კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

თბილისში გულდამძიმებული დავბრუნდი. მთელი გზა სვეტაზე ვფიქრობდი. იმ მომენტში ამ გოგომ თათიაც კი დამავიწყა. არც  ჭამა-სმა მინდოდა და არც სახლიდან გამოსვლა. მით უმეტეს, ბერძენაც სროკზე იყო. თანაც, ქურდების მიმართ მთავრობა რეპრესიებს ატარებდა. ერთი სიტყვით, დეპრესიაში ვიყავი. ტელეფონიც კი გამორთული მქონდა და გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე. ერთი კვირის შემდეგ კარზე ბრახუნმა გამომაღვიძა. ღრმად მეძინა და, როგორც ჩანს, სტუმარი კარგა ხანს აბრახუნებდა. სანამ ჩავიცვი და ავდექი, კარი თვითონ გაიღო და ოთახში ყბედალო შემოვიდა. ცარცივით გაფითრებული იყო. რომ დამინახა, ფერზე მოვიდა, გადამეხვია და მითხრა:

– რა გჭირს, შე ჩემა, სამი თვეა, გირეკავ და ყურმილს არ იღებ. ბოლო ათი დღე კი საერთოდ გამორთული გაქვს ტელეფონი. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ ორი კვირაა, რაც თბილისში ჩამოხვედი. ვიფიქრე, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და კარიც იმიტომ გავაღე.

ყბედალოს ხომ არ ვეტყოდი, შეყვარებული ვარ და დეპრესიაში ვიმყოფები-მეთქი, ამიტომ, ვუთხარი:

– გავცივდი, ძვლებში მამტვრევდა და ვიწექი.

– ამ ზაფხულში რამ გაგაცივა. ახლა როგორ ხარ?

– არა მიშავს. შენ როგორ ხარ?

– მეც არა მიშავს. კაროჩე, საქმეზე ვარ ჩამოსული. ლიჩნად ვასია ბრილიანტის ნაკოლია და, თუ იჩალიჩებ?

იმ პერიოდში ვასია ბრილიანტს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი პირადად, თუმცა, კარგად ვიცოდი, ვინც იყო და ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. მაგრამ, ხან მე ვიყავი სროკზე, ხან ის და, ჩვენი შეხვედრა ვერ ხერხდებოდა. ერთმანეთს ვერც სროკზე ვხვდებოდით და, რომ იტყვიან, იმედით ვცოცხლობდი…

– ბაზარი არაა, ბრილიანტის ნაკოლზე, რა თქმა უნდა, ვიჩალიჩებ. ახლა სად არის? როგორც იქნა, გავიცნობ.

– ვერც ამჯერად გაიცნობ, – თავი გააქნია ყბედალომ, – ის ახლა სროკზეა, ციმბირში. ნაკოლიც იქიდან გამოგზავნა – სანდო კაცს გამოატანა, რომელიც ახლა როსტოვშია. საქმე ერთად უნდა გააკეთოთ, მაგრამ, მოსკოვში.

– რა საქმეა?

– რა და, ერთი „ფაშისტი” უნდა დაბომბოთ, უფრო სწორად კი, წამლის ბარიგა. კაროჩე, უფრო დაწვრილებით „პოლიაკი“ გეტყვის ყველაფერს. დღეს ან ხვალ როსტოვში გავემგზავროთ, იქიდან კი მოსკოვში წახვალთ და იჩალიჩებთ.

როსტოვში მეორე დღეს გადავფრინდით და ყბედალომ პოლიაკი გამაცნო, რომელიც ჩემი ხნის იყო, მაღალი კლასის პროფესიონალად ითვლებოდა და მომავალში სახელოვანი ქურდი გახდა. დღეს ის ცოცხალი აღარაა, რადგან არეულობის დროს მოსკოვში ჩაცხრილეს ბესპრეძელშიკებმა.

– აბა, ძმებო, მე დაგტოვებთ, რადგან, საქმეები მაქვს, თქვენ კი ადვილად გამონახავთ საერთო ენას, – გვითხრა ყბედალომ და წავიდა.

– კობრა, ძმაო, ვასია ბრილიანტი დაუსწრებლად გიცნობს და შენზე საუკეთესო წარმოდგენა აქვს, – მითხრა პოლიაკმა, – ჩვენ ერთად ვისხედით ზონაში და ეს ნაკოლი იქიდან გამომატანა. მოსკოვში ერთი ბარიგაა, რომელსაც „მორფინს“ ეძახიან. ეს ბოზი „ძაღლებთანაა” შეკრული. დიდი მაყუთი აქვს, თანაც, ხალხს წამლავს. ჩვენ მას ბაითი უნდა დავუბომბოთ და, რაც კი რამე აქვს, წამოვიღოთ. მათ შორის – ნარკოტიკებიც. ფული გატყდება, ნარკოტიკები განადგურდება, მორფინს კი, იმ ნაბოზარს, ან გასროკავენ და იქ ჩვენები მიხედავენ, ან, სულაც,  თავისიანებივე  დაბრიდავენ და ერთი ნაბოზარი და ხალხის მომწამვლელი მოაკლდება ქვეყანას.

– გასაგებია. თანახმა ვარ. მოსკოვში გავემგზავროთ და ყველაფერი ადგილზე შევისწავლოთ, – ვუთხარი პოლიაკს.

მოსკოვში ორი დღის მერე ჩავფრინდით. მორფინის ბაითს თვალთვალი დავუწყეთ და ერთ კვირაში უკვე მოქმედების გეგმა გვქონდა შემუშავებული. ბაითის დაბომბვას სულ რაღაც საათ-ნახევარი მოვანდომეთ და, იქიდან რომ გამოვედით, ერთი ჩანთა ნარკოტიკები, ოთხმოცი ათასი მანეთი და ძვირფასეულობა გამოვიტანეთ. ნარკოტიკები მდინარე მოსკვაში გადავყარეთ, ძვირფასეულობა, რა თქმა უნდა, კეშას მივუტანეთ ლენინგრადში და ნახევარი თანხა ავიღეთ, რომელიც მოპარულ ფულს მივუმატეთ და სამართლიანად გავტეხეთ… მორფინის ბაითის გაქურდვამ დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო მოსკოვში და, ძაღლებიც დაფარცურდნენ. ერთი კვირა დღე და ღამე არ გაუმაზავთ, მაგრამ, ქურდობა ვერ გახსნეს და ისევ მორფინს მიადგნენ, რომელსაც კრისობაში დასდეს ბრალი. მილიცია ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მორფინმა მოაწყო, სინამდვილეში კი, ნარკოტიკები გადამალა, რომ შემდეგ ისინი გაეყიდა და მთელი ფული თვითონ ჩაეჯიბა. ამიტომ, მას ნარკოვაჭრობისთვის წაუყენეს ბრალი და ექვსი წლით გასროკეს. ზონაში მორფინი ჩვენებმა ჩაიბარეს და საქათმეში გაამწესეს. ერთ თვეში კი მან თავი ჩამოიხრჩო და ქვეყანას ერთი ნაძირალა გამოაკლდა… დათა თუთაშხიობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ, მორფინისნაირი ნაძირლების მოსპობა წმიდათაწმიდა საქმედ მიმაჩნია და არ ვნანობ. თუმცა, დღესდღეობით ნახევარი მსოფლიო ნარკობარიგებისაა, მათ ძალიან დიდი ფული და გავლენა აქვთ და მოწინავე პოზიციები უკავიათ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. სამწუხარო ისაა, რომ მათ ჩვენს სამყაროშიც კი მოიპოვეს ლიდერობა, რაშიც ზოგიერთი ქურდიც იღებს მონაწილეობას. ბოლო სროკის მოხდა რუსეთში დავიწყე და, სანამ საქართველოში გამომიშვებდნენ, ჯერ ციმბირში ვიხდიდი სროკს, შემდეგ ბუტირკის ციხეში, იქიდან კი თბილისში გამომიშვეს. ციმბირში, სტროგაჩებში რომ ჩამასახლეს, ზონაში ექვსი ქურდი იმყოფებოდა. მე მეშვიდე ვიყავი და მხოლოდ ერთი ნაცნობი ქურდი დამხვდა, რომელსაც „შაურა“ ერქვა. დანარჩენი ხუთი კი ახალგაზრდა, უცნობი ქურდები იყვნენ, თუმცა, პალაჟენია ეკავათ. შაურა ცნობილი ჯიბგირი, ნეპმანელი ქურდი იყო და ძველ ტრადიციებს მისდევდა. მას მე ჩავეხუტე, ვითარება გამოვკითხე და ვუთხარი:

– რა მასტები არიან ეს ახალგაზრდა ქურდები!

შაურა კარგად მიცნოდა, მენდობოდა და პირდაპირ მითხრა:

– ნაბოზარი ნარკობარიგები!

ხუთი ქურდის ნარკობარიგობაში დადანაშაულება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. ან ქურდი ნარკობარიგები უნდა დასჯილიყვნენ, თუკი მათ ბარიგობა დაუმტკიცდებოდათ, ან, მათი ბრალმდებელი უნდა მომკვდარიყო ცილისწამებისთვის. ერთი სიტყვით, ძალიან საჭირო ინფორმაცია იყო, თუმცა, ჩემი ქურდული მოვალეობა იყო ყველაფრის გაიასნება და შაურას ვუთხარი:

– ყველაფერი უნდა გავაიასნოთ და ტიტულები ავყაროთ.

შაურას გაეცინა და მომიგო:

– კი მაგრამ, როგორ?

– როგორ და, ქურდულად. ეს ქვეყანა ჩალით ხომ არაა დახურული, ან, ჩვენ, ქურდები ხომ არ გადავშენდით? – ვუთხარი შაურას, მან კი ირონიულად მომიგო:

– ჯერ არა, მაგრამ, გადაშენების გზაზე ვდგავართ.

– ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს, ამ ნაბოზრებს თავიანთი ადგილი უნდა მივუჩინოთ.

– მაინც, როგორ აპირებ ამის გაკეთებას, რა მოიფიქრე?

– ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ, ერთად მოვიფიქრებთ და ჩვენსას ვიზამთ.

– არ გირჩევ, კობრა, – თავი გააქნია შაურამ და დაამატა: – ბარიგობაზე მაგათ ვერ დაიჭერ – ისეთს არაფერს ჩაიდენენ, რომ სიტყვაზე ან საქციელზე წამოიკიდო და გააფუჭო. ფულით მაგათ ვერ აჯობებ და, აბა, როგორ აპირებ მათ დამარცხებას? ბოლო-ბოლო, მაყუთს გადაიხდიან და თავიდან მოგიშორებენ.

შაურა მართალი აღმოჩნდა: როგორც კი ნარკობარიგა ქურდების საწინააღმდეგო კამპანია წამოვიწყე ზონაში, ერთ კვირაში იქიდან მომაშორეს, მოსკოვში ჩამიყვანეს და ბუტირკის ციხეში ჩამსვეს. მაშინ არაფერი გამომივიდა, მაგრამ, ჯერაც არ დამიკარგავს იმედი, რომ ქურდული სამყარო აუცილებლად დაუბრუნდება ტრადიციებს და ძველ ჩარჩოებში ჩაჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა და ახალმა ტრადიციებმა მოიკიდა ფეხი, ღრმად ვარ დარწმუნებული, იმაში, რომ ქურდის ადგილი არც ბიზნესშია და არც პოლიტიკაში. არაერთხელ მითქვამს, რომ ქურდის საქმე არაა ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა და ქურდული ჩარჩოების მიღმა გასვლა. ქურდს ქურდული საქმეებიც თავზე საყრელად აქვს და კიდევ არაქურდული საქმეების დამატება მიზანშეუწონელია. ტყუილად კი არ არსებობს გამოთქმა – „რამკიანი ქურდი“. ეს მხოლოდ გამოთქმა კი არაა, ცნებაა და მთელ ქურდულ ფილოსოფიას შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამკიანი, იგივე კანონიერი ქურდი, ქურდულ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს და ქურდული კანონების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ქურდულ კანონებში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა კანონში, მცირე ცვლილება კიდევ შეიძლება, თუკი ეს ცვლილება კანონის არსს არ ცვლის, მაგრამ, კანონის უგულებელყოფა, მასზე ძალადობა და საკუთარ თავზე მორგება ყოვლად დაუშვებელია და ამის ჩამდენი მკაცრად უნდა ისჯებოდეს. აქაოდა, ტექნოლოგიები განვითარდაო, ზოგიერთი ეგრეთ წოდებული ქურდი ან ქურდების ჯგუფი ისეთ აბსურდულ საქციელს სჩადის, რომ, არ იცი, იტირო თუ იცინო…

ბოლო სროკზე წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ მალინაზე ჩემი ძველი ძმაკაცი და კოლეგა – „კოლია ლისი“ შემხვდა. ერთმანეთის ნახვა ძალიან გაგვიხარდა, ძველი ამბები გავიხსენეთ, წასულების სადღეგრძელო შევსვით და, რა თქმა უნდა, არც ვასია ბრილიანტი დაგვვიწყებია, რადგან, სწორედ მასთან გავიცანი კოლია ლისი.

– ღმერთმა აცხონოს ძია ვასია, – თქვა კოლიამ და არაყი გადაკრა.

– ღმერთმა აცხონოს ბრილიანტი, – ვთქვი მეც და არაყი დავლიე. ლისიმ კი მითხრა:

– რა დრო დადგა?! ბრილიანტი, ალბათ, საფლავში ბრუნავს სიმწრისა და სირცხვილისგან.

– ჰო, ზოგიერთი ჩვენი ძმა ნამეტანი გასცდა ქურდულ ჩარჩოებს, – ვუთხარი კოლიას, მან კი მომიგო:

– რასაც ახლა გეტყვი, დაუჯერებელია და, ალბათ, ჯერ არ გაგიგია.

– ისეთი რა უნდა მითხრა?

კოლია ლისის ჩაეცინა, თავი გააქნია და მითხრა:

– ადრე, თუ ქურდი ციხეში არ იყო მონათლული, მას ალმაცერად უყურებდნენ, ხომ გახსოვს?

– კარგად მახსოვს.

– კაროჩე, ერთი „თავკომბალაა“. ჯერ ერთი, ლაწირაკია და ოცდახუთისაც არ არის, მთავარი კი ისაა, რომ ქურდად აკურთხეს და, თანაც – სკაიპით…

– რაო?! – ვკითხე ლისის, რადგან საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.

– ჰო, ჰო, სკაიპით აკურთხეს. მეც არ მჯეროდა, სანამ ჩანაწერი არ ვნახე, – მითხრა ლისიმ და დაამატა: – ეს უკვე მეტისმეტია და, თუ ასე გაგრძელდა, სრულ გადაშენებამდე მივალთ ქურდები.

სკაიპით ნაკურთხი თავკომბალა, თანაც, ერთი ქურდის მიერ, ქურდად არავის უცნია, მის ნათლიასაც ყურები ავუწიეთ და ტიტული ავყარეთ. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით უკვე არავის უკვირს სკაიპით ქურდად კურთხევა და ამის ჩამდენებს უკვე არც და ვერც ვერავინ სთხოვს პასუხს…

– სკაიპიც კამერაა კობრა-ჯან, – ვითომ მეხუმრა ერთი ახლად გამოჩეკილი ქურდი, რომელიც ჩემს პაბეგამდე ცოტა ხნით ადრე შემხვდა და ვილაპარაკეთ. კამერა, ანუ, სკაიპის ვიდეოთვალი მან ორაზროვნად ახსენა და „კამერაში” „საკანს” გულისხმობდა. ეს კი იმიტომ მითხრა, რომ ერთი ქურდის სკაიპით კურთხევის ამბავზე ველაპარაკებოდი, რომელშიც თვითონაც ჰქონდა მიღებული მონაწილეობა.

– რა კამერა, ბიჭო, რის კამერა. ღადაობის დროა? კამერა ციხეშია და, ადრე ქურდს კამერაში თუ არ აკურთხებდნენ ქურდები, მათ თვალში მას ავტორიტეტი არ ჰქონდა. რა უბედურებაა ეს ვიდეოთვალითა და სკაიპით კურთხევა, სულ გაგიჟდით?

– პროგრესია, კობრა, პროგრესი, მაშინ  არც ტელეფონით უნდა ისარგებლო და არც ტელევიზორს უყურო, – ნიშნისმოგებით მითხრა ჩემმა ოპონენტმა, მე კი მას სიტყვა გავაწყვეტინე და მივუგე:

– არ იცი, რომ ყველა ტელეფონს ისმენენ და ტელეფონით გაკეთებული საქმე დამწვარი და ტუფტაა?

– ტელეფონი სხვა არის, სკაიპი კი – სულ სხვა, – თავის მართლება სცადა ოპონენტმა, მე კი ვუთხარი:

– რა სულ სხვა, რას მიედ-მოედები! სკაიპიც ისეთივე დამწვარი პონტია, როგორიც ტელეფონი და სხვა ტექნოლოგიები. ქურდად კურთხევა კი, ძმაო, დახურული პონტია, რომელიც გარეთ არ უნდა გავიდეს და, კაცს რომ სიდნეიდან პარიზში ქურდად აკურთხებ, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, უწესობაა და არანაირ ქურდულ ჩარჩოებში არ ჯდება. არა, ძმაო, არა, არ სცემთ პატივს ქურდულ ტრადიციებს ახალგაზრდები და თქვენი წესები გაქვთ შემოღებული. ასე კი არ ივარგებს და, თუ დროზე არ მოვნახეთ გამოსავალი, კარგი არაფერი მოხდება.

– რას გულისხმობ, კობრა?

– იმას, ძმაო, რომ ქურდები ერთმანეთს დავეტაკებით, რაც კარგი საქმე არაა.

ჩემი ახალგაზრდა კოლეგა ერთ-ერთი კლანის წევრი იყო, ამიტომ, ძალას გრძნობდა და რაც შეეძლო,  დაჯერებულად მითხრა:

– სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს, ძმაო.

– შენ გამთელება თქვი, თორემ, გაწყვეტაზე ადვილი არაფერია. არ უნდა გაწყდეს და, რომ არ გაწყდეს, წესიერი, ნაღდი ქურდული მოქცევაა საჭირო. ომი არ გვინდა, ძმაო, მაგრამ, არც ომის შეგვეშინდება სტარიკებს.

ჩემს ახალგაზრდა კოლეგას უხმოდ დავშორდი და რამდენიმე დღეში პაბეგში მომიწია წასვლა. ჩემმა ოპონენტმა და მისმა კლანმა კი დაპირისპირებულ ქურდულ კლანთან ნამდვილი ომი გააჩაღეს, რომელიც ახლაც გრძელდება, ზღვა სისხლი იღვრება და ამას ბოლო არ უჩანს.

 რა თქმა უნდა, ქურდებს შორის შეტაკებები ახალი ხილი არ არის და ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა, თუმცა, ამით ქურდული საძმო არ დაზარალებულა. ახლა კი ქურდული ომები ქურდულ სამყაროს აზარალებს და, ვიმეორებ, თუკი ეს პროცესი დროზე არ შევაჩერეთ, მაშინ ყველაფერი ცუდად დასრულდება ჩვენთვის. სამწუხაროა, რომ, თითო-ოროლას გამოკლებით, თანამედროვე ქურდები ძველ ავტორიტეტებს თითქმის არ ცნობენ, ხშირ შემთხვევაში კი დასცინიან კიდეც მათ და აბუჩადაც იგდებენ. არადა, ქურდული სამყაროს ავტორიტეტი სწორედ მისი წევრების სწორი და თავგანწირული საქციელის შედეგად იქმნებოდა და, სწორედ იმიტომ ცდილობენ ავტორიტეტების დანგრევას, რომ შემდეგ მთელი ჩვენი სამყარო დაანგრიონ. ბოლო სროკზე ყოფნისას ერთი მოხუცი მეცნიერი გავიცანი, რომელსაც რვაწლიანი სროკი ჰქონდა აკიდებული და მასთან ურთიერთობამ მრავალ რამეზე ამიხილა თვალი. მოხუცი მეცნიერი 75 წლის იყო და, იმიტომ დააპატიმრეს, რომ თავისი შვილიშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის, უბნის ინსპექტორი მოკლა სანადირო თოფით. მილიციის მთვრალი კაპიტანი მის ბინაში მივიდა, ვითომდა საქმეზე. მას მოხუცი სახლში არ ეგულებოდა და მის შვილიშვილს ეძგერა. ხმაურზე კი მოხუცი თოფით გამოვიდა, ინსპექტორს თავზე მიადო ორლულიანი იარაღი და ნახევარი თავი წააცალა. მოხუცი ისტორიკოსი იყო, ივან პეტროვიჩი ერქვა და ძალიან ჭკვიანურ რაღაცეებს ამბობდა. ასაკის მიუხედავად, აბსოლუტურად საღი გონება და ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და უბადლო ანალიზს აკეთებდა. მას ყოველთვის ისეთი არგუმენტები  მოჰყავდა ხოლმე ნებისმიერ თემაზე კამათის დროს, რომ ვერაფერს დაუპირისპირებდი. ერთხელ, ჩვეულებრივად ვსაუბრობდით. შემდეგ ლაპარაკი პოლიტიკას შეეხო და გლობალურ საკითხებს გადავწვდით. თემა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს შეეხო და მე ივან პეტროვიჩს ვუთხარი:

– ვერა, ძმაო, ვეღარ ქაჩავს რუსეთი! არადა, ამერიკას რას უშვრებოდა საბჭოთა კავშირი?!

– სწორედ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო ამერიკის აღზევება, – მითხრა ივან პეტროვიჩმა.

– ეგ ბოლოს. მანამდე?

პროფესორმა თავი გააქნია და მითხრა:

– გინდა, გითხრა, რატომ ხდება ასე?

– როგორ – ასე? 

– ამერიკა რომ რუსეთს ჯობნის.

– ბრძანეთ.

– იმიტომ, რომ ამერიკამ საბჭოთა კავშირს იდეური ფუნდამენტი შეურყია და დაშალა. იმავეს იმეორებს ახლაც და, თუ ეს მთავრობამ კიდევ ჭამა, რუსეთიც დაიშლება.

– რას გულისხმობთ?

– უმარტივეს რაღაცას.

– მაინც?

– რას და, რასაც სტალინის კულტის დანგრევას უწოდებენ. სინამდვილეში ისინი ქვეყნის უდიდეს ავტორიტეტს ანადგურებენ, სანაცვლოდ კი ცრუ ღირებულებებს გვაჩეჩებენ და, სანამ  გაირკვევა, რა და როგორ, ქვეყანა თავზე ჩამოგვემხობა. იგივე ხდება ქურდულ სამყაროშიც.

– ჩვენთან?

– დიახ, თქვენთან.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ, ივან პეტროვიჩ?

– ჩემო კობრა, ისტორიკოსი ვარ და, ყველაფერთან ერთად, ქურდული სამყაროს ისტორიაც მაქვს შესწავლილი. უნდა გითხრა, რომ აქაც იგივე სცენარი ვითარდება.

– რა სცენარი?

– რა და, ქურდული სამყაროს დაშლა-განადგურგების სცენარი და, იცი, როგორ ხდება ეს?

– როგორ?

– უმარტივესად. ახალი თაობის ქურდებს ძველ ავტორიტეტებს მასხრად აგდებინებენ და შენ წარმოიდგინე, ცალხელა ვასია ბრილიანტი და თქვენი სხვა ძმები მათთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენენ. იცი, ერთი ღლაპი ვითომ ქურდი რას ამბობდა?

– რას?

– რას და, ცალხელას რომ ჭკუა ჰქონოდა, ხელს არ მოიჭრიდა პავიაზკის გამო, ვასია ბრილიანტი კი „ბელი ლებედში” წასვლას თავს აარიდებდაო. შენ წარმოგიდგენია, ასეთი ფილოსოფიით მცხოვრები ქურდი, თანაც, ნარკომანი, რა საფრთხეა ქურდული სამყაროსთვის? აი, სწორედ აქაა დამარხული ძაღლის თავი და, თუკი ასეთები მომრავლდნენ, შენნაირები კი გაწყდნენ, ყველფერი ამით დასრულდება და, ერთ მშვენიერ დღეს, ქურდული სამყაროდან მხოლოდ სახელწოდება დარჩეს და, შეიძლება, ისიც კი შეცვალონ. ახლა ხვდები, რა საშინელების წინაშე დგახართ ქურდები? უფრო სწორად – ნამდვილი ქურდები?

– კი, ვხვდები, – მივუგე ივან პეტროვიჩს.

– ჰოდა, ჩემო კარგო, რამე უნდა იღონოთ, თორემ, ისედაც უმცირესობაში ხართ და, თუ თავს არ უშველეთ, გადაშენდებით.

– ეს არც ისე ადვილია, – ვუთხარი მოხუც პროფესორს, ნარკობარიგა ქურდების ამბავი მოვუყევი და დავამატე: – სწორედ მაგათმა მომიშორეს თავიდან და აქ გადმომიყვანეს.

ივან პეტროვიჩის ანალიზმა და კომპეტენტურმა დასკვნამ კიდევ უფრო მეტად ამიხილა თვალი და, იქვე, ბუტირკის ციხეში ვცადე ძველი ქურდების ორგანიზება, მაგრამ, იქიდანაც მალე მომიშორეს, თბილისში გამომგზავნეს და მეშვიდე იზოლატორში გამომკეტეს. იქიდან ქურდული ცხოვრების ორგანიზება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ოკეანის გადაცურვა გემის გარეშე. არადა, საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ქურდული ატმოსფერო იყო, მაგრამ, ერთმა კანონცვლილებამ და ახალი მთავრობის ნებამ ისე რადიკალურად შეცვალა ყველაფერი, რომ ახლა აქ ყველაზე არაქურდული პალაჟენიაა და, საეჭვოა, რომ ძველი სიტუაცია მალე დაბრუნდეს, თუკი ასეთი რამ ოდესმე მოხდება.

მე თავს ვერ გამოვიდებ იმის მტკიცებით, რომ საქართველოში იდეალური სიმშვიდეა – ეს მხოლოდ ზედაპირულად ჩანს ასე. სინამდვილეში კი, თუ ქურდული სამყარო არ ჩანს, სამაგიეროდ, მაფიოზური კლანები ბოგინობენ, რომლებიც გაცილებით მეტ ზარალს აყენებენ ხალხსა და სახელმწიფოს, ვიდრე კანონიერი ქურდები და მათი საქმიანობა. მეტსაც ვიტყვი, სწორედ ჩვენ, ქურდები ვაბალანსებდით ადამიანურ ურთიერთობებს და საშუალებას არ ვაძლევდით მაფიოზურ კლანებს, რომ ღრმად გაედგათ ფესვი საზოგადოებაში, ხალხი გაეწეწათ და დაეშინებინათ. მაშინ ასეთ ხალხს „ფაშისტებს” უწოდებდნენ და სწორედ ისინი თამაშობენ ამჟამად ერთ-ერთ მთავარ როლს იმ საქმეში, რასაც ნაღდი ქურდული ტრადიციების გადაშენება და ახლის დანგრევა ეწოდება. დღევანდელ ფაშისტებს ანუ 

– ბიზნესმენებს, ახლა საკუთარი ქურდული კანტორები აქვთ და სწორედ ამით გვიპირისპირდებიან ჩვენ, ნაღდ ქურდებს.

ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და ქურდებს ჯერ კიდევ არ გვავიწროებდნენ, თუმცა, მაფიოზური დაჯგუფებები საკმაოდ მყარად გრძნობდნენ თავს, როდესაც ერთმა ძველმა ნაცნობმა დახმარება მთხოვა. ის პატიოსანი ფოტოგრაფი იყო, ქალაქის ცენტრში პატარა ატელიე ჰქონდა და მისი მუქთად წართმევა უნდოდათ.

– კობრა, ძმაო, შენ ხომ მაინც კარგად იცი,  რამდენი ოფლი მაქვს ჩაღვრილი იქ და, ახლა ერთ ახვარს ის ადგილი მუქთად უნდა. იცნობ შენ მას, თუ გახსოვს, პლეხანოვზე დარბოდა ყუთით და პრიანიკებს ყიდდა. „თხილა“ არ გახსოვს? წვრილი თავი რომ ჰქონდა.

– როგორ არ მახსოვს, – გამეცინა მე და თხილა გამახსენდა, რომელიც მთელი დღე პლეხანოვზე დადიოდა და პრიანიკებს ყიდდა.

– ახლა ის თხილა კი აღარ არის, არამედ, ბიზნესმენია. თავისი მაღაზიების ქსელი აქვს და ჩემი ატელიე იმისთვის უნდა, რომ იქაც მაღაზია გახსნას. იცი, რა მითხრა?

– რა?

– რა და, ათას დოლარს გადაგიხდი და ეგ ადგილი დამითმეო. არადა, მხოლოდ კვადრატულით რომ ვიანგარიშოთ, ჩემი ადგილი, სულ ცოტა, ასჯერ ძვირი ღირს და მალე ეს ფასი გაორმაგდება კიდეც.

– მოიცა, მოიცა, ასიათასიანი ადგილის დათრევა ათას დოლარად უნდა?

– ჰო.

– მერე, შენ რა უთხარი?

– რა და, ერთ ადგილზე გავგზავნე რუსულად. მან კი ვიღაც „ჩიორა“ გამომიგზავნა და პრავის კაჩაობა დამიწყო.

– აბა, ჩიორა?

– ვიღაც ლაწირაკი ბიჭია, ამბობს, ქურდი ვარო.

– ქურდი ჩიორა? არ ვიცნობ. ჩემზე არაფერი უთხარი?

– როგორ არა, ვუთხარი, ჩემი ახლობელია-მეთქი, მან კი მითხრა, ასეთ ქურდს არ ვიცნობო.

– არ ვიცნობო?

– არაო.

– კარგი. ხვალისთვის დაიბარე და, ვნახოთ, რა ხილია.

მე და ფოტოგრაფი მეორე დღეს შევხვდით ჩიორას, რომელიც საკმაოდ გონორით ლაპარაკობდა და იმ ეგრეთ წოდებული „სკაიპით მონათლულთა“ პლეადას ეკუთვნოდა, ვინც ახალ ფაშისტებს ჰყავდათ ნაყიდი. მე მას ცოტა ხანს ვუსმინე, ბოლოს კი დავუნაჟიმე, გავაჩერე და ვუთხარი:

– ახლა წადი, იმ ნაბიჭვარ თხილას გადაეცი, რომ ის ადგილი ასე იაფად არ იყიდება და, თუ მისი დათრევა უნდა, მაშინ, მილიონი დოლარი მოჯვას. შენ კი გირჩევ, რომ ვაჭრუკანებს თავი დაანებო, თუ ქურდი ხარ, ქურდულ საქმეში ჩაება და, რაც მთავარია, ქურდები გაიცნო. ჩემზე გითქვამს, ასეთ ქურდს არ ვიცნობო. ამჯერად გპატიობ ამ იაღლიშს, სხვა დროს კი პასუხს მოგთხოვ.

ჩიორა კუდამოძუებული წავიდა და ჩემი ახლობელი მას და თხილას აღარ შეუწუხებიათ. თუმცა, სამი თვის მერე, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ანტიქურდული რეპრესიები დაიწყო, ჩემს ახლობელს თავისი კუთვნილი ატელიე მუქთად წაართვეს, თვითონ კი ექვსი თვით ციხეში ჩასვეს და მხოლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდის შემდეგ გამოუშვეს, სულ მალე იმ ადგილას თხილას მაღაზია გახსნეს, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, მაგრამ, თხილას აღარ ეკუთვნის. თხილა ახლა უცხოეთშია გახიზნული და მტრებს ემალება. ჩიორა კი უფრო ადრე გაიქცა, თუმცა, შურისძიებას ვერ გადაურჩა და ლისაბონის ერთ-ერთ სასტუმროში თავმოკვეთილი იპოვეს… ასე ხდება, როცა ბესპრეძელშჩიკურად ცხოვრებას მოინდომებს ის ადამიანი, რომელიც სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს. ქურდებს შეცდომები ადრეც მოსდიოდათ და ზოგჯერ მიუტევებელ საქციელსაც კი სჩადიოდნენ. მაგრამ ასე მასობრივად არ იყიდებოდნენ, თავიანთ ღირსებას უფრთხილდებოდნენ და ცუდს არავის ათქმევინებდნენ.

თუ ადრე ქურდი სასიკვდილო დანაშაულს ჩაიდენდა, ის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თვითონვე იკლავდა თავს და, ამით, ასე თუ ისე, მაინც ინარჩუნებდა ღირსებას. დღეს კი პირიქითაა და ისე იოლად არღვევენ ქურდულ კანონებს და ისე იოლად ილახავენ ღირსებას, თითქოს მზესუმზირას ჭამდნენ სტადიონზე…

მახსოვს, ერთხელ, მეზობლის პატარა ბავშვს მანქანას შევპირდი საჩუქრად, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მილიციამ დამაკავა, მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამომიშვეს და ბავშვს ცოტა მოგვიანებით შევუსრულე დანაპირები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვინერვიულე და რა ცუდ დღეში ჩავვარდი, როდესაც პატარა ბავშვს დროულად ვერ შევუსრულე დანაპირები. არავინ იფიქროს, რომ ვმეტიჩრობ. მართლა ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი და ეს იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ღირებულებებზე ვიყავით გაზრდილები და ბავშვთან სიტყვის გატეხაც კი უღირს საქციელად მიგვაჩნდა. მეტსაც ვიტყვი: მილიცია რომ მილიციაა, თუკი ქურდი მილიციელს პატიოსან სიტყვას მისცემდა, შანსი არ იყო, რომ ის გაეტეხა.

ერთი ცნობილი ქართველი ქურდი იყო, ვანო ჯიქია, მეტსახელად, „ჯიქი“. გასული საუკუნის ორმოცდაათიან-სამოციან წლებში მას ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თავის კოლეგებში და მტრებიც კი პატივს სცემდნენ. მოხდა ისე, რომ, სრულიად შემთხვევით, ჯიქს ადამიანი შემოაკვდა. უფრო სწორად კი, მას ორი გაფუჭებული ქურდი დაესხა თავს მოსაკლავად. ვანომ კი ისინი მოიგერია და მათსავე დანებზე წამოაგო. ჯიქი ააგდეს და ძალიან მძიმე ბრალდება წაუყენეს. დახვრეტა თუ არა, თხუთმეტწლიანი პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა. როგორც საშიში დამნაშავე, ჯიქია შინაგან ციხეში გამოამწყვდიეს. იმ პერიოდში საქართველოში ძალიან მაღალჩინოსანი მოსკოველი პარტიულის ცოლი იყო ჩამოსული დასასვენებლად და მას ბრილიანტის ბეჭედი მოჰპარეს სოხუმში. ფეხზე დადგა მთელი ქართული მილიცია, მაგრამ ვერც ქურდი იპოვეს და ვერც მოპარული ბეჭედი. დაზარალებულს ბევრად უფრო ძვირფასი ბეჭედი და სხვა სამკაულები შესთავაზეს საკომპენსაციოდ, მაგრამ, ის უარზე იდგა და თავის ბეჭედს მოითხოვდა. ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა და, ამ ქურდობას, შესაძლოა, ქართველი ბობოლა ძალოვნებისა და პარტიულების კარიერა შესწირვოდა. ამიტომ, ქართველი ფუნქციონერები დაფაცურდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ამ საქმეში ჯიქის გამოყენება სცადა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მინისტრს უთხრა:

– ამხანაგო გენერალო, ერთი შანსი დაგვრჩა – ჯიქი თუ გვიშველის.

– ჯიქი?! 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3