კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ელევა კაცი ქალს, რომელსაც ის აღარ უყვარს და რას აკეთებს მის შესანარჩუნებლად

ამბობენ, რომ თუ ქალს მართლა უყვარს, მას ვერავინ და ვეღარაფერი შეაჩერებს. ყველაფერზე წავა, ოღონდ კი იმ ადამიანის გვერდით იყოს, ვისთვისაც სიცოცხლესაც კი გაწირავდა. ამ მხრივ, სუსტი სქესის წარმომადგენლები აშკარად უსწრებენ მამაკაცებს. თუ ეს გრძნობა ძლიერი, გულწრფელი და ყოვლის მომცველია, მაშინ ქალი წარმოუდგენელ რამეებზეა წამსვლელი. სხვა საქმეა, აქვს თუ არა მის საქციელს გამართლება. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ სიყვარული სახიფათოა, მაგრამ, პრევენციაც რომ არ არსებობს?! ერთი სიტყვით, თუ ქალი შეყვარებულია, მისგან ყველაფერს უნდა მოელოდე... თუმცა, არანაკლებ არაადეკვატურად იქცევა შეყვარებული მამაკაციც: ის მზად არის, ცოლს ღალატიც კი აპატიოს და ყველა საშუალებით ცდილობს მის შენარჩუნებას.

 

ქეთა (34 წლის): ზუსტად ვიცი, რა რეზონანსსაც გამოიწვევს ჩემი გულახდილი საუბარი,  როგორი რეაქცია მოჰყვება ამას საზოგადოების მხრიდან, მაგრამ, ყველაფერზე თანახმა ვარ. არ მიმაჩნია, რომ რამე დანაშაული ჩავიდინე, არც მრცხვენია. სხვა ქალებისგან განსხვავებით, პატიოსნადაც კი მოვიქეცი.

„ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ; ერთადერთო და შეუდარებელო...“ – როცა ასეთ სიტყვებს ვისმენ, შიგნით რაღაც მითბება და მთელ სხეულში მეღვრება. ამ ყველაფრისთვის, მზად ვარ, ავიტანო ყველანაირი დისკომფორტი, გავუძლო გაჭირვებასა და განსაცდელებს, მომავალში კი, მოხდეს, რაც მოსახდენია...

– ქმარი არ გეუბნებოდათ ასეთ საალერსო სიტყვებს?

– რა არის, იცით? ყველაზე კარგ ქმარსაც კი ჰგონია, რომ ცოლთან შეყვარებულობანას თამაში უნდა დაამთავროს. რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ, თუ ცოლს ელემენტარულ პირობებს შეუქმნი, მისთვის ესეც სრულიად საკმარისია.

– ანუ, თქვენ თამაში გინდოდათ?

– არა. მინდა, კარგად გამიგოთ. ადამიანი რობოტი არ არის, მას ემოციებიც აქვს, გრძნობებიც. ცხოველსაც კი სჭირდება სითბო, სიყვარული და ყურადღება. მე დაბადების დღეზე ან რამე დღესასწაულზე მოტანილი საჩუქარი, თუნდაც ძალიან ძვირფასი, აბსოლუტურად არ მივსებს ამ ყველაფრის დეფიციტს. პრობლემა ისიც არის, რომ, სიყვარულიც კვდება, თუ არ მოუვლი, მოვლა კი სწორედ პარტნიორის მიმართ სითბოს მუდმივი გამოხატვაა.

– კაცებს სხვანაირი ლოგიკა აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ სიტყვები არაფერს ნიშნავს...  ქცევაა მთავარი.

– ჰო, ქართველი კაცები ვითომ ვაჟკაცობენ და თავს იკავებენ საალერსო სიტყვების თქმისგან, მაგრამ მე შევხვდი კაცს და მივხვდი, რომ, საბედნიეროდ, ყველა ასე არ ფიქრობს. ახლა ძალიან ბევრი რამ ვიცი ისეთი, რაზეც ადრე საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა.

– მაგალითად?

– მაგალითად, ის, რომ ჩემს ოჯახში უკვე აღარ იყო გრძნობა – სიყვარულმა დაგვტოვა. თურმე, ეს ისე მაწუხებდა, მერეღა მივხვდი, რა იყო ჩემი მუდმივი ნერვიულობის, გაღიზიანების, ჩხუბის მიზეზი.

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ქმარი საერთოდ აღარ მიყვარდათ?

– დიახ. ბოლო ექვსი წელი გრძნობა საერთოდ აღარ მქონდა. უბრალოდ, ამას ვერ ვაცნობიერებდი. საკუთარ თავს ვაბრალებდი და ვნერვიულობდი, რა მემართება-მეთქი.

– სიყვარულით გათხოვდით?

– დიახ და, დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ჩემი ქმარი იყო ის ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც ოდესმე გვერდით ვინატრებდი. ორი შვილიც გავაჩინე და, ბედნიერი ვარ-მეთქი, ვფიქრობდი. ქმრისთვის არ შემინიშნავს ღალატის მცდელობა, ამ მხრივ, სასაყვედურო არაფერი მაქვს. რომ გითხრათ, ვჩხუბობდით-მეთქი, ესეც არ იქნება მართალი. უბრალოდ, ქმრის თვისებები, ჩვევები, რომლებსაც ადრე საერთოდ ვერ ვამჩნევდი, ახლა თანდათან მაღიზიანებდა... მაკლდა სიტყვები – თბილი, ახლობლური, გამათამამებელი... ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ, ჩემთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია. სიცივე იგრძნობოდა ჩვენს ურთიერთობაში, რომელმაც ბოლოს სულიც კი შემიხუთა და, როგორც პიროვნება, დეგრადაციისკენ წავედი.

– რას გულისხმმობთ?

– ხასიათი შემეცვალა: აღმოვაჩინე, რომ აგრესიული გავხდი; ვფეთქდებოდი სისულელეებზე; ვაწყობდი სკანდალებს. მერე კი ვნანობდი, მაგრამ, ბოლოს იქამდე მივედი, რომ საკუთარი თავის მიმართ გამიჩნდა ანტიპათია – როგორი აუტანელი და საზიზღარი ვარ, ჩემში ქალსაც კი ვეღარავინ ხედავს-მეთქი. გეუბნებით, ბოლო რამდენიმე წელი კოშმარში ვიყავი.

– ქმართან დალაპარაკება არ გიცდიათ?

– არა. ვფიქრობდი, რომ პრობლემა ჩემში იყო და ქმართან დალაპარაკებით მას მხოლოდ გავაღრმავებდი. გულახდილად გეტყვით, შიშიც კი მქონდა, რომ ქმარი მიმატოვებდა.

– თქვენ თუ ეუბნებოდით ქმარს იმ სიტყვებს, რომელთა მოსმენის აუცილებლობას თავად გრძნობდით?

– ვეუბნებოდი – იყო ეგეთი დროც, მაგრამ, მისი მხრიდან საპირისპირო თბილი ტალღა რომ არ წამოვიდა, ჩემდაუნებურად, ნელ-ნელა, გავცივდი და გავუხეშდი. სწორად გამიგეთ: ქმარს კი არ ვადანაშაულებ – იმას არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, ვერ გამიგო და...

– და, ამ დროს გამოჩნდა ის, ვინც გაგიგოთ?

– დიახ. მაგრამ, ეს არავისი დანაშაული არ არის. მოვლენათა დამთხვევაც ხდება. ეტყობა, გარდაუვალობის მსხვერპლი გავხდი.

– თავს მსხვერპლად მიიჩნევთ?

– გააჩნია, მომხდარს ვინ რა კუთხით შეხედავს. პირადად მე, ისეთი სავსე ვარ, მსხვერპლი ვარ-მეთქი, როგორ უნდა ვთქვა? ენა როგორ მომიბრუნდება, მაგრამ, როგორც შვილების დედა, როგორც ოჯახური ფასეულობების დამცველი, რა თქმა უნდა, ვარ დაზარალებული. იცით, რა საშინელებაა  სრული ინერტულობა და გულგრილობა?! – ეს სკანდალზე გაცილებით უარესია. ვიცი ცოლ-ქმარი, რომლებიც სკანდალის მერე უფრო ეჯაჭვებიან ერთმანეთს და ვნებაც უმძაფრდებათ. ჩემი ქმარი შემიძლია დავადანაშაულო იმაში, რომ არაფერი გააკეთა ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად. „არ არის სიყვარული?! არა უშავს, ალბათ, ასეც უნდა იყოს,“ – აი, ეს დავინახე მე მის ქმედებებში.

– თუმცა, თქვენ ისიც თქვით, რომ გპატიობდათ ღალატს, ოღონდ თქვენი ოჯახი არ დანგრეულიყო.

– დიახ, ცოლად მაინც ვუნდოდი და ახლაც ვუნდივარ. რატომაც არა?! მისთვის ოჯახი სხვანაირია, ჩემთვის – სხვანაირი. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? მისთვის არ არის ტრაგედია, ცოლ-ქმარი დღეების განმავლობაში რომ სხვათა შორის ელაპარაკება და ეკონტაქტება ერთმანეთს, ჩემთვის კი ეს საშინელებაა. მე მინდა ემოციები, ვნება, მოფერება, სასიყვარულო სიტყვები...

– მატერიალურად უზრუნველგყოფდათ ქმარი?

– დიახ, ძალიან კარგადაც. რომ საკმაოდ კომფორტული, უზრუნველყოფილი გარემო შევიქმნა. მაგრამ, უკვე გითხარით – ეს არ არის ჩემთვის მთავარი და ვერც ვერასოდეს იქნება, ეს არ არის ცხოვრება. მისთვის ხელსაყრელია მუდმივად დალაგებული სახლი, მოწესრიგებული გარდერობი, მომზადებული საკვები, თანაც – ძალიან გემრიელი...

– ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად, მზად იყო, ცოლის გვერდით საყვარელი აეტანა?

– გვერდით საყვარლიან ცოლს ვერ აიტანდა, რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ იმას დავშორდებოდი, მაპატიებდა და ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა ცხოვრება. მაგრამ, მე არც დაშორება მიფიქრია და არც ის, რომ, სხვა კაცზე შეყვარებული, ისევ ჩემი ქმრის გვერდით გავაგრძელებდი ცხოვრებას. არავითარ შემთხვევაში! იმ უზარმაზარ გრძნობას, მოულოდნელად რომ დამეცა თავზე და მთელი ცხოვრება შემიცვალა, ამით ჩრდილს ვერ მივაყენებდი. პირდაპირ ვუთხარი ეს ჩემს ქმარს. მე უსირცხვილო არ ვარ და თავმოყვარეობაც გამაჩნია, მით უმეტეს, ვუფრთხილდები სხვის თავმოყვარეობასაც, ამ შემთხვევაში – ჩემი ქმრისას. ვერ მივცემდი თავს უფლებას, დღისით ერთ კაცს ჩავწოლოდი ლოგინში, საღამოს კი მეორისთვის ღვეზელები და კატლეტები მომემზადებინა. ვიღაცეებს შეუძლიათ ეს, მე – არა. „საყვარელი“ – ეს სტატუსიც საშინლად არ მომწონს. შვილების წინაშეც ხომ უნდა ვყოფილიყავი პირნათელი.

– და... მიატოვეთ მათი მამა? ეს არ არის მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული?

– მათ ჰყავთ მამა, უყვართ ერთმანეთი და ურთიერთობაში ხელს არასდროს შევუშლი. ოდესმე გამიგებენ, ტყუილში ცხოვრებას რატომ ვარჩიე, დამენგრია ძველი და დამეწყო ახალი. ამ კაცს, რომელიც ახლა ჩემ გვერდით არის, ქვეყნის დასალიერში გავყვები. იმიტომ, რომ ვჭირდები და – ამას ვგრძნობ, რადგან, პირდაპირ მეუბნება: ჩემი ჰაერი ხარ, რომლითაც ვსუნთქავო.

– თქვენ ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ხართ. რატომ ფიქრობთ, რომ არ განმეორდება იგივე და სიცივე თქვენს შორისაც არ ჩადგება.

– მე ამას არ ვფიქრობ. პროგნოზები ამინდის არ მართლდება და, ვინ იტყვის ზუსტად, რა იქნება ხვალ ადამიანის ცხოვრებაში, მით უმეტეს – წყვილის ურთიერთობაში?! თუმცა, ჩემი ქმარი არც ურთიერთობის პირველ ეტაპზე მანებივრებდა სასიყვარულო ეპითეტებით... მან თვითონ მიპოვა – ჩემი მანქანის გვერდით გაჩერდა და მითხრა: იცი, რა ლამაზი ხარო?! დავიბენი. ვერც დავიჯერე, რომ მე მეუბნებოდა – გადაჩვეული ვიყავი კაცისგან ასეთ სიტყვებს.

– თქვენი ახალი პარტნიორი თქვენი ასაკის არის?

– არა, ექვსი წლით უმცროსია, მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ ფიქრობთ, 28  წლის კაცი ყველა ასეთი თბილი და ალერსიანია, ჩემი ქმრის თანატოლები კი – ცივები და ინდეფერენტულები? ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. თავიდან ვეწინააღმდეგებოდი გრძნობას, მაგრამ, ვინ მოგეშვა?! ასეთი პრინციპული, ჯიუტი და მომთხოვნი, არავინ მინახავს. ყოველდღე ერთგული ძაღლივით მელოდებოდა სამსახურთან და ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა, გული მიჩერდებოდა. და ეს ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, წარმოგიდგენიათ?! ვიცი, იტყვით, რომ კაცები ქალების შესაბმელად უარესებს აკეთებენ, მაგრამ თვალები?! იმხელა სიყვარული დავინახე მის თვალებში, რომ დავუჯერე... მერე აღმოვაჩინე, რომ ამ ადამიანმა მოახერხა, ყველა დღე დღესასწაულად ექცია ჩემთვის. მიხაროდა გაღვიძება და სამსახურში წასვლაც კი – იცით, ეს რამდენს ნიშნავს მაშინ, როცა 34 წლის ასაკში გგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა და შენს თავს კარგი აღარაფერი მოხდება?! მიმიღო ჩემი შვილებიანად და მათაც ზუსტად ასე ექცევა – ზედ ჰყვება და სულში ისვამს. ყველაფერზე წავალ ამ კაცისთვის და ზუსტად ეს ვუთხარი ჩემს ქმარს. მიპასუხა – არ მეგონა, ძუკნა თუ იყავიო. რა ვუყო, მას თავისი სიმართლე აქვს. ღმერთმა აპოვნინოს ბედნიერება, – მაშინ, შეიძლება, გამიგოს კიდეც.

 

скачать dle 11.3