კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიული მანიაკები

ანას გასაოცრად, მირიანმა კატეგორიულად აუკრძალა რამაზთან შეხვედრა – მისი აზრით, ეს დროის ფუჭად დაკარგვა იყო და მეტი არაფერი და ასეთი ოპერაცია არაფერს შეჰმატებდა გამოძიებას.

– რატომ? – აღშფოთდა გიორგი მისი პასუხის მოსმენისას, – შენი აზრით, დრო ტყუილად დავკარგეთ და პროგრამისტებიც მოვაცდინეთ?!

– უკვე ვთქვი და ისევ გავიმეორებ: თქვენს ქმედებაში სერიოზულს ვერაფერს ვხედავ. იმასაც კი არ ვიკითხავ, ვის ეკუთვნის ეს იდეა – დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენ მოიფიქრე. მე მხოლოდ ის მაოცებს, ანა როგორ დაითანხმე ამ ავანტიურაზე! – სწრაფად თქვა მირიანმა.

– შენში არანაირი შემოქმედებითობა არ დევს. ორცხობილასავით ტიპი ხარ! – უკმაყოფილოდ მიუგო გიომ.

– რას ნიშნავს „ორცხობილასავით ტიპი”?! – გაღიზიანდა მირიანი.

– ორცხობილასავით გამომხმარი – წესები... კანონები... მოთხოვნები!.. ის, რაც ქაღალდზე არ წერია, შენთვის არ არსებობს! პირს მაინც თუ იბან კოდექსში ჩაუხედავად?!

– კმარა! – გაბრაზდა მირიანი, – დროს ნუ ვკარგავთ. ბევრი სამუშაო გვაქვს!

– არ ხარ მართალი მირიან, – მოულოდნელად ჩაურთო ანამ.

– შენც მე მამტყუნებ?! – გაოცებით გახედა მან, – რაში არ ვარ მართალი?

– ჩვენ ტყუილად არ დაგვიკარგავს დრო, – ამ სიტყვებთან ერთად ანა საქაღალდეს გადაწვდა, გახსნა და კითხვას შეუდგა: რამაზ დევიძე... 27 წლის. დამთავრებული აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი. დაფუძნებული აქვს კერძო კომპანია, რომელიც დაკავებულია არქიტექტურული და დიზაინერული პროექტების შექმნით. გატაცებულია ხატვით. ნასამართლევი არ არის. დამნაშავეთა სამყაროსთან ურთიერთობაში შემჩნეული არ არის. უცოლოა... დანარჩენს, შეგიძლია, თავად გადახედო, – თქვა ანამ და საქაღალდე მირიანს წინ დაუდო.

– ეს უკვე სხვა საქმეა. ამით უნდა დაგეწყოთ მუშაობა და არა – ინტერნეტნაცნობობით, – ჩაილაპარაკა მირიანმა.

– რაც შეეხება ინტერნეტნაცნობობას, – განაგრძო ანამ, – არ დაგიმალავ, რომ თავიდან მეც არ მომეწონა გიორგის აზრი. მაგრამ შემდეგ კარგად დავფიქრდი და მივხვდი, რომ ის მართალია. ჩვენ ხომ ჯერჯერობით არავითარი სამხილი არ გაგვაჩნია. ინტერნეტით რამდენიმე წერილის მიწერისთვის, ბრალს ვერავის წავუყენებთ. ასე კი მასთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა მოგვეცემა. გამორიცხავ, რომ ეს პიროვნება მართლაც არაფერ შუაშია და ჩვენ მცდარ ვერსიას ვამუშავებთ? შესაძლოა მასთან შეხვედრამ სწორ გზაზე დაგვაყენოს.

– რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ამ ეტაპზე უფრო რეალური ვერსია არ გაგვაჩნია.

– ამიტომაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, – თქვა ანამ.

მირიანმა საფეთქლები მოისრისა და შემდეგ თქვა:

– მესმის, მაგრამ ასე მარტივადაც ვერ მივუდგებით ამ საკითხს. მე არ გამოვრიცხავ, რომ იმ პიროვნებას არაფერი აკავშირებს გოგონას გაუპატიურებასთან, მაგრამ ასევე იმასაც ვერ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ის არის მოძალადე. ასეთ შემთხვევაში კი მასთან შენი შეხვედრა დაუშვებელია. ასეთ რისკზე ვერ წავალ!

– მოდი გვერდზე გადავდოთ სენტიმენტები. პირველ რიგში მე გამომძიებელი ვარ! – შენიშნა ანამ.

– ეგ პრობლემა არ არის. მე დავაზღვევ, – სწრაფად დაამატა გიორგიმ.

მირიანი ჩაფიქრდა. გიორგის იდეის არსი მისთვის გასაგები იყო. მის წინაშე ოპერატიული თანამშრომელი რომ ყოფილიყო, წამითაც არ დაფიქრდებოდა, ოპერაციას მაშინვე აუნთებდა მწვანე შუქს. მისთვისაც საინტერესო იყო, როგორ დაიჭერდა თავს რამაზ დევიძე ახალგაზრდა, ლამაზ ქალთან. მაგრამ, ანას არ ჰქონდა ასეთი ოპერაციების გამოცდილება და, ამ დროს,  მას ურთიერთობა მოუწევდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პიროვნებასთან, ადამიანთან, რომელმაც გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა და შემდეგ მის მოკვლას ცდილობდა. შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა რას მოიმოქმედებდა დევიძე ანას მხრიდან რაიმე შეცდომის დაშვების შემთხვევაში.

– რაზე ფიქრობ? – გიორგის მობეზრდა მისი დუმილი, – ხომ გითხარი, დავაზღვევ. გარანტიას გაძლევ, რომ ანას არაფერი დაუშავდება.

– ერთად დავაზღვევთ. როდის და სად უნდა შეხვდე? – მირიანმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება.

– შვიდ საათზე, ოპერის ბაღში, – უპასუხა ანამ.

მირიანმა საათს დახედა – ექვსი საათი სრულდებოდა.

– დრო არც ისე ბევრი გვაქვს, ყველა მოულოდნელობისგან უნდა დავიზღვიოთ თავი: სპეციალისტებს გამოვიძახებ, ხელჩანთაში კი ჩამწერ და გადამღებ მოწყობილობას ჩაგიმონტაჟებთ, – თქვა მან და ტელეფონს გადაწვდა.

* * *

მირიანმა ოპერის სიახლოვეს შეაჩერა მანქანა და ბაღი შეათვალიერა. დევიძე ჯერჯერობით არსად ჩანდა.

– იგვიანებს, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მის გვერდით, სავარძელზე მჯდომმა გიორგიმ.

– ათი წუთი კიდევ აქვს, – საათს დახედა მირიანმა.

– პირველი პაემნისთვის ეგეც ბევრია, – შენიშნა ანამ.

– რას იზამ? – უკანა სავარძელს მიუბრუნდა მირიანი, – აქ დაელოდები მის გამოჩენას?

– არა... ბაღში წავალ. დაგვიანებისთვის სასაყვედურო მიზეზი მაინც მექნება, – უპასუხა ანამ.

– მაშინ კიდევ ერთხელ შევამოწმოთ აღჭურვილობა, – თქვა მირიანმა და მანქანაში დამონტაჟებული მცირე ზომის მონიტორი ჩართო.

იმავდროულად ანამაც ჩართო თავის ხელჩანთაში ჩამონტაჟებული მოწყობილობა. მონიტორზე მანქანის სალონის გამოსახულება გამოჩნდა. ანამ ხელჩანთა ზემოთ ასწია და კამერა ქუჩისკენ მიმართა. სათვალთვალო მოწყობილობა შესანიშნავად მუშაობდა – მონიტორზე ქუჩა და მოძრავი მანქანები გამოჩნდა.

– კარგია... ძალიან კარგი, – თქვა გიორგიმ, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა მონიტორს, – ხმაც გვაქვს და გამოსახულებაც. ახლა მისი არც ერთი სიტყვა და ჟესტი არ გამოგვეპარება.

– მაშინ, წავედი, – ანამ გიორგისა და მირიანს გაუღიმა, მანქანიდან გადავიდა და ოპერის ბაღის მიმართულებით წავიდა.

ის იყო, ანა ბაღში შევიდა, რომ მოსახვევს წითელი „ტოიოტა“ გამოსცდა. მანქანამ მძიმედ ჩაუარა ბაღს და მომდევნო მოსახვევში მიიმალა. ორიოდ წუთის შემდეგ კი მოსახვევიდან რამაზ დევიძემ გამოაბიჯა, რომელსაც ხელში წითელი ვარდების თაიგული ეჭირა. ის სწრაფი ნაბიჯით შევიდა ბაღში და პირდაპირ ანას მიაშურა, რომელიც მანქანიდან შენიშნა.

– გამარჯობა, – რამაზი ღიმილით მიესალმა ანას და თაიგული გაუწოდა.

– პუნქტუალური ყოფილხართ, – თაიგული ჩამოართვა მან, – ზუსტად შვიდი საათია.

– უფრო ადრე მინდოდა მოსვლა, მაგრამ, ქალაქის ცენტრში ყოველთვის ძნელია მანქანის გაჩერება, – თავი იმართლა რამაზმა.

ანამ ყურადღებით შეათვალიერა თანამოსაუბრე. ის სრულიადაც არ ჰგავდა მოძალადეს: მის წინაშე იდგა ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი, რომელსაც წაბლისფერი თმა, თაფლისფერი თვალები და ძალიან მეტყველი მზერა ჰქონდა.

– მაშ, რა გეგმები გვაქვს ამ საღამოსთან დაკავშირებით? – განარძო რამაზმა, – არჩევანი თქვენთვის მომინდვია.

– არც კი ვიცი, რა გითხრათ. საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა. ხმაური და ხალხმრავლობა კი ისედაც არ მიყვარს, – ჩაილაპარაკა ანამ.

– რომელიმე მყუდრო კაფე შევარჩიოთ, – შესთავაზა რამაზმა.

– უკეთესი აზრი მაქვს, – გაუღიმა ანამ, – სიმართლე რომ გითხრა ძალიან დამაინტერესა შენმა ნამუშევრებმა, – რატომღაც, „შენობით“ მიმართა კაცს – მაგრამ, ინტერნეტში დადებული ფოტოები დეტალურად დათვალიერების შესაძლებლობას არ იძლევა. სად შეიძლება მათი ნახვა?

– ჩემთან, სახელოსნოში.

– უხერხული ხომ არ იქნება, რომ გესტუმრო?

– არა, რას ამბობ, – „შენობითვე“ უპასუხა რამაზმა, – პირიქით; მე ვერც კი გაგიბედავდი ამის შემოთავაზებას... წავიდეთ, მანქანა იმ მოსახვევში დგას, – მიანიშნა ანას და ხელკავი გამოსდო.

ოროდ წუთში წითელი „ტოიოტა“ ისევ გამოჩნდა ქუჩაზე.

– დავიძარით, – მისი დანახვისას ჩაილაპარაკა გიორგიმ, მანქანა ადგილიდან დაძრა და უკან მიჰყვა.

* * *

რამაზს სადად, მაგრამ, გემოვნებით ჰქონდა სახლი მოწყობილი. მეორე სართულის უდიდეს ნაწილს მისი სახელოსნო იკავებდა. ეს იყო ვრცელი სათავსო, რომელსაც, უკეთესი განათების მიზნით ერთი კედელი მთლიანად შუშის ჰქონდა. ოთახის ერთ კუთხეში ლამაზი ბუხარი იყო მოწყობილი, მის სიახლოვეს კი დივანი, სავარძლები და ჟურნალის მაგიდა იდგა. კედლებზე რამაზის ნამუშევრები ეკიდა. მათი ნაწილი ანას ინტერნეტში უკვე ჰქონდა ნანახი, ნაწილს კი პირველად ხედავდა. ვიდრე ის ნახატებს ათვალიერებდა, რამაზმა მაღალ ჭიქებში შავი ღვინო ჩამოასხა და სტუმარს შესთავაზა.

ანამ ჭიქა ჩამოართვა, ერთი ყლუპი ღვინო მოსვა და თქვა:

– მომწონს, შენი ნახატები უცნაურ შეგრძნებას აღძრავს. როგორ აგიხსნა... არ მღლის. ალბათ, საათობით შევძლებდი მათ თვალიერებას.

– რამე შეხება ხომ არ გაქვს ფერწერასთან? – ჰკითხა რამაზმა.

– არა, ჩათვალე, რომ მოყვარული ვარ.

– საიდუმლო თუ არ არის, ვინ ხარ პროფესიით?

– იურისტი, – უპასუხა ანამ.

– ოჰო! – გაუღიმა რამაზმა, – ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ მიმზიდველ ქალს ასეთი მოსაწყენი პროფესია ჰქონდა.

– სხვათა შორის, არც ისე მოსაწყენი პროფესიაა.

– მე კი ვერასდროს შევეგუებოდი ასეთ სამსახურს. არასოდეს მიყვარდა შაბლონები, წესების დაცვა, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა. არქიტექტორობაც კი მიჭირს. როგორი შემოქმედებითიც არ უნდა იყოს არქიტექტურა, მასშიც არსებობს წესები, რომლებსაც ვერ დაარღვევ, აი, თუნდაც, მიზიდულობის კანონს, – გაიცინა რამაზმა, – ხატვა კი სრულიად სხვა სამყაროა. ყოველგვარი შეზღუდვებისა და ჩარჩოების გარეშე. ამ სამყაროს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...

– ასე რატომ გიზიდავს თვალები? – ჰკითხა ანამ.

– ადამიანები გაუხეშდნენ. საიდან ვიღებთ ინფორმაციას ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანების შესახებ?.. მათი ნალაპარაკევით, ჟესტებით, ქცევით, ან, სულაც სხვისი ნაამბობით. ბევრი უფრო მარტივი გზით მიდის და პიროვნებას ჩაცმულობით, საბანკო ანგარიშითა და მანქანის მოდელით აფასებს. მაგრამ, ეს ყველაფერი ზედაპირულია. ნებისმიერ ვიგინდარას შეუძლია, შეიძინოს მოდური ტანსაცმელი, მანქანა, იქონიოს მსხვილი საბანკო ანგარიში, გაიზეპიროს გარკვეული ფრაზები და შეისწავლოს საზოგადოებაში მოქცევის წესები. კი არ იცხოვროს, არამედ, მსახიობივით შეასრულოს იმ ადამიანის როლი, ვისი სახითაც სურს, რომ გვეჩვენოს. მაგრამ, ჯერჯერობით ვერავინ შეძლო თვალების გამომეტყველების შეცვლა – ისინი ხომ პირველები გასცემენ ჩვენს ემოციებს. ნათქვამია, თვალები სულის სარკეაო და ეს მართლაც ასეა. ერთ ნახატს გიჩვენებ, – თქვა რამაზმა და საპირისპირო კედელს მიუბრუნდა, რომელზეც შებრუნებით ეკიდა საშუალო ზომის ტილო. ანამ სახელოსნოში შესვლისთანავე შეამჩნია უცნაურად დაკიდებული ნახატი, მაგრამ, მასპინძლისთვის არაფერი უკითხავს.

რამაზმა ჩარჩო შემოაბრუნა, უკან გადგა და ანას ჰკითხა: 

– რას იტყვი ამაზე?

ქალმა ინტერესით შეათვალიერა ნახატი. მასზე რამაზისთვის ტრადიციული, უჩვეულო ნაკვთების მქონე ქალი იყო გამოსახული, რომელსაც ფრჩხილების ნაცვლად მტაცებლის ბრჭყალები ჰქონდა, მაგრამ, მისმა თვალებმა უფრო მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ანაზე: ქალს შავი, ღრმად ჩამჯდარი, წვრილი თვალები ჰქონდა, რომლებიც არნახული ხარბი გამომეტყველებით უმზერდნენ ტილოდან. ანას ეჭვიც კი შეეპარა, რომ ავტორს ამ ტილოზე ქალის დახატვა სურდა. წვრილი და შავი თვალები ვირთაგვას უფრო შეეფერებოდა, ვიდრე ადამიანს.

– ეტყობა, ავჩქარდი. ასეთ გამოსახულებას საათობით მართლაც ვერ ვათვალიერებ, – ანამ ზურგი შეაქცია ტილოს და სავარძელზე ჩამოჯდა.

– რა არ მოგეწონა ნახატში? – რამაზი მის პირისპირ დაჯდა.

– ძალიან ემოციურია. ის თვალები... როგორ აგიხსნა... დაძაბულობას ვგრძნობ მათი შეხედვისას. ძალიან დამღლელია.

– ამ თვალების პატრონი ოფიციანტი ქალია. რამდენჯერმე მომიწია მასთან შეხვედრა და, ყოველთვის ვამჩნევდი, როგორი სიხარბით უყურებდა ფულს, რომელიც მისთვის უნდა გადამეხადა. ვამჩნევდი სიხარულის ნაპერწკლებსაც, როდესაც დანახარჯზე ოთხი თუ ხუთი ლარით მეტს გადამახდევინებდა.

– შებრუნებული რატომ კიდია? – დაინტერესდა ანა.

– შენ უკვე თქვი – შეუძლებელია მისი დიდხანს ცქერა. როგორც წესი, ტილოების ნაწილს ვყიდი, ზოგიერთს ნაცნობ-მეგობრებს ვჩუქნი. ყველაზე ძვირფასებს კი ჩემთვის ვიტოვებ. აქ მხოლოდ ის ტილოებია, რომლებიც გარკვეულ მოგონებებს უკავშირდება. ეს ტილო კი... – რამაზი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ განაგრძო, – გასაყიდად და საჩუქრად ვერ გავიმეტე. გაყიდვა კი არ დამენანა... მყიდველი შემეცოდა. ჰოდა, ასე შემომრჩა. მაგრამ, მეც არ შემიძლია მისი ცქერა და ამიტომაც ჰკიდია შეტრიალებული.

– სევდიანი ისტორიაა, – გაუღიმა ანამ და ისევ მოსვა ღვინო.

– უფრო – სამაგალითო. მას შემდეგ ასეთი თვალების ხატვა შევწყვიტე.

– იქ რა არის? – ანამ ჩარჩოზე გაჭიმულ ტილოზე მიანიშნა, რომელსაც ქსოვილის ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული.

– ახალი ნამუშევარია, დაახლოებით ორი კვირის წინ წამოვიწყე, მაგრამ, ჯერ არ დამიმთავრებია, – უპასუხა რამაზმა.

– შეიძლება, ვნახო?

– რა თქმა უნდა, – ამ სიტყვებთან ერთად, რამაზი ადგა, ჩარჩოს მიაუხლოვდა და ქსოვილი მოაშორა.

ტილოზე ფართოდ გახელილი თაფლისფერი თვალები იყო გამოსახული, ნახატის დანარჩენი ნაწილი კი დაუმთავრებელი იყო – ავტორს მხოლოდ კონტურები მოეხაზა. თვალებს ბავშვური იერი დაჰკრავდა. მისი დაკავშირება ნონა ბაქრაძესთან შეუძლებელი იყო, მაგრამ, ანა ინტუიციურად მიხვდა, რომ ეს თვალები სწორედ მას ეკუთვნოდა.

– საინტერესოა. ძალიან მშვიდი მზერა აქვს. ამ ნახატსაც ჰყავს პროტოტიპი? – რამაზს მიუბრუნდა ანა.

– ჰყავს, – დაუდასტურა მან.

– ვინ?

– ერთი გოგონა. სკოლის მოსწავლეა. ნონა ჰქვია,  – მშვიდად უპასუხა რამაზმა.

– სკოლის მოსწავლეებიც გიწევენ პოზირებას?

– საერთოდ, მოზარდებთან მუშაობას გავურბივარ, მაგრამ, ამ გოგონას თვალებმა, უბრალოდ, არჩევნის საშუალება არ დამიტოვა. პირველი ნახვისთანავე გამიჩნდა მისი დახატვის სურვილი.

– როგორ გაიცანი? – განაგრძო ანამ.

– განა ეს მნიშვნელოვანია?

– ჩათვალე, რომ ქალური ცნობისმოყვარეობაა.

– ისევე, როგორც შენ – ინტერნეტით დამიკავშირდა. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ, შემდეგ მისი ფოტოები დავათვალიერე და მივხვდი, რომ ნამდვილად საინტერესო ტიპაჟი იყო.

– რამ მიგიზიდა მის თვალებში?

– სისუფთავემ. მისმა სპეტაკმა, უბოროტო მზერამ. ამ ტილოს ჩემთვის დატოვებას არ ვაპირებდი, მისთვის უნდა მეჩუქებინა – ტილოსთვის ამაზე უკეთესი სამყოფელი არსად მეგულება.

– ახლა სად არის ის გოგონა? – ჰკითხა ანამ.

– მესამე დღეა, რაც აღარ შემხმიანებია. არადა, ლამის ყოველ საღამოს მიკავშირდებოდა ინტერნეტით. იცოდა, ტილოზე რომ ვმუშაობდი. თავადაც იმდენად იყო დაინტერესებული, რამდენჯერმე სახელოსნოშიც კი მომაკითხა. იმ სავარძელზე ჯდებოდა, რომელზეც ახლა შენ ზიხარ და გატაცებული მადევნებდა თვალს მუშაობისას. იშვიათად შევხვედრივარ ასეთ ადამიანს. სიცოცხლით სავსე გოგონაა, მისი ხალისი მეც კი გადმომედო. ვამჩნევდი, რომ მის ახლოს ყოფნისას, უფრო მიადვილდებოდა მუშაობა, დაღლილობასაც კი ვერ ვგრძნობდი. სხვათა შორის, იმავეს ვგრძნობ შენს სიახლოვესაც. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ახლავე რომ დავიწყო მუშაობა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ვაკეთებ ხოლმე გარკვეულ მონახაზს, მატრიცას, რომლის მეხედვითაც შემდეგ ტილოს ვქმნი. 

– საუბარით ხელს ხომ არ შეგიშლი? – ჰკითხა ანამ.

– არა, პირიქით, ეს ჩემთვის დახმარების ტოლფასი იქნება, – უპასუხა რამაზმა, შემდეგ ადგა, სახელოსნოს საპირისპირო მხარეს მიაშურა და ჩარჩოზე ტილოს გაჭიმვას შეუდგა.

* * *

ანა დილით ცუდ ხასიათზე მივიდა პროკურატურაში. რამაზთან შეხვედრამ, რომელსაც ასეთი მონდომებით ამზადებდნენ, მათი იმედები ვერ გაამართლა. ბუნებრივია, მხოლოდ ერთი შეხვედრითა და ზოგადი საუბრით მისი დანაშაულისა თუ უდანაშაულობის განსაზღვრა შეუძლებელი იყო, მაგრამ, ანა ინტუიციურად გრძნობდა, რომ ძიება მცდარ კვალს ადგა და რამაზს არაფერი აკავშირებდა ნონა ბაქრაძის გაუპატიურებასთან. წინა საღამოს ანამ მირიანთან ამ თემაზე საუბარი ვერ შეძლო. სახელოსნოში გატარებული ორი საათის შემდეგ, რამაზმა არაფრით აღარ გაუშვა მარტო და თავისი მანქანით მიაცილა სახლამდე. მგზავრობისას მის „ტოიოტას“ უკან აჩრდილივით მიჰყვებოდა მირიანის მანქანაც. რამაზი სახლთან დაემშვიდობა ანას და, როგორც კი ის სადარბაზოში შევიდა, მანქანა ადგილიდან დაძრა. რამდენიმე წუთში კი ეზოში მირიანის მანქანა შეჩერდა. ანა სადარბაზოსთან ელოდა ჯგუფის წევრების გამოჩენას, მაგრამ, მირიანმა საქმეზე საუბარი აღარ მოისურვა. უკვე გვიანი იყო და დაძაბული დღის შემდეგ ყველას სჭირდებოდა დასვენება. თანაც, გარკვეული დასკვნების გამოტანამდე, მას კიდევ ერთხელ სურდა რამაზისა და ანას საუბრის ჩანაწერის ნახვა. ამიტომაც, თათბირი მომდევნო დღისთვის გადაიდო.

დილით მირიანი სამუშაო კაბინეტში დახვდა ანას. ის და გიორგი კომპიუტერის მონიტორთან ისხდნენ და ისევ იმ ჩანაწერს უკირკიტებდნენ.

– რას იტყვით? – ანამ სკამი მიიტანა მაგიდასთან და მათ გვერდით ჩამოჯდა.

– შენ თვითონ რა აზრის ხარ? – ჰკითხა მირიანმა.

– მე მგონი, მართლაც ტყუილად დავკარგეთ დრო. არა მგონია, მას რაიმე აკავშირებდეს დანაშაულთან, – უპასუხა ანამ.

– მე არც ერთს ვამტკიცებ და არც მეორეს, რადგან, ერთი შეხვედრით რაიმე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, – ჩაურთო გიორგიმ.

– მე ანას ვეთანხმები, – თქვა მირიანმა, – შეუძლებელია, ასეთი დანაშაულის შემდეგ ადამიანს ასე მშვიდად ეჭიროს თავი, დევიძე კი სრულიად ბუნებრივად იქცეოდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მან არც კი იცის, რა შეემთხვა გოგონას.

– მეც ასე მგონია, – თავი დაუქნია ანამ.

– რა გამოდის, უნდა შევეშვათ? – გაიკვირვა გიომ.

– არა, ასეც ვერ დავანებებთ თავს. ვითარებიდან გამომდინარე, ერთხელ მაინც უნდა დაიკითხოს, – თქვა მირიანმა, – ანა, პროკურატურაში მის გამოსაძახებლად უწყება მოამზადე!

– უწყება არ დაგვჭირდება, მისი ტელეფონის ნომერი მაქვს. დავუკავშირდები და მოსვლას ვთხოვ.

– შენ თვითონ სთხოვ? – ჰკითხა გიორგიმ.

– რაა ამაში უცნაური?

– არაფერი, მაგრამ შენი ჩარევის გარეშეც მოვახრხებთ ამას. რაღაცნაირად, არ გამოდის შენი გამოჩენა, თანაც, საინტერესოა, როგორ დაიჭერს თავს, ვნახოთ, რას იტყვის. ერთია ახალგაცნობილ ქალთან ზოგადი საუბარი და მეორე – პროკურატურაში დაკითხვა.

– კარგი, თქვენ დაკითხეთ, – ანამ პაუზა გააკეთა, ხელჩანთაში რაღაც ფურცელი მოიძია და ლაპარაკი განაგრძო, – რაც შეეხება იმ მედიკამენტის ქილას, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოვიღეთ. გუშინ ტყუილად არ დამიკარგავს დრო. ერთი ფარმაცევტი მეგობარი მყავს, საღამოს დავუკავშირდი და დაწვრილებით გამოვკითხე იმ მედიკამენტის შესახებ და, აი, რა მითხრა მან: ტრუქსალი – ესაა ბელგიური წარმოების ანტიდეპრესანტი. საინტერესო ისაა, რომ ამ პრეპარატს მკვეთრად გამოხატული შიზოფრენიის მკურნალობისას იყენებენ. ითვლება ძლიერმოქმედ საშუალებად და...

– ერთი წუთით, – შეაწყვეტინა მირიანმა, – ეს სამკურნალო საშუალებაა თუ – პროფილაქტიკური?

– ორივე დანიშნულებით გამოიყენება, გააჩნია დოზას. სამკურნალოდ სტაციონარულ პირობებში იყენებენ. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი რამდენიმეთვიანია და ავადმყოფს მცირე დოზას უნიშნავენ. პროფილაქტიკისთვის კი უფრო ძლიერი დოზა ინიშნება და მას მხოლოდ ნერვული აშლილობისას იღებენ როგორც დამამშვიდებებელ საშუალებას. გავარკვიე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: პრეპარატი ძალიან იშვიათად გამოიყენება და ის ექიმის სპეციალური რეცეპტის გარეშე არ გაიცემა.

– ანუ? – ჩაეძია გიორგი.

– ანუ, თბილისში მხოლოდ რამდენიმე სპეციალიზებული აფთიაქი ყიდის ამ პრეპარატს, თანაც, მკაცრი აღრიცხვით. ჩვენ შევძლებთ ექიმსა და მის პაციენტზე გასვლას.

– კეთილი. მაშინ, ვიდრე ჩვენ დევიძის დაკითხვით ვიქნებით დაკავებულები, მედიკამენტთან დაკავშირებული ვითარება გაარკვიე. ამ ეტაპზე იმ პიროვნებების სიაც გვეყოფა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში იღებდნენ ამ მედიკამენტს. დღის მეორე ნახევარში ექსპერტიზის შედეგები გვექნება, მათ შორის – მედიკამენტის ქილიდან აღებული თითის ანაბეჭდებიც. შეძლებ ამას მარტო? – თქვა მირიანმა.

– შევძლებ, – თავი დაუქნია ანამ და წასასვლელად ადგა.

* * *

რამაზ დევიძემ კაბინეტის კარი შეაღო და მშვიდად იკითხა:

– მირიან დუმბაძე სად ვნახო?

– მე ვარ დუმბაძე, – უპასუხა მირიანმა, – მობრძანდით.

რამაზი კაბინეტში შევიდა და მირიანს უწყება გაუწოდა.

– დაჯექი, – გიორგიმ სკამი მაგიდასთან ახლოს მიუწია და თავად მის პირისპირ ჩამოჯდა.

რამაზი დაჯდა და მაშინვე იკითხა:

– რა საკითხზე გსურთ ჩემთან საუბარი?.. უწყებაში მითითებულია, რომ მოწმედ უნდა დამკითხოთ, მაგრამ, მე ვერ ვხვდები, რას უკავშირდება ეს.

– ახლავე აგიხსნით ყველაფერს, – მირიანმა გვერდზე გადადო უწყება და მოკლედ გააცნო პროკურატურაში მისი დაბარების მიზეზი.

– ნონა საავადმყოფოშია?! – თვალები გაუფართოვდა რამაზს.

– უბრალოდ საავადმყოფოში კი არა, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმები მისი გონებაზე მოსვლის სავარაუდო თარიღსაც ვერ ასახელებენ.

– რომელმა არაკაცმა ჩაიდინა ეს?! – ბრაზით იკითხა რამაზმა.

– სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ ახლა, – თქვა გიორგიმ.

– და, ამისთვის მე უნდა დამკითხოთ?! – დაიძაბა რამაზი, – თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ მე...

– ნუ გადავასწრებთ მოვლენებს. თქვენ ადასტურებთ, რომ ნონა ბაქრაძესთან გქინდათ ურთიერთობა? – განაგრძო მირიანმა.

– გააჩნია, რას გულისხმობთ ურთიერთობაში.

– თქვენ რას გულისხმობთ? – ჰკითხა გიორგიმ.

– მე ვიცნობდი ნონას, რამდენჯერმე შევხვდი კიდეც...

– სად და რა ვითარებაში შეხვდით? – ჩაურთო მირიანმა.

– ერთხელ რესტორანში ვისადილეთ, რამდენჯერმე მანქანით გავისეირნეთ, რამდენჯერმე სახელოსნოშიც მესტუმრა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა რამაზმა.

– რისთვის?.. რა გქონდათ საერთო თქვენ და მეათეკლასელ გოგონას?

– მესმის თქვენი. ალბათ, უცნაურად გეჩვენებათ ასეთი ნაცნობობა. მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მე მხატვარი ვარ და ნონა როგორც ტიპაჟი, ისე მომწონდა. მე მხოლოდ მისი დახატვა მსურდა. შეგიძლიათ, შეამოწმოთ – სახელოსნოში დაუმთავრებელი ტილო მაქვს.

–  სად დაიწყე იმ ტილოზე მუშაობა, რესტორანში თუ შენს მანქანაში?! – ცივად ჰკითხა გიორგიმ.

– რა შუაშია რესტორანი და მანქანა! განა ვინმემ აკრძალა ნაცნობის რესტორანში დაპატიჟება ან მანქანით გასეირნება?! – იწყინა რამაზმა.

– არა, არ აუკრძალავთ, მაგრამ, როდესაც ის ნაცნობი გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობის შედეგად ხვდება საავადმყოფოში, თავისთავად იბადება ასეთი კითხვებიც.

– ვცდილობ, აგიხსნათ, მაგრამ ძალიან მიჭირს. მე გოგონაში რაღაც სხვა დავინახე. 

– მაინც, რა?

– ეს რომ გაიგოთ, მხატვრის თვალით უნდა შეხედოთ ნონას!

– იმის თქმა გინდა, რომ გონებაჩლუნგები ვართ და მაღალი მატერიების აღქმის უნარი არ გვაქვს?! – დამცინავად მიუგდო გიორგიმ.

– მე ვამბობ, როგორც მესმის. თქვენ კი იგებთ, როგორც გინდათ!.. ბოლოს და ბოლოს, რა საჭიროა ეს საუბარი? დაკითხეთ ნონა. ის დაადასტურებს, რომ მე არაფერი დამიშავებია მისთვის.

– უკვე გითხარით, რომ გოგონასთან საუბარი შეუძლებელია, ის უგონოდაა. მკურნალი ექიმის დასკვნით, მას დაზიანებული აქვს თავის ტვინი და საეჭვოა, რომ გონებაზე მოსვლის შემთხვევაშიც კი მომხდარის აღდგენა შეძლოს! – უპასუხა მირიანმა.

– მაშინ... მაშინ... როდოს მოხდა ეს?! – წრაფად იკითხა რამაზმა.

– სამი დღის წინ.

– სამი დღის წინ... მე ფიზიკურად არ შემეძლო ამის ჩადენა, მე ხომ თბილისში არც კი ვიმყოფებოდი!

– სად იმყოფებოდი?! – ჩაეძია გიორგი.

– გურჯაანში.... სამი დღის წინ ჩემი ერთი მეგობარი ავტოავარიაში მოყვა. როდესაც მომხდარის შესახებ მაცნობეს, ორ მეგობართან ერთად გავემგზავრე გურჯაანის საავადმყოფოში, სადაც ავარიის შემდეგ მიიყვანეს ჩემი მეგობარი. მთელი ის დღე საავადმყოფოში გავატარე და თბილისში მხოლოდ გამთენიისას დავბრუნდი, – თქვა რამაზმა.

– ვინ დაადასტურებს ამას? – ჰკითხა მირიანმა.

– ჩემი მეგობრები.

– კიდევ?

– საავადმყოფოს პერსონალი, მთავარი ექიმი – მას პირადად ვესაუბრე, ასევე, მკურნალი ექიმი, მედდები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის მანქანითაც ჩემი მეგობარი თბილისში გადმოვიყვანეთ... ისინი დაადასტურებენ, რომ მთელი დღე-ღამე საავადმყოფოში გავატარე.

– კეთილი... გადავამოწმებთ. მაგრამ, ვიდრე დაზუსტებულ მონაცემებს არ მივიღებთ, სახლში ვერ დაბრუნდებით! – თქვა მირიანმა.

– მაპატიმრებთ?! – სუნთქვა შეეკრა რამაზს.

– არა, ოფიციალურად ამას დროებით დაკავება ჰქვია, – უპასუხა გიორგიმ.

– ახლა სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაგიყვანთ, იქ იდენტიფიკაციისთვის საჭირო ანალიზებს ჩაგიტარებენ, შემდეგ კი დროებითი დაკავების საკანში წაგიყვანენ – დამატა მირიანმა.

– ეს აუცილებელია?

– თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე გაიხსნას?

– რა თქმა უნდა, – სწრაფად უპასუხა რამაზმა.

– მაშინ, გაგებით მოეკიდეთ ყველაფერს და, თუ არ დაგვეხმარებით, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით გამოძიებაში, – თქვა მირიანმა და დაკავების ოქმის შევსებას შეუდგა.  

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3