კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გულაბერიძე

გულაბერიძე უძველესი ქართული გვარ-სახელია. ის ორი სახელისგან არის წარმომდგარი, კერძოდ, გულა და ბერი.

ამ გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლოზ გულაბერიძის აღაპი. ეს არის ერთ-ერთი უძველესი აღაპი, რომელიც ჩაწერილია ჩვენამდე მოღწეულ ჯვრის სამონასტრო მატიანეში; აღაპთა მეორე, მთავარ წიგნში, არის ნიკოლოზ გულაბერიძის – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ცნობილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, ქართლის კათალიკოსყოფილის აღაპი.

ნიკოლოზ გულაბერიძე, ანტონ ქუთათელ საღირაძესთან ერთად, იყო ხელმძღვანელი საეკლესიო კრებისა, რომელიც თამარ მეფის მოწვევით, 1184-1185 წლებში გაიმართა. ნიკოლოზმა ბევრი იღვაწა მთაწმინდის მონასტერში. იქ დიდ მშენებლობას აწარმოებდა და 1210 წელს გარდაიცვალა.

საქართველოში 122 გულაბერიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 116, ბათუმში – 5, ქობულეთში – 1.

თორდია

არსებობს მოსაზრება, რომ თორდია, ბგერათა გადასმით, თოდრაძეთა გვარიდან არის მიღებული. თითქოს თოდრაძეები კახეთიდან კოლხეთში არიან მიგრირებულნი და იქ თორდიები გამხდარან.

მსგავსი მაგალითი უცხო არ არის ქართული ონომასტიკისთვის, მაგრამ, ამ მოსაზრების გაზიარება ეჭვქვეშ დგება, რადგან, თოდრაძეები გურიაში, კერძოდ კი ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ასევე და კახეთში ცხოვრობენ, კოლხეთში კი მსგავსი გვარი ჯერ არ შეგვხვედრია.

შესაძლოა, კოლხური გვარის წარმომავლობა მესხეთში გაჩენილ ფეოდალურ საგვარეულოს – თორელს (თორელებს) დაუკავშირდეს. ასეთი მაგალითი უკვე გვაქვს: ჩორჩანელებიდან ხურისძე-ხურციძეების გვარები წარმოიშვა და ამ უკანასკნელთაგან კოლხეთში გავრცელდა გვარები: ხურცია, ხურცილავა, ლეჩხუმში კი – ხუციძე.

თორდია და თორდინავა ერთი და იგივე გვარია. ორივეს ფუძეა თორი. პირველში სუფიქსია ია, მეორეში კი – ავა. ფუძესა და სუფიქსს შორის დი ინფიქსი მიგვანიშნებს, რომ გვარის საწყისი ფორმაა თორია, თორი.

ქართლში გაჩნდა თორელების საგვარეულო, ხოლო იქიდან წასულებმა სამეგრელოში შექმნეს გვარები: თორია, თორდია და თორდინავა.

სიტყვა თორს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: თორი აბჯრის ერთ-ერთი სახეობა იყო ძველ საქართველოში; ასევე, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, რომელიც მოიცავდა შავწყალის (სადგურის ხევს), გუჯარეთისა და მტკვრის ხეობას ტაშისკარიდან დვირამდე. ტერიტორია დღევანდელი ბორჯომის რაიონშია.

სათორდიო არის უბანი ჩხორიოში, ჭკადუაშის საზღვართან.

საქართველოში 1 596 თორდია ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 208, თბილისში – 151, წალენჯიხაში – 76. არიან სხვაგანაც.

229 თორდინავა: მარტვილში – 131, თბილისში – 57, ქუთაისში – 30. არიან სხვაგანაც.

მენთეშაშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მანთაშო.

ხოსიტა მენთეშაშვილი მოიხსენიება 1860 წელს, სოფელ ღვევში.

მანთაშაშვილები 1721 წლის აღწერით ყაფლანაშვილების მამულში ჩანან.

„ოთარ მანთაშაშვილს, აზნაურს, 1721 წლის აღწერით, დედოფლის მემამულეს, ყმები ჰყავდა სომხითში.”

მენთეშაშვილები, 60 კომლის ოდენობით, ცხოვრობდნენ სოფელ მაჩხაანში. იყვნენ სხვაგანაც. ზოგ ადგილას, გამოთქმის გასაადვილებლად, მანთაშაშვილებსაც ეძახდნენ. ძველი დროიდანვე ისინი ქართველები იყვნენ, კარგ მეომრებად ითვლებოდნენ და მეფე თეიმურაზისა და ეკლესიისგან, მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებში, სიგელიც კი აქვთ ნაბოძები.

რადგან ქიზიყს ხშირად ესხმოდნენ თავს, მენთეშაშვილების რამდენიმე კომლი თბილისში გადასახლდა, მათგან, ზოგი – წავკისში, ბორბალოსა და ვაშლოვანში. ისინი იქაური მებატონეების ყმები გახდნენ და გრიგორიანული სარწმუნოებაც მიიღეს. ამიტომ, მენთეშაშვილები ჯერ მანთაშაშვილები, შემდეგ კი მანთაშოვები გახდნენ. დღევანდელი მანთაშოვები მენთეშაშვილების შთამომავლები არიან.

მენთეშაშვილებს მეთვრამეტე საუკუნეში თეიმურაზ მეორისგან ეძლევათ აზატობისა და თარხნობის წერილები. თბილისელი მანთაშოვები, მეთვრამეტე საუკუნეში არიან ქიზიყიდან თბილისში გადმოსახლებული.

საქართველოში 1 556 მენთეშაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 675, სიღნაღში – 288, რუსთავში – 127. არიან სხვაგანაც.

ბერიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბერი ხანმრავალ კაცს ნიშნავს.

1719 წელს ედიშერ ციციშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ბერუა ბერიშვილი.

1797 წლის არზით ირკვევა, რომ დავით და ბესარიონ ბერიშვილები ყოფილან თავად ლუარსაბ თარხნიშვილის ბიძაშვილები.

ღოუბნელმა გლახა ბერიშვილმა 1829 წელს იქორწინა ბოგველი თამაზას ასულ მართაზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.

ფუძით ბერი ბევრი ქართული გვარია ნაწარმოები.

საქართველოში 4 107 ბერიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 868, ზუგდიდში – 680, წალენჯიხაში – 511. არიან სხვაგანაც.

დუდაური

დუდაური, ლიდოური და დუდარიშვილი ერთი და იგივე გვარ-სახელია.

დუდაური მოხსენიებულია დავით გარეჯის ყმების ნუსხაში, რომელიც კახთა ხანმა და „ქართველთა ბატონმა” განუახლეს გარეჯს. მათზე დავა ჰქონიათ საგინაშვილებს. მათი მამული და სასახლე საცილებელი შეიქმნა ზაალ საგინაშვილსა და ნინოწმინდისა და გარეჯის წინამძღვრის, ონოფრეს შორის. სამართლისთვის მიმართეს ხანს, რომელმაც საქმის გადაწყვეტა სახლთუხუცესს, კახეთის მდივანს ონანას დაავალა. მისი განჩინებით კი, საგინაშვილებს დუდაურის შვილებზე უფლება არ ჰქონდათ. ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის დროს გარეჯის მონასტრისთვის უნდა ეხადათ რვა საპალნე ღვინო, ოცი ლიტრი ლებანი, ორი ლიტრი სანთელი.

ხოდაშენში მცხოვრები დუდაური გიორგი მეფემ დავით გარეჯის მონასტერს შესწირა.

მგელო დადაურიშვილმა იოსებ მღვდელთან პირობა დადო, რომ მარხვას შეინახავდა და, თუ დაარღვევდა, არ დაუმალავდა.

საქართველოში 212 დუდაური ცხოვრობს. თბილისში – 87, დუშეთში – 64, ახმეტაში – 29. არიან სხვაგანაც.

საზანდარიშვილი-სანდროშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა საზანდარი.

ანალოგიურად წარმოქმნილი გვარებია: არუთანაშვილი, მესტვირიშვილი, მექანარიშვილი, მედოლიშვილი, ჭანურაშვილი და სხვა.

დავით, კონა და გაბრიელ საზანდარიშვილები მოიხსენიებიან 1843 წელს პატარა თონეთში.

საზანდარიშვილები დღეს სანდროშვილებადაც იწერებიან.

საქართველოში 202 საზანდარიშვილი ცხოვრობს. ქარელში – 130, თბილისში – 49, გორში – 9. არიან სხვაგანაც.

ამანათაშვილი-ამანათიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამანათა.

1818 წელს თონეთში მცხოვრებ სოლომონ ამანათაშვილს შეეძინა ვაჟი, სახელად უწოდეს ანდრია. მღვდელი იყო აბრამ თეთრაძე, მიმრქმელი კი გიორგი ლუკაშვილი.

1873 წელს ისტორიულ დოკუმენტში მოხსენიებულია სოლომონ და გიორგი ამანათაშვილები.

ამანათაშვილების მეორე გვარია მძევლიშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ამანათიძე.

წალკაში მცხოვრები ამანათაშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები.

საქართველოში 135 ამანათაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 72, ბორჯომში – 19, ქუთაისში – 8. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3