კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

გიორგი დილით სამსახურში მიდიოდა, ღამეს კი საკმაოდ მოუწყობელ პალატაში ათევდა. სამი დღე და ღამე ისე გავიდა, დიმიტრისთან არათუ მტერი, მნახველიც კი არავინ მოსულა. მეოთხე დღეს გიორგი პროფესორთან მივიდა და უთხრა, ჩემს ღამისთევებს აზრი არ აქვს, ფიზიკურადაც აღარ შემიძლია. მირჩევნია, სამსახურის შემდეგ მოვიდე და რამდენიმე საათს დავრჩეო. ქებაძე დაეთანხმა. წასვლის წინ გიორგი მზიასა და სანიტარს მოელაპარაკა და, დაღლილი, მაგრამ, გულდამშვიდებული გავიდა კლინიკიდან.

შეშინებული მზია დიმიტრის პრაქტიკულად აღარ ტოვებდა მარტოს. იყო თუ არ იყო საჭირო, თავთან ეჯდა და მზად იყო, დაუპატიჟებელ სტუმართან ხელჩართული ბრძოლის გასამართავად. ჯანიანი სანიტარი ქალი კი ყოველ ათ-თხუთმეტ წუთში შემოდიოდა და მზიას ეკითხებოდა, ხომ მშვიდობააო.

დიმიტრი თავიდან არ აქცევდა ყურადღებას თავის გარშემო შექმნილ უცნაურ სიტუაციას, მაგრამ, მერე და მერე შენიშნა მზიას დაძაბულობა და ჰკითხა, რა ხდებაო.

– არაფერი, ბატონო დიმიტრი. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ რეანიმაციაში მედპერსონალის მეტს არავის აქვს შემოსვლის უფლება! რა ხდება, ვერ გავიგე, ვისაც არ ეზარება, ყველამ თქვენს საწოლს უნდა დაარტყას კრუგი! ერთი კიდევ შემოუცდეს ვინმეს ფეხი, ნახავს, რა ჩიტსაც დაიჭერს! – დაიმუქრა მზია და თავის სათაყვანო პაციენტს შიშველ დუნდულაზე გამეტებით დაარჭო ნემსი.

– ვაი! – შეჰყვირა დიმიტრიმ, – რა იყო, ქალო, ჩემზე იყრი ჯავრს? – და გამწარებულმა დაიზილა ნანემსარი.

– მაპატიე, ბატონო დიმიტრი, მაგრამ, ისე ვარ გაცოფებული, ძალა ვეღარ მოვზომე, – შეწუხდა მზია და, ის იყო, კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, რომ დერეფანში ჩოჩქოლი შეიქნა. შეშფოთებულმა ექთანმა მიატოვა უკანალგაშიშვლებული ავადმყოფი და ძუნძულით გაიქცა კარისკენ, რათა გაეგო, რა ხდებოდა, რომ, ამ დროს, რეანიმაციის კარი ვიღაცამ ფეხით შემოანგრია და მთელი ხმით იყვირა:

– მაჩვენეთ, სად წევს ის ახვარი, ჩემი თვალით უნდა ვნახო, როგორ ამოსდის სული, მე მაგის დედაც!..

აგრესიულ უცნობს მთელი განყოფილება ეცა და წუთში გააკავეს, მაგრამ, ის მაინც მთელი ხმით ღრიალებდა:

– მოკვდი, შე ნაბიჭვარო! მეშინოდა, შენზე ადრე მე არ ამომხდომოდა სული, მაგრამ, ღმერთი მაღალია, იცის, პირველი ვინ უნდა მოაშოროს ადამიანებს; თუმცა, შენ ისეთი ჩათლახი ხარ, იქაც რამე გოთვერნობას ჩაიდენ და იქიდანაც აგიკრავენ გუდა-ნაბადს. მოკვდი, შენი დედაც! ჩაძაღლდი და დაასვენე ეს ქვეყანა, შე ახვარო!

რამდენიმე წუთში პატრულიც მოვიდა, უცნობ მამაკაცს ხელბორკილი დაადეს და პალატიდან გაიყვანეს. აღელვებული მედპერსონალი ერთმანეთს ეკითხებოდა, ყველა აქ ვიყავით და ისე როგორ შემოგვეპარა, რომ ვერავინ შევამჩნიეთო. ამ არეულობაში ავადმყოფი არავის გახსენებია. უცნაური ხრიალი რომ მოესმათ, ყველა ერთად გაჩუმდა და საწოლისკენ გაქცეულ მზიას გააყოლეს თვალი.

– მიშველეთ, ირაკლი ექიმო! – იყვირა ექთანმა. შეშინებულმა ქებაძემ ძლივს მოიყვანა დიმიტრი გონს.

ცოტა ხნის შემდეგ პროფესორმა პოლიციაში დარეკა და სთხოვა, თუ შეიძლება, დაკავებულის დაკითხვას დავესწრებიო. ქებაძე ძალიან აღელვებული იყო. რაც ეს ავადმყოფი დააწვინა თავის კლინიკაში, დაძაბულობა და უსიამოვნება არ ელეოდა, მაგრამ, დაკითხვაზე დასწრება ძალიან უნდოდა. წასვლის წინ დიმიტრისთან შეიარა, მზიას სათანადო მითითებები დაუტოვა, სხვა ავადმყოფებიც მოინახულა  და პოლიციის განყოფილებაში წავიდა.

მის კლინიკაში დაკავებულ მამაკაცს პროფესორი ირაკლი ქებაძე ცხოვრებაში პირველად ხედავდა.

ორმა პოლიციელმა ოთახში შემოიყვანა, უფრო სწორად, შემოიტანა დაკავებული, რომელიც ქაღალდივით იყო გაფითრებული და ფეხზე ძლივს იდგა.

– ვინ ხართ და რა გინდოდათ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში? – ჰკითხა გამომძიებელმა.

– მე გუგა ვარ, იმ ახვარის ყოფილი მეგობარი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და მაგრა ვძმაკაცობდით, მაგრამ, ერთხელაც, ეს ნაბიჭვარი მოვიდა და, სწორედ იმ დღეს, როდესაც ყველაზე ბედნიერ კაცად მიმაჩნდა თავი, სულში ჩამაფურთხა, მე კი ვერაფრით გავუწიე  წინააღმდეგობა. მას შემდეგ ამერია ცხოვრება და მსოფლიოში ყველაზე უბედურ კაცად ვიქეცი. ამდენი წელია, ამ მომენტს ველი და ამას გავუშვებდი ხელიდან?! თანაც, მეშინოდა, ვაითუ, ვერ მოვასწრო-მეთქი.

– რა მომენტი ვერ გაუშვით?

– რომ მივსულიყავი და ნიშნი მომეგო – მე ცოცხალი ვარ, ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავარ, შენ კი კვდები-მეთქი. მინდოდა, როგორც მან ჩამაფურთხა სულში, მეც ისევე მოვქცეოდი, ოღონდ, მარტო სულში კი არა, სახეშიც მიმეფურთხებინა და მეთქვა, რომ, დიდი ხანია, ერთით ერთია, თანაც, თვითონ მომცა ამის შანსი, მაგრამ, თქვენ არ მაცალეთ და, ალბათ, ვეღარასოდეს ვეტყვი, რადგან, არც მე მიწერია დიდი დღე.

– რატომ, ნარკოტიკის გამო? თქვენ ხომ ახლაც „წამლის“ ზემოქმედების ქვეშ ხართ! – „უიაზვა“ პოლიციელმა, – ხომ იცით, რომ ამის გამო კარგა ხანს მოგიწევთ ციხის კედლებში ყურყუტი?

– ჩემი განარკომანებაც მაგ ნაბიჭვრის ბრალია, მაგრამ, ყველაფერზე მალე აგებს პასუხს. რადგან ასეთ მდგომარეობაში ვნახე, ახლა სიკვდილისაც აღარ მეშინია. ის კი არა, შეიძლება, უფრო სახალისოც კი იყოს, ერთად თუ გავუყვებით ჯოჯოხეთის გზას...

– კი, მაგრამ, ასეთი რა გჭირთ? – დაინტერესდა გამომძიებელი.

– მეტი რაღა უნდა მჭირდეს? ღვიძლი, პრაქტიკულად, აღარ მაქვს... თან, სიმართლე გითხრათ, აღარც მინდა სიცოცხლე – ასეთ ყოფას რა აზრი აქვს?! მოვკვდები და სანთელს არავინ ამინთებს, ჭიქა ღვინოს არავინ წამიქცევს საფლავზე – ვის რაში ვჭირდები უშვილძირო, ხელიდან წასული არაკაცი?!. ისე ჩამაგდებენ მიწაში, ცრემლი არავის გადმოუვარდება... ის კი არა, ალბათ, საფლავამდეც არავინ მიმაცილებს...

დაკითხვა

გუგას წინასწარი ორთვიანი მიუსაჯეს და ბრალად ნარკოტიკების მოხმარება და მკვლელობის მცდელობა დასდეს. საბოლოოდ რას მიუსჯიდნენ‚ მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდებოდა ცნობილი.

დაკითხვაზე შეყვანილი გუგა „წამლის“ ზემოქმედების ქვეშ აღარ იყო‚ თუმცა‚ ისე იქცეოდა‚ გამომძიებელს ეჭვი გაუჩნდა‚ ვინმემ გარედან ხომ არ შეუგზავნა ნარკოტიკიო. მაგრამ‚ ეს გამოირიცხა, რადგან‚ ჯერ ერთი‚ მის მოსაკითხავადაც კი არავინ მისულა‚ თანაც‚ იზოლატორშიც და ციხეშიც ისეთი სიმკაცრე იყო‚ თანამშრომლებიდან ვერავინ გაბედავდა ასეთ რისკზე წასვლას.

ირაკლი ქებაძე დაძაბული იჯდა‚ სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ყოველი ღერის შემდეგ მუჭით იყრიდა პირში ვალიდოლის აბებს. ამ ხნის კაცი იყო და მსგავს სიტუაციაში არასდროს აღმოჩენილა. საერთოდ‚ ყოველთვის შორს იყო პოლიციისგან და‚ მით უმეტეს‚ გამოძიებისგან. ახალგაზრდობაც ისე გაატარა‚ ციხისა და დამნაშავეების შესახებ წიგნებიდან ან დეტექტიური ჟანრის ფილმებიდან თუ იცოდა რამე და, რატომღაც, ეგონა‚ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წიგნებისა და ფილმებისთვის იყო მოგონილი‚ ან‚ სადღაც სხვაგან‚ ისე შორს ხდებოდა‚ რომ თვითონ არასოდეს მოუწევდა მსგავს სიტუაციებთან შეხება.

გუგა რომ შემოიყვანეს დაკითხვის ოთახში‚ მის შემხედვარე პროფესორს გული გაუხდა ცუდად და გამომძიებელი იძულებული გახდა‚ ეთქვა‚ თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ‚ დაკითხვას თქვენ გარეშე ჩავატარებო, მაგრამ, ექიმი თავს მოერია და უარი თქვა. იცოდა, რომ აქ მეორედ ვეღარაფრით ვეღარ მოვიდოდა და‚ რადგან უკვე იჯდა იმ ცოდვით სავსე ოთახში‚ გადაწყვიტა‚ ბოლომდე გაეძლო. თან‚ სიმართლეც უნდა ითქვას: ცუდად ყოფნისა და მღელვარების მიუხედავად‚ აშკარად გრძნობდა‚ რომ მასაც მოერია ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე – გულის სიღრმეში ინტერესი თუ ცნობისმოყვარეობა კლავდა‚ ვინ იყო ეს ხელიდან წასული კაცი‚ რა საქმე და რა საერთო ჰქონდა მის‚ ერთი შეხედვით, რესპექტაბელურ პაციენტთან.

გამომძიებელს ირაკლი ქებაძის დაკითხვაზე დასწრება, მოწმის სტატუსის გარდა‚ სხვა მიზნითაც უნდოდა: ის გამოცდილი ექიმი იყო და გუგას ფსიქოლოგიური შეფასება აინტერესებდა‚ რადგან, თავად გამომძიებელსაც ეპარებოდა ეჭვი‚ რომ გუგა ლამის მომაკვდავი პაციენტის მოსაკლავად შეიპარა რეანიმაციულ პალატაში. უთხრა კიდეც ქებაძეს‚ სანამ ეჭვმიტანილს შემოიყვანდნენ – აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოსო. ექიმსაც ეჭვი ჰქონდა‚ რომ პალატაში გუგას შეჭრა უფრო ისტერიკა იყო‚ ვიდრე მკვლელობის მიზანი და ამაში მაშინ დარწმუნდა‚ როდესაც სპეციალურ ოთახში შეიყვანეს და უზარმაზარი მინის იქით‚ გრძელი მაგიდის ერთ თავში, უკვე დაწყნარებული ბრალდებული დასვეს. ირაკლი ცდილობდა‚ შეძლებისდაგვარად‚ რამდენადაც მათ შორის არსებული მინა და მანძილი მისცემდა ამის საშუალებას‚ მისი თვალები დაენახა‚ კარგად დაჰკვირვებოდა სახეზე და მისი ფსიქოტიპი ამოეცნო.

„გუგა სანებლიძე‚ დაბადებული 1969 წელს‚ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი. ჩაირიცხა ასპირანტურაში და დისერტაციაც თითქმის მზად ჰქონდა‚ მაგრამ‚ მოულოდნელად‚ ყველაფერს თავი მიანება და სახლიდან წავიდა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი‚ მერე კი გამოჩნდა‚ მაგრამ‚ წარმატებული და იმედის მომცემი ასპირანტის ნაცვლად‚ იმედგაცრუებულ და დამწუხრებულ მშობლებს ჩაძირული ნარკომანი და ცხოვრებაზე გამწარებული და ხელჩაქნეული შვილი შერჩათ ხელში. მიზეზს დღემდე არავინ ამხელს‚ თუმცა‚ გამოჟონილი ინფორმაციით‚ ამ ყველაფრის მიზეზი ქალია”... – გამომძიებელი ნელა‚ თითოეული სიტყვის გამოკვეთით კითხულობდა მოპოვებულ ინფორმაციას და ყოველი ფრაზის შემდეგ თვალებში შეჰყურებდა მის მოპირდაპირე მხარეს მჯდარ გაფითრებულ ეჭვმიტანილს‚ რომელიც თვალებგაფართოებული შესცქეროდა მას და ისე უსმენდა‚ ძნელი მისახვედრი იყო‚ რისი ეშინოდა – რამე არ გამოჰპარვოდა თუ‚ გამომძიებელს ის არ ეთქვა‚ რისი გაგონებისაც მას ყველაზე მეტად ეშინოდა.

სიტყვა „ქალის“ ხსენებაზე გუგა ისე შეკრთა‚ სუნთქვაც კი შეეკრა და ისედაც გაფითრებული სახე მთლად მიტკლისფერი გაუხდა.

– კარგად გიმუშავიათ‚ ბატონო გამომძიებელო‚ ოღონდ‚ ჩემთვის რომ გეკითხათ‚ ამ ყველაფერს თვითონ გეტყოდით და ამდენი წვალება აღარ დაგჭირდებოდათ‚ – დაფარული სიმშვიდით შეაწყვეტინა გუგამ.

ირაკლი ქებაძე დაჟინებით მისჩერებოდა შუშის მიღმიდან და, პირველი‚ რაც მან იგრძნო და გაიფიქრა‚ ის იყო‚ რომ ეჭვმიტანილის სკამზე არ იჯდა ვიღაც ვიგინდარა და პოტენციური მკვლელი. მართალია‚ მისი შემხედვარე ადამიანისთვის ეს ძნელად დასაჯერებელი და თითქმის წარმოუდგენელი იყო‚ მაგრამ, ექიმმა თავისი შეუმცდარი პროფესიული ინტუიციით, გუგას ხმის ტემბრითაც კი იგრძნო‚ რომ მის წინ იჯდა არა ყველაფერ ცუდზე წამსვლელი ნაძირალა‚ არამედ, ყოფილი მამაკაცი‚ ყოფილი წესიერი ადამიანი‚ რომლის ცხოვრებაშიც‚ ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო‚ ყოველივე კარგი – „ყოფილის“ კატეგორიაში იყო გადასული. ეს იყო უბედური კაცი‚ ფსკერზე დაშვებული‚ არარაობად ქცეული არსება‚ რომლის ხმასა და გამომეტყველებაშიც, მხოლოდ ახლა‚ როცა წამლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა‚ თითქოს გამოჟონა ძველმა‚ მივიწყებულმა და თითქმის სამუდამოდ დაკარგულმა საკუთარი ღირსების შეგრძნებამ. ის შეძლებისდაგვარად გამართული იჯდა და სევდიანი‚ ჩამქრალი თვალებით შესცქეროდა გამომძიებელს. ეს იყო ბედს დამორჩილებული ადამიანი‚ რომელიც ცხოვრებამ უმოწყალოდ დაწიხლა და მერე დაუნდობლად მიაგდო გვერდზე‚ რომ გამვლელ-გამომვლელს მასზე ფეხი შეეწმინდა. გამვლელ-გამომვლელი უამრავზე უამრავი იყო‚ ფეხის შეწმენდის მსურველი კი – გაცილებით მეტი. რაღაც მომენტში ირაკლი ქებაძემ მის სხეულზე თითქოს ნაფეხურებიც კი დაინახა და შეშინებულმა თავი გაიქნია‚ რომ ეს მოლანდება მოეშორებინა..

გამომძიებელს გაუკვირდა ეჭვმიტანილის მშვიდი ტონი‚ მაგრამ‚ იფიქრა‚ შემთხვევით ვისარგებლებო და ჩაეკითხა:

– ყველაფერს მეტყვი?

– ყველაფერს‚ რაც გაინტერესებთ.

– მაშინ‚ იმ ქალის შესახებ მიამბე.

– ვინ ქალის? – თითქოს გამოფხიზლდა გუგა.

– აი‚ წეღან რომ გითხარი. გამოჟონილი ინფორმაციით‚ შენი განარკომანების მიზეზი ქალი ყოფილა‚ თორემ‚ მანამდე თითით საჩვენებელი‚ უწესიერესი‚ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა იყავი‚ მაგრამ‚ ვიღაც გოგოს გამო...

– გაჩუმდი! – არაადამიანური ხმით იღრიალა გუგამ‚ სკამიდან წამოიწია‚ მაგიდას მუშტებით დაეყრდნო და გამომძიებლისკენ გადაიხარა‚ – არ გაბედო! არ გაბედო იმის ხსენება! ის შენი „ვიღაც გოგო“ არ არის! მეტად აღარ გაიმეორო‚ თორემ, საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ! მე რაც გინდათ‚ ის მიყავით‚ რაც გინდათ‚ მკითხეთ‚ ის კი თქვენი განსჯის საგანი არ არის‚ გასაგებია? – ყალყზე დამდგარ გუგას სახეზე არაადამიანური ტკივილი და მრისხანება ერთად ჰქონდა აღბეჭდილი და მთელი სხეული ერთ დიდ‚ მოჭიმულ ზამბარას მიუგავდა. მის ყვირილზე დაკითხვის ოთახში დაცვის ორი თანამშრომელი შევარდა‚ მაგრამ, გამომძიებელმა ხელის აწევით შეაჩერა.

– კარგი‚ დაწყნარდი. ბოდიშს გიხდი‚ თუ რამე ზედმეტი მომივიდა‚ – უკან დახევა არჩია გამომძიებელმა და ოთახში წყლის შეტანა მოითხოვა.

გუგამ სულმოუთქმელად გადაკრა ერთი ჭიქა წყალი და შედარებით დაწყნარებული დაუბრუნდა თავის სკამს.

– მზად ხარ? განვაგრძოთ?

გუგამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სიგარეტი ითხოვა. გამომძიებელმა თვითონ მოუკიდა თავის სიგარეტს და მიაწოდა. გუგამ ორი-სამი ნაფაზით ჩაიყვანა სიგარეტი ფილტრამდე‚ მერე თავი ჩაღუნა და თქვა:

– მკითხეთ‚ ყველაფერზე გიპასუხებთ‚ ოღონდ‚ ქალი არ ახსენოთ.

– კარგი‚ შევეცდები‚ მაგრამ‚ ადრე თუ გვიან‚ ვფიქრობ‚ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი.

– არა-მეთქი! ეს თემა სამუდამოდ დახურულია. იმ ქალის სახელს აქ ვერავინ ახსენებს. თუ ისევ ასე გააგრძელებთ‚ საერთოდ არაფერზე აღარ გიპასუხებთ!

– არ მიპასუხებ და ისევ შენთვის იქნება ცუდი.

– ვიცი‚ მაგრამ‚ მაინც ასე იქნება.

– კარგი. დიდი ხანია‚ იცნობ დიმიტრი ჩაჩავას?

– ბავშვობიდან.

– კარგი ურთიერთობა გქონდათ?

– ძმაკაცები ვიყავით.

– რატომ შეწყდა თქვენი მეგობრობა?

– დიმიტრიმ კაცობას უღალატა.

– რაში გამოიხატებოდა ეს ღალატი?

– ამას არ ვიტყვი. ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება.

– მერე როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?

– არანაირად‚ – გუგამ პაუზა გააკეთა‚ თითქოს რაღაცას იხსენებსო‚ – ურთიერთობა არანაირად აღარ გაგრძელებულა‚ უბრალოდ‚ ცხოვრება გაგრძელდა. უფრო სწორად‚ დიმიტრისთვის – ცხოვრება‚ ჩემთვის – არსებობა.

– ანუ? – ჩაეკითხა გამომძიებელი.

– ანუ‚ დიმიტრის ჰყავდა ცოლი‚ შვილები‚ ჰქონდა სამსახური‚ სხვათა შორის‚ ფულიც არ აკლდა‚ მე კი სასოწარკვეთილებისგან აღარ ვიცოდი‚ რა მექნა‚ ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და ნამდვილ არარაობად ვიქეცი  – ნარკოტიკში ვიპოვე შვება. არც არავინ აღმოჩნდა ისეთი‚ ხელი შეეშალა ამ საქმეში და‚ მეც‚ კი არ დავეშვი‚ გავწექი ფსკერზე. ჩემი მშობლებიც ამაზე დარდს გადაჰყვნენ‚ მაგრამ‚ ამანაც არ მიშველა‚ არ გამომაფხიზლა. უკვე ყველა და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა‚ უპირველეს ყოვლისა კი – საკუთარი თავი‚ რომელიც‚ გარდა იმისა‚ რომ ფეხებზე მეკიდა‚ თან‚ საშინლად მძულდა‚ მეზიზღებოდა‚ რადგან, ვგრძნობდი‚ რომ‚ ყველაფერი‚ რაც მოხდა‚ ჩემი სისუსტის ბრალი იყო... – გუგას ხელები აუკანკალდა და ისევ სიგარეტი მოითხოვა.

გამომძიებელმა ისევ თავის სიგარეტს მოუკიდა და მიაწოდა. ორიოდე წუთი ხმა არც ერთს არ ამოუღია. გამომძიებელი უყურებდა ამ ოდესღაც სიმპათიურ‚ ჯერ კიდევ არცთუ ხნიერ კაცს და გრძნობდა‚ როგორ ეცვლებოდა მის მიმართ განწყობა ცუდიდან კარგისკენ.

– პირველად როდის გასინჯე ნარკოტიკი?

– სწორედ იმ პერიოდში‚ როცა სასოწარკვეთილებისგან თავის მოკვლას ვაპირებდი.

– ვინმეს მიაკითხე „წამლისთვის“?

– არავისთვის არ მიმიკითხავს. უბანში თითქმის ყოველი მეორე იკეთებდა და ერთ-ერთმა შემომთავაზა – შენს დარდებს ეს უშველისო.

– მერე?

– რა – „მერე”? როგორც უშველა‚ თვითონ ხედავთ... – გუგამ ოფლით დაცვარული შუბლი ხელით მოიწმინდა და მოუსვენრად აწრიალდა‚ – ისევ დამეწყო...

– რა დაგეწყო? – უცებ ვერ მიხვდა გამომძიებელი.

– ლომკა დამეწყო‚ ძმაო და მეტს ვერაფერზე ვეღარ გიპასუხებ‚ ხვალისთვის გადავდოთ‚ თუ ხვალამდე გონს მოვედი...

გუგა გაიყვანეს. გამომძიებელი ექიმთან მივიდა:

– რას იტყვით‚ ბატონო პროფესორო?

– ჯერჯერობით ვერაფერს‚ გარდა იმისა‚ რომ საშინელმა სიბრალულმა შემიპყრო და‚ კიდევ‚ შემიძლია‚ დანამდვილებით ვთქვა‚ რომ ეს კაცი რეანიმაციაში ჩემი პაციენტის მოსაკლავად არ შესულა – ეს  არ არის მკვლელის ტიპაჟი. თუმცა‚ უფრო დარწმუნებით‚ დაკითხვის დასრულების შემდეგ შემეძლება დასკვნის გამოტანა.

– მეც ასე ვფიქრობ‚ – დაეთანხმა გამომძიებელი.

             * * *

... დაკითხვა სამი დღის შემდეგ გაგრძელდა. ირაკლი ქებაძე ისევ მინის მიღმიდან ადევნებდა თვალს ამ პროცესს.

 გუგა კიდევ უფრო გაფითრებული და დასუსტებული ჩანდა. ხელები უკანკალებდა‚ მთელი სხეული უთრთოდა და‚ თითქოს ვიღაცას რაღაცაზე ეთანხმებაო‚ პერიოდულად უცნაურად აკანტურებდა თავს.

გამომძიებელმა თანაშემწეს ყავა და სიგარეტი შემოატანინა და პატიმარს მაგიდაზე დაუწყო. გუგამ გაოცებით შეხედა და ირონიულად გაიცინა:

– რა ხდება‚ ბატონო გამომძიმებელო‚ ქველმოქმედების აქცია გაქვთ ციხეში‚ ამ ყველაფრით ჩემი მოთაფვლა გინდათ თუ‚ უბრალოდ‚ გეცოდებით‚ რადგან, ხედავთ‚ რომ ჩემი დღეები დათვლილია?

– დალიე და მოწიე. საკანში ყავას არ მოგართმევენ. პასუხისთვის მზად რომ იქნები‚ მითხარი‚ – უპასუხა გამომძიებელმა და ოთახში გაიარ-გამოიარა‚ რომ ყავის დალევის დროს პატიმარს უხერხულობა არ ეგრძნო.

გუგამ ხარბად დალია ქაფქაფა ყავა და ნეტარებისგან ამოიკვნესა. მერე ზედიზედ სამი ღერი მოწია. გამომძიებელმა საფერფლე იქვე მდგარ პატარა ურნაში ჩაცალა და ისევ გუგას წინ დადო. ეს უფრო იმისთვის გააკეთა‚ რომ‚ ერთგვარად‚ კონტაქტი დაემყარებინა პატიმართან და‚ რაღაც დონეზე‚ მისი კეთილგანწყობა თუ ნდობა მოეპოვებინა.

გუგა გაოცებით ადევნებდა თვალს გამომძიებლის საქციელს და უცებ სიცილი აუტყდა.

– რა გაცინებს? – უხერხულობა იგრძნო გამომძიებელმა.

– არ გინდათ‚ ბატონო გამომძიებელო‚ ძალიანაც ნუ მოინდომებთ‚ თორემ‚ შევეჩვევი პატივისცემას და‚ საკანშიც რომ მოვითხოვ და არ შემისრულებენ თხოვნას‚ მეწყინება. ჰოდა‚ რომ მეწყინება‚ მერე სხვანაირად მოვიქცევი... – გუგა ცოტა ხანს გაჩერდა და ისევ გაეცინა‚ – მე მეგონა‚ ცემით მომკლავდნენ‚ ესენი კი ისე დამტრიალებენ‚ თავი ხუთვარსკვლავიან რესტორანში მგონია...

– დავიწყოთ? – შეაწყვეტინა მონოლოგი გამომძიებელმა.

– დავიწყოთ‚ – დაეთანხმა ოდნავ გამხნევებული და ხასიათზე მოსული გუგა.

– უფრო სწორად‚ განვაგრძოთ‚ – გამომძიებელმა შეუვალი სახე მიიღო‚ რადგან, ამ სიტუაციაში გუგას ფამილარობა არანაირად არ აწყობდა‚ – შენ თქვი‚ რომ ნარკოტიკი უბანში მოგაწოდეს და იმ დღის მერე დაიწყო ყველაფერი.

– არა‚ ბატონო გამომძიებელო‚ იმ დღის მერე კი არ დაიწყო‚ საბოლოოდ და სამუდამოდ დამთავრდა ყველაფერი.

– რა ყველაფერი? – ისევ ვერ მიხვდა გამომძიებელი.

– რა და‚ ცხოვრება‚ ბატონო გამომძიებელო‚ ცხოვრება დამთავრდა. მე იმ დღეს ფიზიკურადაც მოვკვდი და სულიერადაც‚ თუმცა‚ დღეს‚ ოცი წლის შემდეგაც კი‚ თქვენ წინ ვზივარ და გესაუბრებით. მაგრამ‚ მერწმუნეთ‚ მე ახლა მკვდარი ვარ‚ უფრო სწორად‚ გვამი ვარ‚ მოლაპარაკე გვამი...

– დიმიტრი ჩაჩავას აღარ შეხვედრიხარ?

– აღარ. თხუთმეტი წელი ისე გავიდა‚ ქუჩაშიც  კი არ შემხვედრია‚ თუმცა‚ რამდენიმე წელი მეც არ ვიყავი საქართველოში.

– სად იყავი?

– რა ვიცი‚ ძირითადად რუსეთში დავხეტიალობდი, მერე კი ისევ აქეთ გამომიწია გულმა – ეტყობა‚ სადაც მეტად იტანჯები‚ იქ გირჩევნია ყოფნა.

– თავს რით ირჩენდი?

– ნელ-ნელა ყველაფერი გავიტანე სახლიდან. მერე კი ნულზე დავჯექი. სწორედ ამ პერიოდში შემხვდა დიმიტრი ქუჩაში: მაგარ კაიფში ვიყავი. სიგარეტი მომინდა და არ მქონდა. დავინახე‚ ფირმა მანქანა გაჩერდა და ვიღაც ტიპი გადმოვიდა იქიდან‚ ხელში სიგარეტის კოლოფი ეჭირა. პირდაპირ მივადექი და ერთი ღერი ვთხოვე. ცხვირაბზუებით შემომხედა‚ მაგრამ‚ სიგარეტი მაინც მომცა და მომიკიდა კიდეც. მადლობას რომ ვეუბნებოდი‚ მხოლოდ მაშინ შევხედე და, დიმიტრი არ შემრჩა ხელში?! მოვიკითხე. თვითონაც მიცნო. რომ გითხრათ‚ გაუხარდა-მეთქი‚ ტყუილი იქნება‚ მაგრამ‚ არ შეიმჩნია და თვითონაც მომიკითხა – თავად როგორ ხარო. ვუთხარი‚ როგორც ვიყავი‚ თუმცა‚ რა თქმა უნდოდა‚ ეგრევე მეტყობოდა ყველაფერი. რა ჰქონდა მიზნად‚ არ ვიცი‚ მაგრამ, სამსახური შემომთავაზა‚ ოღონდ, იმ პირობით‚ წამალს თუ შევეშვებოდი. წესით‚ თავმოყვარე კაცს ასეთ შემოთავაზებაზე უარი უნდა ეთქვა‚ მაგრამ‚ რადგან აღარც თავმოყვარეობა გამაჩნდა და აღარც კაცი ვიყავი‚ მაშინვე დავთანხმდი. თან‚ გულის სიღრმეში‚ ალბათ‚ იმის იმედი მქონდა‚ უფრო სწორად‚ იმედის პაწაწინა ნაპერწკალი‚ რომ, მასთან ახლოს ყოფნით‚ ოდესმე მაინც ჩამივარდებოდა ხელში შურისძიების მომენტი.

– როდიდან დაიწყე მასთან მუშაობა და რა თანამდებობაზე?

– მეორე დღიდან‚ ოღონდ‚ არანაირი თანამდებობა არ მქონია. თვითონ მოიგონა ეს თანამდებობა – თავის თანაშემწედ დამნიშნა და თანამშრომელთა ზედამხედველობა დამავალა, ანუ‚ ყურადღება უნდა მიმექცია‚ რომ ყველას წესიერად გაეკეთებინა თავისი საქმე. ხელფასიც ნორმალური დამინიშნა‚ მაგრამ‚ მანამდე კლინიკაში დამაწვინა და მკურნალობის ერთი კურსი იქ ჩამიტარეს.

– როგორ ფიქრობ‚ რატომ მოიქცა ასე?

– ეს მეც ვკითხე. მიპასუხა‚ შენთან დამნაშავე ვარ და, მინდა, გამოვისყიდოო.

– რაში იყო დამნაშავე?

– ეს მხოლოდ ჩვენ ორის საქმეა. ამის შესახებ არაფერს გეტყვით და ტყუილად თავს ნუ შეიწუხებთ კითხვების დასმით‚ – გუგამ აკანკალებული ხელით მოუკიდა სიგარეტს და ხარბად მოწია.

– მერე რა მოხდა?

– ისეთი არაფერი. მასთან დავიწყე მუშაობა. ორჯერ თუ სამჯერ ვიწექი კლინიკაში. მკურნალობის შემდეგ რაღაც პერიოდი ვიკავებდი თავს‚ მაგრამ‚ რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ჭაობში ვეშვებოდი და ვალს ვალზე ვიმატებდი. რომ ვეღარ გავისტუმრე, თანხა ფირმის სეიფიდან მოვიპარე. ვიფიქრე‚ ხელფასიდან ნელ-ნელა შევავსებ-მეთქი‚ მაგრამ‚ არ გამომივიდა. ბოლოს კი ეს ამბავი დიმიტრიმ გაიგო და არ მაპატია. ჯერ ყველაფერი დამაყვედრა‚ მერე თანამშრომლების თვალწინ გამაბანძა და ბოლოს ბინა გამაყიდვინა‚ რომ ვალი დამეფარა. ასე დავრჩი ქუჩაში.

– ახლა სად ცხოვრობ?

– ნათესავს აქვს ერთი ოთახი იტალიურ ეზოში და იქ ვარ. იმას მაინც დაკეტილი ჰქონდა და შევეცოდე. თან‚ ძალიან სარემონტოა და‚ როცა ფხიზელი ვარ‚ ცოტა-ცოტას ხელს შევავლებ ხოლმე – მეხერხება ასეთი რამეები. მოკლედ‚ ქირის ნაცვლად‚ წესრიგში მომყავს იქაურობა.

– დიმიტრის რატომ მიუვარდი საავადმყოფოში?

– არ მივუვარდი. გავიგე‚ კვდებაო და, მინდოდა‚ სიკვდილის წინ მისთვის თვალებში ჩამეხედა.

– მისი მოკვლა არ გქონდა განზრახული?

– მაგდენი ვაჟკაცობა რომ მქონოდა‚ ამ ოცი წლის წინ მოვიკლავდი თავს‚ მაგრამ‚ ლაჩარი გამოვდექი. ახლა მის მოკვლას რაღა აზრი აქვს. პირიქით‚ მინდა‚ ცოტა ხანს კიდევ იცოცხლოს‚ ოღონდ, ისე‚ რომ ბოლო დღეები და თვეები წამებაში გაატაროს‚ მე კი ამას ვუყურო.

– რეანიმაციის პალატიდან პატრულმა რომ გამოგიყვანა‚ უთხარი‚ მინდოდა, დიმიტრისთვის მეთქვა‚ უკვე დიდი ხანია‚ ერთით ერთია და ანგარიშის გასწორების შანსი თვითონ მომცაო. რას გულისხმობდი?

– ოო... ეგ ის თემაა‚ რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ გაიგებს. მაგრამ‚ ეს სიბრაზით ვუთხარი. სინამდვილეში კი, ერთით ერთი კი არა... ამ ამბის ანგარიშის დადგენა შეუძლებელია‚ რადგან, ეს იყო ორი არაკაცის არაკაცური გარიგება თუ პირობა – არც კი ვიცი‚ რა დავარქვა. დიმიტრი ნაძირალაა და ნაძირლობა შემომთავაზა. მაგრამ‚ მეც ნაძირალა ვარ და‚ ეს შემოთავაზება არათუ მივიღე‚ შევასრულე კიდეც – მინდოდა ნიშნი მომეგო‚ მაგრამ‚ მას კი არა‚ საკუთარ თავს მოვუგე ნიშნი‚ თუმცა‚ იხტიბარი არ გავიტეხე და, მინდოდა‚ მისთვის მეთქვა‚ რომ ბოლოს მაინც დავამარცხე.

– რაში დაამარცხე?

– ყველაფერში. მეტს აღარაფერს გეტყვით ამის შესახებ.

– შიდსი მჭირსო‚ თქვი იმ დღეს. ეს მართალია?

– ზუსტად არ ვიცი, მგონი ვირუსმატარებელი ვარ.

– ეს‚ რამდენადაც ვიცი‚ ერთი და იგივე არ არის.

– ერთი და იგივეა‚ – გუგამ ახალ სიგარეტს მოუკიდა‚ – როცა გადადება შეგიძლია‚ განსხვავებას ვერ ვხედავ.

– ვინმეს გადასდე? – დაინტერესდა გამომძიებელი.

– არ ვიცი და ეგ მტანჯავს ყველაზე მეტად.

– შენ ვისგან აიკიდე?

– ეგ რომ ვიცოდე!.. მაგრამ‚ ჩემს შემთხვევაში დიაგნოზი ადვილი დასასმელია – ნახმარი შპრიცით! წადი და ამტკიცე‚ ტყუილიაო...

– და‚ კიდევ ერთი კითხვა: დიმიტრი ჩაჩავას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი?

– არა‚ მორალური.  თუმცა‚ ძალიან ვწუხვარ‚ რომ ასეთ დანაშაულზე პასუხისმგებლობას არც ერთი ქვეყნის და არც ერთი ეპოქის კანონმდებლობას არ გაუთვალისწინებია და არც ახლა ითვალისწინებს. 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3