კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ეკისრება მღვდელს ეკლესიის მხრიდან სასჯელი და როგორი ქალის ცოლად შერთვის უფლება არ აქვს სასულიერო პირს

 მართლმადიდებლური სარწმუნოება თავისუფალი სარწმუნოებაა.  ის, ვინც ეკლესიაში დადის, კარგად აცნობიერებს ეკლესიურ ცხოვრებას და ხვდება, რომ ყველას აქვს იმის კეთების უფლება, რაც თავად სურს. შესაბამისად, მის ამ არჩევანს არ კრძალავს წმიდა ეკლესია, პირიქით, ეხმარება, რომ ეს თავისუფლება საკუთარ თავში განავითაროს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– ადამიანი, რომელიც აპირებს სასულიერო პირად გახდომას, ან, ყოველ შემთხვევაში, უჩნდება ამის სურვილი, უნდა გამოირჩეოდეს მართალი ცხოვრების წესით. პავლე მოციქული წერს: სასულიერო პირი, რომელიც ხელდასხმით მიიღებს სულიწმიდის მადლს, უნდა იყოს თავისი ცხოვრებით გამორჩეული და, ასევე, უნდა გამოირჩეოდეს მრავალი სათნოებით. ის უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი. საეკლესიო კანონიკის თანახმად, ქვრივს, განათხოვარ ან მრუშ ქალს სასულიერო პირად გახდომის კანდიდატი ვერ შეირთავდა, და თუ ეს მაინც მოხდებოდა, ის ვერ მიიღებდა კანონიერ ხელდასხმას, ვერ შევიდოდა სამღვდელო ხარისხში. ასევე, სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო: არაანგარი, არავერცხლისმოყვარე და, თან, ყველა ის თვისება უნდა ჰქონოდა, რაც მის ღირსებას წარმოაჩენდა, რადგან, ის უნდა გამხდარიყო მაგალითი ძალიან ბევრისთვის, რადგან, ბევრი ადამიანი სასულიერო პირს უყურებს როგორც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ხატს და, მაშინ, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც აუცილებელია და ვერც ეკლესია ჩამოყალიბდებოდა და განვითარდებოდა. საუკუნეების განმავლობაში ეკლესიაში ძალიან ბევრი შფოთი, ცდომილება, განხეთქილება მომხდარა. სასულიერო პირების პიროვნული ღირსებები ძალიან დიდ როლს ასრულებდა ქრისტიანობის სულიერ განვითარებაში. ამიტომ, ბუნებრივია, ვინც აპირებს, გახდეს სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს მოწოდებით პატიოსანი ადამიანი, უნდა ჰქონდეს სამაგალითო ოჯახი. პავლე მოციქულის ეპისტოლეში წერია, რომ სასულიერო პირს, ეპისკოპოსს, შეეძლო, ჰყოლოდა ერთი მეუღლე, ისევე, როგორც მღვდელმსახურს, ხუცესს, მაგრამ, ეს კანონი მოგვიანებით ეპისკოპოსებისთვის შეიცვალა. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ნელ-ნელა დამკვიდრდა, თუმცა, ადრეც იყო ამაზე საუბარი, რომ ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო უცოლო, რათა მას საკუთარი თავი, შემოქმედებითი ასპარეზი მიეძღვნა თავისი მრევლისთვის, ეპარქიისთვის, სადაც ის კონკრეტულად მსახურობდა. მაგრამ, თუ ადამიანი აპირებს, გახდეს დიაკვანი ან მღვდელი, მან აუცილებლად უნდა შეირთოს ცოლი, რადგან, თუ ის არ იქნება ცოლიანი და ისე მიიღებს ხელდასხმას, ავტომატურად გახდება შავი სამღვდელოების წარმომადგენელი და ვეღარ მოიყვანს ცოლს. ეს კანონი დღესაც ძალაშია, ანუ, სანამ ადამიანი გახდება თეთრი სამღვდელოება დიაკონი ან ხუცესი, აუცილებლად უნდა იყოს ცოლიანი. 

– როგორი უნდა იყოს სასულიერო პირის ცოლი? 

– სასულიერო პირის მეუღლე უნდა გამოირჩეოდეს უბიწოებით, თავმდაბლობით, წესიერებით, რადგან, მათი ოჯახი სარკე უნდა იყოს მრევლთან ურთიერთობისას, რომ არავინ დაბრკოლდეს. ეს ყველაფერი მოეთხოვება როგორც სასულიერო პირს, ასევე, მთელ მის ოჯახს. მომავალი სასულიერო პირი უნდა შეეცადოს, რომ შეარჩიოს თავმდაბლობით, წესიერებით გამორჩეული მეუღლე. როგორც სასულიერო პირი იღვწის, შრომობს, არანაკლებად უნდა შრომობდეს მისი მეუღლეც. მას უფლისგან მოეთხოვება პასუხი ულოცველობაზე, საქმის, ადამიანების მიმართ უდიერ მიდგომაზე, არასწორ ცხოვრებაზე, ანუ, ყოველივეზე, რაზეც პასუხი მოეთხოვება მის მეუღლეს, რადგან, ქრისტეში ორივე ერთობას წარმოადგენს. კანონის თანახმად, ერისკაცს, რომელიც ორჯერ იყო დაქორწინებული, არ აქვს უფლება, სასულიერო პირი გახდეს – ეს კანონი დღესაც მოქმედებს, არ ძველდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საუკუნის წინ დადგინდა. დღეს ბევრ საერო პირს, ვისაც სასულიერო პირად გახდომა სურდა, ამ მიზეზის გამო ეთქვა უარი – ის, ვისაც ორი ცოლი ჰყავდა, ვეღარ გახდებოდა სასულიერო პირი. 

– როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან სასულიერო პირებს: ეპისკოპოსს – მღვდელთან, მღვდელს – დიაკვანთან? 

– ეკლესიაში სამი იერარქიული საფეხურია: ყველაზე უმაღლესი არის მღვდელმთავრის – ეპისკოპოსის საფეხური; შემდეგ – ხუცესის, მღვდლის საფეხური და ბოლოს – დიაკვნის. ეპისკოპოსის გარეშე მის ეპარქიაში არაფერი ხდება, მღვდელსაც კი არ აქვს ნებისმიერი საიდუმლოს ჩატარების უფლება. ჩვენ დღეს წირვას ვატარებთ თუ სხვადასხვა საიდუმლოებას აღვასრულებთ ან ვქადაგებთ, ეს დამოკიდებულია ეპისკოპოსის კურთხევაზე. მღვდელი დიაკვანს ვერ მისცემს უფლებას, დარჩეს ან გადავიდეს სხვა ეპარქიაში – ყველაფერს აღასრულებს ეპისკოპოსი, რომელსაც არა მხოლოდ სასულიერო წესდებით გააჩნია ძალაუფლება, არამედ, ხელი მიუწვდება საერო ხელისუფლებაზეც. როდესაც სასულიერო პირი სხვა ეპარქიაში თვითნებურად აღასრულებს სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოს, ამ შემთხვევაში, სასჯელის ფორმა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რას შესცოდავს ადამიანი. საეკლესიო კანონები არა მხოლოდ მათი გადასვლის წესს აწესრიგებს, არამედ, სასულიერო პირის ცხოვრებასაც. ის არ უნდა იყოს ანგარი, ვერცხლისმოყვარე, ღმერთმა დაიფაროს და არ ჩავარდეს მრუშობის ცოდვაში, არ შემოიტანოს განხეთქილება, შფოთი ეკლესიაში. როდესაც სასულიერო პირი დააშავებს რამეს, მას ადგილობრივი მღვდელმთავრის მიერ დაეკისრება სასჯელი, ანუ, მას, შეიძლება, რამდენიმე წლით აეკრძალოს მღვდელმსახურება, თუმცა, მღვდლის ხარისხში ისევ რჩება – ამას ცოდვის სიმძიმე და ეპარქიის მღვდელმთავრის გადაწყვეტილება განაპირობებს. შემდეგ, თუ ის ჩავარდება სინანულში, მას აძლევენ მღვდელმსახურების აღსრულების უფლებას. თუ სასულიერო პირი მხილებული იქნება ისეთ მძიმე ცოდვებში, როგორიც არის მრუშობა, ეკლესიაში განხეთქილების, მწვალებლობის შემოტანა და არც ამჟღავნებს სინანულს, ამ დროს ის სასულიერო ხარისხსაც კარგავს. მაგრამ, ის რჩება ეკლესიის წიაღში, მრევლის ხარისხში და შეუძლია წირვა-ლოცვაზე დასწრება, რაღაც პერიოდის მერე კი – აღსარების ჩაბარება და ზიარება. მაგრამ, თუ ის მეორედ კიდევ ჩაიდენს იმავე ცოდვას, მხილებული იქნება და საერთოდ განიკვეთება საეკლესიო ერთობიდან. ის ქრისტიანის სახელის ტარების უფლებასაც კარგავს და მრევლად ყოფნის პატივიც ერთმევა. 

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასულიერო პირი?

– ქრისტიანობა საკუთარ თავზე მუშაობა, მხილებაა და არა სხვების განკითხვა. ჩვენ წმიდა წერილი, მაცხოვარი გვიკრძალავს ადამიანების განკითხვას და, მით უმეტეს, გვეკრძალება სასულიერო პირების მიმართ ასეთი დამოკიდებულება.  რაც შეეხება იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ხალხი არჩევს სასულიერო პირს, როგორც უკვე აღვნიშნე, ის უნდა იყოს ჭეშმარიტად მორწმუნე – სხვანაირად ის ვერ გახდება მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, ვერ წაუძღვება მათ ცხონებისკენ, უფლის წიაღში დასაბრუნებლად; პირიქით, ის მათ დააბრკოლებს. მეორე და მესამე კრიტერიუმები – ეს არის მოძღვრის ინტელექტუალური და გარეგნული მხარე, გარეგნულ მხარეში კი შედის ყველაფერი: ჩაცმა-დახურვა, საუბარი, მოძრაობა, გადაადგილება, ადამიანებთან ურთიერთობა, ზრდილობა, დახვეწილობა. რაც შეეხება ინტელექტუალურ მხარეს, ძალიან ბევრს უთქვამს, მოძღვრის თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სულიერი მდგომარეობააო. სულიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი განათლება, შემეცნება, რადგან, სხვა შემთხვევაში, ის სხვა ადამიანს არა მხოლოდ სულიერად, არამედ, ინტელექტუალურადაც ვერ ასწავლის. შეიძლება, მოძღვარი პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანი იყოს, მოწესრიგებული, ზნეობრივი, მესამე კრიტერიუმსაც, ანუ, გარეგნულ მხარესაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ, თუ არ ექნება ინტელექტუალური საღვთისმეტყველო განათლება, ვერ შეცვლის საკუთარი სამრევლოს სულიერ მდგომარეობას.

 

скачать dle 11.3