კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გაუხსენებს ძველ წყენას ლადო პაპავა და რას გამოჰყავს ის წყობიდან

სულ მცირე დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ყოფილი დეპუტატი და მინისტრი, ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩაუდგა სათავეში. მოგეხსენებათ, ეს თანამდებობა ხშირად მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება და, ბატონი ლადოს კანდიდატურაც მცირე მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, თუმცა, თავად რექტორი ამბობს, რომ თსუ-ს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს მისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

– ბატონო ლადო, თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რა არის ძირითადი სირთულეები, რომლებიც უნივერსიტეტის წინაშე დგას?

– არ მინდა, არაერთგზის მომიწიოს გამეორება, მაგრამ, მაინც, იძულებული ვარ ვთქვა, რომ, მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ადამიანებს შორის გაბატონებული სიძულვილი და დაპირისპირებაა, რაც ხან ხელოვნურადაა შექმნილი, ხანაც ობიექტური საფუძველი აქვს. ეს დაპირისპირება ძალიან ცუდ ატმოსფეროს ქმნის უნივერსიტეტის შიგნითაც და საზოგადოებაშიც დაძაბულობაა ამის გამო. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ამ ოთხ წელიწადში მინდა, მივაღწიო, ის არის, რომ მოვხსნა დაძაბულობა და ერთმანეთის ნდობა აღვუდგინო პროფესურას, პროფესორებსა და სტუდენტებს… მინდა, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ უნივერსიტეტი ისევ არის ქართული განათლების ფლაგმანი, როგორც ადრე იყო...

– მაგრამ, ხშირად ამბობენ, რომ ეს ფლაგმანი ისე ვეღარ ფლაგმანობს, როგორც ოდესღაც...

– ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოიარა: გროშებზე ვმუშაობდით, პროფესურა თვეობით ხელფასს ვერ იღებდა, აუდიტორიები ვერ თბებოდა და პროფესორები სახლში ფეხით მიდიოდნენ გათოშილები... თუმცა, მიუხედავად ამისა, სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. ჩემი აზრით, ეგრეთ წოდებული „ნაციონალური“ რეფორმების დროს თსუ ნამდვილად სამიზნე იყო და ძალიან დიდი ზიანი მიადგა ამით. რეფორმა დაერქვა იმას, რაც, სინამდვილეში, მექანიკური „ჭრა-კერვა“ იყო. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს სჭირდებოდა რეფორმა, მაგრამ, მექანიკურად მორგება რომელიმე დასავლურ მოდელზე და მისი ბრმად კოპირება შეცდომა იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იდეალური საუნივერსიტეტო მოდელი მსოფლიოში არ არსებობს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა პროფესორმა კონკურსში არ მიიღო მონაწილეობა; ბევრი მათგანმა კი, რომლებიც ბუნებით უფრო კონფორმისტები იყვნენ, იპოვა საკუთარი ადგილი და დარჩა. ჩემთვის დაბეჩავებული პროფესორი მიუღებელია, რადგან, მეცნიერება, თავისთავად, კრიტიკულ აზროვნებას, პროტესტს გულისხმობს – არ შეიძლება, იყო მეცნიერი და არ გქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება. ერთადერთი, რისი კრიტიკაც არ შეიძლება, ბიბლიაა, დანარჩენი ყველაფერი განსჯას ექვემდებარება. მეცნიერება იწყება იქ, სადაც ადამიანს უჩნდება ეჭვი, კითხვები, პროტესტი, არ ეთანხმება რაღაცას, უნდა, რომ სხვაგვარად ახსნას... კარგი პროფესორი ვერასდროს იქნება მორჩილი. ეს არ არის სამინისტრო, რომ ყველა ერთ ბრძანებაზე იყოს მორგებული და ამ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდეს! საზოგადოებაში შეიქმნა წარმოდგენა, რომ, რაც უნივერსიტეტში ხდება, ყველაფერი ცუდია; რომ ეს არის ჩამორჩენილი და დაცემული ორგანიზაცია. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ასე არ არის – ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან წარმატებული მიმართულება, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი მიმართულებაც დავკარგეთ, მაგალითად, ფიზიკაში. მე აღვადგინე რექტორის მრჩეველთა საბჭო, რომელშიც, სხვებთან ერთად, პროფესორი ჯემალ მებონიაც შედის. 

როგორც იცით, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს იყო ინიცირებული ბათუმში ამერიკული ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნა. შემდეგ ამ იდეამ ტრანსფორმაცია განიცადა და ითქვა, რომ, იმ უნივერსიტეტების ბაზაზე, რომლებიც თბილისში არსებობს, „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამის ფარგლებში შეირჩეს საუკეთესო ამერიკული უნივერსიტეტები, აქ გაკეთდეს პროგრამა და აქ დაიწყება ამერიკული პროგრამით სწავლება. ჩვენს უნივერსიტეტს პრეტენზია გვაქვს ელექტრონიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, ასევე ბიოტექნოლოგიებზე. 

– ხშირად ამბობენ, რომ უნივერსიტეტი ძალიან არის პოლიტიკურად „დატვირთული“ და რექტორებიც მმართველ გუნდთან ასოცირდებიან ხოლმე.

– მე იმდენ ხანს ვიყავი პოლიტიკაში, რომ ამ სფეროს საკმაოდ კარგად ვიცნობ; ასევე, კარგად ვიცნობ პოლიტიკოსებსაც და ბევრ მათგანთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს – ეს უმაღლესი სასწავლებელია, სადაც უნდა იყოს თავისუფალი აზროვნება და ჩვენ ვერავის ვერ მოვერგებით. ნუ გამამეორებინებთ, რა ნიშნით ინიშნებოდნენ თსუ-ს რექტორები, წარსულის შეფასებაზე არ ვარ პირადად ორიენტირებული. რექტორის არჩევნებში არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ მქონია და ღიად არც მებრძოდა ვინმე.

– ჰო, მაგრამ, საზოგადოებაში მაინც იყო მითქმა-მოთქმა. რომ მხარს უჭერდა თქვენს კანდიდატურას. 

– ეს აშკარა ჭორია. შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ არანაირი მხარდაჭერა არ მქონია, პირიქით, მქონდა ისეთი განცდა, რომ მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იმაზე იყო ორიენტირებული, რომ არჩევნები ჩაშლილიყო, რათა ლადო პაპავას არ გაემარჯვა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ალბათ, მათ თავიანთი ხედვა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტური არ ვარ და მათთან პირადი უთანხმოება არ მქონია... ცხადია, ისინი ფარულად მოქმედებდენ. ყოველ შემთხვევაში, მე არავის წინაშე თავს ვალდებულად არ ვგრძნობ, თუმცა, არც უხეში ჩარევის მცდელობა მიგრძნია. სხვადასხვა ფორმით რამდენიმეჯერ მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ, მისი მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა და რეკომენდაციები არ ყოფილა. ჩემთვის რექტორობა, დიდ პატივთან ერთად, არის დიდი ტვირთიც. არ გამოვრიცხავ შეცდომების დაშვებას – მეც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ.

– კრიტიკული დამოკიდებულება ახსენეთ წეღან. თქვენ მიმართ კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?

– კრიტიკაც არის და კრიტიკაც, ვიღებ, თუ არგუმენტირებულია და სამართლიანი, მაგრამ, სხვა არის შეურაცხყოფა. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მოსმენა და არასდროს იცვლის აზრს. თუ არგუმენტები სერიოზულია, შესაბამის რეაგირებას ვახდენ. მე ყოველთვის ვცდილობდი, მწვავე კრიტიკის დროსაც კი, დამეცვა სტანდარტი და არ გამომეყენებინა შეურაცხმყოფელი სიტყვები. მოვისმინე ჩემ შესახებ დაუმსახურებელი გამონათქვამები – რას იზამ, როცა ასეთ თანამდებობაზე ხარ, ამასაც უნდა შეეგუო. ყველას რომ ყველაფერზე აჰყვე და შეეპასუხო, ისევ შენ გამოხვალ დამნაშავე. თუ შენც შეურაცხყოფით უპასუხე, რით ხარ მასზე უკეთესი?! ზოგჯერ მიჭირს თავის შეკავება, რომ წყობიდან არ გამოვიდე. უბრალოდ, უნივერსიტეტის სახელს ვუფრთხილდები და, ხშირად ისეთი გადაწყვეტილებაც უნდა მივიღო, რომელიც ჩემს გემოვნებაში მაინცდამაინც არ ჯდება. 

– ბევრი ადამიანისთვის გარეგნულად მკაცრი და შეუვალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

– ბევრისთვის კი, პირიქით, ლმობიერი და რბილი ხასიათი მაქვს... არ ვიცი, მიმაჩნია, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ მედიასთან ურთიერთობაში, თუმცა, დღემდე „მყავს“ ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც არ მიყვარს მათი ძალიან მდაბიო თვისებების გამო. ძირითადად კი ძალიან ადვილად ვპოულობ მედიასთან საერთო ენას...

– იმ ჟურნალისტებთან ვინც არ გიყვართ, მაინც გიწევთ კონტაქტი?

– იყო ერთი ასეთი ჟურნალისტი, რომელმაც ყველა ადამიანური ნორმა დაარღვია, დეპუტატი გახლდით მაშინ. ერთ-ერთი სხდომის შემდეგ გამოვედი და შემომეხვივნენ ჟურნალისტები კამერებით – მაშინ ჯერ კიდევ თბილისში იყო პარლამენტი, კარგი დრო იყო... იმ ჟურნალისტზე ვთქვი, სანამ ეს აქედან არ წავა, არც ერთ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს-მეთქი. თვითონ შერცხვა და გავიდა. სხვათა შორის, ძალიან ცნობილი ჟურნალისტია. ახლა რექტორი ვარ და, ალბათ, იძულებული გავხდები, ვითანამშრომლო, მაგრამ, რექტორი რომ აღარ ვიქნები, მაინც გავუხსენებ (იცინის).

– თქვენი სტუდენტობის პერიოდი როგორი იყო ამ კედლებში?

– ჩვეულებრივი. მაშინ პირველ სექტემბერს რექტორი არიგებდა სტუდბილეთებს. ჩვენ წელს საჩუქრები დავურიგეთ გამორჩეულ პირველკურსელებს. 1972 წლის გაზაფხულზე რექტორობიდან წავიდა ილია ვეკუა და, მისი ხელიდან რომ ვერ მივიღე სტუდბილეთი, ძალიან დამწყდა გული. დავამთავრე წითელ დიპლომზე... მაშინ გართობის ნაკლები საშუალება გვქონდა, ძირითადად – ქართულ-ტრადიციული სუფრა. ყველა თაობას თავისი მოცემულობა აქვს... მაგალითად, მყავს 10 წლის შვილი, რომელიც მეხმარება კომპიუტერთან დაკავშირებული სირთულეების გარკვევაში (იცინის). 4 წლის ვიყავი, მამაჩემმა ტელევიზორი რომ მოიტანა და მთელი სამეზობლო ჩვენთან შემოდიოდა საყურებლად. მაშინ ერთი არხი იყო, ისიც, საღამოს 7 საათზე იწყებოდა... ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და კარგი მატჩების საყურებლად პანტიანში უნდა ავსულიყავით (იცინის). 

– მშობლები თუ ჩაერივნენ პროფესიულ არჩევანში?

– თანაც, ძალიან აქტიურად. სკოლაში ძალიან მიყვარდა მათემატიკა და მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ, მშობლების მხრიდან იყო ზეწოლა, რომ გავმხდარიყავი ეკონომისტი, რადგან, ბაბუაჩემიც და მამაჩემიც მეცნიერ-ეკონომისტები იყვნენ. მოკლედ, სერიოზული წინააღმდეგობა მქონდა ოჯახში. გაზეთ „კომუნისტში” ვნახე განცხადება, რომ მიღება იწყებოდა უნივერსიტეტში, საიდანაც გავიგე, რომ საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე იგეგმებოდა მიღება ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. აზრზე არ ვიყავი, რას ნიშნავდა კიბერნეტიკა, თუმცა, მივხვდი, რომ მათემატიკასთან იყო კავშირში, ჰოდა, მშობლებს გამოვუცხადე, ეკონომისტ-მათემატიკოსი გავხდები-მეთქი. მოკლედ, კონსენსუსს მივაღწიეთ. 

– ასეთი დატვირთული რეჟიმი გაქვთ და 10 წლის შვილისთვის გრჩებათ დრო?

– ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ჩემთვის. შაბათსაც რომ მიწევს უნივერსიტეტში მოსვლა, ბავშვს ყურადღებას ვაკლებ. სხვა დღეებში კი ვხედავ, ძირითადად, დილით ადრე და გვიან საღამოს. ჩემი ოჯახის წევრები გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს; ესმით, რომ, თუ ოჯახში არ არის გაგება, ეს არ არის ოჯახი. როდესაც არჩევნებში ჩავერთე, რა თქმა უნდა, მეუღლე აქტიურად მიჭერდა მხარს, ძალიან გახარებული ვიყავით, რომ გავიმარჯვე, მაგრამ, უკვე მეორე დღეს, სრულად გავაცნობიერე, რა რთული გზა მელოდა. ეს არ არის ჩემპიონატი, რომ ერთხელ მოიგო და მორჩა; ეს ოთხწლიანი დაუღალავი შრომაა, რომელიც რუტინულობის დიდ ელემენტსაც შეიცავს.

– თქვენ კიდევ გყავთ ორი შვილი...

– კიდევ მყავს ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, ისინი დიდები არიან. პირადად მე არ ჩავრეულვარ მათ პროფესიულ არჩევანში, თუმცა, მათემატიკისკენ მიდრეკილება ორივეს აქვს. ვაჟი ბიზნესსექტორში მუშაობს, ქალიშვილმა საერთოდ შეიცვალა მიმართულება და ფსიქოლოგი გახდა.

– ნაბოლარა შვილს არ ანებივრებთ?

– არა, ეს გამორიცხულია. მეც და მეუღლეც საკმაოდ მკაცრები ვართ და თვითონაც არ ვარ განებივრებულად გაზრდილი. ბავშვი უზრდელი და ინფანტილური არ უნდა იყოს, უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანი.

 

скачать dle 11.3