კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ომარ დურმიშიძის სულიერი მემკვიდრეობის ბედი გაურკვეველია

ომარ დურმიშიძეზე საუბრის მოსმენა არასდროს მომწყინდება. ხელოვანი, რომელმაც სულ რაღაც 45 წელი იცოცხლა და ამხელა მემკვიდრეობა დატოვა, ნამდვილად არის იმისი ღირსი, რომ სულ გვახსოვდეს და შესაბამის პატივსაც ვცემდეთ მის შემოქმედებას. 

თეა დურმიშიძე – მისი ერთადერთი ქალიშვილი, დიდი სევდით ყვება მამაზე:

– მისთვის მატერიალურს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, საკმარისი იყო სულ მცირედი, საარსებოდ საჭირო მინიმუმი... და ხატვა! ხატვა კი ხელოვანმა ყველგან უნდა შეძლოსო, ამბობდა. სახელოსნოს რასაც ეძახდა, პატარა ბნელი სარდაფია, იმდენად ნესტიანი, რომ აქ სურათების დაკიდებაც კი შეუძლებელია, ნესტი გააფუჭებს. სწორედ აქ მუშაობდა... აქ, გარეთ და ღამით...  ღამის მხატვარიც კი დაარქვეს...

– ომარ დურმიშიძეზე დაწერილი წერილის საილუსტრაციოდ კარგი იქნება მისი „ჩაიკოვსკის ქუჩა”, ან „ვერცხლის ქუჩა” გადავიღოთ, – ვუთხარი მასპინძელს და თვალწინ დამიდგა ეს და მხატვრის სხვა საუკეთესო ტილოებიც, რომლებიც „თი ბი სი ბანკის” საგამოფენო დარბაზში მქონდა ნანახი წლების წინ... თეას მოულოდნელად ძალიან დიდი მწუხარება დაეტყო სახეზე...

– სამწუხაროდ, ვერაფერს გადავიღებთ. მამაჩემის მემკვიდრეობა დაყადაღებულია.

სიტყვა გამიწყდა...

– როგორ?  განა შეიძლება, ომარ დურმიშიძის სულიერი მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი აღარ იყოს ჩვენთვის?

მასპინძელს აშკარად ტკივილით მოეწურა გული:

– საუბედუროდ, ასე მოხდა. მას მერე, რაც დედინაცვალი გარდაიცვალა, სახლი ნასყიდობით თავის ნათესავს დაუტოვა. თუმცა, რაც შეეხება მამაჩემის სურათებსა და ჩანაწერებს, ამის შესახებ არაფერი უთქვამს და არც იტყოდა. მან იცოდა, რადგან მამა პირად საუბრებში ყოველთვის ყველასთან აღიარებდა, რომ ეს ნამუშევრები ჩემი  იყო. სამწუხაროდ, დღეს ამ ბინიდან  მამაჩემის ჩანაწერებისა და სურათების გამოტანას ვერ ვახერხებ. მხოლოდ მატერიალური ღირებულების მქონე არც ერთ ქონებაზე არ მექნებოდა დავა, მაგრამ ის, რაც მამაჩემის სულიერი, ინტელექტუალური საკუთრება იყო, იმას, რასაც დიდი რუდუნებით ინახავდა, რომ თავისი შვილისთვის – ჩემთვის დაეტოვებინა, ვერაფრით შეველევი.

– რატომ არ იზრუნეთ, რომ თავის დროზე წამოგეღოთ სურათები?

– ჯერ ერთი, მამა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, ამიტომ ანდერძის დაწერაზე არც უფიქრია. მერე კი იმდენად კარგი ურთიერთობა მქონდა მის მეუღლესთან, იმდენად გარკვეული იყო ყველაფერი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. როგორც შეგვეძლო, მეც და მამაჩემის მეგობრებიც, მატერიალურად ვეხმარებოდით, ვზრუნავდით მასზე... რაც ჩემთან იყო, ისიც კი იქ მიმქონდა, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობდა, ვფიქრობდი, ჯობდა, მემორიალური მემკვიდრეობა ერთად ყოფილიყო თავმოყრილი... 

თეა დურმიშიძე თავადაც მხატვარია, მამის გვერდით იზრდებოდა და სწავლობდა...,  სიანკარე შეჰქონდა გოგონას მის საკმაოდ მძიმე ყოველდღიურობაში. ამაზე ყვება ზეთში შესრულებული შვილის პორტრეტი „თეა”...

ომარ დურმიშიძეს აქვს ერთი სურათი „ავტოპორტრეტი ჩიტით”.

შეუძლებელია, დაგავიწყდეს ამ სურათზე ასახული მხატვრის დაძარღვული ხელები, დანაოჭებული შუბლი და სხეულზე ნაოჭებად ქცეული სამოსი (გაგახსენებს გურამ დოჩანაშვილის პორტრეტსაც, რომლის დახატვის მერეც მეგობრისთვის ალალად უთქვამს: არ გეწყინოს, ასეთი ნაოჭებიანი რომ ხარ სურათზე, სახეზე შენი ტვინიც დაგახატეო). მისი სიფრთხილე და დაჟინება, რომლითაც ჩიტს უყურებს, იცის, რომ არსებობს რაღაც, რასაც განსაკუთრებული მოფრთხილება უნდა, მაშინაც კი, თუ წინ ცარიელი ჯამი გედგება... ამ სულის ჩიტს თავად ყოველთვის უფრთხილდებოდა. ახლა რა იქნება? ამაზე ალბათ  აქ თეა დარდობს და მამამისი – ზეციურ საქართველოში.  აკი თავად ამზადებდა შვილს, რომ მისი სურათებისთვის მოევლო, რესტავრირება ასწავლა...  ზოგიერთი მათგანი მერე თეამ აღადგინა... და დღემდე მუშაობს ამ მიმართულებით.  სწორედ ამიტომ, პატარა რომანტიკული გოგონა კი არა, უკვე ფეხზე მტკიცედ მდგარი, წარსულიდან ნასაზრდოები და სულიერებით სავსე დახატა ის, 1982 წელს ტუშით. თეა შეიძლებოდა, ყოფილიყო საყრდენი!

ძალიან გაუჭირდებოდა ამისი წარმოდგენა, რომ ერთ დღეს თეას სასამართლოში მოუწევდა სიარული იმის გამო, რომ დაემტკიცებინა: მამას ის განსაკუთრებულად უყვარდა და ეიმედებოდა, თავის სულიერ მემკვიდრეობას მხოლოდ მისთვის აგროვებდა... ეს იყო მისი ვალდებულება ერთადერთი ქალიშვილის მიმართ, რათა მისთვის შეექმნა და დაეტოვებინა ეს კოლექცია, რომელიც ხელშეუხებელი იყო ყველასთვის.

ნეტავ კომპოზიტორი ან პოეტი მაინც ყოფილიყოო, – ალბათ, გაკენწლავს გულში მხატვრის ქალიშვილს, მაშინ ასე არ გაუმწვავდებოდა მამის სულიერი მემკვიდრეობის მოვლაზე უფლების მოპოვება... და ესეც რომ არ იყოს, მარტო მისი კი არა, ომარ დურმიშიძე რასაც ხატავდა, საქართველოსია. უპატიებელია, რიგიანად დაცული და ხელუყოფელი რომ არ დარჩეს შთამომავლობას...

გურამ დოჩანაშვილი: ბედნიერება მქონდა, ვყოფილიყავი მხატვარ ომარ დურმიშიძის მეგობარი. კარგად ვიცნობ მის მაღალ შემოქმედებას, ყოველ მის ნახატს, რომლებსაც მუდამ მოწიწებული აღფრთოვანებით შევხაროდი.  დღეს სწორედ ამ ნახატების რატომღაც სათუო ბედით დიდად შეწუხებული ვარ. ვიცით, ის მთავარი და უბრალოც კი – ჭეშმარიტება, რომ ყოველი მშობლისთვის, მით უმეტეს, ისეთი სულიერი სიფაქიზით გამორჩეული შემოქმედისთვის, მთავარი საზრუნავი მისი შვილი – ერთადერთი და შემოქმედებაა! და ნუ შევაწუხებთ იმქვეყნად მის ნათელ სულს, მით უმეტეს, რომ მხატვარ თეა ომარის ასულ დურმიშიძის გარდა საკადრისად და სწორად მოვლა-პატრონობას მისი შემოქმედებისას – ვერავინ შეძლებს.

ერთი პირობა ისიც გავიფიქრე, ამ წერილს ჩარჩოში ჩასმული სიცარიელით დავბეჭდავ-მეთქი. ეს იქნებოდა განგაშის სიმბოლო! მერე გადავიფიქრე... ომარ დურმიშიძეს ბევრი ავტოპორტრეტი აქვს დახატული და ყოველ მათგანში იკითხება ერთგვარი შიში და განგაში, რომ „სულის ჩიტი” არავინ გადათელოს. სწორედ ამიტომ, თავის დროზე მოწყობილი გამოფენის კატალოგიდან ამოვიღე მხატვრის პორტრეტი, რომელიც ყველას  და ამ შემთხვევაში – მკითხველს, თვალებში უყურებს.

 

скачать dle 11.3