

 – რა?! – ერთბაშად იფეთქა ვახომ. 

გიგი შეკრთა:

– მოიცა, რა ვთქვი ამისთანა, რომ გადაირიე? ყვავილები ყველა ქალს უყვარს, ქეთი გამონაკლისია?

– გამონაკლისი არ არის, მაგრამ, არ გავაკეთებ მაგას, არ დაუმსახურებია. მგონი, ასე იმიტომაც მომექცა, რომ ზედმეტად გავანებივრე. ყვავილები კი არა, მივადგები ამ საღამოს ჩანთით. ბოლოს და ბოლოს, ჩემი სახლიც არის. ოღონდ, ჯერ მაგრად დავთვრები და ისე...

– აუ, ეგ არ ქნა, ყველაფერს გაართულებ. ჯობია, ცოტა მართლა მოიცადო. იცხოვრე აქ, მე არ მაწუხებ და რა გინდა?

– ჰო, ჯერჯერობით უკეთესი მაინც ვერაფერი მოვიფიქრე. იეჭვიანებს, ინერვიულებს და  დამირეკავს... ბავშვის გარეშე კი მართლა ძალიან მიჭირს. უმანქანობაც მაწუხებს. სულელი ვარ, მანქანას რაღას ვუტოვებდი, – ხელი ჩაიქნია ვახომ.

– ჩვენი დიდსულოვნება გვღუპავს. ქალებს ეს მაინც არ ესმით და ამაგს წყალში გვიყრიან, – ამოიოხრა გიგიმ, – ნინიც ასე არ მომექცა?! მერე კიდევ, უკვირთ, ცოლის მოყვანის რომ გვეშინია. იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ შენ და ქეთი დაშორდებოდით!

– მაგას ვერც მე წარმოვიდგენდი, მაგრამ... შენ მაინც სამსახურში არაფერი თქვა. ნურც იმას იტყვი, შენთან რომ ვცხოვრობ.

– რა თქმა უნდა. შეგეძლო, არც გაგეფრთხილებინე...

***

თომამ ნინი მაგიდამდე მიაცილა და გაბრწყინებული სახით მიუჯდა თავის კომპიუტერს. ლიზამ გაოცებით გახედა:

– ამას რა უხარია, ნინი, თქვენ, რა, ერთად ხართ?

ნინის გაეცინა:

– რა ერთად, უბრალოდ, დღეს სახლთან დამხვდა და სამსახურში წამომიყვანა.

– გუშინ, ასევე უბრალოდ, სახლში წაგიყვანა...

– ოჰო, ესეც იცი?! – ნინის არ სწყენია. მშვენიერ გუნებაზე იყო და ამას არც მალავდა.

– რა ცოდნა მაგას უნდა. მთელი კრედიტების განყოფილება ამაზე ლაპარაკობს. კარგია, რომ იმ გიგის შეეშვი და აღარ ნერვიულობ, მაგრამ, ეს თომაც არ არის შენი შესაფერისი. ჯერ მარტო სახელი ნახე, რა... თომა რომ ერქმევა კაცს, იმისგან რას უნდა ელოდე.

– ჩუმად, გაიგონებს, – ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო ნინიმ.

– ოჰ, გაიგონოს მერე... ძალიან კარგად იცის, რა აზრისაც ვარ მასზე.

– მგონი, შენი აზრი ნაკლებად აინტერესებს და, გულახდილად რომ გითხრა, მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მის გვერდით. 

ლიზამ წარბი შეიკრა:

– მოკლედ, ვერაფერი ისწავლე ჩემგან. ერთ იდიოტს იმიტომ მოსცილდი, რომ მეორეს გადაეკიდო?

– სულაც არ ვფიქრობ, რომ თომა იდიოტია. იმდენს მაცინებს, არც თავს მაბეზრებს და ძალიან საყვარელია, – დაიცვა ნინიმ ბიჭი.

ლიზამ ტუჩი აიბზუა:

– მერე, ეგ საკმარისია? ნინი, ნინი... რამდენი წლის ხარ? როგორ ვერ გაიზარდე...

– ოო, ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. მთავარია, რომ ახლა კარგად ვარ.

– ვაჟბატონმა რაო?

– რა ვიცი. მთვრალმა რომ დამირეკა, იმის მერე აღარ შემხმიანებია და არც მაინტერესებს. გადავშალე ჩემი ცხოვრების ეგ ფურცელი.

ლიზამ ამოიოხრა:

– იმედია, თომაზე სერიოზულად არ ფიქრობ.

– ჯერ არაფერზე არ ვფიქრობ, საერთოდ... მერე ვნახოთ...

– ჰმ, ეს ბიჭი კი დაფრინავს სიხარულით.

– იფრინოს მერე, რა არის ამაში ცუდი?

– არაფერი. უბრალოდ, აცუნცრუკებულ კაცებს ვერ ვიტან.

– ჰო, შენ მარტო სერიოზული კაცები გაინტერესებს, – ირონიულად გაიღიმა ნინიმ. ლიზამ ხელები მოიფშვნიტა:

– მინდა გითხრა, ჩემო საყვარელო ნინი, რომ ახლა ცხოვრებაში ისეთი ეტაპი მაქვს, რომ კაცები საერთოდ აღარ მაინტერესებს.

– მართლა? ასეთი რა მოხდა?

ლიზამ მიიხედ-მოიხედა და ხმას დაუწია:

– დედობისთვის ვემზადები.

– რა?! – შეჰყვირა ნინიმ.

– ჩუმად, რა გაყვირებს? – ლიზამ მკლავზე მოჰკიდა ხელი და მოუჭირა.

– ფეხმძიმედ ხარ?

– ჯერ არა, მაგრამ...

 – მოიცა, ეგ როგორ? ვერ მივხვდი.

– ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ მალე ვიქნები...

– ვისგან? თუმცა, რა სისულელეს გეკითხები...

– პირიქით, სულაც არ არის სისულელე. ეგ შეკითხვა ჩემთვის ძალიანაც აქტუალურია. ორი სავარაუდო კანდიდატი მყავს ჩემი შვილის მამობისთვის.

ნინის თვალები გაუფართოვდა. ლიზას გაეღიმა:

– რა იყო, შოკში ჩაგაგდე? ჰო, ასე გამოვიდა... ზუკას შევხვდი და აღარ მომეშვა. სხვანაირად ვერაფრით მოვიშორე თავიდან და, რა მექნა? ქმარსაც შევურიგდი...

– მერე?

– მერე რა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი შვილის მამა ჩემი ქმარი იქნება.

– ლიზა, უნდა მოატყუო ლევანი?

– ოო, მოვატყუო – ხმამაღლა ნათქვამია. ჯერ რა ვიცი, იქნებ, სწორედ მისგან დავფეხმძიმდე. ყოველ შემთხვევაში, ახლა ერთგული ცოლი ვარ. ლევანს უნდა დავუმტკიცო, რომ ჩემზე უკეთესი მის ცხოვრებაში არავინ და არაფერი ყოფილა. თან, იცი, როგორ მინდა ბავშვი?! ვგრძნობ, რომ უკვე მზად ვარ დედობისთვის. ლევანი შვილს არაფერს მოაკლებს: საუკეთესო ძიძას აიყვანს; შეიძლება, აქ არც მამშობიაროს და ევროპაში წამიყვანოს. გიჟი მამა იქნება.

– და, ასე მშვიდად გააზრდევინებ სხვის შვილს? იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ზუკას წინაშეც არ იქნები მართალი.

– ნინი, არსებობს ისეთი სიმართლე, რომელიც არავის სჭირდება და ხალხისთვის მხოლოდ უსიამოვნება მოაქვს. ასეთ დროს მე კეთილი ტყუილი მირჩევნია.

– კეთილი ტყუილი არ არსებობს, – შეეკამათა ნინი.

– არსებობს, მაგრამ, ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ. ის გაცილებით უარესი ბოროტება იქნება, ჩემს შვილს დაბადებამდე ავურიო ცხოვრება, – გადაჭრით თქვა ლიზამ, – ამას არ დავუშვებ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3