კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რატომ არ ენდობოდა დიდ მოურავს შაჰ- აბასი და რის გამო გაექცა გიორგი სააკაძე მასთან თავის სიძეს – ლუარსაბ მეფეს

დიდ მოურავს ყველა ისტორიული წყარო ახასიათებს, როგორც უზადო მხედართმთავრს და აღიარებს მის ნიჭსა და უნარს. საინტერესოა გიორგი სააკაძისა და მისი სიძის – ქართლის მეფე ლუარსაბ მეორის ურთიერთობა, კერძოდ, რატომ გაიმეტა მეფემ საკუთარი ცოლისძმა სასიკვდილოდ. ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საკმაოდ ზერელედაა შესწავლილი ჩვენს ისტორიაში და საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს.

 

ვაჟა კიკნაძე: საკითხი, თუ რატომ გაიმეტა ლუარსაბ მეორემ გიორგი სააკაძე სასიკვდილოდ, საკმაოდ ზერელედაა შესწავლილი ჩვენს ისტორიოგრაფიაში. არსებობს ასეთი საკმაოდ საეჭვო დასკვნა, რომ დიდი თავადები, რომლებიც გარს ეხვივნენ ახალგაზრდა მეფეს, გიორგის მტრობდნენ მისი სოციალური წარმოშობის გამო და მეფეს შთააგონებდნენ, მოეშორებინა მოურავი, რაც ადვილად დაიჯერა სულსწრაფმა ლუარსაბმა და მისი ბედიც გადაწყვიტა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ უნდა ყოფილიყო. 

დავიწყოთ იმით, თუ როგორ მოხდა მეფისა და გიორგი სააკაძის დამოყვრება: იმ დროს, როდესაც ლუარსაბი 20-21 წლის გახლდათ, გიორგი სააკაძე, რომელიც უკვე განთქმული იყო თავისი ორგანიზატორული ნიჭითა და ენერგიით, ცდილობს, დაუმოყვრდეს მეფეს. ეს დეტალი აშკარად იკვეთება: ის აწყობს დიდ ლხინს, პატიჟებს ლუარსაბ მეორეს და სუფრაზე მწდედ უნიშნავს საკუთარ დას, რომელიც განთქმული იყო სილამაზით. მეფე მოიხიბლა ამ ქალით და ძალიან მალე მისი ხელიც სთხოვა მხედართმთავარს. სწორედ აქ ჩანს, რომ მთლად მარტივად არ არის საქმე: ერთი მხრივ, სააკაძე, თითქოს უარს ეუბნება მეფეს ამ ქორწინებაზე, ამავე დროს კი, მისივე ნათესავის, იოსებ სააკაძის (თბილელი), მისი პიროვნების განმადიდებელი პოემის – „დიდმოურავიანის“ ავტორისა და სომეხი ისტორიკოსის არაქელ დავრიჟეცის ცნობით, სააკაძე ემუქრება ლუარსაბს: თუ უპატიოდ დამიგდებს დას და ცოლად არ მოიყვანს, არ ვაცოცხლებო. ამასთან, ლუარსაბის დედას, რომელიც ამ ქორწინების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ლუარსაბი დადიანის ასულ მარიამს შეირთავდა, დიდი მოურავი უთვლის: „თქვენი შვილი ჩემს დასა მთხოვს, მე არ ვაძლევ ჩემის ნებით, არა ვღირვარ, დაუშალე, გამორჩევის კარგის მცნებით“ („დიდმოურავიანი“). აქ სააკაძე აშკარად არ არის გულახდილი. ნაკლებ სარწმუნოა, თითქოს გიორგის მართლა მიაჩნდა, რომ „არა ღირდა“, რადგან, იმავე ნაწარმოებში იგი სიამაყით ამბობს: ვეჭვ, ზოგ თავადსაც მოსწადდეს ჩემებრი აზნაურობაო. გიორგის ეს სიტყვები, ჩემი აზრით, იმას ემსახურება, რომ მან არგუმენტი მოუშალოს დედოფალს; იმის ნაცვლად, რომ დედა-დედოფალს დაჟინებით მოსთხოვოს, ლუარსაბმა აუცილებლად იქორწინოს ჩემს დაზეო, პირიქით, თავს ისაწყლებს – სათქვენოდ არა ვღირვარო. სააკაძის ამ სიტყვების არაგულწრფელობას ერთი ფაქტიც ადასტურებს: სულ ცოტა ხანში ის ხელშეკრულებას დებს იმერთა მეფე გიორგისთან, რომ მისმა ძემ ცოლად შეირთოს სააკაძის ერთ-ერთი ასული. მართალია, ეს ქორწინება შემდგომ არ შემდგარა მიზეზთა გამო, მაგრამ, ფაქტია, თუ გიორგი სააკაძეს ერთი მეფის ღირსად არ მიაჩნდა თავი, მაშინ, სხვა მეფესთან დამოყვრებაზეც არ შეადგენდა ამ ხასიათის ხელშეკრულებას.

ასე არაგულწრფელად და ანგარებით შემდგარი ქორწინება საკმაოდ ტრაგიკული გამოდგა ორივე მხარისთვის, პირველ ყოვლისა კი – თვითონ ახალგაზრდა მეფისთვის.

– რატომ?

– მეფისა და სააკაძის დის დაქორწინებიდან არ გადის ნახევარი წელიწადი და, სრულიად მოულოდნელად, ლუარსაბმა დაადგინა, სააკაძისთვის მამული ჩამოერთმიათ და სიკვდილით დაესაჯათ. ეს დადგენილება დაუსწრებლად, სააკაძისგან ფარულად იქნა გამოტანილი, რადგან, მეფემ იცოდა, რომ საჯარო წესით ის ვერ გაუმკლავდებოდა დიდ მოურავს. სასამართლომდეც რომ მისულიყო საქმე, გიორგი სააკაძე რამეს მოიფიქრებდა და თავს არავის დაასჯევინებდა, მით უფრო, რომ მას ყველგან ბევრი მომხრე ჰყავდა. ამიტომ იყო, რომ მეფემ ის წავკისში დაიბარა, სადაც დაგეგმილი იყო გიორგის გაუსამართლებლად მოკვლა. გიორგი სააკაძეს თავისი მომხრეებისა და მოენეების მთელი ქსელი ჰქონდა თბილისის გარნიზონსა და მეფის კარზე. ერთ-ერთმა მათგანმა, ბააკა ხერხეულიძემ, მართლაც გასცა ლუარსაბის ჩანაფიქრი და გიორგის აცნობა ყველაფერი. სწორედ ამის შემდეგ გადაიხვეწა სააკაძე სპარსეთში, შაჰ-აბასთან.

– რატომ მაინცდამაინც შაჰ-აბასთან?

– პირადად ჩემთვის ეს ძნელად ასახსნელია. ვინც გიორგი სააკაძის პიროვნების განდიდებას ცდილობს, ამბობს, რომ, ჯერ ერთი, მას სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა და, მეორე, მას შაჰის ხელით სურდა საქართველოს გაერთიანება. ჩემი აზრით, ორივე ეს დებულება მცდარია იმიტომ, რომ სააკაძემ თავისი ოჯახი გაგზავნა იმერეთის მეფესთან, რომელთანაც თვითონაც თავისუფლად შეეძლო გადასვლა, ეს ერთი; მეორე – შაჰის ხელით გაერთიანებული საქართველო როგორი წარმოასდგენია, მე არ მესმის. როგორც ჩანს, გიორგი სააკაძე წავიდა იმიტომ, რომ მას სურდა, შური ეძია მეფეზე და ამას შეძლებდა მხოლოდ შაჰის ხელით. ამ ვარაუდს ბევრი წყარო ადასტურებს.

– თვითონ ლუარსაბმა რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ სააკაძე?

– უნდა აღვნიშნო, რომ, ყველა წყაროს მიხედვით, ლუარსაბ მეორე სიმამაცით, სილამაზით, ახოვანებით გამოირჩეოდა და, როცა საჭირო გახდა ქრისტიანობისთვის თავგანწირვა, მან უყოყმანოდ გადაწყვიტა, თავი დაედო საკუთარი რწმენისთვის და არაფრით არ მიიღო ისლამი, საიდანაც კეთდება დასკვნა, რომ ლუარსაბი არ იყო ადვილად დასარწმუნებელი და გადასაბირებელი კაცი, თორემ, სხვაგვარად მოიქცეოდა. აქედან გამომდინარე, ჩნდება აზრი, რომ არც სააკაძესთან დაკავშირებით იყო ასე მარტივად საქმე, რომ თავადებმა რაღაც უთხრეს, მან მაშინვე დაიჯერა ეს და მეფემ სააკაძე სასიკვდილოდ გაიმეტა. იბადება კითხვა: მაინც, რა ედებოდა გიორგი სააკაძეს ბრალად, რომ, ჰუმანურმა, ახალგაზრდა მეფემ მას ასეთი სასტიკი განაჩენი გამოუტანა? 

 თვით სააკაძის პიროვნების მეცნიერულად შემსწავლელი და მეხოტბე პროფესორი გივი ჯამბურია აღიარებს, რომ ფეოდალურ სამყაროში ასეთ განაჩენს (ამოწყვეტა ან მოკვლა და მამულის ჩამორთმევა) მხოლოდ სახელმწიფოს ან მეფის ღალატისთვის უსჯიდნენო. გავიხსენოთ იგივე ბააკა ხერხეულიძის მაგალითი, რომლის საქციელიც მეფის ღალატი იყო. ლუარსაბმა ის სააკაძისთვის ენის მიტანის გამო სიკვდილით კი არ დასაჯა, არამედ, მხოლოდ ცხვირი მოაჭრა. მაშ, მეფის მეუღლის ძმას რა დანაშაული მიუძღოდა ისეთი, რომ  მას ასეთი საშინელი სასჯელი მიუსადაგეს. მალე მეფე სააკაძის დასაც გაშორდა. ვფიქრობ, აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ „განჩინების წიგნს,“  რომელიც გიორგი სააკაძესა და ქაიხოსრო ჯავახიშვილს შორის სასამართლოს შემდეგ შეიქმნა. ამ „განჩინებაში“ ძალიან საინტერესო მომენტია კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით. დასკვნაში სააკაძე ასეთ რამეს ამბობს: ჩემს ოჯახში, როგორც შვილი გავზარდე ვინმე ბერუკა (ჩანს, გვრად ჯავახიშვილი), რომელიც ძალიან ბევრჯერ დავიხსენი ტყვეობიდან და მისთვის ყველაფერი გაზიარებული მქონდა, როგორც ჩემი ოჯახის წევრისთვისო. მომავალში მათ შორის განხეთქილება ჩნდება. სააკაძე ვარაუდობს, რომ, როგორც ჩანს, ბერუკას არ ესიამოვნა, რომ ის ქაიხოსრო ჯავახიშვილის მოყვარე გახდა. ამის შემდეგ კი დიდი მოურავი ძალიან საინტერესო რამეს ამბობს: ჩვენი უთანხმოების შემდეგ, ბერუკა ჩემგან გაიქცა, „გადრამიბრუნდა, ლუარსაბთან ბეზღობა დამიწყო, ჩემი მწყალობელი ბატონი გამიწყრომა და ამ ალაგიდამა ცოლით და შვილით დამკარგა, სასაფლაო და მონასტერი დამაკარგვინა და რჯულიდან შემცვალაო,” ანუ, ფაქტობრივად, გიორგი პირდაპირ აღიარებს, ვინ იყო იმ ყველაფრის მიზეზი, რაც მას გადახდა; მეფესთან უთანხმოების მიზეზად მოურავი დიდ თავადებს კი არა, მის ოჯახში გაზრდილ ბერუკა ჯავახიშვილს ასახელებს.

– რა შეიძლება ეთქვა მეფისთვის ახალგაზრდა ბერუკა ჯავახიშვილს ისეთი, რასაც ლუარსაბი დაიჯერებდა და სააკაძის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას მიიღებდა?

– ამ დროს სპარსეთის კარზე ძალიან ბევრი გადახვეწილი ქართველი იყო, მათ შორის – გიორგი სააკაძის ძმა, ზოგიერთი მისი ნათესავი და არაკანონიერი ბატონიშვილები, რომელთაც შაჰი ამზადებდა ლუარსაბის შესაცვლელად საქართველოს ტახტზე. როგორც ჩანს, გიორგიმ მათთან დაიჭირა კავშირი, რაც ყველაზე დიდი დარტყმა იყო ლუარსაბისთვის. რა თქმა უნდა, მეფემ მტკივნეულად აღიქვა ის ფაქტი, რომ გიორგი თან მისი მოყვარეა, თან კავშირი აქვს შაჰის იმ წრესთან, რომელიც ყოველდღე მზად არის მის მოსასპობად და ტახტზე მის შესაცვლელად. როგორც ჩანს, აი, ეს აცნობა ბერუკამ მეფეს. მას, როგორც სააკაძის ოჯახის ყოფილ წევრს, შეუძლებელია, გამოჰპარვოდა, თუ რა კავშირები ჰქონდა გიორგის შაჰის კართან.  

– მაშ, როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ გადამყვეტ მომენტში შაჰსაც გადაუდგა გიორგი სააკაძე და შვილი გაწირა?

– თითქმის ყველა წყარო წერს, რომ, როდესაც შაჰმა გამოგზავნა ჯარი და მარტყოფის ცნობილი აჯანყება მოხდა, შაჰმა ჯარი არა სააკაძეს, არამედ, გასპარსებულ სომეხს, ყარჩიღა-ხანს ჩააბარა. ერთ-ერთი ევროპელი მისიონერის ცნობით, შაჰს დიდი მოურავისთვის უთქვამს: როგორც კი საქართველოში შევალთ, მაშინვე დაგნიშნავ მთავარსარდლადო. ბუნებრივია, ეს ცუდად ენიშნა გიორგის. ამიტომ, საქართველოში ჩამოსული, ლოჭინის ხევთან შეჩერდა ვითომ სანადიროდ, სინამდვილეში კი, გამუდმებით ელოდა შაჰის შიკრიკს, რომელიც ამ გზით მოიტანდა ბრძანებას ირანის მმართველისგან. მართლაც, რამდენიმე დღეში გამოჩნდა შიკრიკი, რომელსაც მოჰქონდა ცნობა: ჯერ ქართლი გააწყვეტინეთ სააკაძეს, შემდეგ მასაც თავი მოჰკვეთეთო. ყველა ქართული და უცხოური წყაროსა და თვით „დიდმოურავიანის“ ცნობით, გიორგიმ შიკრიკი განგმირა, წერილი კი გააქრო. მხოლოდ ამის შემდეგ მიაყენა მართლაც არნახული ზარალი შაჰს სააკაძემ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მისი საშინელი რისხვა შაჰის მიმართ გამოიწვია ამ წერილმა და არა მხოლოდ იმან, რომ ის მობრუნდა საქართველოსკენ... ასე რომ, ის მნიშვნელოვანი არგუმენტი, რამაც მარტყოფის აჯანყებაში მიაღებინა მონაწილეობა სააკაძეს, შაჰის „ფირმანი“ ანუ ბრძანება იყო.

– რატომ გაიმეტა შაჰმა გიორგი სააკაძე?

– შაჰი არასდროს ენდობოდა სააკაძის მსგავს პიროვნებებს, თუმცა, აფასებდა მის მხედართმთავრულ ტალანტს. გიორგი უდავოდ ნიჭიერი, კარგი მებრძოლი და მხედართმთავარი იყო, მაგრამ, მას გაქნილი შაჰ-აბას პირველი ბოლომდე არ ენდობოდა იმიტომ, რომ, ის სწრაფად გადავიდა მის მხარეს და შაჰ-აბასის თხოვნის გარეშე მიიღო ისლამი, გაწირა საკუთარი მეფე და, ამასთან ერთად, მუდმივად უკიჟინებდა ირანის მბრძანებელს, სანამ ლუარსაბს არ მოკლავ, ქართლი არ დაისვენებსო. ერთი მხრივ, შაჰისთვის კარგი იყო, რომ სააკაძე ადვილად დაემორჩილა, მეორე მხრივ კი, სწორედ ამის გამო არ ენდო მას – საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არც მე დამინდობსო. მისი შვილიც ამიტომ დაიტოვა მძევლად. აქვე აღვნიშნავ, რომ მძევლად ამ პერიოდის თითქმის ყველა ქართველი მეფის ძეებს მოუხდათ ყოფნა. მათგან ზოგიერთი სასტიკად აწამეს და სიცოცხლესაც გამოასალმეს. ასე რომ, ასეთი რამ მაშინ მიღებული იყო. მაშინდელ ახლო  აღმოსავლეთში გიორგი სააკაძის მსგავსი ძლიერი პიროვნებები ყველაზე მეტად საშიში შაჰისთვის იყვნენ. ვერაგმა აბას პირველმა საკუთარი ოჯახის წევრებიც არ დაინდო და, გასაგებია, რომ გიორგის არ დაინდობდა... 

ასე რომ, ვფიქრობ, მარტივი ახსნაა ის, რომ ცუდმა თავადებმა გიორგი მხოლოდ შურის გამო დააბეზღეს, სულსწრაფმა ლუარსაბ მეორემ კი იგი მაშინვე გაწირა.

 

скачать dle 11.3