კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩაშალა კანის ფესტივალზე დაგეგმილი ჩვენება ფატუნა ბუშიჰედმა და როგორი იყო მისი ტელეკარიერა 5 წლის ასაკში

დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს საზღვრებს გარეთ დაიმკვიდრა თავი და მის შექმნილ კოლექციებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა და ინტერესია. მართალია, ჩვენი რესპონდენტი ნაკლებად მუშაობს ქართული ბაზრისთვის, მაგრამ, მისი ყველა კოლექცია თბილისშია შექმნილი. ფატუნა ცოტა ხნის წინ ამერიკიდან დაბრუნდა და ამ ეტაპზე ოთხი ქვეყნის კოლექციაზე ერთდროულად მუშაობს. მის გეგმებთან ერთად, ინტერვიუში ბევრ უცნობ ინფორმაციასაც ამოიკითხავთ, რომლებიც იმ წლებს უკავშირდება, სანამ ჩვენი რესპონდენტი დიზაინერის პროფესიას აირჩევდა.  

 

– არაერთხელ გვისაურია ინტერვიუებში შენი წარმატებების შესახებ, მაგრამ, არასდროს მიკითხავს, რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში დიზაინერის პროფესიის არჩევამდე. ერთადერთი, რაც ვიცით, განათლებით სტომატოლოგი ხარ, შემთხვევით კი ისიც გავიგე, რომ კამერასთან ურთიერთობა 5 წლის ასაკიდან გქონია. მოგვიყევი ამის შესახებ, რომ ფატუნა ბუშიჰედი სრულიად განსხვავებული მხრიდან გაიცნოს მკითხველმა. 

– ეს ჩემი ბავშვობის ზღაპრული სამყარო იყო. ეს იყო ჩემი ზღაპრული ქვეყანა, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. იმ პერიოდში, ალბათ, უფრო ზღაპარში ვცხოვრობდი, ვიდრე რეალურ სამყაროში. მაშინ დავიწყე ლექსების სწავლა და სცენაზე დგომა, როცა წერა-კითხვაც კი არ ვიცოდი. ვთამაშობდი საბავშვო სპექტაკლებში, სადაც თითქმის სულ დედოფალი ვიყავი. „ჭინჭრაქაში” მეფის ასულის, მზიას როლს ვთამაშობდი, „მერი პოპინსში” – ჯეინის როლს და ასე შემდეგ. ვგიჟდებოდი კულისების სუნზე, პარკეტზე, რომელიც ზოგან გატეხილი იყო და სიარულის დროს ფეხებს გვტკენდა. პრემიერები მქონდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ასევე რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში. ერთ-ერთ აფიშაზე მსახიობ ლელა ალიბეგაშვილს ჩემთვის ასეთი რამ აქვს დაწერილი: „გილოცავ, ფატუნა, შენ ნამდვილად ატმის ყვავილივით ამოხვედი სცენაზე.” მოკლედ, ძალიან საინტერესო პერიოდები მქონდა და ეს სილამაზე საოცრად ვირტუალური იყო. ძალიან მინდოდა, ცნობილი მსახიობი ვყოფილიყავი, რაც არ გამომივიდა, რადგან ამ საქმეს დროზე ადრე შევეშვი, თუმცა, პოტენცია იყო ჩემში. პიესებს დედა მაზეპირებინებდა, რადგან, კითხვა არ ვიცოდი. მართლა ძალიან საინტერესო იყო ეს პერიოდი. მოგვიანებით ტელევიზიაში გადავინაცვლე. ქალბატონი დოდო ლორთქიფანიძე და ბატონი მერაბ გოდერძიშვილი, რომლებიც ჩემი რეჟისორები იყვნენ პირველ არხზე და ასე ვთქვათ გამზარდეს მე. ჩემს ტელეცხოვრებაში პირველად იყო „თეატრალური აფიშა,” რომელიც ნათელა ბოლქვაძესთან ერთად მიმყავდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა შუქი არ არსებობდა საქართველოში. როცა მოვიდოდა, გადაღებაც მაშინ იწყებოდა. მახსოვს, ერთხელ, დედას დილის 5 საათზე დაურეკეს – შუქი მოვიდა, ფატუნა მოიყვანე ჩაწერაზეო. 5-6 წლის ვიქნებოდი დაახლოებით, მაგრამ, ის ემოცია დღესაც მახსოვს. ცოტა რომ წამოვიზარდე, მერე მიმყავდა, „ორშაბათი მძიმე დღეა,” 1995 წელს კი – შემეცნებით-გასართობი პროგრამა „ლაფსუსი,” ბატონ თენგიზ კოშკაძესთან ერთად, რომლითაც დავასრულე კიდეც ტელეწამყვანის კარიერა. ამის მერე ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო. ძალიან პატარა ასაკში გავხდი დედა, მერე კი გადავწყვიტე ექიმის პროფესია ამერჩია. ჯერ გინეკოლოგობა მინდოდა, მერე გადაწყვეტილება შევცვალე და სტომატოლოგი გავხდი. ალბათ, ესეც ჩემი ხასიათიდან გამომდინარე იყო, რადგან, ყველაფერი მაინტერესებდა. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში წერის პერიოდი დაიწყო. ვწერდი ძალიან ბევრ ლექსს, ვაკეთებდი ჩანახატებს. ესეც რომ ამოვწურე, მერე ხატვა დავიწყე. ზეთის საღებავებით ვმუშაობდი და პირველად ტინტორენტოს პორტრეტი დავხატე. ეს ეტაპიც რომ დავასრულე, უკვე მერე დავიწყე დიზაინერობა და ჩემი კოლექციების შექმნა. ალბათ, ეს ჩემი ბავშვობის „გადმონაშთი” იყო, ყველაფერი ერთად დაგროვდა და ამ ყველაფერმა ერთად შექმნა ის ფატუნა, რაც ვარ ახლა. 

– მივადექით აწმყოს და, ისიც გვითხარი, რის გამო იყავი ამერიკაში, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდი?

– ამერიკაში ჩემი ოჯახის წევრები ვიყავით წასული ბებიას სანახავად. იქ შევხვდით შობასაც და ახალ წელსაც. გვესტუმრენ ასევე, ჩვენი ამერიკელი ნათესავები. მართალია, ის პერიოდი ძალიან ოჯახურ გარემოში გავატარეთ, მაგრამ, მქონდა ბიზნესშეხვედრებიც. ლოს-ანჯელესში გამოქვეყნდა ჩემი ძალიან კარგი ინტერვიუ, რომელმაც ძალიან დადებითად იმოქმედა მკითხველზე. საუბარი მაქვს ერთ-ერთ მაღალი დონის ჟურნალზე, რომელშიც, მეტრ დიზაინერებთან ერთად, ჩემი ინტერვიუც დაიბეჭდა. რაც ძალიან სასიამოვნოა. ასევე, სასიამოვნოა, როცა არ ელოდები და გირეკავენ: „თქვენი კაბის ფოტო დაბეჭდილია ამა და ამ ჟურნალში,” ან, „თქვენი კაბა აცვია ამა და ამ მსახიობს, რომელიც ჟურნალის ყდაზეა“... და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, დიზაინერისთვის სასიამოვნო შეგრძნებაა. 

– ამ ეტაპზე რისთვის ემზადები?

– სხვათა შორის, რამდენიმე ჩვენება ჩავაგდე და არ წავედი. გადავწყვიტე, ეს პერიოდი ჩემი შვილებისთვის დამეთმო, რომლებიც დიდ ენერგიას მაძლევენ. პარალელურად, განვაგრძობ სხვადასხვა კოლექციაზე მუშაობას. ჩემს ხელნაკეთ კაბებთან ერთად, მაქვს მოსაცმელები, პიჯაკები, შარვლები და სხვა ძალიან ბევრი დეტალი, რომლებიც მასობრივი კოლექციისთვის იქნება მზად და ევროპასა და ამერიკაში გაიყიდება.  

– კანის ფესტივალზე უნდა გქონოდა ჩვენება, თუმცა, გეგმები თავად შეცვალე. რატომ?

– ჩემმა იქაურმა მენეჯერმა არასწორად წაიყვანა ჩემი მიმართულება, რის გამოც ძალიან გავბრაზდი და, ჩვენებაზე, რომელიც დაგეგმილი იყო, უარი ვთქვი. მას ჰქონდა სუფთა მარკეტინგული გათვლა, რამაც მე არ დამაკმაყოფილა. თუმცა, უარი იმ ხალხისთვის არ მითქვამს, ვინც კანში ჩემ გამო იყო ჩამოსული. სწორედ მათთვის დახურული ჩვენება მაინც გავმართე. 

– ფატუნა, პირადად შენ, მხოლოდ საკუთარი დიზაინით შექმნილ სამოსს ანიჭებ უპირატესობას თუ მაღაზიებში ყიდულობ?

– კარგი ხარისხის სამოსს, რა თქმა უნდა, ვაფასებ და ვყიდულობდი კიდეც, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, თითქმის არაფერი აღარ შემიძენია – არაფერი აღარ მომწონს. ალბათ, ისე განვითარდა ჩემი გემოვნება და ხედვა, ძალიან უნდა მომეწონოს ტანსაცმელი, რომ ჩავიცვა. შეიძლება, ვიზუალურად მომეწონოს, მაგრამ, მე ვერ მოვირგო. სამოსის შერჩევის მიმართ ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვიყავი. ამიტომ, ყველაფერი ჩემი მაცვია; ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვყიდულობ, არის ფეხსაცმელი, სათვალე და ჩანთა. სამოსი მხოლოდ იმის გამო არასდროს შემიძენია, რომ ის რომელიმე ცნობილი ბრენდის იყო. 

– ოთხი ქვეყნის კოლექციაზე ერთდროულად მუშაობ. შვილებს რომ შეუქმნა საკუთარი დიზაინით სამოსი, ამისთვის თუ გრჩება დრო?

– ანდრიანას ვუქმნი ხოლმე საინტერესო პატარ-პატარა კაბებს, ქელი კი ჩემი მოდელია და მისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს შექმნილი. უყვარს ყოველდღიური სამოსის შეძენა, მაგრამ, როცა მიღება გვაქვს ან თავად მივდივართ სტუმრად, ყოველთვის ჩემი დიზაინით შეკერილი კაბა აცვია. ქელის ბავშვობიდან ვასწავლი, სად რა უნდა ჩაიცვას, როგორ მოიქცეს, როგორი სუნამო უნდა დაისხას მისი ასაკის გოგონამ და ასე შემდეგ. 

– რამდენი წლისანი არიან ბავშვები?

– სანდრო 17-ის გახდება მალე, ქელი 7 წლისაა, ანდრიანა კი – 1-ის. სანდრო ანდრიანაზე იმდენივე წლით არის უფროსი, რამდენითაც მე – სანდროზე. 

–  საუბრის ბოლოს, გვითხარი, რომელიმე კონკრეტული ჩვენებისთვის თუ ემზადები ამჟამად?

– ამ ეტაპზე მოწვევა მაქვს ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. უნდა გადავწყვიტო, სად მინდა და რომელი მხარე უფრო დამაინტერესებს. იმ ეტაპამდე ვარ მისული, როცა მე უნდა გადავწყვიტო, რომელი წინადადება მივიღო. თუმცა, იმხელა კოლექცია მაქვს შექმნილი ამჯერად, რომ, არ არის გამორიცხული რამდენიმე დღის შუალედით სხვადასხვა ჩვენებაშიც მივიღო მონაწილეობა.  

– როგორ ფიქრობ, რა არის ის, რის გამოც ამერიკასა და ევროპაში ფატუნა ბუშიჰედის კოლექცია ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს?

– პასუხი ძალიან მარტივია: ინდივიდუალიზმი. როგორც ისინი ამბობენ, ჩემი კოლექცია არავის არ ჰგავს.

 

скачать dle 11.3