კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ჩვენი დროის სასწაული

ეს ამბავი 1993 წლის 23 მაისს, ზედაზნობის მესამე დღეს მოხდა. 10-12-კაციანი ჯგუფი მსუბუქი მანქანებით ესტუმრა ზედაზენს. ტაძარს სწრაფად შემოურბინეს ირგვლივ, მერე ეკლესიის მსახურებს მაგიდა სთხოვეს, სუფრა გაშალეს და ქეიფი გააჩაღეს. შესანიშნავი ამინდი იდგა, მაგრამ, მოულოდნელად მოიღრუბლა და გაწვიმდა. მთაში ამინდი ხშირად იცვლება, ამიტომ, სუფრასთან მსხდომებს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. წვიმამ უფრო და უფრო იმატა. მოქეიფეებმა ღვთისმსახურებს ტაძარში შეშვება სთხოვეს. მათ, რა თქმა უნდა, უარი უთხრეს, მაგრამ, სტუმრებმა არ დაიშალეს. მაშინ ღვთისმსახურმა მიუგო: როგორც სინდისმა გიკარნახოთ, ისე მოიქეცითო. უგუნურებმა ეს თანხმობად მიიღეს და სმა-ჭამა სტოაში განაგრძეს. სადღეგრძელოს სადღეგრძელო ცვლიდა. სენაკს თავშეფარებული ღვთისმსახურნი მწუხრის ლოცვისთვის ემზადებოდნენ, როცა საშინლად იელვა და არემარე გამაყრუებელმა გრუხუნმა შეძრა. ბერებმა დაინახეს, როგორ დაეცა მთის წვერს მეხი (ზედაზნის მთა სამიარუსიანია. პირველი მთის წვერია, ტაძარი კი მესამეზე დგას). ცოტა ხნის შემდეგ კვლავ იელვა და მეხი მთის მეორე იარუსს დაეცა. სტოადან არეული „კრიმანჭული“ მოისმა და... მთავარი მოსახდენიც სწორედ ამ დროს მოხდა.

ამ ამბავს თხუთმეტივე თვითმხილველი ერთნაირად იხსენებს და მათი მონათხრობი ისე ჰგავს ერთმანეთს, მცირეოდენ ეჭვსაც კი არ ტოვებს.

ტაძრის უკანა მხარეს, გალავანსა და სალოცავს შორის, სივრცეში დიდი ცეცხლოვანი დისკო გამოჩნდა, რომელიც ალის უზარმაზარ ენად გადაიქცა და ტაძარი მთლიანად შთანთქა. ცეცხლს ძლიერი, გამაყრუებელი ხმა ახლდა. ეკლესიის კედლები გავარვარებული ლითონისფრად აელვარდა. მოქეიფეები არაადამიანური ღრიალით გამოცვივდნენ ეზოში. ისე იყვნენ თავზარდაცემულნი, თვითონაც არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ზოგი მუხლებზე დაეცა და ხელაპყრობილი ზეცას შეჰღაღადებდა, ზოგი, შეძრწუნებული, წინ და უკან დარბოდა და შველას ითხოვდა. ცეცხლოვანი დისკო გასკდა თუ არა, წვიმაც შეწყდა. ყველამ აღიარა, რომ მოხდა ნამდვილი სასწაული, რომელსაც ცოცხლები გადაურჩნენ. თუმცა, ორმა სტუმარმა თქვა, დამწვრები ვართო. მართლაც, პერანგები რომ გაიხადეს, ზურგზე დიდი წრის მსგავსი დამწვრობა აღმოაჩნდათ, რომელზე უმნიშვნელო შეხებაც კი აუტანელ ტკივილს ჰგვრიდათ. საოცარი კი ის იყო, რომ ტანსაცმელს არაფერი ეტყობოდა.

შეძრწუნებული თანამესუფრეები ყვებოდნენ, თუ როგორ შეზანზარდა ტაძარი და კედლებიდან გადმოცვენილი ქვები მაგიდაზე დაცვივდა. სტოა არაგვის ჭალის სიპებითაა ნაგები, თანაც, გაულესავია. ამიტომ, იმ ადგილებს, საიდანაც ქვები ამოცვივდა, აშკარად ემჩნეოდა დაზიანება, თვით სიპები კი მაგიდაზე ეყარა. მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის გახლდათ, რომ არც ერთი იატაკზე არ დაცემულა.

აი, კიდევ რას ყვებოდნენ: ცეცხლი სტოაში უზარმაზარი ხელივით შემოიჭრა, სუფრას მოეხვია, ჭახაჭუხითა და ლიწინ-ლიწინით მოიგრაგნა და ისევ შესასვლელ თაღში გაილიაო. ყველამ შეამჩნია, რომ ჭურჭელი, უბრალოდ, დამტვრეული კი არა, დამსკდარი იყო.

რაკი ცოცხლები გადავრჩით, მცხეთაში რესტორანს ვკისრულობთო, – თქვეს მოქეიფეებმა და ეკლესიის მსახურნიც მიიწვიეს. ბერებმა მადლობა გადაუხადეს, ხელი ჩაიქნიეს და უსიტყვოდ დასცილდნენ ხალხს, რომლებსაც ლამის ცა ჩამოექცათ თავზე, მაგრამ, მაინც ვერაფერს მიხვდნენ.

скачать dle 11.3