კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

პავლე როგოვი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა – დასაძინებლად დაწვა და ვეღარ გაიღვიძა. ეს უხუცესი, ლეგენდარული კრიმინალი 101-ე კილომეტრის კოლონიის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას არც ცოლ-შვილი დარჩა და არც ნათესავი, მის საფლავზე დადებულ ქვას კი ერთადერთი სიტყვა აწერია – „რეშკა“.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში მრავალი გასაჭირი მინახავს, დიდი გამოცდილება და ავტორიტეტი მოვიპოვე და თითქმის არაფრის მეშინია, რეშკასა და რეშკასნაირებზე ფიქრი ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის და ნამდვილად არ მსურს, რომ რომელიმე ციხის ან ზონის სასაფლაოზე დამკრძალონ და ჩემს საფლავზე დადებულ ქვას „კობრა“ დააწერონ.

მე რომ პანთეონში არავინ დამასფლავებს და ჩემს სახელს რომ ფაბრიკა-ქარხნებსა და დასახლებულ პუნქტებს არ დაარქმევენ, კარგად ვიცი, მაგრამ, არც ციხის სასაფლაოზე წოლა მხიბლავს და, სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე ფიქრიც კი ტანში მზარავს. ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა აქვს, მკვდარი სად იწვები, მაგრამ უპატრონობის განცდა სიკვდილის შემდეგაც კი არასასიამოვნოა და ალბათ, ყველა ადამიანს უნდა, რომ მის საფლავს მისი შვილები, შვილიშვილები და შთამომავლობა უვლიდეს. ჩემი გაგების ქურდს კი ცოლ-შვილი არ უნდა ჰყავდეს და, მხოლოდ და მხოლოდ უზენაესის ნების გამოხატულებად მიმაჩნია, რომ მე თათიასგან ვაჟი მყავს და ეს ღვთიური საჩუქარია. ასეთ რამეზე ნეპმანელი ქურდიც კი ვერ იტყვის უარს. ამიტომაც გამეხსნა „მეორე სუნთქვა“ – ჩემი სამოცი წლის მიუხედავად, კვლავ ფორმაში ყოფნას ვცდილობ და ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ ჩემს შვილსა და ცოლს შევხვდე. 

ენით აუწერელი, უძლიერესი განცდაა, როდესაც 58 წლის ასაკში შეიტყობ, რომ 20 წლის ვაჟი გყავს და ამ ბედნიერებას ცოტა რამ თუ შეედრება. ეს ამბავი რომ შევიტყვე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეორედ დავიბადე. ძალების საოცარი მოზღვავება ვიგრძენი და ორი წელი იმ განცდით გავატარე ციხეში, რომ გათავისუფლების მერე ახალი, დიდი, შეუცნობელი, მაგრამ საოცრად ბედნიერი ყოფა მელოდა და ეს განცდა ვერაფერმა ჩაკლა ჩემში. პირიქით, სწორედ ეს განცდა მამოძრავებდა და მან მიბიძგა, როდესაც ბობოლა სამართალდამცველების თვალწინ შევლეწე მთელი სხეულით საიდუმლო, სათადარიგო გასასვლელზე მიმაგრებული სარკე და სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ, რა მოხდა, კარი ცხვირწინ მივუხურე და გავუჩინარდი...

– კარი შეამტვრიეთ! დაეწიეთ! არ გაუშვათ! ჩაკალით! – მესმოდა ზურგსუკან გაცოფებული ღრიალი, მაგრამ ათიოდე საფეხური რომ ჩავათავე, უკვე რკინის მასიური კარით გადავუღობე მდევარს გზა, რომლის განგრევასაც მძლავრი ტრაქტორი დასჭირდებოდა...

როგორც ადრე ვთქვი, ჩემი სახლის სათადარიგო საიდუმლო გასასვლელი ჯერ კიდევ ასი წლის წინ, ბაბუაჩემის, გოგი გველესიანის მიერ იყო მოწყობილი და მას ბოლშევიკი არალეგალები იყენებდნენ. მე და ჩემი მეგობრები კი, განსაკუთრებით, ჩვენი ქურდული ცხოვრების გარიჟრაჟზე, ხშირად ვიყენებდით სხვადასხვა ეშმაკურ ხერხებს და ვცდილობდით, რომ ყოველი საქმე ორიგინალურად და ნოვატორულად შეგვესრულებინა. 17 წლის ვიყავი, როდესაც ზორბეგას გაქურდვის იდეა მომივიდა თავში. ზორბეგა, ცნობილი თბილისელი ბარიგა, იმპორტული ასანთითა და სანთლებით დაწყებული, ანაშითა და მორფით დამთავრებული, ყველაფრით ვაჭრობდა. ზორბეგა, ყოფილი მილიციელი იყო, თუმცა, თავის კოლეგებთან კვლავ ჰქონდა ურთიერთობა – შეკრული იყო მათთან, მათ წილს აძლევდა და, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი იყო. ვერცხლისქუჩელი ანზორასგან განსხვავებით, რომელსაც ნარკოტიკი და მსგავსი სისაძაგლე არასდროს გაუყიდია, ზორბეგას ელემენტარული მორალიც კი არ გააჩნდა და ყველაფერს იკადრებდა, ოღონდ ფული მოეხვეჭა. ის ორმოციოდე წლის იყო, ცოლ-შვილი არ ჰყავდა. ვაკეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ხუთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ოთხი წლის უზარმაზარ გერმანულ ნაგაზთან, „ურჩხულთან“ ერთად, რომელიც საგანგებოდ ჰყავდა გაწვრთნილი და სახლიდან რომ გადიოდა მას აშვებულს ტოვებდა ბინაში. ზორბეგა პირველი იყო, ვინც თბილისში, ბინაში რკინის მასიური კარი დააყენა. ერთი მხრივ, რკინის კარი, მეორე მხრივ კი ჭკვიანი და საგანგებოდ გამოწვრთნილი ნაგაზი „ურჩხული“ შეუვალს ხდიდა ბარიგა ზორბეგას ბინას და მას არც ერთი ქურდი არ ეკარებოდა. მე დიდი ხნის განმავლობაში არ მასვენებდა ზორბეგას გაქურდვის იდეა და თითქმის ერთი თვე საგულდაგულოდ დავამუშავე ამ საქმის ყველა დეტალი, დაწვრილებით გავიანგარიშე თითოეული ნიუანსი, ბოლოს ბერძენას მივადექი და ვუთხარი:

– ბერძენ, ძმაო, მინდა, ერთი სერიოზული საქმე შემოგთავაზო და, თუ მომისმენ, გეტყვი.

– დაჯექი, ძმაო და მითხარი, მოგისმენ, რატომ არ მოგისმენ, – მითხრა ბერძენამ, სიგარეტი შემომთვაზა, თვითონაც გააბოლა და სმენად იქცა.

– რას იტყვი, ზორბეგა რომ გავასუფთაოთ? ვფიქრობ, რომ მისი ბაითიდან კარგ კუშს წამოვიღებთ.

– აბა ზორბეგა?! – მკითხა ბერძენამ, რადგან, ვერ წარმოედგინა, რომ ვაკელ ბარიგა ზორბეგაზე ველაპარაკებოდი.

– ვაკეში რომ ცხოვრობს, ახალ კორპუსში, ყველაფრით რომ ბარიგობს ეგ ბოზი, – დავუზუსტე ბერძენას, რომელმაც ბოლომდე არ დაიჯერა, რომ სწორედ იმ ზორბეგაზე ვეუბნებოდი და დააზუსტა:

– ეგ რომელი, დიდი ავჩარკა რომ ჰყავს – „ურჩხულა“?

– ჰო, სწორედ ეგ, – დავუდასტურე ბერძენას, მას კი გაეცინა და მითხრა:

– ხუმრობ, კობრა? მაგის რკინის კარში რომ შევაღწიოთ, მისი ძაღლი შეგვჭამს. თანაც, ეგ ნაბოზარი, თითქმის სულ სახლშია.

– ატვეჩაი ვარ, რომ ყველაფერი გამოგვივა. ერთი თვეა, ამ საქმეზე ვმუშაობ და თითქმის ყველა დეტალი დავამუშავე.

– აბა, მიდი, გამიიასნე, – მითხრა ბერძენამ, მაგრამ, სახეზე ეტყობოდა, რომ ამ საქმის წარმატების არ სჯეროდა და მხოლოდ და მხოლოდ ზრდილობის გამო მისმენდა, რომ ჩემთვის არ ეწყენინებინა.

მე ორი ცალი გასაღები დავდე მაგიდაზე და ბერძენას ვუთხარი:

 – ეს მისი რკინის კარის გასაღებებია, მე თვითონ დავამზადე. ახლა კი ჩემს გეგმას გაგაცნობ. ეს საქმე სამ ეტაპად დავყავი: პირველი – ძაღლის განეიტრალება; მეორე – ბაითში შესვლა, ჩალიჩი და კუშის აღება; მესამე – ბაითიდან კუშით გამოსვლა და მიმალვა. ყველაზე რთული ამ საქმეში ძაღლის განეიტრალებაა და, აი, როგორ ვაპირებ ამას: ახლა ძაღლებს ატეხილობის პერიოდი აქვთ. რადგან ზორბეგას „ურჩხული“ ხვადია, მას ქუჩის ძუკნას მივუყვანთ და ამგვარად გავანეიტრალებთ.

– შენ ფიქრობ, რომ ეს ასე ადვილია?

– არც ისე ძნელია. კინოლოგებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ კარგად გამოწვრთნილი ძაღლი თავის ტერიტორიას არ ტოვებს და მხოლოდ მაშინ ესხმის უცხოს თავს, როდესაც ის მის ტერიტორიაზე შედის. მათ ისიც მითხრეს, რომ, თუკი კარგად გაწვრთნილი მამალი ძაღლი დედალთან, ანუ ძუკნასთან მივა, ანუ, მას გაჟიმავს, ის განეიტრალებულია და თავის ტერიტორიას ვეღარ დაიცავსო. ამგვარად, ჩვენ ატეხილ ძუკნას ზორბეგას კართან მივიყვანთ, თან, მის კარში ამ ძუკნის უკანალში ამოსმულ ნაჭერს შევაცურებთ, მასაც ავტეხავთ, შემდეგ რკინის კარს ატმიჩკებით გავაღებთ და შედეგს დაველოდებით. თუკი ზორბეგას ავჩარკა გარეთ გამოვა და ძუკნას გაჟიმავს, მაშინ ჩვენ ბაითში შევალთ და ვიჩალიჩებთ. შემდეგ გამოვალთ და მოვტყდებით. აი, სულ ესაა. რას იტყვი, წამოხვალ?

– კარგი, ვცადოთ, – მითხრა ბერძენამ და ხელი ხელზე დამირტყა.

დათქმულ დღეს, როდესაც ბარიგა ზორბეგა ბაითიდან გამოვიდა, თავის მანქანაში ჩაჯდა და საპარიკმახეროში გაემგზავრა თმის შესაჭრელად, მე და ბერძენა საქმეს შევუდექით. მე მხარზე უზარმაზარი სპორტული ჩანთა მქონდა გადაკიდებული, რომელშიც პირაკრული ძუკნა ძაღლი იჯდა. მეხუთე სართულზე რომ ავედით და ზორბეგას რკინის კარში ძუკნას უკანალში ამოსმული ნაჭერი შევაცურეთ, „ურჩხულს“ არ დაუხანებია, ისე შეითრია ნაჭერი და აცქმუტდა. ორიოდე წუთის შემდეგ ბერძენას ვუთხარი:

– გატოვია ზორბეგას ძაღლი. შენ ეგ ძუკნა გაამზადე, მე კი კარს გავაღებ.

– ვითომ, გამოვა? – დაეჭვდა ბერძენა, მაგრამ, ძუკნა ეგრეთ წოდებულ სუშილკაში ამოიყვანა და თოკით იქვე, რკინის ძელზე მიაბა, თუმცა, პირი არ აუხსნია, რომ არ დაეყეფა.

მე ზორბეგას ბინის რკინის კარი გავაღე და განზე გადგომა ძლივს მოვასწარი, რადგან, ახურუშებული „ურჩხული“ რაკეტასავით გამოვარდა გარეთ, სუშილკაში შევარდა და პირახვეულ, დაბმულ ძუკნას ეტაკა.

ბერძენა პირდაღებული უყურებდა ამ სცენას, მე კი ხელით მივიპატიჟე ის ღია ბინაში და ვუთხარი:

– პრაშუ! ბაითი ცარიელია!

– ვაა, ასეთი რამე პირველად ვნახე. ხედავ, კობრა, რა მიმზიდველია ქალი?! – ნახევრად ხუმრობით იმეორებდა ბერძენა და გულწრფელად უკვირდა, რომ ჩემმა გეგმამ ასე ზუსტად იმუშავა.

ბარიგა ზორბეგას ბინაში თხუთმეტიოდე წუთი დავყავით და იქიდან ორასი გრამი ოქრო, ოთხი თვალი ბრილიანტი, ორი თვალი ლალი, ათას შვიდასი მანეთი, ექვსასი გრამი ანაშა და ორასი ამპულა მორფი წამოვიღეთ. გარეთ რომ გამოვედით, „ურჩხული“ კვლავ ძუკნას ჟიმავდა და ჩვენთვის არც კი შემოუხედავს. ქუჩაში რომ გავედით და ნაცნობი ტაქსისკენ გავემართეთ, რომელიც მოშორებით გველოდებოდა, როგორც ეტყობა, ძუკნას პირსახვევი მოსძვრა და ისეთი ყმუილი მორთო, რომ მცხეთაში გაიგონებდით.

– მიდი, ურჩხულ, მიდი! საღოლ შენს ვაჟკაცობას, მისცხე და მისცხე მაგ ძუკნას! – სიცილით თქვა ბერძენამ და კიდევ რაღაც დააყოლა, მაგრამ, ძუკნამ ყმუილს უმატა და ვეღარ გავიგონე...

მორფიანი ამპულები იმავე საღამოს გავანადგურეთ – ორასივე დავამტვრიეთ და კანალიზაციაში ჩავუძახეთ. ანაშის მცირე დოზა ჩვენთვის დავიტოვეთ, დანარჩენი კი, ათას მანეთთან ერთად, ციხეში შევუგზავნეთ ქურდებს და შემდეგ მათ გაანაწილეს. ოქრო და ძვირფასი თვლები კი ვერცხლისქუჩელ ანზორას მივუტანეთ და ბერძენამ მას უთხრა:

– აიღებ ამ ბარახლოს?

– ყველაფერში ათი ათასს გადაგიხდით: ხუთი ახლა, ხუთიც – ერთ კვირაში.

– რას იტყვი, კობრა? – მკითხა ბერძენამ.

– მოსულა, – თავი დავუქნიე პაძელნიკს.

– მოსულა, – უთხრა ბერძენამ ანზორას და დაამატა: – შენ არ გესწავლება, მაგრამ, იცოდე, რომ ეს ტავარი საქართველოდან უნდა გააქრო. ალბათ, უკვე ეძებენ და არ დაიწვა.

– დარდი ნუ გაქვს. ყველაფერი რიგზე იქნება, – დაგვაიმედა ანზორამ, რომელიც უზომოდ გახარებული იყო ამ სარფიანი გარიგებით, რადგან, მინიმუმ 30 ათასი მანეთის ტავარი 10 ათასად ჩაიგდო ხელში. ის სხვა ოთახში გავიდა. ხუთიოდე წუთში დაბრუნდა, 5 ათასი მანეთი მაგიდაზე დადო და თქვა: აი, ძმებო, აქ ხუთი ათასია, ხუთსაც ერთ კვირაში, დღეის სწორს მიიღებთ.

– ანზორ! მე ამ საქმეზე „ძაღლები“ მოსვენებას არ მომცემენ და, ზედმეტი ყურადღება რომ არ მივიქციო, ფულის ასაღებად კობრა მოვა.

– პაჟალუსტა, მობრძანდეს, – მოგვიგო ანზორამ.

ბარიგა ზორბეგას ბაითის გაქურდვამ დიდი რეზონანსი გამოიწვია თბილისში და მილიციამ სვაბოდაზე მყოფი ყველა ქურდი დაკითხა. ააგდეს ბერძენაც. ის მილიციის სამმართველოში წაიყვანეს და დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, თუკი მილიციის დახმარებაზე უარს იტყოდა.

– არ გინდა, უფროსო, ეგ ტუფტა ბაზარი. ჯერ ერთი, არაფერი ვიცი და, რომც ვიცოდე, თავიც რომ მომკვეთო, ხომ იცი, რომ არაფერს ვიტყვი. თუ რამე ფაქტები გაქვს ჩემ წინააღმდეგ, დადე და გამსროკე, თუ არა და, გამიშვი, რას მემართლები? – უთხრა ბერძენამ სამმართველოს სწორედ იმ ოპერს, რომელმაც ერთი წლის წინ ხუჭუჭას დედა შეაგინა და მისგან ფეხებშუა წიხლი მიიღო.

– საეჭვოდ ბაზრობ, ბერძენიშვილო! გამოდის, რომ ზორბეგას ბაითის დაბომბვაში შენი ხელი ურევია, ხომ? – უთხრა ოპერმა ბერძენას, მას კი გაეცინა და მიუგო:

– როგორ ფიქრობთ, ჭკვიანი კაცი ზორბეგას ბაითს სათოფეზეც კი გაეკარებოდა? ან, ჩემი გაკეთებული რომ იყოს ეგ საქმე, ახლა აქ ვიქნებოდი?

– შენ ისეთი შებერტყილი ხარ, ყველაფერია შენგან მოსალოდნელი.

– შაყირობ, არა, უფროსო? რა დროს ხუმრობაა. შენ შენს ჭიას ახარებ, მე კი ტყუილუბრალოდ ვიტანჯები. დავაშავებ – დამიჭირე... ტუფტაზე კი – არ გინდა. ჩემი მოსისხლე ხომ არ ხარ?

– ფაქტებიო, არა, ბერძენიშვილო? ასე არ მითხარი? – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ოპერმა, შემდეგ მაგიდის უჯრიდან სამი ყუთი ამოიღო და ბერძენას უთხრა, – აი, ფაქტები: პირველ ყუთში პისტოლეტია, მეორეში – ოცი ამპულა მორფი, მესამეში კი – ოქროს კულონი, რომელიც შენ პადიეზდში ჩამოაგლიჯე მოქალაქე ანჟელა არაქელოვას და მასზე შენი თითის ანაბეჭდები დარჩა. აირჩიე ერთ-ერთი და გაპრავება ჩემზე იყოს.

– უფროსო, ეგ უკვე მოსისხლეობაა. რას მემართლები, რა დაგიშავე?

– ქურდი ციხეში უნდა იჯდეს, მორჩა და გათავდა! ან, უკიდურეს შემთხვევაში, ინფორმაციით უნდა გვამარაგებდეს. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: ვინც მაყუთს გამოდის, თავისუფლებასაც ის იღებს. გასაგებია?

– არა, უფროსო, არაფერი გამოგივა. ციხეში ნაღდი ფაქტებით უნდა ჩამსვა, მაგრამ, თუ ჩამიდებ და გადამეკიდები, იცოდე, ვალში არც მე დაგრჩები. გაბოზებით ვერ გამაბოზებ და ვერც კაპიკს მიიღებ ჩემგან – აი, ჩემი პასუხი, გასაგებია? – მიუგო ბერძენამ ოპერს და მგლური მზერა მიაპყრო, თუმცა, ოპერს ბრიყვულად ჩაეცინა და მიუგო:

– მე რომ შენნაირების მუქარის მეშინოდეს, აქამდე ასჯერ მკვდარი ვიქნებოდი.

– ჩემნაირს პირველად ხვდები და, გარწმუნებ, რომ სიტყვას არ გავტეხ, – მტკიცედ უთხრა ბერძენამ ოპერს და იმ ხისთავას შეტევის მოსაგერიებლად მოემზადა, რადგან, ოპერი და მისი კოლეგები ცემის დაწყებას აპირებდნენ. ამ დროს, ოთახში ბესარიონ აბრალავა შემოვიდა, რომელიც უკვე მილიციის სამმართველოს უფროსი იყო და თავის ხისთავა ხელქვეითს ჰკითხა:

– რა ხდება აქ?

– დაკავებულის დაკითხვას ვაწარმოებ, ამხანაგო პოლკოვნიკო! – გამოეჯგიმა ოპერი აბრალავას.

– მერე, რა გაარკვიე?

– ასე ამბობს, არაფერი ვიციო.

აბრალავამ მაგიდაზე დალაგებულ ყუთებზე გადაიტანა მზერა და ოპერს ჰკითხა:

– ეგ რაღაა?

ოპერს ფერი ეცვალა, მაგრამ, თავი მოთოკა, ნაძალადევად გაიცინა და აბრალავას მიუგო:

– ეს, ამხანაგო უფროსო, დაკითხვისთვის საჭირო ნივთებია.

– აბა ერთი მიჩვენე ეგ ნივთები!

ოპერმა ყუთები გახსნა. აბრალავამ შიგთავსი რომ დაათვალიერა, ყველაფერს მიხვდა და ოპერს უთხრა:

– გასაგებია. დაკავებული გაუშვი, ეგ ყუთები კი ახლავე შეინახე და დაიმახსოვრე, რომ უჩემოდ ასეთი ნაბიჯი არასდროს გადადგა! გაიგე?

– გავიგე, ამხანაგო უფროსო, ბოდიშს გიხდით! – გამოეჯგიმა ოპერი აბრალავას, რომელიც ოთახიდან გავიდა.

აბრალავასთან ხუჭუჭას მამას დავარეკინე, რომელსაც სადარბაზოსთან დავხვდი და შევეხვეწე, რომ უდანაშაულო ბერძენა ციხეში არ ჩაესვათ.

– ეგ რომელი ბერძენიშვილია, დედამ რომ წინასწარ დაუწერა ციხეში გასაგზავნი წერილები? – მკითხა ვახტანგ ყიფიანმა.

– დიახ, ბატონო ვახტანგ, – მივუგე მას. ხუჭუჭას მამას გაეღიმა და მითხრა:

– როდიდან გავხდი ბატონი? მთელი ცხოვრება ძია ვახოს მეძახდი და ახლა რა დაგემართა? ნუ დარდობ, ათ წუთში ყველაფერს მოვაგვარებ, ერთ საათში კი თქვენი მეგობარი სახლში იქნება.

„თქვენში“, ანუ – ჩვენში, ვახტანგ ყიფიანი ხუჭუჭასაც გულისხმობდა, რადგან, იცოდა, რომ მისი შვილიც ძმაკაცობდა ბერძენასთან. მე ხუჭუჭას შესახებ მინდოდა მეკითხა მამამისისთვის, მაგრამ, ვახტანგ ყიფიანმა თვალი ჩამიკრა, სადარბაზოში შევიდა და კარი მიიხურა... მართლაც, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ბერძენა სახლში დაბრუნდა. მე მისი სახლის წინ, კიბეებზე ვიჯექი და, ჯერ კიდევ ნიაღვრის ქუჩის დასაწყისში შევნიშნე, რომ ტაქსიმ ამოუხვია და ბერძენა მძღოლის გვერდით იჯდა. ის დინჯად გადმოვიდა მანქანიდან და თვალებით მანიშნა, ჩემთან ამოდიო. ბინაში რომ შევედით და კარი მივხურეთ, ჩემს პაძელნიკს გადავეხვიე და ვუთხარი:

– გაგპრესეს?

– ვერ მოასწრეს ამ ბოზებმა, აბრალავამ შეუშალა ხელი, – მითხრა ბერძენამ და მკითხა: 

– შენ იჩალიჩე?

– ჰო, ხუჭუჭას მამას ვთხოვე.

– ჩემი სროკზე გაშვება უნდოდა იმ ბოზს. იცი, რომელს?

– რომელს?

– რომელს და, ხუჭუჭამ რომ კინაღამ ყვერები წააცალა წიხლით.

– მაგარი ამოსცხო, კარგა ხანს ეგდო იატაკზე, მაგრამ, ჩვენც მაგრად დაგვცხეს „ძაღლებმა“ და, აბრალავას რომ არ მოესწრო, თუ ცემით არ მოგვკლავდნენ, ინვალიდობა არ აგვცდებოდა.

– კაროჩე, იმ ბოზმა წინ დამიდო იარაღი, მორფი, ნაყაჩაღარი კულონი და მითხრა: „აირჩიეო“.

– მაგის ბოზი დედაც!.. მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კიდევ ერთი საქმე მაქვს მოფიქრებული, „ძაღლებს“ რომ თავგზა ავურიოთ, ლოჟნი სლედზე გავუშვათ და, თან კარგი კუშიც მოვხიოთ, მე მგონი, უნდა ვიჩალიჩოთ ეს საქმე, – ვუთხარი ბერძენას, მან კი გააბოლა და მომიგო:

– აბა, თქვი, გისმენ!

– ახლავე, ახლავე გეტყვი, როგორ უნდა გავასუფთაოთ ანზორა სისხლისმწოველის ბაითი, – გაწელილად ვთქვი მე და ბერძენას რეაქციას დაველოდე, რადგან, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზეც იტყოდა, შეუსრულებელიაო.

– ვინ ანზორა სისხლისმწოველის? – მკითხა ბერძენამ.

– ნადაშელის, მევახშის, – მშვიდად მივუგე ბერძენას.

– კარგი, რა! პირველი საქმე კიდევ ჰო, იმ „ურჩხულას“ ძუკნა მივუყვანეთ და გაამართლა, მაგრამ, ნადაშელს ხომ მთელი ბოზ-ბანდა ჰყავს სახლში და, მის ბაითში რომც შევიდეთ, სუფთად როგორ ვიმუშავებთ?

ანზორ ნადაშელი ცნობილი თბილისელი მევახშე იყო და თავისი ნაძირალა „კოლეგებისგან“ განსაკუთრებული სისხლისმსმელობით გამოირჩეოდა. ის ბობოლა მილიციელებთან იყო შეკრული, მათ წილს უხდიდა და, ამიტომ, მევახშეობისთვის არ იჭერდნენ. მისი ბინა თბილისის ერთ-ერთ ახალაშენებულ სახლში ნამდვილ ციტადელს ჰგავდა და მასში შეღწევა ურთულესი იყო. თუმცა, ყველაზე დიდ სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ ნადაშელის ბინა არასოდეს რჩებოდა ცარიელი – დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქ აუცილებლად იმყოფებოდა ვინმე. საქმე ის იყო, რომ ანზორ ნადაშელის ხუთოთახიან ბინაში მის გარდა კიდევ ოთხი ქალი ცხოვრობდა: ანზორის და – ელზა, ანზორის მეუღლე – მანანა და ორი ქალიშვილი – მადლენა და ჟუჟუნა. ქურდული კანონების თანახმად კი, ცარიელი თუ არ იყო ბაითი, იქ ფეხი არ უნდა შეგვედგა და ჩვენ მკაცრად ვიცავდით ამ წესს. სწორედ ეს იგულისხმა ბერძენამ და ამიტომ მიაჩნდა მას ანზორას ბაითის გასუფთავება შეუსრულებელ მისიად. 

ელზა და მანანა ცნობილი ბოზები იყვნენ და ამ საქმეში არც მადლენა და ჟუჟუნა ჩამორჩებოდნენ თავიანთ დედასა და მამიდას. ანზორა და ელზა პროვინციელები იყვნენ და ჯერ ელზა ჩამოვიდა თბილისში, შემდეგ კი – ანზორა. სწორედ ელზამ გააცნო ანზორას მანანა, რომელიც თვითონ ერთად „საქმიანობისას“ გაიცნო და დაუდაქალდა.

 ამ ორ მეძავ ქალს აღვირახსნილობის გამო „მკბენარა ელზა“ და „მედუდუკე მანანა“ უწოდეს.

მოგვიანებით, როდესაც ელზას ძალისხმევით დაქორწინებულ ანზორსა და მანანას მადლენა და ჟუჟუ შეეძინათ, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი გოგონები დედამ და მამიდამ ორ თანამდებობის პირს, წარსულში თავიანთ კლიენტებს, ჩაუგორეს ლოგინში და სწორედ მათი მეშვეობით დააწყებინეს ანზორას „ბიზნესი“.

დროთა განმავლობაში ანზორამ იმდენი ფული იშოვა, რომ მიწურიდან ხუთოთახიან ბინაში გადაინაცვლა და, მართალია, სულიერად არ ამაღლებულა, მაგრამ, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მცხოვრები გახდა.

– ხომ დავუყენეთ თვალები, ხომ გავუშრეთ სისხლი და გამოვწოვეთ „ოქრო-ფული“, ვინც არ გვაფასებდა და დაგვცინოდა, – ეტყოდა ხოლმე ანზორა თავის ბოზ ქალებს და ამპარტავნულად გაივლ-გამოივლიდა თავის უზარმაზარ ბინაში.

სიმდიდრის მიუხედავად, ანზორას, რა თქმა უნდა, არავინ სცემდა პატივს, ყველა დასცინოდა და, რამე რომ მოსვლოდა, მის დასახმარებლად თითსაც არავინ გაანძრევდა, მაგრამ, მევახშეს ეს სრულიადაც არ ადარდებდა და კარგად იცოდა, რომ, ადრე თუ გვიან, რომელიმე მათგანი აუცილებლად მივიდოდა მასთან ფულის სასესხებლად, მის ბადეში გაებმებოდა და ამ ნეტარი წუთების მოლოდინში სიამოვნებით იფშვნეტდა ხელებს. მევახშეს სასადილო ოთახის კედელში, ბრიუსოვის ცნობილი სურათის რეპროდუქციის უკან, რომელსაც „პომპეუსის უკანასკნელი დღე“ ეწოდება, უზარმაზარი საიდუმლო სეიფი ჰქონდა დამონტაჟებული და სწორედ იმ სეიფში ინახავდა მთელ თავის ქონებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მევახშე ანზორ ნადაშელის  ბინის გაქურდვა მართლაც შეუძლებელი ჩანდა. ბერძენამ ამიტომ შეიტანა ამ საქმის წარმატებაში ეჭვი და ამიტომაც მკითხა – ბაითში სუფთად როგორ ვიმუშავებთო, რაზეც მე მშვიდად მივუგე:

– ძალიან მარტივად – ორი უზარმაზარი გამაძლიერებლისა და ბაბინიანი მაგნიტოფონის მეშვეობით.

– გამაძლიერებლების? – გაიმეორა ბერძენამ, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ საერთოდ აზრზე არ იყო, რას ვგულისხმობდი.

– ხმის გამაძლიერებლების, დინამიკების მეშვეობით. მაგრამ, მანამდე სხვას გეტყვი, – ვუთხარი ბერძენას, სამი ცალი გასაღები მაგიდაზე დავდე და დავამატე: – ეს ნადაშელის ბაითის გასაღებებია. როგორც ყოველთვის, ანაბეჭდები ავიღე და დავამზადე.

– გასაგებია, რომ ბაითში ამ გასაღებებით შევალთ, მაგრამ, შენ ის მითხარი, ბაითიდან როგორ გამოვიტყუებთ იმ ბოზებს? – სიტყვა შემაწყვეტინა ბერძენამ, რომელიც სრულ გაურკვევლობაში იმყოფებოდა, ცოტა არ იყოს ღელავდა და ამიტომ ჩამეჭრა სიტყვაში.

– ცოტა მოთმინება და ყველაფერს გაიგებ, – მშვიდად ვუთხარი ბერძენას, – იმ ბოზანდარა ნადაშელების წინა კორპუსში ჩემი ნაცნობი ცხოვრობს და სამი დღის განმავლობაში დურბინდით ვუთვალთვალებდი ანზორას ბაითს. მას სასადილო ოთახში, სურათის უკან სეიფი აქვს და სწორედ ის უნდა დავბომბოთ. ახლა კი მათი გამოტყუების ხერხზე გეტყვით...

– დროზე თქვი, კობრა, თორემ, ისე ამერია გაურკვევლობისგან რამსები, რომ თავი სიზმარში მგონია.

მე ჩამეცინა, ჯიბიდან „სვემას“ ორმოცდახუთწუთიანი ბაბინა ამოვიღე, მაგიდაზე დავდე და ბერძენას ვუთხარი:

– მაგნიტოფონი მოიტანე და მოგასმენინებ.

ბაბინაზე ჩემი მეგობრის შეცვლილი ხმით ხუთწუთიანი ტექსტი იყო ჩაწერილი, რომელიც ნადაშელი ქალების გახრწნილ ბოზობაზე მოუთხრობდა მსმენელებს და მასში ბობოლა თანამდებობის პირებიც იყვნენ მოხსენიებულები. ტექსტი ცხრაჯერ იყო ჩაწერილი და მეორდებოდა. ჩემი გეგმის მთელი ეშმაკობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ღამით, უკუნეთ სიჩუმეში, ეს ჩანაწერი უნდა ჩაგვერთო და ახლომდებარე სახლების მცხოვრებთათვის მოგვესმენინებინა. ამ ჩანაწერს, რა თქმა უნდა, ნადაშელებიც მოისმენდნენ და მის გამორთვასაც მოინდომებდნენ, რისთვისაც ისინი კოლექტიურად დატოვებდნენ სახლს. სწორედ ამით უნდა გვესარგებლა მე და ბერძენას და ანზორა მევახშის ბაითი გაგვესუფთავებინა.

ბერძენამ რომ ჩემი გეგმა მოისმინა, როგორც ყოველთვის, მითხრა:

– ვითომ, ჭამენ ამას?

– ვფიქრობ, რომ კი.

– კარგი, მოვდივარ, – დამეთანხმა ბერძენა და ხელი ხელზე დამირტყა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ანზორა მევახშის ბინის გასაქურდავად მივდიოდით.

ჩემმა გეგმამ, ისევე, როგორც „ურჩხულას“ შემთხვევაში, გაამართლა. ჩემი ჩხირკედელა მეგობრის მეშვეობით, ბაბინიანი მაგნიტოფონი ოსტატურად დავმალეთ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში, ხმის გამაძლიერებლები კი ექვსი სხვადასხვა სახლის სხვენში დავამაგრეთ და, შესრულდა თუ არა ღამის პირველი საათი, ჩანაწერი ჩავრთეთ, შემდეგ ანზორას სართულზე დავიმალეთ და დაველოდეთ... თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ ნადაშელების მთელი ბოზ-ბანდა ქუჩაში გამოეფინა, რომ მაგნიტოფონი მოეძებნათ, გაეთიშათ და „ღამის შოუ“ შეეჩერებინათ, რომელსაც მთელი უბანი ფანჯრებიდან უსმენდა. მე და ბერძენამ კი ამ მომენტით ვისარგებლეთ, ნადაშელების ბინაში შევედით, სეიფი ადვილად გავხსენით და გავასუფთავეთ... უკან რომ ვბრუნდებოდით, ნადაშელების ბოზ-ბანდა ჯერ კიდევ აღმა-დაღმა დარბოდა და საყოველთაო მხიარულების ფონზე დაეძებდა მაგნიტოფონს.

ანზორა მევახშის ბაითიდან საკმაოდ დიდი კუში წამოვიღეთ, რომლის უმრავლესობა დაგირავებული ძვირფასეულობა იყო და გირავნობის ხელწერილებში იყო გახვეული. ამას გარდა, სეიფში 20 ათასი მანეთი დაგვხვდა, რომლის ნაწილი საქმეში მონაწილე პაძელნიკებს გავუნაწილეთ, ნაწილი ზონაში შევგზავნეთ, მცირე ნაწილი კი ჩვენთვის დავიტოვეთ. რაც შეეხება დაგირავებულ ოქროს, ისინი ინკოგნიტოდ დავუბრუნეთ პატრონებს, თან, ბარათები დავურთეთ, რომ არსად გამოეჩინათ და მილიციის ყურამდე არ მიეტანათ ეს ამბავი.

– კარგია, რაც კარგად მთავრდება, – მითხრა ბერძენამ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3