კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თითი გალიაში

ჩარლზ ფრედერიკის, კერძო დეტექტივის მაგიდაზე საშინელი რაღაც იდო – ადამიანის მოკვეთილი თითი. ის ნახევარი საათის წინ მოიტანა ახალგაზრდა კაცმა და, თან, მოყვა, როგორ აღმოჩნდა თითი მასთან. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ეწვია ქალაქში ჩამოსულ მოხეტიალე ცირკს. წარმოდგენა დამთავრებული იყო, მაგრამ, მას უფრო „გრიზლის ლომების“ ნახვა აინტერესებდა. სალაროსთან მივიდა და იქ მჯდარ ქალს სთხოვა, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ლომების ნახვის საშუალება მიეცა. ქალი ჯერ ყოყმანობდა, მაგრამ, ახალგაზრდა კაცმა იმაზე მეტი თანხა შესთავაზა, ვიდრე წარმოდგენის ბილეთი ღირდა. მაშინ ქალი ბალაგანის შიგნით შევიდა და მომთვინიერებელს დაელაპარაკა. როცა ახალგაზრდა იმ ფარდულში შევიდა, სადაც ლომების გალიები იდგა, შენიშნა, რომ ფეხსაცმელზე თასმა ჰქონდა შეხსნილი. დაიხარა, რომ შეეკრა და, სწორედ მაშინ შენიშნა სისხლსა და მტვერში ამოგანგლული თითი. შეძრწუნებულმა, თითს ხელსახოცი გადააფარა და ჯიბეში ჩაიტენა… შიშისგან ისე იყო დაზაფრული, რომ, არც ახსოვს, იმ საშინელი ადგილიდან როგორ წამოვიდა. ჯერ პოლიციაში აპირებდა წასვლას, მაგრამ, მერე ჩარლზ ფრედერიკი გაახსენდა და მისკენ გაეშურა…

– სწორადაც მოიქეცით, – დეტექტივმა თითს ყურადღებით დახედა, – პოლიციისთვის ეს საქმე… ჰმ, ასე ვთქვათ, მეტისმეტად თავისებურია…

–  თქვენ ფიქრობთ, რომ ის საზიზღარი მომთვინიერებელი თავის ლომებს ადამიანებით კვებავს? – გაფითრდა ახალგაზრდა.

– მგონი, ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე. აქ უფრო სერიოზული დანაშაულის კვალს ვხედავ… იცით, რას გეტყვით? თქვენ ახლა სახლში წადით და დანარჩენზე მე ვიზრუნებ. ტელეფონი დამიტოვეთ. როგორც კი რამეს გავარკვევ, მაშინვე დაგირეკავთ.

სტუმრის წასვლის შემდეგ ფრედერიკმა თავისი თანაშემწე გამოიძახა და თითი აჩვენა, თან უამბო, როგორ აღმოჩნდა ადამიანის სხეულის ნაწილი მასთან.

– აბა, რას იტყვი?

თანაშემწემ გამადიდებელი შუშა მოიმარჯვა და თითი ყურადღებით დაათვალიერა.

– მაშ, ასე: თითი ბასრი საგნით არის მოჭრილი და არა მხეცის მიერ კბილებით მოგლეჯილი. თითი მამაკაცს ეკუთვნოდა, თანაც, მდიდარ მამაკაცს. ამაზე მეტყველებს თითის ქვემოთა ნაწილში საკმაოდ ბრტყელი ბეჭდის, სავარაუდოდ, ძვირფასის, ნაკვალევი. კანი თეთრია და აშკარად არ ეტყობა არანაირი ფიზიკური შრომის კვალი. შეხედეთ, ფრჩხილი სათუთად არის მოვლილი. ბევრი იცით ისეთი მამაკაცი, რომელიც ფრჩხილებს ასე უვლიდეს?

– ანუ, ამით ჩვენ შევძლებთ, შევიტყოთ, ვის ეკუთვნოდა ეს თითი? 

თანაშემწემ თავი დაუქნია:

– ეჭვის გარეშე. დღესვე ჩამოვივლი ქალაქის ყველა პრესტიჟულ სალონს…

მეორე დღეს, შუადღისთვის, ჩარლზ ფრედერიკმა უკვე იცოდა, ვის ეკუთვნოდა მოჭრილი თითი – ვინმე მისტერ რობერტსონს, ბირჟაზე მოთამაშეს. ერთ-ერთ სალონში მისი ზუსტი აღწერილობა მისცეს: მსუქანი, კანი ძალიან თეთრი, მარჯვენა ხელის შუა თითზე მსხვილ ოქროს რგოლში ჩასმულ ვეება ბრილიანტს ატარებს.

– სავარაუდოდ, სწორედ ეგ ბრილიანტი გახდა მკვლელობის მიზეზი. მომთვინიერებელმა და მისმა თანაშემწემ ეს რობერტსონი ფარდულში შეიტყუეს და მოკლეს. ბეჭედი ვერ მოხსნეს და თითი დანით მოაჭრეს, გვამი კი ლომებს შეუგდეს გალიაში, მაგრამ თითი ყურადღების მიღმა დარჩათ… ეჭვი მაქვს, ეს მათი პირველი დანაშაული არ იქნება.

– პოლიციას ვაცნობოთ?

ჩარლზმა თავი გააქნია:

– არა, მტკიცებულებები არ გვაქვს. ვეჭვობ, რომ, რაც საპოვნელი იყო, ანუ, თითი, ფარდულში უკვე ვიპოვეთ. ისინი ისეთი სულელები არ იქნებიან, ნაძარცვი ადვილად მისაგნებ ადგილას შეენახათ. ჩხრეკაც არაფერს მოგვცემს. სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ.

– რა?

– პრინციპში, უკვე მოვიფიქრე – სატყუარა დაგვჭირდება და შენ უნდა შეასრულო ეს როლი. ნაცნობი იუველირი მყავს. ძვირფასეულობას ვთხოვ და მილიონერივით გამოგაწყობ. მიხვალ იქ და მომთვინიერებელს დაენახვები… ამაღამ კი იქაურობას დავზვერავთ. ის ცდუნებას ვერ გაუძლებს და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დავაკავებთ.

– საშიშია, – ჩაილაპარაკა თანაშემწემ, – თანაც, რა ფრანტი გამოვა ჩემგან?

– უნდა გავრისკოთ. ვერ დავუშვებ, დამნაშავემ დაუსჯელად იპარპაშოს, – ჯიუტად გააქნია თავი ფრედერიკმა.

მეორე დილით ფრედერიკმა უკვე იცოდა, რომ მომთვინიერებელი და მისი ცოლი იქვე, ლომების საცხოვრებელთან მიდგმულ ფლიგელში ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ, მათ ბინას ლომების განყოფილებასთან კარი აკავშირებდა. დეტექტივმა აუცილებელი ზომები მიიღო. რაღაც საჭირო ატრიბუტები შეიძინა და იუველირთან გასწია. იმავე საღამოს ჩარლზმა თავისი თანაშემწე მდიდრულად გამოაწყო, თითები ძვირფასთვლიანი ოქროს ბეჭდებით შეუმკო. მაჯებზე კი იშვიათი სილამაზის ზურმუხტის სამაგრები გაუკეთა. ბობმა – ასე ერქვა თანაშემწეს – სამხეცესთან სეირნობა დაიწყო. წარმოდგენა უკვე დამთავრებული იყო და ხალხი იშლებოდა. სალაროში მყოფი ქალი დაკვირვებით უყურებდა ბატონს, რომელიც სალაროსთან მისვლას არ ჩქარობდა. ოდნავ შებინდდა. იქაურობა თითქმის დაცარიელდა. ლომების მომთვინიერებელი გარეთ გამოვიდა. მოლარე ქალმა მას რაღაც უთხრა. მომთვინიერებელმა გაიღიმა (ბობს მოეჩვენა, რომ ბოროტად) და მისკენ გაემართა.

– ბატონო, ჩვენი ლომების ნახვას ხომ არ ინებებდით?

– ეს შესაძლებელია? მართლა მაინტერესებს. კარგად გადაგიხდით.

– საერთოდ, ამის ნებას არავის ვრთავთ, მაგრამ, გამონაკლისს დავუშვებთ. წამობრძანდით. ლომები ახლა ისვენებენ, ხომ არ შეგეშინდებათ?

– არა.

ამასობაში ფრედერიკმა ბალაგანს უკანა მხრიდან შემოუარა და საცხოვრებელი ფარდულის ღია ფანჯარაში გადაძვრა. ოთახი დიდი არ იყო. დეტექტივმა იქაურობა ყურადღებით დაათვალიერა და კუთხეში თითქმის ახალი, ძვირფასი ტყავის წყვილი ბათინკი შენიშნა. ხელში აიღო და ძირებზდე ამოტვიფრული ბრენდის მონოგრამა ამოიკითხა. შეუძლებელი იყო, მომთვინიერებელს ამ ბრენდის ფეხსაცმელი ჰქონოდა. ეს, ალბათ, რომელიმე მსხვერპლის იყო. ესეც ერთი სამხილი, – გაიფიქრა და ლომების განყოფილებაში გასასვლელ კარს დაუწყო ძებნა. ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო, მოიმარჯვა და პატარა კარი გამოაღო. ვიწრო და ბნელი დერეფანი უნდა გაევლო. უკვე ესმოდა ხმამაღალი ლაპარაკი და ლომების ბდღვინვა. სწორედ სულზე მიუსწრო – ბობი ყველაზე დიდი ლომის გალიის წინ ჰყავდათ დაჩოქილი „გრიზლისა” და კიდევ ერთ ნაძირალას და ყელის გამოჭრას უპირებდნენ. დეტექტივმა გამაფრთხილებლად ისროლა და იყვირა.

– დაგვნებდით! პოლიციამ ალყა შემოარტყა ბალაგანს!

„გრიზლიმ” დაიღმუვლა და ხელით რაღაც მოძრაობა გააკეთა. ერთბაშად ანჯამებმა დაიღრჭიალეს და ჩარლზი ისე აღმოჩნდა ხახადაღებული ლომების გალიაში, გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო. მის უკან რკინის ცხაური დაეშვა, წინა კი აიწია. ოთხი უზარმაზარი ლომი ფრედერიკისკენ დაიძრა. დეტექტივმა გაიღიმა, ჯიბიდან რაღაც მოგრძო საგანი ამოიღო, ცეცხლი მოუკიდა და ლომებისკენ ისროლა. ცეცხლმა მტაცებლები შეაშინა – ბდღვინავდნენ, ღრიალებდნენ, მაგრამ, წინ ვეღარ მოდიოდნენ. ისინი ვოლიერის კედელთან იყვნენ მიკუნჭულები… ჩარლზმა ზუსტად იცოდა, რამდენ ხანს ენთებოდა ცეცხლი, ამიტომ, დასაკარგავი დრო არ ჰქონდა…

– გახსენით გალია და დაგვნებდით, თორემ, ვეღარაფერი გიშველით, ორივეს შუბლს გაგიხვრეტთ!

„გრიზლიმ” ლომზე საშინლად დაიბღავლა, იქით ისკუპა, სადაც დეტექტივი იდგა და, სწორედ ამ დროს, ჩარლის რევოლვერმაც გაისროლა. მომთვინიერებელი უსულოდ დაენარცხა ძირს…. ამ დროს ფარდულში პოლიციელები შემოცვივდნენ. ცეცხლი თითქმის ქრებოდა, როცა დეტექტივი გალიიდან გამოიყვანეს. არ იმჩნევდა, მაგრამ, სახეზე ფერი აღარ ედო.

– უჰ, ვერ ვიტან ლომებს…–  თქვა და გაიღიმა.

ფრედერიკი მართალი გამოდგა: მისტერ რობერტსონი „გრიზლის” ბანდის ერთადერთი მსხვერპლი არ იყო – მათ კიდევ სამი ადამიანი ჰყავდათ გაძარცული და ლომებისთვის გალიაში შეგდებული…

 

скачать dle 11.3