კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ღმერთმა გაუბედურებას გადამარჩინა

ლადო საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. მაშინვე მოგვეწონა ერთმანეთი. ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ სხვა ბიჭებივით არ ტინგიცობდა და არ მარიაჟობდა. სერიოზული იყო, დახვეწილი მანერებით, კარგი სიტყვა-პასუხით. მერე როიალთან დაჯდა და ულამაზესად დაუკრა და იმღერა (სხვათა შორის, ეს თავის მოსაწონებლად არ გაუკეთებია, იუბილარმა სთხოვა და ხათრი აღარ გაუტეხა). ამის შემდეგ საცეკვაოდ გამიყვანა და, „ფოქსტროტით“ დაწყებული, „ტანგოთი” დამთავრებული, ისე მაბზრიალა, თავბრუ დამახვია. თუმცა, ისედაც დამახვია თავბრუ თავისი ჯენტლმენობით, რაც ასე იშვიათია დღეს. მე თვითონ მოცეკვავე ვარ და იშვიათად მინახავს, ბიჭი რომ ასე ცეკვავდეს. ერთი სიტყვით, ცეკვის დასრულების შემდეგ უკვე ყურებამდე ვიყავი მასზე შეყვარებული, თუმცა, რაღაც უცნაურობები ხასიათში მაშინვე შევამჩნიე, მაგალითად, როცა ვუთხარი, მოცეკვავე ვარ და ანსამბლში ვცეკვავ-მეთქი, მითხრა, ხვალიდან იქ აღარ წახვალო. მაშინ მე ეს ხუმრობად ჩავუთვალე და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ რომ დამირეკა და ვუთხარი, რეპეტიციაზე ვარ-მეთქი, ისე გამიბრაზდა (მე ხომ გითხარი, იქ ფეხს აღარ მიადგამო), რომ, სიმართლე გითხრათ, ჯერ შემეშინდა, მერე კი გული მომივიდა, მაგრამ, პაემანზე ძალიან თბილად შემხვდა, ულამაზესი თაიგულით, მერე რესტორანში წამიყვანა, ერთი სიტყვით, ყველანაირად თან გადამყვა (ცეკვაზე ხმაც არ ამოუღია) და მეც მალე დამავიწყდა მისი უტაქტო საყვედური.

ერთ-ერთ პაემანზე კაფეში დავსხედით და ათას რამეზე ვილაპარაკეთ. მე ჩემს ამბებს ვუყვებოდი, ის – თავისას (ამით ვცდილობდით, უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი). როცა ვუთხარი, ლამის ბავშვობიდან ვოცნებობ დიდ და ლამაზ სიყვარულზე-მეთქი, მიპასუხა: მე სიყვარულზე არასდროს მიოცნებია, რადგან, ეს ასეც უნდა იყოსო. ვერ მივხვდი, რას გულისხმობ-მეთქი, რომ ვკითხე, მითხრა: მე ისეთი მამაკაცი ვარ ჩემი შინაგან-გარეგანი თუ ანკეტური მონაცემებით, რომ ჩემზე ისედაც ყველა გოგო გიჟდება, მაგრამ, ის, ვისაც მე ავირჩევ ჩემი ცხოვრების თანამგზავრად, უნდა მაღმერთებდეს და ჩემს ყველა მოთხოვნას უპირობოდ უნდა ასრულებდესო.

– შენ არ უნდა აღმერთებდე-მეთქი? – ვკითხე ღიმილით, რადგან, მეგონა, რომ ხუმრობდა. იცით, რა მიპასუხა? მე ის მეყვარება, პატივს ვცემ, ვარჩენ კიდეც, მაგრამ ღმერთი ქმარი უნდა იყოს ცოლისთვის და არა პირიქითო. თუ ძალიან ეყვარები, მაგრამ, კერპად არ გაგიხადა-მეთქი? მაშინ, ძალიან მწარედ ინანებს, რომ საერთოდ გამომყვა ცოლადო. ეს რომ მითხრა, თვალებში ისეთი ბოროტი და ცინიკური ნაპერწკალი აუკიაფდა, შემეშინდა და რამდენიმე წუთის შემდეგ ვუთხარი, თავი ამტკივდა და სახლში წამიყვანე-მეთქი. ძალიან შეწუხდა და მაშინვე წამიყვანა, თან, მთელი გზა მეკითხებოდა, როგორ ხარო. მეორე დილით დამირეკა და მითხრა, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა მეთქვა შენთვის და, რადგან შენი თავის ატკიების გამო ვეღარ მოვახერხე, დღეს შევხვდეთო. მართალი გითხრათ, გული მიგრძნობდა, რასაც მეტყოდა და ყველანაირად ვეცადე, რომ ეს შეხვედრა თავიდან ამეცილებინა, მაგრამ, ვერ შევძელი – მაინც დამითანხმა. ამიტომ, პაემანზე მიმავალი, გზაში ვაწყობდი გეგმებს, რა მეთქვა და როგორ მოვქცეულიყავი, თუმცა, დავსხედით თუ არა, ყოველგვარი შესავლის გარეშე, მაგიდაზე გახსნილი კოლოფი დამიდო ბრილიანტის ბეჭდით და შეუვალი ტონით მითხრა: ვიცი, გაგიხარდება, რასაც ახლა გაიგონებ, რადგან, ასეთ წუთებს ყველა გოგო მოუთმენლად ელის, მით უმეტეს, ჩემნაირი ბიჭისგან: მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ანუ, თვითონ გადაწყვიტა და ეს იყო მთავარი, ჩემს აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა; თანაც, ისე უნდა გამხარებოდა, იქვე მადლობებად უნდა დავღვრილიყავი და წინასწარვე თაყვანი უნდა მეცა ჩემი მომავალი კერპისთვის. სიამართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ნებისმიერი გოგოს ცხოვრებაში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის ასეთი საშინელი იქნებოდა. ასეთი ორიგინალური ხელის თხოვნის შემდეგ ისეთი შოკი მივიღე, რამდენიმე წუთს გონს ვერ მოვედი, მერე კი მხოლოდ იმის თქმა მოვახერხე, რამდენიმე დღე უნდა მომცე პასუხის მოსაფიქრებლად-მეთქი, თუმცა, უკვე ზუსტად ვიცოდი, რა პასუხსაც გავცემდი. ლადომ კი გაოცებით და თან საკმაოდ მრისხანედ მითხრა: მე მეგონა, სიხარულისგან გადაირეოდი, არჩევანი  შენზე რომ შევაჩერე და ხელი გთხოვე, შენ კი დღეები გჭირდება თანხმობის სათქმელად? ასე არ გამოვა, საყვარელო, თუ ჩემთან ერთად ცხოვრება გინდა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, თუ არა და… – მერე წარბი ასწია და რაღაც საშინელის თქმა დააპირა, მაგრამ, მე აღარ ვაცალე და, უკვე გონზე მოსულმა (ანუ, მივხვდი, რა მონსტრიც იდგა ჩემ წინ), პირდაპირ მივახალე: სიმართლე გითხრა, რამდენიმე დღის შემდეგაც იმავე პასუხს გაიგონებდი, რასაც ახლა გეტყვი – მე შენი ცოლი არასდროს გავხდები, იმიტომ, რომ აღარც მომწონხარ და აღარც მიყვარხარ. შენთან ყველა ქალი უბედური იქნება, რადგან, საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ხარ და, სულ ტყუილად გგონია, რომ შენი ცოლობა ბედნიერებაა. რამდენიმე დღით მოცდა კი იმიტომ გთხოვე, რომ შემეცოდე, მაშინვე მეთქვა უარი-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, არც კი დავმშვიდობებივარ, ისე გამოვბრუნდი და წამოვედი. ძალიან მინდოდა იმ წუთებში მისი სახის დანახვა, მაგრამ, თავი დავძლიე და უკან აღარ მიმიხედავს.

მეორე დღეს დამირეკა და ერთადერთი კითხვა დამისვა: კაფე-რესტორნებში და ყვავილებში რაც ფული დაგახარჯე, იმას ვინ დამიბრუნებსო. წარმოგიდგენიათ?! ჯერ მართლა დავაპირე, მესესხა რაღაც თანხა და მისთვის გამეგზავნა, მაგრამ, ჩემი დაქალი გადაირია – გიჟი ხომ არა ხარ! შენ ხომ არ გითხოვია, რესტორანში წამიყვანე და ყვავილები მიყიდეო, ჰოდა, არა უშავს, ცოტათი თუ დაზარალდებაო.

ლადოსთან დაშორება არ განმიცდია, პირიქით, ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ რაღაც საშინელებას გადავურჩი. აშკარად ღმერთმა გადამარჩინა გაუბედურებას. ამ შემთხვევამ კი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მასწავლა: არავინ არ უნდა შეაფასო გარეგნული და ანკეტური მონაცემების მიხედვით; მთავარია, როგორი პიროვნებაა და როგორი ხასიათი აქვს – მხოლოდ ამას ვერ შეცვლი, დანარჩენ ყველაფერს კი ეშველება.

შორენა, 23 წლის.

скачать dle 11.3