კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მოსალოდნელი ლარის კურსის ვარდნა თებერვალში და რატომ ეძებენ ჩინეთის მოქალაქეები იაფფასიან სამუშაოს საქართველოში

– ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ, რომ გასულ წელს ორჯერ მეტი ლარი გამოუშვა მიმოქცევაში ეროვნულმა ბანკმა, თუმცა, ინფლაციით ერთგვარად იხეირა საქართველოს ბიუჯეტმა, რადგან, ლარის გაუფასურებამ მისი გარღვევა შეამცირა. ვინ არიან ლარის გაუფასურებით მოგებული მხარეები?

– პირველი ძირითადი მიზეზი, რამაც გამოიწვია ლარის კურსის ცვალებადობა, არის ლარის დიდი რაოდენობით გამოსვლა ბაზარზე. 2013 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტრო იღებდა უფრო მეტს ეკონომიკიდან, ვიდრე ხარჯავდა, ხოლო ბოლო ორ თვეს, ნოემბერიდან, დაიწყო ეკონომიკის წახალისება და 7 პროცენტამდე ავიდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. რა თქმა უნდა, ამან მეტი ფულის მასის გამოსვლა გამოიწვია მიმოქცევაში, რამაც გავლენა მოახდინა ლარის კურსზე.

– წინასწარ ხომ შეიძლებოდა იმის განსაზღვრა, რომ ფულის მასის გაზრდას საგრძნობი ინფლაცია მოჰყვებოდა. არ იყო შესაძლებელი ამის თავიდან აცილება?

– უნდა გამოსულიყო მეტი ოდენობის ლარი ბრუნვაში, რადგან, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკის ზრდა შეფერხდა 2,5 პროცენტამდე და მას სჭირდებოდა წახალისება, მით უმეტეს, რომ დეფლაცია გრძელდებოდა 9-10 თვის განმავლობაში, რაც, ასევე, მავნებელია, უნდა მომხდარიყო წახალისება. თუ ჩვენ ვაკრიტიკებდით მთავრობას, რადგან, მხოლოდ სოციალურ მიმართულებებს აფინანსებდა ბიუჯეტი, წლის ბოლოსთვის მათ დააფინანსეს კაპიტალური ხარჯები, ამიტომ, ეკონომიკაც გაიზარდა, დეფლაცია ინფლაციით შეიცვალა და, ბუნებრივია, ლარის რაოდენობაც გაიზარდა მიმოქცევაში. შეიძლებოდა თუ არა ამის სხვანაირად გაკეთება? რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თანაბრად განაწილებულიყო ლარის მიმოქცევაში დამატება და მაშინ ასეთი ვარდნა არ იქნებოდა.

– რა გამოდის, ასე ყოველ წელს, გასულ წელზე ორჯერ მეტი ლარი გამოვა მიმოქცევაში წლის ბოლოს და ეს სწრაფი ინფლაცია დაუსრულებლად გაგრძელდება?

– ინფლაცია დაუსრულებელი პროცესია და, სანამ კაცობრიობა იარსებებს, ინფლაციაც იქნება. ლაპარაკია მის რეგულირებაზე. ეროვნულმა ბანკმა ნახა რა, რომ ეკონომიკა არ იზრდებოდა და დეფლაციური პროცესები იყო, სააღრიცხვო საპროცენტო განაკვეთი ბანკებისთვის დასწია 3,75 პროცენტამდე, აბსოლუტურ მინიმუმამდე, რაც კი საქართველოში ოდესმე ყოფილა. ამით დამატებითი ფული გაუჩნდათ ბანკებს და ესეც იყო ბაზარზე ფულის მასის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი. შემდეგი იყო ეროვნულ ვალუტაზე ნოემბრისა და დეკემბრის სეზონური ზეწოლა. ამ ყველაფერს დაემატა პანიკის მომენტი: იმპორტიორები და დიდი კომპანიები, რომლებიც ყოვლთვიურად ყიდულობენ ვალუტას, თუ ადრე ყიდულობდნენ რბილად, დროში გაწელილად, ახლა, როგორც კი თანხას ამოიღებდნენ,  მაშინვე ვალუტას იძენდნენ. ამან გააჩინა სპეკულაციური მოთხოვნა დოლარზე. 

– გამოითქვა მოსაზრება, რომ, ამა თუ იმ ბანკს, მაგალითად, „ვი თი ბი” ბანკს, რადგან რუსული საბანკო სისტემის სიტემის წარმომადგენელია, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ინფლაციაზე.

–  ეს გამორიცხულია რამდენიმე მომენტის გამო: ჯერ ერთი, ეროვნული ბანკი ყოველ წუთს აკონტროლებს ბანკებს, რომ რამე სპეკულაციაში არ ჩაერთონ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. ეროვნული ბანკი აკონტროლებს, რომ არც ერთმა ბანკმა არ გამოიტანოს ბაზარზე საჭიროზე მეტი ეროვნული ვალუტა; მეორეც –  „ვი თი ბი” ბანკს არ აქვს საამისო სახსრები. მართალია, რუსეთის სახელისუფლო ბანკია, მაგრამ, ის ამას ვერ და არ გააკეთებს, რადგან, ეს საკმაოდ მძიმე დარტყმაა ბანკისთვის.

– თქვით, რომ ბანკებისთვის ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი მინიმუმამდე დასწია, მაგრამ, ამას არ გამოუწვევია სესხების მასობრივი გაიაფება.

– დიახ, არ გაიაფებულა.

– აბა, რა მიზანი ჰქონდა ამ ოპერაციას, რომ ბანკები კიდევ უფრო მსხვილ მოგებაზე გასულიყვნენ: იაფად მიღებული სახსრები ისევ ძვირიან პროდუქტებში დაებანდებინათ?

– დეკემბერში იყო ასეთი გაიაფება: 8 პროცენტამდე მოგცემდნენ ლარში კრედიტს. ამან ცოტა ხანს იმუშავა თუ არ იმუშავა, მაგრამ შემდეგ შეაჩერეს. ბანკებიდან ფულის გასვლა ძალიან რთულად ხდება, ბანკები არ აწვდიან და ვერ აწვდიან ბიზნესს ფულს. ბიზნესდაკრედიტება 2013 წელს შემცირდა და ჩვენ ვნახეთ ამის ეფექტი  ეკონომიკაში.

– ქართულ სინამდვილეში ძალიან ხელოვნურია ლარის კურსი და ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა. ყველაფრის ზედმიწევნით გაკონტროლებაა შესაძლებელი, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ფორმალურია ეკონომიკური პროცესები, რატომ დაუშვეს დოლართან მიმართებაში ლარის 10-15 პუნქტით ვარდნა?

– ცხადია, რომ ლარი არ არის კონვერტირებადი ვალუტა, მაგრამ, რომ დააკვირდეთ კურსს: დოლარი –  ევრო, ევრო –  ფუნტი, ფუნტი –  იენი, იგივე მიმართებაა. დოლარი რამდენიმე პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. თან, დოლარისა და ევროს კურსის ცვალებადობა უფრო მეტ რყევას გულისხმობს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტაა, ვიდრე ლარის კურსის ცვალებადობა დოლართან მიმართებაში. ამიტომ, ასე ცალსახად თქმა არ შეიძლება: ყველაფერი ხელოვნურია და საქართველოს ეროვნული ბანკი, თავისი გადასახედიდან, ალბათ, ვერ ხედავდა ჩარევის აუცილებლობას. რომც ჩარეულიყო, ამას დასჭირდებოდა უამრავი ფულის დახარჯვა და, ჩათვალა, რომ ეს არ ღირდა ვალუტის კურსის დასაჭერად. შეიძლებოდა ლარის ვარდნის გაჩერება? შეიძლებოდა, მაგრამ, გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მისაღებია და მან ასე ჩათვალა საჭიროდ: ამაში არც ცუდია რამე და არც კარგი, იმიტომ რომ, თუ ზედმეტი ჩარევისგან ვიხსნით ეკონომიკას, კარგია, იდეალური კურსი დამყარდება, თუმცა, ბიზნესისთვის და ხალხითვის მძიმეა, რადგან, ისინი კარგავენ თანხას როგორც კრედიტის დაფარვაში, ისე ბიზნესაქტივობაში, მაგრამ, ეს ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკაა. 1, 89-ც ყოფილა ლარის კურსი.

– მეც ის მიკვირს, რომ ეროვნული ბანკი განსხვავებულად იქცეოდა 2-3 წლის წინათ და ახლა, რატომღაც, ძალიან აჰყვა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. 

–  2010 წელს კურსი დავარდა 1,89-მდე, იმიტომ რომ, მაშინ უფრო რთული სიტუაცია იყო. 2011 წელსაც კურსის საკმაო ვარდნა იყო.

– ეს ნიშნავს, რომ, სავსებით რეალურია, 3 თუ 4 თვის შემდეგ ისევ 1,65-ის ფარგლებს დაუბრუნდეს ლარი?

– სავსებით. ზედა ჭერი – 1,8 –  ასატანია ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისთვის. ლარის კურსი 1,7-მდე იტრიალებს, მაგრამ, არა მგონია, ამაზე დაბლა ჩავიდეს.

– რა ფაქტორები შეუწყობს ამას ხელს?

–  ექსპორტის ზრდა, ეკონმომიკის გაჯანსაღება, თუ თანაბარპროპორციულად მოხდება  ლარის გამოშვება ბაზარზე. ფულის მასის გაზრდა ბაზარზე პრობლემა არ არის, როდესაც ეკონომიკაც იზრდება.

– სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს მიერ განხორცილებული აქტივობების შედეგად, იურიდიულმა პირებმა სახელმწიფოსგან 100 მილიონ ლარამდე უნდა მიიღონ, ფიზიკურმა პირებმა –  43 მილიონი, ესეც კიდევ ერთი ფაქტორია ინფლაციისთვის.

– რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ ეს გარკვეული რისკფაქტორია, ისევე, როგორც ის, რომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო გლეხებისთვის სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა –  ესეც ზეწოლას მოახდენს კურსზე. ამას გარდა, ზეგავლენას მოახდენს დაუბეგრავი მინიმუმის თანხა, რომელიც წინა წელს არ გაუციათ და თებერვალში უნდა გასცენ. ასე რომ, თებერვალში ამ ფაქტორებმა, შესაძლოა, კურსზე კიდევ გარკვეული კუთხით ზეწოლა მოახდინოს და, ამიტომ ვამბობ, რომ 1 დოლარი, შესაძლოა, 1,8 ლარამდე ავიდეს.

– აქვე დავამატებ: 2014 წლიდან საგარეო ვალების მომსახურებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია გათვალისწინებული. ესეც იმოქმედებს ლარის დეფიციტზე და მის გაიაფებაზე? 

– რა თქმა უნდა, დოლარზე მოთხოვნილების ზრდა ლარის კურსს დაბლა სწევს. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ესეც ახდენს დოლარი-ლარის კურსზე ზეწოლას, მაგრამ, თუ ინვესტიციები, ექსპორტი და ტრანსფერები გაიზრდება, გადაიფარება ლარის კურსზე ეს ზეწოლები, თუმცა, ეს ის ფაქტორია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ზრდის დოლარზე მოთხოვნილებას და ლარის კურსი ეცემა.

– ცნობილია, რომ ჩვენი ბიუჯეტი დაკავშირებულია ლარის კურსზე დოლართან მიმართებაში. დოლარის ვარდნა ევროსთან მიმართებაში რა გავლენას ახდენს ლარზე?

– ჩვენი გაცვლითი კურსი დოლართან ყოველთვისაა მიბმული ბიუჯეტზე, მაგრამ, ეს არ ახდენს გავლენას ლარის კურსის მიმართებაზე დოლართან. დღეს ამერიკის ეკონომიკა ერთ-ერთი წამყვანია ინფლაციის დაძლევის კუთხით, ახასიათებს უმუშევრობის დაბალი დონე, ამერიკული ეკონომიკა იმდენად წარმატებულად მუშაობს, რომ ისევ წამყვანი ეკონომიკების რიცხვში გავიდა. თუმცა, განვითარებადი ქვეყნების გაცვლით კურსს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. მაგალითად, თურქეთშიც მნიშვნელოვნად დაეცა ლირა, 2,30-მდეც კი, დოლართან მიმართებაში. რუსეთში რუბლი დაეცა. საერთოდ, რეგიონის ტენდენციაა ეროვნული ვალუტების კურსის დაცემა დოლართან მიმართებაში. ამერიკაში ეკონომიკური ზრდის პროვოცირება მოხდა, მათ დაიწყეს რბილი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ამას წინათ გაკეთდა განცხადება, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა და ობლიგაციების შესყიდვა 25-დან 65  მილიარდამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებ ფულს გამოუშვებენ მიმოქცევაში. უმუშევრობის პრობლემა მოაგვარეს; ფიქრობენ ინფლაციის მოთოკვაზე. ამერიკის ცენტრალურ ბანკში ახალი ხელმძღვანელი მოვიდა და პოლიტიკა აშკარად შეიცვლება.

– ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკას ჩინეთის ძალიან დიდი ვალი დაუგროვდა, კერძოდ, 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ამ თანხამ 1,317 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ისედაც ცნობილია, რომ ამერიკა რეკორდსმენია საგარეო ვალის ოდენობით –  17 ტრილიონი დოლარი. ანუ, შესაძლებელია, გქონდეს უამრავი საგარეო ვალი და ეკონომიკა მაინც ყვაოდეს?

– ამერიკის ეკონომიკა ძალიან განსხვავებულია და სულ სხვა ურთიერთობა აქვს იმავე ჩინეთთან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ობლიგაციების უდიდესი ნაწილი ჩინეთს აქვს, იმიტომ რომ, ჩინეთი ამერიკის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. იმის კლასიკური მაგალითი, ვალები ბევრი გქონდეს და ეკონომიკა ვითარდებოდეს, არის ევროპის ბევრი ქვეყანა, იაპონია. ეს შესაძლებელია, გააჩნია, როგორ მართავ. რაც შეეხება ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობას, ეს სერიოზული თემაა.

– ანუ, ჩინეთს დიდი გავლენა აქვს ამერიკის ეკონომიკაზე?

– უზარმაზარი გავლენა აქვს, ისევე, როგორც ამერიკას –  ჩინეთზე. ჩინეთის საქონლის ძირითადი მყიდველი არის ამერიკა, ამიტომ, ერთ დღეს რომ არ იყიდოს ამერიკამ ჩინური პროდუქცია, ჩინეთი, უბრალოდ, გაკოტრდება.

– ჩინეთის გავლენის გაძლიერება არ არის საშიში პოლიტიკური თვალსაზრისით? მით უფრო, რომ, „ბლუმბერგის“ მონაცემებით, დეკემბრის ბოლოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს რეზერვების ღირებულებამ 3,82 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია?

– არა მგონია. ამერიკას თან სურს, რომ ჩინეთი გაძლიერდეს, რადგან, დიდი ბაზარია და თვითონაც ყიდის ბევრ რამეს ჩინეთში, თან, ეჭიდავება. ამდენად, თან –  არის საშიში, თან –  არა. ეს სულ სხვა თემაა. ერთი მხრივ, ჩინეთი მისთვის არის იაფი საქონლის მიმწოდებელი, რის გარეშეც ამერიკის ეკონომიკა წარმოუგენელია, მეორე მხრივ, ჩინეთი არის ის, ვინც ინვესტიციებით ამარაგებს აშშ-ს და მის ობლიგაციებს ფლობს. ასე რომ, მათ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირია.

– მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებლებისა, საქართველოდანაც კი რიცხავენ ფულს ჩინეთში ჩინეთის მოქალაქეები. ეს როგორ უთავსდება ერთმანეთს: ქვეყანა ასე ვითარდებოდეს და მისი მოქალაქეები საქართველოში ეძებდნენ იაფფასიან სამუშაოს?

– ჩინეთი მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა არ არის. 250 მილიონი უმუშევარი ჰყავს, კიდევ 250 მილიონი –  მონა. უღარიბესი ქვეყანაა ჩინეთი, თუმცა, სწრაფად ვითარდება.

 

скачать dle 11.3