კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ბედავენ ჯავახელები მიხეილ სააკაშვილისთვის საპროტესტო აქციის მოწყობას, რატომ არ იციან სახელმწიფო ენა და რატომ უნდოდათ ვაჰაგან ჩახალიანისთვის პოლიციელის მკვლელობის დაბრალება

ვაჰაგან ჩახალიანი ციხიდან ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა, სადაც იარაღის უკანონოდ შენახვის გამო იხდიდა სასჯელს. საკუთარ თავს პოლიტპატიმრად და სააკაშვილ-მერაბიშვილის რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევს, თავის მხრივ, პრეზიდენტი ვაჰაგან ჩახალიანს ექსტრემისტს უწოდებს და მის ციხიდან გათავისუფლებას ხელისუფლების მიერ ექსტრემიზმის წაქეზებად აფასებს. რატომ გაირბინა შავმა კატამ „ერთიანი ჯავახეთის –  დემოკრატიული ალიანსის“ ხელმძღვანელსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და რატომ აღმოჩნდა ის გისოსებს მიღმა?  – ამ შეკითხვებზე პასუხს ვაჰაგან ჩახალიანი თავად გასცემს.

 

– რადგან ხაზს უსვამთ, რომ პოლიტპატიმარი ხართ, თქვენი ვერსიით, რატომ დაედო პოლიტიკური სარჩული თქვენს საქმიანობას?

– ჩემი დევნა 2006 წლის სექტემბერში დაიწყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, წინასაარჩევნო კამპანიისას და უფრო და უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო.

– რატომ დაიწყო ეს დევნა?

– 2006 წლამდე ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნები ხელისუფლებისთვის არ იყო ექსტრემისტული და რადიკალური, პირიქით, მისაღები იყო, მაგრამ 2006 წლიდან მიუღებელი გახდა. 

– იქნებ გვითხრათ, რა მოთხოვნები გქონდათ, რომ მკითხველმა თავად შეაფასოს, რადიკალური იყო თუ მისაღები?

– შევარდნაძის დროს ჯავახეთის სკოლებში ისწავლებოდა სომხეთის ისტორია, სააკაშვილმა აკრძალა; შევარდნაძის დროს ისწავლებოდა სომხური ლიტერატურა, სააკაშვილმა აკრძალა; სომხურ სკოლებში სომხური ენა კვირაში 4-ჯერ იყო, სააკაშვილმა მინიმუმამდე შეამცირა.

–  შევარდნაძის დროს ქართული ენა რამდენჯერ ისწავლებოდა კვირაში?

– კვირაში სამჯერ და სააკაშვილის დროს გაიზარდა.

– თუმცა, დამეთანხმეთ, ძალიან ცუდია, რომ მე და თქვენ, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს, არათუ სახელმწიფო ენაზე გვიჭირს კომუნიკაცია, საერთოდ, არ გვაქვს საკომუნიკაციო ენა და გაჭირვებით ვაგებინებთ ერთმანეთს სათქმელს.

– ეს სხვა თემაა და ამასაც შევეხებით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ჩვენი ბრალი არ არის, რომ ქართული ენა არ ვიცით.

– მე თქვენ არც გაბრალებთ, ფაქტს აღვნიშნავ მხოლოდ.

– ჯავახელების ბრალი არ არის, რომ ქართულს ვერ ფლობენ. ასეთი პოლიტიკა ტარდებოდა 70 წლის განმავლობაში და არა მხოლოდ საქართველოში, მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში, როდესაც კომუნისტური იდეოლოგია დასრულდა, მისი ადგილი დაიკავა ნაციონალისტურმა იდეოლოგიამ. ვიცით, ამ ოც წელიწადში, რამდენი ორმხრივი შეცდომა იქნა დაშვებული, თუმცა შევარდნაძის პერიოდშივე დაიწყო ნელ-ნელა სტაბილიზაცია, დაიწყო ქართული ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროცესი.

– იმის თქმა გინდათ, რომ ენის შესწავლისა და ინტეგრაციის პროცესი 2003 წლიდან შეწყდა?

– გაგრძელდა, მაგრამ ერთია, როდესაც ფიარს აკეთებ, ამერიკიდან მიღებული ფულით ვითომ მოსახლეობას ასწავლი სახელმწიფო ენას და, მეორე, რომ რეალურად ეს ფული ჰაერში მიდის და სხვა დანიშნულებით იხარჯება. რომ შემდეგ თქვა: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ამ ხალხს არ უნდა ქართულის სწავლა, რაც ტყუილია. მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი კიდეც: მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ცენტრს არ უნდათ, ვისწავლოთ ქართული და ყველაფერს აკეთებენ, რომ არ ვისწავლოთ, იმიტომ რომ თავიანთი დისკრიმინაციული პოლიტიკა გაატარონ ეთნიკური უმცირესობებისადმი-მეთქი. ისინი ამბობდნენ: ეთნიკურმა უმცირესობებმა არ იციან სახელმწიფო ენა და ამიტომ ვერ დავნიშნავთ სახელმწიფო თანამდებობებზე, ვერ ჩავრთავთ ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ ეს იყო ტყუილი და ფარსი.

– თუმცა ჩვენ გვინახავს არა ერთი კადრი, როდესაც პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ჩამოდიოდა ჯავახეთში და ადგილობრივი მოსახლეობა ფრიად მრავალრიცხოვან დახვედრებს უწყობდა.

– მაგრამ რის ფასად?!

– რის ფასად?

– დიდი დრო არ არის გასული და გვახსოვს, რა შიში არსებობდა საქართველოს მოსახლეობაში, ყველაზე დიდ ქალაქში დედაქალაქშიც კი, რომელიც პოლიტიკურად უფრო მომზადებული და ინფორმირებულია, არათუ ამ პატარა კუთხეში, რომლის მიმართაც უკვე რამდენი წელიწადია, შავი ფიარი მიდის, რომ აქ ცხოვრობენ რადიკალები და სეპარატისტები.

– შიშის გამო ხვდებოდით ჯავახელები პრეზიდენტ სააკაშვილს?

– რა თქმა უნდა, მართალია, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ნახევარზე მეტი გათავისუფლდა ამ შიშისგან, მაგრამ მაინც რჩება შიშის ფაქტორი. დღემდე ფრთხილად ვიქცევით, იმიტომ რომ, თუ შუქი არ არის და ჩვენ ვიტყვით, რატომ არ არის შუქი, ეს აღიქმება, როგორც ექსტრემისტული მოთხოვნა. დღეს სააკაშვილი დადის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ბათუმში, თბილისში, ზუგდიდსა თუ ქუთაისში მას უწყობენ საპროტესტო აქციებს და საზოგადოება ამას ნორმალურად აღიქვამს. სააკაშვილი 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იმდენჯერ არ ჩამოსულა ახალქალაქში, რაც 2013 წლის 24 იანვრის შემდეგ ჩამოდის, ჩვენს ხალხშიც არსებობს დიდი პროტესტი, მაგრამ აქციებს ვერ ვაწყობთ, რომ ექსტრემიზმად არ იქნას აღქმული. არადა, პროტესტის გამოხატვის უფლებას კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს და, მათ შორის, ჯავახელსაც აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაწყობთ ამ აქციებს, რადგან წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ფიარს, რომ ჯავახეთში ცხოვრობენ ჩვენი სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილი ადამიანები და ელიან შესაფერის სიტუაციას, რომ ზურგში დანა ჩაგვარტყანო.

– თქვენს მოთხოვნებზე ვსაუბრობდით.

– 2006 წლამდე ყველაფერი ნორმალურად იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ ჯავახეთში სომხური ენის ბაზაზე უნდა გახსნილიყო უნივერსიტეტი, რომ ჯავახელ სომხებსა და ქართველებს ესწავლათ, რაც მომავალში მათ ინტეგრაციაში დაეხმარებოდათ.

– და სომხურ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება ინტეგრაციას როგორ შეუწყობს ხელს?

– ინგლისურად ხომ იღებენ განათლებას? მაშინ ის განათლება რად უნდათ?! ჩვენ, ეროვნებით სომეხმა საქართველოს მოქალაქეებმა, გვინდა, ვისწავლოთ სომხურადაც, იმიტომ რომ არსებობს შიში, რომ ჩვენ შეიძლება, დავკარგოთ ჩვენი ეთნიკური სახე, კულტურა, რელიგია.

–  მე ჩემს აზრს გეტყვით, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეუწყობს ხელს სხვა ქვეყნის მოქალაქის აღზრდას. მოქალაქე კი აღიზრდება სასწავლო დაწესებულებაში.

– მაგალითად, ლიბანში სომხები 0,5 პროცენტია მოსახლეობის და იქ არსებობს სომხური უნივერსიტეტი. რას უშლის ეს ხელს და ყველაზე მთავარი: რა არის ამაში ექსტრემისტული?! 2006 წლამდე ყველა თანამდებობის პირი, გოგა ხაჩიძე თუ სხვები, ვინც დაკავშირებული იყო ჩვენს რეგიონთან, გვპირდებოდა, რომ აუცილებლად გაიხსნებოდა ქართულ-სომხური უნივერსიტეტი, ჩვენ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთო. როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი მარაგარიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი შეხვდნენ ერთმანეთს, ორივემ განაცხადა, ეს თქვენი უფლებაა და აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენი უმაღლესი სასწავლებელიო. მაგრამ 2006 წელს ოპოზიციაში გადავედით და გავიმარჯვეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ახალქალაქში 67,3 პროცენტი მივიღეთ, კენჭს ვიყრიდით პოლიტიკური პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“. სოფლებში უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავდა, მაგრამ სოფლებში ურნები მასობრივად გაიტაცეს, ზოგან დაიკარგა. მაგალითად, ერთი სოფლიდან, რომელიც ახალქალაქიდან 8 კილომეტრშია, სამი დღის შემდეგ ჩამოვიდა საარჩევნო ურნა. მაშინაც არ ვიყავი ექსტრემისტი, მაგრამ, როგორც კი ვთქვი, არ მინდა „ნაციონალური მოძრაობა“, გავხდი ექსტრემისტი.

– გთავაზობდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებას?

– არა მარტო, სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნას.

– და რატომ არ დათანხმდით?

– ჩვენ ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო ჩვენთვის, რა ფორმითაც მართავდნენ ჩვენს რეგიონს. ჩვენ ვიყავით საინფორმაციო ვაკუუმში და, სანამ არ დამიჭერდნენ, არც კი ვიცოდი, რომ მსგავსი რაღაცეები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ხდებოდა. ჩვენ გვეგონა, მხოლოდ ჩვენთან ხდებოდა ასე, სამწუხაროდ, დღესაც საინფორმაციო ვაკუუმში ვართ.

– თქვენ როგორ დაგიჭირეს?

– ეს არასდროს მითქვამს: 2008 წლის 18 ივლისს ჩემთან მოვიდა ჩემი ახლობელი და მითხრა, რომ ჩემს დაკავებას გეგმავდნენ და ჩემთვის უნდა წაეყენებინათ ბრალი პოლიციელის მკვლელობის გამო. მითხრა ჩემი დაკავების დღეც, 20 ივლისი და საათიც. მადლობა ვუთხარი ინფორმაციისთვის, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე: რატომ უნდა მომკვდარიყო პოლიციელი და რატომ უნდა დამბრალებოდა ეს მე. იმ დღეს, 18 ივლისს, ჩვენს მთავარ ოფისში ჩაატარეს ჩხრეკა.  20 ივლისს ჩემი ორგანიზაციის წევრებთან ერთად წავედი სოფელ განძაში შეხვედრაზე. იქ დაირხა ხმა, რომ ახალქალაქთან, მიტოვებულ შენობაში მოკლეს პოლიციელი არმენ გაბრიელიანი. განძაში ბევრი ხალხი იყო, თანამდებობის პირები ერევნიდან, მინისტრები, სააკაშვილის მრჩეველი ვან ბაიბურით, დეპუტატები. იმ ღამესვე შეცვივდნენ ჩემს სახლში ჩხრეკაზე. თუმცა ჩემი ცოლ-შვილი გავხიზნე ცოლის მშობლებთან. ყველას დაგვადეს ხელბორკილები და გვითხრეს, თვალები დახუჭეთო. 2 წუთის შემდეგ გაგვახელინეს. ჯერ ჩემი უმცროსი ძმის საწოლში აღმოაჩინეს „კალაშნიკოვი“, შემდეგ მამაჩემის საწოლში, ბალიშის ქვეშ –  2 ხელყუმბარა და, ბოლოს, ჩემს საწოლში –  პისტოლეტი. მოკლედ, მთელი არსენალი იპოვეს ჩემს სახლში. ბრალი წამიყენეს იარაღის უკანონო შენახვაზე. ექსტრემიზმის ბრალდება არ წამოუყენებიათ.

– ციხეში როგორ გექცეოდნენ, თქვენ მიმართაც იყო ძალადობა?

– 2009 წლის 14 აპრილს საფრანგეთის მოქალაეებმა პარიზში საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს, თავისუფლება ვაჰაგან ჩახალიანსო. ამის შემდეგ, 16 აპრილს ჩემი ძმა, მამაჩემი და ჩემი ბიძაშვილი დააპატიმრეს... იყო დღე, როცა მე დამითვლია 4 გვამი, ამიტომ არ მჯერა ოფიციალური სტატისტიკის, გაცილებით მეტია დაღუპული ციხეში, რამდენიმეჯერ მეტი. ჩემს თანასაკნელებს სცემდნენ, რომ მე შემეწყვიტა ბრძოლა და შემწყდარიყო ჩემს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები.

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი: ისინი ახლა ამბობენ, რომ პატიმრების უმეტესობა ტუბერკულოზით დაიღუპა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, ვთქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ციხეებში, უფრო ზუსტად, საკონცენტრაციო ბანაკებში განზრახ ავრცელებდნენ ტუბერკულოზს, რომ, რაც შეიძლება, მეტი პატიმარი დაავადებულიყო და დაღუპულიყო.

– თქვით, რომ შიში და იზოლაცია ისევ არის თქვენს რეგიონში, ამას რა ეშველება?

– მთავარია, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმ თემებზე, რომლებსაც ადრე ტაბუ ჰქონდა დადებული. მთავარია, არის დისკუსიის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვათ და თქვენი აზრი გავიგოთ. აქამდე კი იყო ის, რომ ჩვენ ვართ ექსტრემისტები და გვინდა საქართველოს დაშლა. ახლა ჩემთვის ღიაა პრესა. ერთი კვირის წინათ ვიყავი თბილისში, შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს და მათთან, როგორც თქვენთან, პოლემიკაში შევედი. ჩემთვის ყველაზე რთულია, როდესაც ექსტრემისტებს გვიწოდებენ. ჩვენ გულწრფელად გვინდა საქართველოსთვის სიკეთე და ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ესმის, რომ წავიდა დრო, როცა ქვები უნდა ვესროლოთ ერთმანეთს, მოვიდა დრო, როდესაც შეცდომებს უნდა გადავხედოთ და გამოვასწოროთ, რის გამოსწორებაც შეიძლება.

 

скачать dle 11.3