კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მოკალი მოღალატე

ყველაფერში დამნაშავე ოლქის პროკურორი იყო. რამ გადააწყვეტინა შუა კვირაში, სამუშაო დღეს, წვეულების მოწყობა და მისი დაპატიჟება?! იძულებული გახდა, სახლში სამი საათით ადრე დაბრუნებულიყო, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა. ქალაქგარეთ ცხოვრობდა, პრესტიჟულ უბანში. სახლამდე ორმოც წუთს მაინც ანდომებდა. კორნილიუსი ვერ იტანდა დღის წინასწარ გაწერილი განრიგიდან ამოვარდნას... უცებ განათებული ქუჩის ბოლოს ქალის ნაცნობი სილუეტი დაინახა და კისკისიც შემოესმა... არა, ნამდვილად არ მოსჩვენებია – ეს მისი ცოლი იყო, ვიღაც ახალგაზრდა, ქერა მამაკაცთან ჩახვეული. ყელი გაუშრა და შუბლი ოფლმა დაუსველა. კლერი ძალიან ბედნიერი ჩანდა... სენატორს სისხლი მოაწვა თვალებში. ფაქტი ისეთი ჯიუტი იყო, ვერსად გაექცეოდა. რა უნდა ექნა? მისულიყო მათთან და სკანდალი მოეწყო?! უცებ საქმეში გონება ჩაერთო. საქვეყნოდ თავს ვერ მოიჭრიდა – ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ერთ წუთში ქარს ვერ გაატანდა იმას, რასაც ნახევარი ცხოვრება შეალია. მისი მდგომარეობის კაცი უბრალო მდივან ქალზე რომ დაქორწინდა, ეს უკვე იყო სკანდალი. რამდენჯერ შეუნიშნავს მეგობრების უცნაური მზერა, როცა ცოლთან ერთად ხედავდნენ. ეტყობა, ელოდებოდნენ და ფიქრობდნენ, ადრე თუ გვიან, ქალი რქებს აუცილებლად დაადგამსო... როგორი ბრმა ყოფილა!.. კაცი კლერის სილამაზემ მოხიბლა. სანამ მასთან მუშაობდა, თავი ყოველთვის მოკრძალებულად ეჭირა. იცვამდა გემოვნებით, მაგრამ, მკაცრი სტილის კოსტიუმებს არჩევდა... ხელი რომ სთხოვა, ტუჩები მაგრად მოკუმა და თავი ოდნავ დააქნია...

სახლში არავინ იყო... კორნილიუსმა მანქანა გააჩერა, საძინებელში ავიდა და სეიფიდან რევოლვერი გამოიღო. „მოვკლავ და ამით დამთავრდება ჩემი სირცხვილი“, – გაიფიქრა. მერე უცებ ბრაზი მოერია: რატომ უნდა მოეკლა თავისი ლამაზი კლერი ვიღაც სხვის ცოლებზე მონადირე  ნაძირალას გამო? ის იყო სიკვდილის ღირსი. მოკლავს იმას, ვინც მასა და კლერს შორის ჩადგა და პრობლემაც გადაიჭრება. კლერს ის არ ეყვარება, როგორც შეიძლება, ახლა ჰგონია. უბრალოდ, ახალგაზრდაა და თავგზა აურია გამოუცდელ ქალს... პროკურორმა რევოლვერს დახედა და უცებ წარმოიდგინა, როგორი სათაურები გაჩნდებოდა გაზეთებში მკვლელობის შემდეგ... შეაჟრჟოლა. რევოლვერი უკანვე შეაბრუნა სეიფში და ჩამოჯდა. ერთბაშად ერთი საქმე გაახსენდა: კაცი ცოლის საყვარელს მანქანით დაეჯახა და მოკლა, მაგრამ, მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო.  კორნილიუსმა ვერაფრით დაუმტკიცა, რომ მან ეს შეგნებულად, განზრახ გააკეთა – ადვოკატმა დაამტკიცა, რომ ბრალდებულმა საერთოდ არაფერი იცოდა ცოლის ღალატის შესახებ... აი, როგორ მოიქცევა! ავარია შესანიშნავი იარაღია და სწორედ ამ იარაღს გამოიყენებს. მთავარია, არ აჩქარდეს და ყველაფერი სწორად დაგეგმოს.

კლერი რომ დაბრუნდა, ქმარი მაგიდასთან მჯდარი, მდუმარე და დაფიქრებული ნახა. ცოლის დანახვაზე პროკურორს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ გაეღიმა.

– საყვარელო, რა ადრე მოსულხარ! – უთხრა ქალმა.

– დღეს ხომ სადილად მივდივართ სენატორთან, დაგავიწყდა?

კლერმა თლილი თითები ლოყებზე მსუბუქად შემოიკრა:

– როგორ დამავიწყდა... ახლავე, ახლავე მოვემზადები. შენც ხომ გამოიცვლი? თუ გინდა, აბაზანას მოგიმზადებ...

კაცი უყურებდა ცოლს და ფიქრობდა: როგორი ჭკვიანია. არც კი დაბნეულა, მშვენივრად განაგრძობს მზრუნველი მეუღლის როლის თამაშს. არა, კლერი მისი საკუთრებაა, უნდა იამაყოს ახალგაზრდა და ლამაზი ცოლით. მეტოქე მათი ცხოვრებიდან რომ გაქრება, იდეალურ წყვილს შექმნიან. კლერი შვილსაც გააჩენს და ბედნიერები იქნებიან...

– სად იყავი? 

– მანქანით საყიდლებზე გავედი...

– კი მაგრამ, საყიდლებზე ხომ დამხმარე ქალი დადის, შენ რატომ იტვირთავ თავს?

– საყვარელო, ვიცი, რომ მე შენთვის ჩვეულებრივი ცოლი არ ვარ და ჩემგან დიასახლისობას არ მოითხოვ, მაგრამ, დღეს ხომ ოთხშაბათია, ჩვენი დამხმარე ქალი ისვენებს და, ვიფიქრე, ვახშმად რამე გემრიელს მოვამზადებ-მეთქი. დამავიწყდა, წვეულებაზე რომ ვიყავით დაპატიჟებულები.

„ჰმ, ესე იგი, ერთმანეთს ოთხშაბათობით ხვდებიან... კარგად აუწყვიათ: მოსამსახურე სახლში არ არის, ქმარი გვიანობამდე არ დაბრუნდება... კარგია, ავარია ოთხშაბათს მოხდება... ერთი ოთხშაბათი მათ თვალთვალში უნდა გავატარო. სავარაუდოდ, ელექტრომატარებლით ჩამოდის ის ნაძირალა. ჰოდა, იქვე, გადასასვლელზე მოვუღებ ბოლოს. მთავარია, ჩამოსვლის დრო გავიგო“... ამ ფიქრმა ოდნავ გაახალისა. კიბეზე კლერი ჩამოდიოდა. აღფრთოვანებით შეხედა. ისეთი ლამაზი იყო, ვერც ერთი კაცი გულგრილი ვერ დარჩებოდა. პროკურორი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გაახსენდა, როგორი შურით უყურებდნენ მამაკაცები, როცა გვერდით კლერი ჰყავდა... ამ საუნჯის წართმევა მოინდომა ვიღაც მათხოვარმა? ამას არ დაუშვებდა.

საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, პროკურორს ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა, მაგრამ, ჩიტი ბდღვნად ღირდა. კორნილიუსი კმაყოფილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვნებიანი სცენის მოწმეც კი გახდა კლერისა და მისი საყვარლის მონაწილეობით... ბოლოს ნანატრი დღეც დადგა. პროკურორი წინასწარ ტკბებოდა მოსალოდნელი შედეგით. შურისძიებით თრობა საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა...

დილიდანვე ისე იქცეოდა, თითქოს ძალიან ცუდად იყო. წამალიც კი დალია, აქაოდა, ძალიან შეუძლოდ ვარო. სინამდვილეში, ორი ტაბლეტი ასპირინი გადაყლაპა მოსაჩვენებლად. მდივანს უთხრა, ადრე უნდა წავიდე სახლში, დავისვენო... ნეტავი მძღოლი არ გამეშვა, საჭესთან უარესად არ გავხდეო... ანუ, ნიადაგი უკვე შემზადებული იყო. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა: დარტყმა ზუსტი იყო და მომაკვდინებელი. მეტოქემ რამდენიმე მეტრი იფრინა და პირქვე დაენარცხა ასფალტს... პროკურორმა მომზადებული ბღავილი ამოუშვა და მანქანიდან გადმოვიდა, ვითომ მუხლიც მოეკვეთა და იქვე ჩაიკეცა. მიზანი მიღწეული იყო... ხალხი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგროვდა, მას იცოდებდა... გამოიძახეს სასწრაფო, დაურეკეს ცოლს... კლერი მალევე მოვიდა... პროკურორი გაფაციცებით აკვირდებოდა მის რეაქციას... ქალმა მსხვერპლს დახედა და ზეწარივით გაფითრდა... არაფერი უთქვამს. ქმარს მკლავში მოჰკიდა ხელი და მანქანაში ჩაჯდომაში დაეხმარა... სახლში მისულმა აბაზანა და ცხელი ჩაიც მოუმზადა... კორნილიუსი ნელ-ნელა დამშვიდდა, თვალიც კი მილულა... ემოციებმა მაინც დაღალა... ერთბაშად, რაღაც გაურკვეველმა ხმაურმა გააღვიძა... იმან, რაც დაინახა, სულით-ხორცამდე შეძრა და ადგილს მიაჯაჭვა: მის წინ რევოლვერმომარჯვებული კლერი იდგა და შეურაცხადის თვალებით უყურებდა:

– შენ ჩემი საყვარელი მოკალი. მე და ჯორჯი მანამდე ვხვდებოდით ერთმანეთს, სანამ შენი ცოლი გავხდებოდი. ღმერთია მოწმე, ვცდილობდი მის დავიწყებას, მაგრამ, სიყვარული ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. არ ვიცი, საიდან გაიგე ჩემი რომანის შესახებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შურისძიება იყო... ახლა მე ვიქნები შურისმაძიებლის როლში და ხელიც არ ამიკანკალდება... უნამუსო არ გეგონო, ვაპირებდი, ყველაფერი მეთქვა და პატიოსნად გაგშორებოდი. დარწმუნებული იყავი, ერთ დოლარსაც კი არ წავიღებდი შენგან... შენ მხოლოდ ლამაზი ცოლი გჭირდებოდა თავის მოსაწონებლად... თოჯინა... ყველაფერი გააფუჭე, კორნილიუს!..

პროკურორს გასროლის ხმა არ გაუგონია, მხოლოდ ტკივილი იგრძნო მკერდის არეში და უკუნი სიბნელე ჩამოწვა...

скачать dle 11.3