კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიქმნა რუსეთში ჯავახეთის დიასპორა და რა მოთხოვნები და შეთავაზებები აქვს მის პრეზიდენტს, აგასი არაბიანს, საქართველოს ხელისუფლებისადმი

რუსეთში ჯავახეთის დიასპორის პრეზიდენტმა აგასი არაბიანმა სულ ახლახან სომხურ ინტერნეტგამოცემას ინტერვიუ მისცა (სტატიის სათაურია: „ქართული ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ღალატი“), რომელშიც არ დაუმალავს საკუთარი უკმაყოფილება საქართველოს არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკით. ინფორმაციის პირველწყაროდან მიღების მიზნით, დავუკავშირდით აგასი არაბიანს, რომ უშუალოდ მისგან მოგვესმინა მისი პრეტენზიებიც და ამ პრეტენზიების საფუძვლიანობაც. მანამდე კი გეტყვით, რომ აგასი არაბიანი ქალაქ ახალციხეში დაიბადა, თუმცა უმაღლესი სასწავლებელი ერევანში დაამთავრა, როგორც თავად გვითხრა,  იმ უბრალო მიზეზით, რომ მისთვის სასურველ სპეციალობას თბილისის არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ასწავლიდნენ.

 

– საქართველოდან წახვედით საცხოვრებლად რუსეთში. რატომ არ წახვედით სომხეთში?

– სომხეთში ჩემს ნათესავებს არ ჰქონდათ შესაფერისი პირობები. ნათესავებთან კი, რომლებიც ცხოვრობდნენ როსტოვში, იყო პირობები, სადაც შემეძლო ცხოვრება. ჩემი საკუთრება გროშებად გავყიდე ახალციხეში, ზოგი გავაჩუქე და რუსეთში ჩამოვედი სახოვრებლად, მაგრამ მე იმიტომ არ ვეწევი საზოგადოებრივ აქტივობას, რომ ნაწყენი ვარ საქართველოზე.

– თუმცა თქვენი ინტერვიუებით მე ვერ ვიტყოდი, რომ თქვენ არ ხართ ნაწყენი ჩვენზე. თქვენს ორგანიზაციას აქვს უცნაური სახელწოდება –  „ჯავახეთის დიასპორა რუსეთში“. რუსეთი რა შუაშია ჯავახეთთან?

– აგიხსნით. ჩვენ ვართ ჯავახეთიდან.

– მე მგონია, რომ თქვენ საქართველოდან ხართ წარმოშობით.

–  ყველამ იცის, რომ სამცხე-ჯავახეთი საქართველოა და ჩვენ ამას არ ვმალავთ. ტერიტორიულად ამ მხარეს ჰქვია ჯავახეთი და, რადგან ვცხოვრობთ ჯავახეთის, საქართველოს გარეთ, ესე იგი, ჯავახეთის დიასპორაა და, იმიტომ რუსეთი, რომ ვართ რუსეთში.

– მხოლოდ ეთნიკური სომხები არიან თქვენი ორგანიზაციის წევრები?

– არა, ჩვენს ორგანიზაციაში გვყავს ქართველებიც, ბერძნებიც, ებრაელებიც, რომლებიც წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან არიან.

– რა არის თქვენი ორგანიზაციის მიზანი და ფუნქცია?

– ჩვენ გვაქვს წესდება, რომელშიც ჩამოწერილია ჩვენი მიზნები. ორგანიზაცია კი 2008 წელს შეიქმნა, როდესაც დაიწყო რეპრესიები სამცხე-ჯავახეთში და ყველა სომეხი აქტივისტის დაჭერები.

– თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ყველა ეთნიკურ სომეხს დაერივნენ საქართველოში 2008 წელს, რაშიც ვერ დაგეთანხმებით, ამიტომ ვაზუსტებ: ვისი, თქვენი აქტივისტების?

– საქართველოში იყო პოლიციურ-ავტორიტარული რეჟიმი და როდესაც დაიწყეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სომეხი აქტივისტების დაჭერა, ადამიანები მოგვმართავდნენ დახმარების თხოვნით, იმიტომ რომ, საქართველოს ხელისუფლება თავხედურად იქცეოდა. მაგალითად, ახალციხეში დააპატიმრეს შარლ აზნავურის სახელობის საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარე და სომხეთის ახალგაზრდულ ცენტ „ახალციხის“ ხელმძღვანელი. 4-5 თვე ჰყავდათ დაკავებული, როგორც რუსეთის აგენტი.

– ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე იჯდა რუსეთის აგენტობის ბრალდებით და არა მხოლოდ ეთნიკური სომხები.

– დაიწყეს ნაცუმცირესობების ლიდერების მასობრივი დაჭერები. საქართველოში არ იყო სამართალი და ადამიანებს იჭერდნენ ნაციონალური ნიშნით.

– სამართლიანობა რომ არ იყო, გეთანხმებით, მაგრამ ნაციონალობის გამო დაჭერებზე –  ვერა. ძალიან ბევრი ქართველი დაიჭირეს იმ წლებში. 

– მაშინაც რუსეთის „დუმაში“ ვმუშაობდი, ახლაც მრჩეველი ვარ და არ ვმალავ, მქონდა და მაქვს ბერკეტები, გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობები და ეს საკითხები დავაყენე ადამიანის უფლებების ევროკომისრებთან; მივმართეთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და შევძელით უკანონოდ დაპატიმრებული ორი ახალციხელის გამოშვება. მაგრამ ისინი გამოუშვეს ხელწერილით, რომ არავისთვის არაფერი ეთქვათ. მათ ციხეში აჩვენეს სიცოცხლე და სიკვდილი.

– ახალს არაფერს ამბობთ: ციხეებს შეეწირა, ფაქტობრივად, ძველი ხელისუფლება. იმ ციხეში ძალადობისას ადამიანებს არ ასხვავებდნენ ეთნიკური ნიშნით. 

– ჩვენი ორგანიზაციის შექმნის პირველი მიზეზი იყო ის, რომ დაიწყო ჩვენი ეროვნების ხალხის რეპრესიები. მეორე ტალღა დაიწყო ომის შემდეგ –  საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა ხმები, რომ სომხეთიდან აფრენილი თვითმფრინავებით იბომბებოდა საქართველოს ტერიტორია, არადა, ჯავახელმა სომხებმა მიიღეს და ყველანაირად შეუწყვეს ხელი ქართველ დევნილებს.

– რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ.

– მესამე მიზეზია ის, რომ ვხედავთ, როგორი სიძულვილით ლაპარაკობენ ახალგაზრდები სომხებზე. მონიტორინგს ვატარებთ და ვიცით, როგორი უარყოფითი დამოკიდებულებაა, სომხებთან კონტაქტი არ ჰქონიათ და მაინც სძულთ.

– საქართველოში არსებობს, ვითომ, ისეთი ქართველი, სომეხი რომ არ უნახავს? მე არ შემიმჩნევია ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს სიძულვილი.

– მიაქციეთ ყურადღება, რომ ჯავახელი სომხებისგან კეთილი და თბილი სიტყვების გარდა არაფერი ისმის.

– მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ, რომელშიც წერთ: ქართული ხელისუფლებები ყველას ღალატობს, საქართველოში ყველაფერს წყვეტს ფული, ბიძინა ივანიშვილმა ფულით იყიდა ქართველები. არ ფიქრობთ, რომ ამით შეურაცხყოფას აყენებთ საქართველოს ამომრჩეველს? მან ძალიან გარისკა პირველი ოქტომბრის არჩევნებში,  თქვენ კი მათ „ფულზე გაყიდულებს” უწოდებთ.

– ჩემი აზრით, ივანიშვილი არ არის საქართველოს პოლიტიკური ლიდერი. მილიარდერი რომ არ ყოფილიყო, მას ხალხი არ გაჰყვებოდა. მას არასდროს მიუღია მონაწილეობა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც არიან ლიდერები, რომლებმაც თავი შესწირეს პატრიოტულ მოძრაობას. ისინი ნამდვილი ლიდერები არიან, ივანიშვილი კი არ არის ლიდერი, მას უბრალოდ, აქვს ფული.

– ვის გულისხმობთ თავგანწირულ ქართველ ლიდერებში, რომლებიც, თქვენი აზრით, იმსახურებენ ქვეყნის პირველ პირობას?

– ეს გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა.

– ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა და თქვენ არ მოგწონთ მისი არჩევანი.

– მე ჩემს აზრს გეტყვით: დღევანდელ დღეზე არ შემიძლია თქმა, ვინ არის ლიდერი, ის საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ნამდვილად დემოკრატიული ღირებულებები. გავიმეორებ: ივანიშვილი რომ მდიდარი არ ყოფილიყო, ვერ გაიმარჯვებდა; მეორე მომენტი –  რომელიმე ქვეყანაში გინახავთ, მდიდარ კაცს ეთქვას, ეს იქნება პრეზიდენტი და ხალხსაც მიეცა ხმა?! ეს მხოლოდ ბანანის რესპუბლიკაში თუ მოხდება.

– რუსეთში არის დემოკრატია, როდესაც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ცვლიან პერიოდულად სავარძლებს? თქვენი აზრით, ასეთია ნამდვილი დემოკრატია?

– რუსეთზე არ ვლაპარაკობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა საქართველოში, არის სამარცხვინო.  დღეს საქართველოში არ არის ნამდვილი პრემიერი და პრეზიდენტი, მე იმიტომ არ ვამბობ, რომ მიხარია. პირიქით, გული მტკივა.

– ისევ თქვენს გამონათქვამებს დავუბრუნდები: თქვენ ამბობთ, რომ ახალქალაქიდან რუსეთის ბაზის გაყვანამ ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ იმ ბაზის იქ ყოფნა ეწინაამღეგებოდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესს. არ ფიქრობთ, რომ რუსულ სამხედრო ბაზაზე აპელირება ქართული პოლიტიკის საწინააღმდეგოა?

– ჩემი გამონათქვამი სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს გაგებული. იმ ბაზაზე მუშაობდა 1 000-ზე მეტი ადგილობრივი ეთნიკური სომეხი. მეტიც, ბაზისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ყიდულობდნენ ადგილობრივებისგან.

– რუსეთის ბაზა ხომ წარმოუდგენელია დაბრუნდეს ჯავახეთში, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამაზე ლაპარაკი მისაღებია?

– ჩემს ინტერვიუში მე ეკონომიკურ საკითხზე ვლაპარაკობდი, თქვენ რატომ იღებთ პოლიტიკურ მხარეს?!

– იმიტომ, რომ საქართველოსთვის ახალქალაქის რუსულ ბაზას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.

– მე კი ვამბობ იმას, რომ იმ ბაზის გაყვანის შემდეგ ადამიანებს არ აქვთ სამუშაო, ამიტომ, იძულებულები არიან, დატოვონ ჯავახეთი. როდესაც ბაზა გადიოდა, იმდროინდელი პრეზიდენტი, მისი გვარის ხსენებაც არ მინდა, დაჰპირდა ჯავახელებს, რომ შეუქმნიდა სამუშაო ადგილებს და ქართული ჯარისთვის შეისყიდიდა მათგან სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მაგრამ, არაფერი გაუკეთებია. თურქეთიდან დაიწყეს პროდუქციის შესყიდვა და ჯავახეთის მოსახლეობა უფრო ღარიბი გახდა.

– სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის გასაღება მხოლოდ ჯავახელების პრობლემა არ არის, ეს მთელი საქართველოს პრობლემაა.

– მე მინდა, რომ ჩემმა ხალხმაც ისე იცხოვროს სამცხე-ჯავახეთში, როგორც ცხოვრობს ქართველი ხალხი.

–  თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში ქართველი და სომეხი მოქალაქეების ცხოვრების დონე განსხვავდება?

– ერთ მაგალითს მოგიტანთ: სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე წელია, გამოდის ორენოვანი გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“, რომელიც აშუქებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ქართულად და სომხურად, მაგრამ ახლახან გაზეთის სომხური ნაწილი დაიხურა და დარჩა მხოლოდ ქართული.

– ვინ დახურა?

– დაიხურა ფინანსების არარსებობის გამო.

– ვინ აფინანსებდა?

– როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უცხოეთიდან ფინანსდებოდა. რატომ დაიხურა სომხური ნაწილი? 

– დამფინანსებელს უნდა ვკითხოთ, რატომ შეამცირა დაფინანსება.

– საქართველო დასავლეთისკენ მიდის და ეს საქართველოს არჩევანია, თუმცა, მეორე მხრივ, უბრალო ქართველი ხალხი სხვადასხვა ევროპულ ღირებულებებს მტკივნეულად აღიქვამს, იქნება ეს ერთსქესიანი ქორწინებები, სექტები და ასე შემდეგ. მაგრამ ვინ მისცემს გარანტიას ჩვენს ხალხს, რომ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთ თვითმყოფადობას?!

–  ევროპა ის ადგილია, სადაც გარანტირებულია ადამიანის უფლებები.

– ბოლომდე ვიტყვი: ჩვენ ვიცით საქართველოს ხელისუფლების განწყობები, მათ სურთ „ნატოში“…

–  არა მარტო მათ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია ასეთი და ეს მათი პრობლემაა.

–  ჩვენ ვიცით ხალხის განწყობაც, რომლებიც შეშფოთებულები არიან იმით, რომ ევროპა მოითხოვს იმ ღირებულებების გადახედვას, რაც ჩვენს მენტალიტეტში არ არის. იმისთვის, რომ დაგვემშვიდებინა ხალხი, მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, განეხილა ჩვენი მხარისთვის ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის სტატუსის მინიჭება. ეს არ ნიშნავს ტერიტორიულ გამოყოფას, ეს ეხება კულტურასა და ენას. ვერც კი მოვასწარით ამ წინადადებით გამოსვლა, რომ თავს დაგვესხნენ ქართული და აზერბაიჯანული მედია-საშუალებები, რომ ვართ სეპარატისტები და გვინდა საქართველოსგან გამოყოფა.

– როგორც მივხვდით, კულტურულ ავტონომიას ითხოვთ, რომ თქვენს მენტალიტეტთან შეუთავსებელი ღირებულებებისგან დაიცვათ თავი, თუკი საქართველო მიდის ევროკავშირისა და „ნატოსკენ“. თუ არ მიდის, ძალაში რჩება კულტურული ავტონომიის მოთხოვნა?

– დიახ, ძალაში რჩება. მინდა, აქცენტები სწორად დასვათ: ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ ვთხოვთ. აქ ლაპარაკია იმ ნაციონალური უმცირესობის უფლებების დაცვაზე, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე. ნინო, ძალიან მინდა, რომ საქართველოს მთავრობამდე მიიტანოთ ჩემი აზრი: ჩვენი გაერთიანების მიზანი არ არის საქართველოს დაშლა, ნაციონალური კონფლიქტი; მეორე, ჩვენ, როგორც დიდ ორგანიზაციას, დღეს რუსეთში არანაკლებ 35 000 ჯავახელი სომეხი ცხოვრობს, გვაქვს გარკვეული გავლენა და გვინდა, რომ ანგარიში გაგვიწიონ. ვცდილობდით, მოგვეძებნა კონსენსუსი, შევხვედროდით ერთმანეთს სომხეთში, რუსეთში და მრგვალ მაგიდასთან გვემსჯელა მწვავე საკითხებზე, რაც არსებობს სამცხე-ჯავახეთში.

– სომხური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობთ, რომ საქართველოში დასაქმების საშუალება აქვს მხოლოდ ტიტულოვან ნაციას, ქართველს. სომხებს ეთნიკური ნიშნით არ ნიშნავენ და სახელმწიფო ენის არცოდნა მოგონილი მიზეზიაო. ენა იციან და არ ნიშნავენ თუ ფიქრობთ, რომ მოქალაქემ არ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა?

– იმისთვის, რომ ჩემი სიტყვების სიმართლეში დარწმუნდეთ, ადით ჯავახეთში და ნახავთ, რომ, მაგალითად, პატრულში სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ქართველები არიან, ერთი სომეხი თუ იქნება.

– მე სხვა რამეს გეკითხებით. თქვენ ხომ მოსკოვში ცხოვრობთ, შეძლებდით სახელმწიფო სამსახურში დასაქმებას, რუსული ენა რომ არ გცოდნოდათ?

– რა თქმა უნდა, არა. თბილისში არ არის სომეხი, რომელმაც არ იცის ქართული, იგივე შემიძლია, ვთქვა ახალციხეზეც; მაშინ რატომ არ არიან სომხები მინისტრები?! პარლამენტი  სულ სამი სომეხია.

– რამდენ რაიონშიც არის უმეტესობა ეთნიკურად სომეხი ამომრჩეველი, ისინი მაჟორიტარად ირჩევენ ეთნიკურად სომეხ დეპუტატს. ეს ლოგიკურია.

– რატომ არის მხოლოდ სამი ადამიანი?! სტატისტიკით, სომხური მოსახლეობა 5 პროცენტზე მეტია, ესე იგი, 7-8 ადამიანი მაინც უნდა იყოს პარლამენტში. სამცხე-ჯავახეთში სომეხი მოსახლეობის 52 პროცენტია სომეხი და რატომ არის გუბერნატორი ქართველი?!

– მე თუ მომისჯიან, თორემ არც მინისტრობა მინდა, არც გუბერნატორობა და არც პარლამენტარობა. შეიძლება, ისინიც ჩემსავით ფიქრობენ?

– პროკურორებიც სულ ქართველები არიან, მოსამართლეებიც და მათი დიდი ნაწილი არ არის ადგილობრივი ქართველი. ჩამოჰყავთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან.

– მე არ ვიცი, არის თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები: მოსამართლესა და პროკურორს სათანადო ცოდნა სჭირდებათ. უნდა ინახოს, საქართველოს ეროვნებით სომეხი რამდენი მოქალაქე ამთავრებს, თუნდაც, იურიდიულ ფაკულტეტს. კვოტები ხომ არ იქნება გამოყოფილი, როგორც საბჭოთა დროს იყო. თორემ, რა თქმა უნდა, ცუდია, თუ ვინმე იჩაგრება.

– წელიწად-ნახევრის წინათ შევხვდი 5 მილიონერს, წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან. მითხრეს, ჩვენ მზად ვართ, ჩავდოთ ინვესტიციები ჯავახეთშიო. სწორედ ამ დროს მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი. სომხეთის საელჩოში ახლობლები მყავს, მათ ვთხოვე, მოეწყოთ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მისი ერევანში ვიზიტის დროს, სულ 5-10 წუთი მჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა ვერ შედგა. ეს ფაქტი იმიტომ გავიხსენე, იცოდეთ, რომ მე ყოველთვის ვეძებ გზებს.

 

скачать dle 11.3