კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საათი მიუძღვნა ზვიად ციკოლიამ ალექსანდრე ქართველიშვილს და რა ოცნებები აისრულა მან მარინა ხორავასთან ერთად

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დიზაინერ მარინა ხორავას „არტ-სტუდია“ მდებარეობს, სადაც უკვე მეორე სეზონია, ადამიანები წარმატებით ეუფლებიან დიზაინერის პროფესიას, გადიან მასტერკლასებს და რაც მთავარია, დიზაინერთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობენ. სტუდიაში დიზაინერთან მინიმალურ ფასში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იძენენ. „არტ-სტუდიაში“ სულ სამი საგანი ისწავლება: დიზაინერთან მასტერკლასები, რომელიც მოიცავს კომპოზიციების ხატვას, მოდის ტენდენციებსა და ბევრ საინტერესო თემაზე საუბარს. მეორე – ეს არის კონსტრუირება, ანუ კოსტიუმის თარგის აგება. მესამე – ჭრა-კერვა.

 

მარინა ხორავა: ზოგადად, ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, ის გარემო პირობებსაც თავად იქმნის. თუ პიროვნებას ძლიერი სული აქვს, მიზანდასახულია, აუცილებლად გააკეთებს საკუთარ წარმოებას. თუნდაც წარმოების არმქონე ქვეყანაში. მე, როცა ეს ყველაფერი გავაკეთე, მაშინ არ არსებობდა საკუთარი წარმოება –  იყო ფაბრიკები და უკვე ისინიც იხურებოდა. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტელევიზიაში წამყვანების ჩაცმულობა. ის პერიოდი, როდესაც ყველას ეცვა შავი, შინდისფერი, ყავისფერი, მე შემომქონდა ფერადები. თუმცა, ჭიდაობა მჭირდებოდა, მაგრამ მენდობოდნენ. 

– იმ პერიოდში თბილისი გააფერადე. 

– იმ დროს ამაზე ძალიან ბევრს წერდნენ ჟურნალისტები. მეც სულ ფერადი ვიყავი. ახლა, ალბათ, მომბეზრდა და მუქი ფერებისკენ წავედი. ზოგჯერ ამბობენ: ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაფერისად გაცვიაო –  ეს არ არის სწორი. ქვეყანაში როგორი დუხჭირი მდგომარეობაც უნდა იყოს, შენი სულიერი განწყობილება არ უნდა დაუქვემდებარო გარემოს, რადგან ასეთი განწყობა ყალბია. უბრალოდ, ჩვენ „თალხი“ ტიპაჟები ვართ, ამიტომაც იცვამენ ქართველები თალხ ფერებს.

–  შენ არანაირად არ ხარ „თალხი“.

–  არ ვარ „თალხი“ ტიპაჟი, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ფერადოვანი გზებით არ გამივლია. პირიქით, ბევრი ვიწვალე, არც ისე სასიამოვნო მოსაგონარია ჩემთვის ბევრი რამ, ისევე, როგორც სხვა ადამიანებისთვის. მაგრამ, ეს არასდროს აისახებოდა ჩემს ჩაცმულობაზე. დღეს რომ მუქი ფერები მიყვარს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემოციები შემეცვალა. ადამიანს არასდროს ეცვლება ემოციები და საერთოდ, ადამიანი არასდროს იცვლება. აქედან გამომდინარე, ალბათ, ჩემი მუქი ფერები, ფეხზე – კედები ყოველდღიური ცხოვრების რიტმიდან მომდინარეობს.

–  დიდი ხანია, გიცნობ, არასდროს მინახავხარ დაღლილი, უემოციო, ცუდ განწყობაზე. ამას როგორ ახერხებ?

–  როგორც ჩანს, ძალიან მივეჩვიე ღიმილს და ეს ღიმილი სახეზე მაქვს მიწებებული. თუმცა, ის არასდროს არის ყალბი. მე ადამიანები მიყვარს და არასდროს ვარ იმასთან, ვისთან ურთიერთობაც არ მინდა –  ესეც ჩემი ცხოვრების სტილია. ვერავინ მაიძულებს ისეთ რაღაცას, რის კეთებაც არ მინდა და მიმაჩნია, რომ არ უნდა გავაკეთო. ურთიერთობა, მეგობრები ეს ის თემაა, რომელსაც შენ არჩევ. მე ვირჩევ მათ, ვისთანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს. აღარ ვდგავარ იმ რელსებზე, ჩემი დისკომფორტის ხარჯზე შევქმნა კომფორტული გარემო. ჩემს პრობლემებს არასდროს არავის ვახვევ და სულ ვამბობ, სხვა რამეა კულისები და სხვა –  სცენა.

–  როგორია მარინა ხორავა კულისებში –  სამი მამაკაცის გარემოცვაში, რომლებზეც თავიდან ბოლომდე ზრუნავს?

–  ორი კაცი ჩემი გაზრდილია და ვცდილობ, ისეთები გავზარდო, როგორსაც მე მივიჩნევ საჭიროდ. თუმცა, როცა ისინი გაიზრდებიან ისე გააგრძელებენ გზას, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ. ამ ასაკამდე შვილი გაზრდილი უნდა მოიყვანო, ჩამოყალიბებული სტერეოტიპით. ამ დროს ის ქუჩასა და გარემო სამყაროზე დამოკიდებული კი არ ხდება, პირიქით, უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება გადის არენაზე. როცა შვილს აჩენ, არ უნდა გეზარებოდეს მისი გაზრდა. რაც შეეხება ქმარს, სწორედ ისეთია, როგორიც მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო. სანამ ერთმანეთის გვერდით გვენდომება ყოფნა, ერთად ვიქნებით. ჯერ ერთი, ბევრ მთავარ საკითხთან: მორალთან, ხელოვნებასთან, ბავშვების აღზრდასთან, ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. ოჯახის რაობა ორივეს ერთნაირად გვესმის, აბსოლუტურად თანაბარი ურთიერთობა გვაქვს, ფსევდოკანონები არ გვაქვს: კაცს ეს ეკადრება, ქალს –  ეს. ჩვენ ოჯახში არც ერთს არ გვეკადრება ის, რაც არ ეკადრება ჩვენს ოჯახს. ცრუ კოდექსებით არ ვცხოვრობთ, საკუთარი კოდექსები გვაქვს. 

–  შენ შვილების, ოჯახის გამო ყველაფერზე თქვი უარი. 

–  აბსოლუტურად ყველაფერზე უარი ვთქვი და ამას ჰაერში არ გავუშვებდი. იმისთვის დავაყენე ჩემი თავი უკან, რომ კარგი შვილები, კარგი მეუღლე მყოლოდა და ისეთი ოჯახი მქონოდა, როგორსაც დღეს საზოგადოება ხედავს. მათში ძალიან ბევრი შრომა ჩავდე. ზვიკოშიც ჩავდე შრომა, თუმცა, ამას შრომა არც ჰქვია, რადგან გვერდში უდგავარ ნებისმიერ საქმეში, მამაკაცურად. მე რომ აწყობილი მქონდა საქმე, ის მაშინ იწყებდა. ჭკვიანია და აბსოლუტურად წყნარად, მშვიდად ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას. ზვიკოც თავის ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით მეკითხება რჩევას და შემდეგ ითვალისწინებს. მე საქმეში არ ვარ ზვიკოზე არანაირად დამოკიდებული და არც ის არის ჩემზე დამოკიდებული, მხოლოდ რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს. და, რაც მთავარია, ეს რჩევა ორივესთვის კომპეტენტურია. ის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს საქმეშიც –  ესეც ოჯახისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, უბრალოდ, ჩვენ ამ კუთხით ერთმანეთი სერიოზულად არ დაგვჭირვებია, რადგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი დიზაინერები ვართ. 

–  ზვიკოს შექმნილი აქსესუარების პირველი მომხმარებელი ხარ, თავად თუ ერევი ზვიკოს გარდერობში? 

–  ზვიკოს საათები სულ მიკეთია. „ლონჟინის“, „სტარკის“ საათები რომ მქონდა, ვამაყობდი, ახლა გვერდით გადავდე და ციკოლიას საათებს ვატარებ. თან, ვიფერებ, რადგან ჩემი ქმრის არის და, რაც მთავარია, ყველას ძალიან მოსწონს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, ამერიკაშიც. რადგან ტანსაცმლის ხაზი ჯერ არ მაქვს, იცვამს იმას, რაც მოსწონს. თან, არ არის ჩაცმაზე აქცენტირებული დიზაინერი –  იცვამს იმას, რაშიც კომფორტულად გრძნობს თავს. თავადაც სულ თავისი საათები უკეთია. ეს ის სტილია, რომელიც მე მომწონს. განსაკუთრებით ბოლო საათი –  „პ-47“, რომელიც ალექსანდრე ქართველიშვილს, მის თვითმფრინავს მიუძღვნა. ყველა საათს თავისი სახელი აქვს: „მოსკვიჩი“, „ვოლგა“, „პ-47“ და ტრანსპორტს უკავშირდება. 

–  ზვიკო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა კიდეც: ვოცნებობდი „მინი-კუპერი“ მყოლოდა და ჩემზე უფროსი ცოლიო. აუსრულდა ორივე ოცნება.

–  კი. ზვიკო საქმეში არ არის სენტიმენტალური, პრაგმატულია და ეს ძალიან კარგია. მე, ქალი ვარ და ზოგჯერ, საქმეში სენტიმენტები გამომერევა. ამის გამო ცხვირიც წამიმტვრევია, მაგრამ, ახლა ძალიან დავჭკვიანდი. ოღონდ, ფატალისტივით ვარ: საკუთარ შეცდომებზე სწავლა მირჩევნია, რადგან, სხივისი შეცდომა შენთვის ნაკლებად მტკივნეულია. ზვიკომ იცის ღირებულებების ფასი და პრინციპულად არ გადაუხვევს. პრინციპულია სიყვარულიშიც, საქმეშიც, ოჯახთან მიმართებაშიც. მან იცის, რომ არაფრით არ უნდა გააფუჭოს უფრო მეტად ღირებული, ნაკლებად ღირებულის გამო. სტაბილური ტიპაჟია, კარგად აქვს პრიორიტეტები ჩამოყალიბებული. პირში მითქვამს მისთვის: მე შენნაირი ერთგული და სერიოზული ქმრის შესახებ არსად წამიკითხავს-მეთქი. მას კი უპასუხია: თავში არ აგივარდეს, მაგრამ შენ ადგილზე სხვა ქალი რომ ყოფილიყო, მე ასეთი არ ვიქნებოდი, ეს შენი დამსახურებააო. 

–  სულ გქონდათ უცხოეთიდან შემოთავაზებები, მიდიოდით გარკვეული ხნით. ახლა რა ხდება ამ კუთხით?

–  შემოთავაზებები სულ არის და ასეც იქნება. ჩვენი ოჯახი არასდროს არავისზე, არც ქვეყანაზე, ყოფილა დამოკიდებული, გარდა საკუთარი თავისა. ჩვენი შრომით მივაღწიეთ ყველაფერს. ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, გეოგრაფია არ სჭირდება. თუ საჭიროება, საქმე მოითხოვს, რომლის გამოც ეღირება ბავშვების საქართველოდან წაყვანა, მაშინ, შეიძლება გადავიდეთ საცხოვრებლად. ეს საქმე ხომ ისევ ჩვენს ქვეყანას ხმარდება –  მისი სახელი ჩვენი დახმარებით უცხოეთში არაერთხელ გამხდარა ცნობილი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ძალებით მომხდარა და არა ქვეყნის თანადგომით. „დიდგორი“ ერთადერთი პროექტი იყო, როცა ქვეყანამ ჩათვალა, რომ ეს მის დიზაინერს უნდა გაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინერად მიიჩნევა, ლექციების წასაკითხად იწვევენ, მის ყველაზე წარმატებულ პროექტად მაინც „დიდგორი“ მიმაჩნია. 

 

скачать dle 11.3