კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბარსელონის” რომელი ვარსკვლავი თამაშობდა ფეხბურთს სალვადორ დალისთან ერთად და ვის ჰქონდა ყველაზე ტრაგიკული ბედი ესპანურ ფეხბურთში

ესპანური ფეხბურთის გრანდის, კატალონიური „ბარსელონის” ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო ახალი მწვრთნელისა და ფეხბურთელების ხელში. საუბარია პარაგვაელ სპეციალისტზე ხერარდო მარტინოსა და ბრაზილიელ სუპერვარსკვლავ ნეიმარზე. ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მიიწვიეს კლუბის ხელმძღვანელებმა და, შედეგებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ წელს „ბარსელონა” ყველა ტურნირში ფავორიტის სტატუსით იქნება, ხოლო, სანამ გუნდი ახალი რეკორდების დამყარებისთვის ემზადება, საინტერესო იქნება, გავეცნოთ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ათ ბომბარდირს, რომელთა შორის ლიდერობას არავის უთმობს არგენტინელი ლიონელ მესი. შემდეგ კი მოდიან:

მარიანო მარტინი: „ბარსელონაში” თამაშობდა 1940-1948 წლებში – 124 გოლი.

ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი „ბარსელონის” ისტორიაში, რომელსაც გამოარჩევდა სისწრაფე, დარტყმა და საგოლე ალღო. იმ პერიოდისთვის შესანიშნავი შედეგის გამო მარტინს „საჯარიმოს ეშმაკს” უწოდებდნენ. 22 წლის ასაკში მარტინი ესპანეთის ნაკრების წევრი იყო, ხოლო 23 წლის ასაკში ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 23 მატჩში გატანილი 30 გოლით. 1944 წლის 14 თებერვალს კარიერის პიკზე მყოფ მარტინმა მძიმე ტრავმა მიიღო – ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რაც იმ დროინდელი მედიცინისთვის უკურნებელ ტრავმად ითვლებოდა. მარტინი რამდენიმე წელი მკურნალობდა ტრავმას და დაუბრუნდა თამაშს, თუმცა, საკუთარი თავის აჩრდილად ჩანდა მოედანზე და მალევე მოუწია კარიერის დასრულება.

რივალდო: „ბარსელონაში” თამაშობდა 1997-2002 წლებში – 130 გოლი.

ჟოან გასპარის პრეზიდენტობის პერიოდში „ბარსელონა” არასტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მისი ერთადერთი ნათელი წერტილი ბრაზილიელი რივალდო იყო – „ბარსას” ჭეშმარიტი ლიდერი, რომლის გოლებით გუნდმა არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. მაგალითისთვის საკმარისია 2000-2001 წლების სეზონის ბოლო მატჩი „ვალენსიასთან”, როდესაც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა და გამარჯვების მომტანი გოლი რივალდომ ბოლო წუთებში „მაკრატელა“ დარტყმით გაიტანა. რივალდო 2002 წელს წავიდა „ბარსელონიდან” და ეს, პირველ ყოვლისა, ლუის ვან გაალის ბრალი იყო – მწვრთნელი მუდამ უცვლიდა მას პოზიციებს მოედანზე, რაც ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს არ სიამოვნებდა.

სამუელ ეტოო: 2004-2009 წლები – 130 გოლი.

კამერუნელი სამუელ ეტოო „ბარსელონის” ბოლო წლების საუკეთესო ორი ეტაპის საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი იყო. საუბარია ფრანკ რაიკარდის ხოსეპ გუარდიოლას დროინდელ გუნდზე, სადაც ეტოო ჯერ რონალდინიოსთან, შემდგომ კი ტიერი ანრისთან და ლიონელ მესისთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზს ქმნიდა. ეტოო იდეალური პარტნიორი იყო თითოეული მათგანისთვის და მისი შედეგიანი თამაშით „ბარსელონამ” არაერთ მატჩში მოიპოვა წარმატება.

ანხელ აროჩა: 1926-1933 წლები – 134 გოლი.

ანხელ აროჩა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბედის მქონე ფეხბურთელია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში. მან თამაში კანარის კუნძულებზე დაიწყო და მალევე ჩაირიცხა კატალონიურ გუნდში, რომელთან ერთადაც მხოლოდ ორ ტუნრირში გაიმარჯვა: 1928 წლის ესპანეთის თასი და 1929 წლის პირველი ესპანური ჩემპიონატი. აროჩამ სრული ექვსი სეზონი გაატარა „ბარსელონაში”, რის შემდეგაც „ატლეტიკო ავიასიონში” გადავიდა. მან კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა და ორ წელიწადში, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ტრაგიკულად დაიღუპა.

პაულინო ალკანტარა: 1912-1916; 1918-1927 წლები – 142 გოლი.

„ბარსელონის” პირველი დიდი ვარსკვლავი დღემდე ითვლება ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად კლუბის ისტორიაში, თუმცა, ალკანტარას გატანილი 369 გოლიდან უმეტესობა ამხანაგურ მატჩებზე მოდის, ხოლო ოფიციალურ მატჩებში მას მხოლოდ 142 გოლი დაუგროვდა. ალკანტარა წარმოშობით ფილიპინებიდან იყო და 1916 წელს იგი ისტორიულ სამშობლოში გამეგზავრა, სადაც მცირე ხანს ექიმ-დერმატოლოგად მუშაობდა. შემდგომ ის კვლავ დაბრუნდა კატალონიაში და სამედიცინო საქმიანობას შესანიშნავად უთავსებდა ფეხბურთის თამაშს.

ხოსეპ ესკოლა: 1934-1949 წლები – 167 გოლი.

ბარსელონაში დაბადებულმა ესკოლამ კარიერა მშობლიურ კლუბში დაიწყო და რამდენიმე ტურნირში გამარჯევაბც მოიპოვა. იმ პერიოდში ესკოლასა და მადრიდელი გოლკიპერის, რიკარდო ზამორას დაპირისპირება ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო. სამოქალაქო ომის პერიოდში „ბარსელონა” ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ტურნირზე და უკან რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე დაბრუნდა, მათ შორის იყო ესკოლაც, რომელმაც თავი აარიდა ომს. გენერალ ფრანკოს რეჟიმის გამარჯვების შემდეგ, ყველა გაქცეული სპორტსმენი დეზერტირად გამოცხადდა და მათ 6 წლით აეკრძალათ სპორტული ასპარეზობა, თუმცა, „ბარსელონის” ხელმძღვანელობამ მოახერხა და ესკოლა მაინც დააბრუნა გუნდში, სადაც ესკოლამ კიდევ რამდენიმე წელი ითამაშა, თუმცა, უკვე საკუთარი თავის აჩრდილი იყო.

ხოსეპ სამიტიერი: 1919-1932 წლები – 176 გოლი.

19 წლის ხოსეპ სამიტიერი ფეხბურთს სალვადორ დალისთან ერთად თამაშობდა და, როდესაც „ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა, პირველი ხელფასის სახით საათი და შარვალ-კოსტიუმი მიიღო. ფილიგრანული ტექნიკისა და მოედნის შესანიშნავი ხედვის გამო სამიტიერის „ჯადოქარს” უწოდებდნენ, ხოლო სისწრაფის გამო „კალია” მას უკვე ქომაგებმა შეარქვეს. 1933 წელს სამიტიერის უსიამოვნება მოუვიდა კლუბის ხელმძღვანელობასთან და ის მადრიდში გადავიდა. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამიტიერი კატალონიაში სკაუტად დაბრუნდა და გუნდში ლადისლაო კუბალას მოყვანა მის სახელთან ასოცორდება. ამბობენ, რომ სამიტიერი გენერალ ფრანკოსთან მეგობრობდა. 

ლადისლაო კუბალა: 1950-1961 წლები – 194 გოლი.

კუბალას აღმოსავლეთ ევროპის საფეხბურთო მონსტრს უწოდებდნენ. ის უნიკალური მიღწევით არის ცნობილი. კუბალა სამ ევროპულ ნაკრებში თამაშობდა და ყველგან სხვადასხვა სახელით: უნგრეთში მას ლასლო ერქვა, ჩეხოსლოვაკიაში – ლადისლავი, ხოლო ესპანეთში ლადისლაო. ლადისლაოს სახელს უკავშირდება „ბარსელონას” არაერთი წარმატება, მათ შორის – ინდივიდუალური  პრიზებიც. 1999 წელს კუბალა „ბარსელონისს” ქომაგებმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკის სამსახურმა ის მეოცე საუკუნის 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოიხსენია. კუბალას უამრავი გოლი აქვს გატანილი „ბარსას” მაისურით. ის საჯარიმო დარტყმების ოსტატი და კუთხურის ნიშნულიდან კარში ჩახვევის უბადლო შემსრულებელი იყო და ერთ მატჩში მას 7 გოლიც კი გაუტანია.

სესარ როდრიგესი: 1942-1955 წლები – 232 გოლი.

„ბარსელონა” სესარ როდრიგესის პირველი პროფესიონალური კლუბი იყო, სადაც მან თავისი მრავალწლიანი კარიერა დაიწყო. მას მხოლოდ რამდენიმე წლის გაცდენა მოუხდა, ისიც ჯარში გაწვევის გამო. სესარს სტაბილურად გაჰქონდა ერთ სეზონში 10 გოლი და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ გუნდი ნაკლებ მატჩებს ატარებდა ჩემპიონატში, ვიდრე ახლა, მისი შედეგიანობა აღსანიშავია. სესარ როდრიგესი 50-იანი წლების „ბარსელონას” ლეგენდარული შეტევის ხაზის ლიდერი იყო.

ლიონელ მესი: 2004 წლიდან დღემდე – 324 გოლი.

ამ მომენტისთვის „ბარსელონის” არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესის, 324 გოლი აქვს გატანილი და, ცხადია, რომ ის ამ ნიშნულზე შეჩერებას არ აპირებს. 26 წლის ფეხბურთელი მისმა კერპმა, დიეგო მარადონამ, უკვე დაასახელა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად და, ალბათ, ეს ტიტული საკმარისია, რომ მესის დახასიათება დავასრულოთ.

 

скачать dle 11.3