კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ავ გიორგი და რას შეეწირა ის

ავ გიორგიმ სულ რამდენიმე წელი იმეფა კახეთის ტახტზე. მისი შეპყრობისა და სიკვდილის შემდეგ კი, ქართლის მეფე, დავითი გადავიდა კახეთში და გააერთიანა ქართლი და კახეთი. ქართლ-კახეთის ახალ მეფეს გააზრებული ჰქონდა, რომ ავ გიორგის ძის სრულწლოვნობის შემდეგ, მას ახალი მოწინააღმდეგე გაუჩნდებოდა ლევან უფლისწულის სახით. ამიტომ, კახეთში მის ძმას, ბაგრატს დაევალა შესაბამისი ზომების მიღება. თუ როგორ მოატყუა უფლისწულის გამზრდელმა მეფის ძმა და სიცოცხლე შეუნარჩინა ლევან გიორგის ძეს, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

საქართველოში ბევრი მეფე ყოფილა, რომელსაც ზედმეტი სახელი ჰქონია. მაგრამ, ერთადერთი შემთხვევაა, როცა, ეს ზედმეტი სახელი უარყოფით კონტექსტით შეირჩა. ეს არის ავ გიორგი, მეფე, რომელიც 1511-1513 წლებში მეფობდა კახეთის სამეფოში. მამამისი – ალექსანდრე პირველი, ძალიან ჭკვიანი მეფე და კარგი პოლიტიკოსი გახლდათ. ახერხებდა კახეთში სიმშვიდის შენარჩუნებას, საერთო ენის გამონახვას ყველა მებრძოლ მხარესთან – ოსმალეთი იქნებოდა ეს თუ ირანი. ამ პერიოდში, როდესაც ის საგარეო საქმეების მოგვარებას ცდილობს, როგორც ჩანს ვერ მოიცალა ქვეყნის საშინაო ვითარებისთვის. საქმე ისაა, რომ ალექსანდრე პირველს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოჯახში. მისი პირველი, ანუ უფროსი ვაჟი მამას ეპაექრებოდა, ეჭვი ჰქონდა, რომ მას უმცროსი შვილი – დიმიტრი უფრო მეტად უყვარდა და მას ამზადებდა ტახტისთვის. გარდა ამისა, გიორგიმ, მაშინ ჯერ კიდევ ავ გიორგი არ ერქვა, რამდენჯერმე ილაშქრა ქართლში. ერთხელაც, მორიგი ლაშქრობის წინ, მამასა და შვილს შორის მოხდა შელაპარაკება. ალექსანდრემ შვილს არ მოუწონა საქციელი, მართალია, ქართლი ცალკე სამეფოა, მაგრამ საქართველოა და ეს ბრძოლაც, ქართველებს შორის ურთიერთბრძოლააო. ეტყობა, ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც გიორგის მოთმინების ფიალა აავსო. მან მოკლა მამა, უმცროს ძმას თვალები დასთხარა და ოჯახთან ერთად, კახეთიდან გააძევა. თვითონ კი კახეთის ტახტი დაიკავა. სწორედ ამის შემდეგ  დაერქვა მას ავ გიორგი.

ავ გიორგიმ გააგრძელა ბრძოლა ქართლის წინააღმდეგ. ქართლის მეფე ამ დროს გახლდათ დავით მეათე. მან ვერაფრით შეძლო ავ გიორგისთან გამკლავება. მაშინ ავ გიორგისთან ბრძოლა ითავა დავითის ძმამ, ბაგრატმა, რომელსაც გადაეცა მუხრანი და სათავე ჩაეყარა მუხრანბატონთა შტოს. 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ განახორციელა ბაგრატმა კახელ მეფესთან ბრძოლა, ანუ ის, რაც ითავა: ერთ-ერთი, მორიგი შემოსევის დროს, ავ გიორგიმ ალყა შემოარტყა ციხეს, რომელშიც ბაგრატი იყო გამაგრებული. ციხის აღება გაჭირდა. ალყა გაგრძელდა და ეტყობა, ავ გიორგიმ სცადა, ბაგრატი და მისი მეციხოვნენი მორალურად გაეტეხა. ამიტომ, მათ ციხეში ერთი ხელადა ღვინო შეუგზავნა, თან შეუთვალა: მართალია, მტრები ვართ და ერთმანეთს ვებრძვით, მაგრამ მეფის ძმა ხარ – ბაგრატიონი, სამეფო გვარის კაცი და ახლა, ეტყობა მანდ წყურვილით კვდები, ამიტომ გიგზანი ერთ ხელადა ღვინოსო. ეს ღვინო მიიღეს ციხეში და იქიდან, ანუ ალყაშემორტყმული ციხიდან გამოუგზავნეს ახლად დაჭერილი თევზი, ასეთი სიტყვებით: შენ უკვე რამდენი დღეა, აქ ხარ, მდინარე ქსნის ნაპირებთან დგახარ და აქამდე აქაური თევზი არ გაგისინჯავს, ამიტომაც გიგზავნიო. ცხადი იყო, ასეთ ვითარებაში ციხიდან რომ ახლად დაჭერილ თევზს გამოუგზავნი, ეს ნიშნავს, ალყაში მოქცეულებს გასასვლელი ჰქონდათ მდინარეზე. ანუ, ციხის აღება შეუძლებელი იყო. ავ გიორგიმ ალყა მოხსნა. ეს საინტერესო მომენტია ჩვენი ისტორიისა (ამ ციხეს ხალხში სხვა სახელიც დაერქვა, რომლის ხსენებაც აქ არ არის მისაღები). 1513 წელს, როგორც იქნა, ბაგრატმა შეიპყრო ავ გიორგი. ის ერთ-ერთი მორიგი ლაშქრობის შემდეგ ქართლიდან უკან ბრუნდებოდა და მცირე ამალით ნადირობა-ნადირობით მოუყვებოდა გზას. ბაგრატი ჩაუსაფრდა მას, შეიპყრო და ციხეში გამოკეტა, სადაც გარდაიცვალა. უფრო სწორად სადავო საკითხია ავ გიორგი გარდაიცვალა თუ მოკლეს. ავ გიორგის დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი – ლევანი. როგორც კი ავ გიორგი შეიპყრეს, ქართლის მეფე დავითი გადავიდა კახეთში, შემოიერთა და გახდა ქართლ-კახეთის მეფე. თუმცა, დავითს ყოველთვის ეშინოდა, რომ გიორგის ვაჟი – ლევანი გაიზრდებოდა და ერთ დღეს კახელი დიდგვაროვნები მას მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ლევანი ხელში ჩაეგდო. ეს საქმეც თავის უმცროს ძმას, ბაგრატს დაავალა დავითმა.

ბაგრატი, ქსნის ერისთავის თანხლებით, ჩავიდა კახეთში, გაიკითხ-გამოიკითხა ლევანის ასავალ-დასავალი და შეიტყო, რომ უფლისწული ლევანი გადამალული ჰყავთ თავად გარსევან ჩოლოყაშვილთან. ბაგრატი პირდაპირ ეწვია გარსევანს. ჩოლოყაშვილმა, რა თქმა უნდა, სუფრა გაუშალა მეფის ძმას, დაიწყო ნადიმი და როდესაც შეზარხოშდნენ, მასპინძელმა ჰკითხა სტუმარს: რა თქმა უნდა, თქვენი წვევა ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ მაინც რატომ შეწუხებულხართო? ბაგრატმა უპასუხა: გავიგეთ, რომ შენთან არის უფლისწული ლევანი და მოვედით, რომ წავიყვანო, ვინაიდან ის მეფის შვილია და სათანადო წესით აღზრდას საჭიროებსო. ჩოლოყაშვილმა იუარა, მოგატყუესო. ამის შემდეგ დაიფიცა: არავინ მყავს სასახლეში დამალული და ყველა, ვინც კი ამწუთას სასახლეში იმყოფება აქ შემოვიყვანო. მართლაც, ასე მოიქცა.  ოჯახის წევრებით დაწყებული, ყმებითა და შინამოსამსახურეებით დამთავრებული, ყველა დარბაზში შეიყვანა და დაიფიცა, რომ ამ ხალხის მეტი სასახლეში არავინ იმყოფებაო. ბაგრატი ლევანს სახეზე არ იცნობდა, მაგრამ, ამ ხალხში მეფის 7-8 წლის შვილის მსგავსი ვერავინ აღმოაჩინა. ბოლოს თქვა, აქ არ არის მეფის შვილი და ეტყობა მომატყუესო.   განაგრძეს ნადიმი და შემდეგ დაიშალნენ. საინტერესოა, რომ ლევან უფლისწული ნამდვილად სასახლეში გახლდათ – არა მარტო იქ იყო, არამედ პირველივე წუთებიდან გლეხის სამოსში გამოწყობილი მერიქიფეობდა – ბაგრატის უკან იდგა. ჩოლოყაშვილი ეშმაკი კაცი იყო. როგორც კი შეიტყო, მეფის ძმა კახეთს გამოემართაო, მისთვის ცხადი გახდა, რომ ლევანის წასაყვანად მოდიოდნენ. იფიქრა, რომ უფლისწულის დამალვას აზრი არ ჰქონდა და ამიტომ, ასეთი ჭკვიანური გამოსავალი მოძებნა. რა თქმა უნდა, ბაგრატი ვერ წარმოიდგენდა, რომ ბავშვი, რომელიც წესით გადამალული უნდა ყოფილიყო ასე ღიად, მის თვალწინ ივლიდა. ასე მოატყუა ჩოლოყაშვილმა მეფის ძმა და გადაარჩინა უფლისწული ლევანი.

ქართლ-კახეთის მეფის ვარაუდი გამართლდა. როდესაც ლევანი წამოიზარდა, ის მართლაც აკურთხეს მეფედ. ეს მოხდა 1518 წელს. ქართლ-კახეთის სამეფო კვლავ დაიშალა. 

 

скачать dle 11.3