კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

როგორ ახერხებ ამას...

ნინიმ ყავა მოსვა და კმაყოფილმა გაიღიმა. დილა მშვენივრად დაიწყო – სამსახურში მოსულს, მაგიდაზე თავისი საყვარელი ყავა და ტორტი დახვდა. ვიღაცას ძალიან ეზრუნა მასზე: ყველაფერი თეთრ ხელსახოცებზე დაეწყო და გამჭვირვალე, მოვერცხლისფრო ქაღალდში ლამაზად შეფუთული ერთი ვარდითაც გაეფორმებინა. გოგოს ფიქრიც არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ყურადღებიანი. თომა კომპიუტერის მონიტორს მიშტერებული იჯდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს საერთოდ არ აინტერესებდა, რა ხდებოდა მის გარშემო. სამაგიეროდ, ლიზამ შემოსვლისთანავე შენიშნა ნინის მაგიდაზე უჩვეულო სიტუაცია.

– ოჰო?! შენ აღარ ხუმრობ, – ლოყაზე აკოცა ნინის და თვალი ჩაუკრა. აჩვევ ნელ-ნელა, როგორ უნდა ქალის პატივისცემა? პრინციპში, სწორად იქცევი.

ნინიმ მხრები აიჩეჩა:

– მე არაფერ შუაში ვარ, თვითონ მოიფიქრა. ძალიან ყურადღებიანია.

– ხმამაღლა თქვი, რომ კარგად გაიგონოს, – გადაიკისკისა ლიზამ, – რა სასაცილო გოგო ხარ. დიდი საქმეა ყავა და ტორტი! ეგ არაფერია, ცოტა მეტი მოსთხოვე.

– არაფერიც არ მომითხოვია. არ მიცნობ? თუმცა, გამიხარდა და არ უარვყოფ.

– გოგო, შენ თუ ასე ცოტა გყოფნის სიხარულისთვის, შორს ვერ წახვალ. მოითხოვე მაქსიმუმი, რომ მინიმუმი მაინც მიიღო – ეს არის აქსიომა და პრაქტიკაში დამტკიცებული.

– იცი, რას გეტყვი? სიყვარულს ვერავის ასწავლი. ფაქტია, რომ გრძნობა გაკეთებინებს ყველაფერს და ასეც უნდა იყოს. ყალბი არაფერში მჭირდება.

– ყალბი იყოს და ნაღდი იყოს, – ჩაიღიღინა ლიზამ და მუცელზე ხელი მოისვა, – ერთი სული მაქვს, როდის დამეტყობა ფეხმძიმობა... მერე ნახე, ლევანი როგორ სიურპრიზებს გამიკეთებს – გადასარევსა და გამაოგნებელს.

– მაგიტომ გიხარია ორსულობა? – გაეღიმა ნინის.

– მაგიტომაც! – ნიშნისმოგებით შემართა თითი ლიზამ, – რატომაც არა?! ბიჭი უნდა გავუჩინო და ვიმსახურებ ყველაფერ საუკეთესოს.

– მას უნდა გაუჩინო?! – ორაზროვნად იკითხა ნინიმ. ლიზა მოიღუშა და ნაწყენი კილოთი, ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

– აი, ეს კი არ უნდა გეთქვა. ზოგადად, იშვიათად მწყინს რამე, მაგრამ, შენგან არ ველოდი. ძალიან გთხოვ, აღარასოდეს, მინიშნებითაც კი არ გაიმეორო ის, რაც ახლა თქვი.

– არაფერიც არ მითქვამს. შენ გაიგე ცუდად, თორემ, მე ვიგულისხმე, საკუთარ თავსაც ხომ უჩენ-მეთქი – სულ ეს იყო. ტყუილად გაღიზიანდი.

– კარგი, კარგი, აღარ გვინდა ამაზე, – ერთბაშად მოლბა ლიზა, – მოდი, მხოლოდ პოზიტიური ენერგეტიკით დავიტვირთოთ. ვაკეთოთ ის, რაც მართლა გვინდა; ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მართლა გაგვამხიარულებს, მით უმეტეს, ჩემთვის აუცილებელია კარგ გუნებაზე ყოფნა.

– ესე იგი, ლევანი ბედნიერია. თქვენ შორის პრობლემა აღარ არსებობს და ურთიერთობა საბოლოოდ მოაგვარეთ?

– ჰო, ამ ეტაპზე ასეა, მერე კი ვნახოთ, – ხელები მოიფშვნიტა ლიზამ, – რაც მთავარია, საბოლოოდ დავარწმუნე, რომ მისი შვილისთვის საუკეთესო დედა მე ვიქნები, მე და სხვა არავინ.

– როგორ ახერხებ ამას, პირდაპირ წარმოუდგენელია, – თავი გადააქნია ნინიმ.

– რას? – გაიოცა ლიზამ, – გგონია, რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ? ცდები. უბრალოდ, საკუთარი თავის ფასი ვიცი – სულ ეს არის.

– მაგით იმის თქმა გინდა, რომ მე არ ვიცი საკუთარი თავის ფასი?

– იცი, მაგრამ, მის გამოყენებას ვერ ახერხებ და ამაშია პრობლემა.

– არაფერიც. მე პრობლემა აღარ მაქვს... – ნინიმ ღიმილით გახედა თომას, რომელიც აშკარად ძალიან ცდილობდა, ქალების ლაპარაკი მოესმინა.

– უყურე, როგორ აქვს დაცქვეტილი ყურები? – შენიშნა ლიზამ, – მაგას ახლა თავი გმირი ჰგონია.

– მოეშვი, რა გინდა. ძალიანაც მესიამოვნა, – გამოესარჩლა ბიჭს ნინი.

ლიზამ ტუჩი აიბზუა:

– ცოტა რომ თავს მოუაროს, უკეთესი იქნება. რანაირად აცვია, წვერიც სულ გაუპარსავი აქვს...

– წვერი უხდება – რაღაცნაირ, მამაკაცურ იერს ანიჭებს. არ მომწონს გახეხილი ქვაბივით გაპრიალებული კაცები.

– აბა, როგორები მოგწონს, ჩამოძონძილები?  მაგარი გემოვნება გაქვს. იმიტომაც არ გყავს ნორმალური თაყვანისმცემელი. იცი, რომ მამაკაცები საკუთარ გარეგნობაში ნაკლს ვერ ხედავენ?! მაგათ რომ ჰკითხო, უფლება არ გვაქვს, არ მოგვწონდნენ.

– არ ვიცი. კაცებზე დაკვირვებას არ ვაწარმოებ.

ლიზამ ამოიოხრა:

– გოგო, მე კი არ გეკამათები. მინდა, რაღაც-რაღაცეები გასწავლო. გამოგადგება. თომასაც თუ მაგრად არ დაუდექი, ეგეც აუშვებს. დამიჯერე.

– აუშვებს და გავუყენებ გიგის გზას, – ნინიმ ტორტი ჩაკბიჩა, – წავიდა ის დრო, როცა ასეთ წვრილმანებზე ვნერვიულობდი.

– გეთანხმები. თუ მაგას ისე არ ამბობ, სიტყვის მასალად, ვიტყვი, რომ ჭკუა გისწავლია, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.

– თომა, დიდი მადლობა. ძალიან გემრიელია. ზუსტად ისეთია, როგორიც მიყვარს.

თომამ თავი ასწია. თვალები უბრწყინავდა:

– მართლა? შენ თუ ასე გაგიხარდება, ტორტებსა და ყავას არ მოგაკლებ.

ლიზამ მსუბუქად გაჰკრა იდაყვი ნინის:

– აჰა, რას გეუბნებოდი?! ყავისა და ტორტის იქით ვეღარ წავა მაგის ფანტაზია.

– არა უშავს, ამ ეტაპზე ესეც მაკმაყოფილებს.

– მდაა... სიჯიუტე კარგია, მაგრამ, კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტულ ადამიანთან... მამაკაცები, თითქმის განურჩევლად ყველა, მაგრად უნდა გყავდეს კაბის კალთაზე გამობმული – ახლა ჩემი ერთი მეგობარი ისეა გამწარებული. ერთხელ უთხრა ქმარს, თუ არ გჭირდები, წადიო და იმ სულელმაც გუდა-ნაბადი აიკრა.

– ანუ, წავიდა?

– ჰო. წარმოგიდგენია? ბარგი ჩაალაგა და კარი გაიხურა. არადა, საკმაოდ ნორმალური ტიპი ჩანდა. პარიზში ერთად ვიყავით. უფრო სწორად, იქ გავიცანი. ქეთისაც ვარიგებდი, მეტისმეტად ნუ ელოლიავები შენს ქმარს-მეთქი, მაგრამ, დამიჯერა?! ახლა კი ნანობს, ტირის და ნერვიულობს.

– უი, ქეთი გაშორდა ქმარს? ცოდოა, – შეიცხადა ნინიმ.

ლიზამ თვალები მოჭუტა:

– ხედავ? შენს რეაქციას ვგულისხმობ. ეგრევე თქვი – ცოდოაო. არადა, კაცი რომ შორდება ცოლს, ულოცავენ ხოლმე.

– ვითომ, კაცს აბედნიერებს ოჯახის დანგრევა? – დაეჭვდა ნინი, – ვერ დავიჯერებ.

– რა თქმა უნდა, არ აბედნიერებთ, მაგრამ, პოზა უჭირავთ ეგეთი – ვითომ, სულაც არ გვენაღვლება, მარტო დავრჩებით თუ არაო.  სინამდვილეში კი ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში ვარდებიან: ლოთობენ, დაწანწალებენ აქეთ-იქით. არავინ უვლით, არავინ ჰპატრონობთ... საშინელებაა... დარწმუნებული ვარ, ქეთის ქმარიც ნანობს, რაც გააკეთა, მაგრამ, მოკვდება და არ აღიარებს. საზიზღარი.

– ქეთი მართლა ძალიან ნერვიულობს?

– ძალიან. საგანგებოდ დამირეკა, შემხვდიო. ჩემი რჩევა სჭირდებოდა – ისე როგორ შევურიგდე რომ, არ იფიქროს, ვეხვეწებიო.

– ეგ ადვილი არ იქნება. თუმცა, მე მაინც ვერ ვხდები, თუ შერიგება უნდა, რა მნიშვნელობა აქვს, ის რას იფიქრებს?

– ისევ გეშლება. აქვს მნიშვნელობა, აქვს. კაცი წავიდა და თავისი ნებით არ ბრუნდება. ამან რომ სთხოვოს, დაბრუნდიო, მერე ნახე შენ მისი გაბლატავება.

– რამდენიც უნდა მელაპარაკო, მაინც არ მესმის. რა ვქნა, ძალიან ძნელია ჩემთვის ამის გაგება.

– რისი გაგებაა ძნელი?

– სიყვარული უნდა იყოს მთავარი ურთიერთობაში. როგორ შეიძლება, ასე დაწვრილმანდე? თუ გული გთხოვს, უნდა შეეხვეწო კიდეც, რატომაც არა?!

– ჰმ, ანუ, იმის თქმა გინდა, რომ გიგის გულით უნდა შეხვეწოდი? 

ლიზა ნინის მაგიდაზე ჩამოუჯდა დოინჯშემოყრილი და სახეში ჩააშტერდა.

ნინი შეცბა:

– რა გაყვირებს? თომამ არ გაიგონოს. რატომ უნდა გავაღიზიანო?

– უფრთხილდები შენს უფლისწულს?! – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ლიზამ.

– რატომაც არა?! – არ დაუთმო ნინიმაც.

– მიდი, მიდი, მიხედე შენს ოფიციანტს, თორემ, დილაობით ტორტისა და ყავის გარეშე დარჩები... – ჩაიკისკისა ლიზამ.

***

გიგიმ კომპიუტერი გამორთო და ზუკას მაგიდასთან მივიდა. ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია.

– კარგი რა, ნუ იბერები. ყველაფერს გეფიცები, მართლა არ მიფიქრია დაცინვა. რა პონტია, ხმას რომ არ მცემ, პატარა ბავშვი ხარ?

ზუკას არ შეუხედავს მისთვის, ხელი უკმაყოფილოდ აუქნია და თავისი საქმე განაგრძო. გიგიმ მაინც არ მოისვენა: ხან სკამი ააბრახუნა, ხან მაგიდის უჯრა გამოსწია და ხმაურით დახურა... არაფერმა რომ არ გაჭრა, მაგიდის ზედაპირზე მანქანის გასაღებით დაიწყო კაკუნი.

– აუ, გეყოფა, რა! – აღშფოთდა ლაშა, – რა დღეში ხარ?! სამსახურში მაინც მაცადეთ მშვიდად მუშაობა. შეკვეთა უნდა დავასრულო, სახლში ვერ გავიყოლებ.

– გაჩუმდი, სანიმუშო მამავ! – ირონიულად შეუძახა გიგიმ თანამშრომელს, – როგორც იქნა, აღიარე, რომ სახლში მაგრად გპრესავენ.

ლაშა გაღიზიანდა.

– „გპრესავენ“ რა სიტყვაა? როგორი უზრდელი ხარ ზოგჯერ. ძალიან კარგს შვრება ზუკა, რომ არ გელაპარაკება.

გიგის არ სწყენია ლაშას უხეში ნათქვამი. მისთვის, საერთოდაც, სულერთი იყო, რას ეტყოდნენ, მთავარი მიზანი ზუკას შეჯანჯღარება იყო. თავადაც ძალიან ნერვიულობდა იმაზე, რაც შემთხვევით გაიგო და ბოლომდე დარწმუნებულიც კი არ იყო, მოძებნილი ჰქონდა თუ არა ყველაზე მისაღები ფორმა, რა ფორმითაც ეს ინფორმაცია მეგობრის ყურამდე უნდა მიეტანა, მაგრამ, ინფორმაციულ ვაკუუმში რომ ვერ დატოვებდა, ამას ხვდებოდა. ამიტომ, ლაშას ღიმილით შეხედა და ჩაიცინა. 

– შენს ადგილას, მე ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი. 

– ვითომ რატომ? – დადარაჯებულივით ჩაილაპარაკა ლაშამ, – ვისზე რა ნაკლები ვარ?

– ნაკლები არა, მაგრამ, ცოლიანი ხარ. უფრო მეტიც – ცოლშვილიანი! ამიტომაც, ჭეშმარიტების არსს ვეღარ ჩასწვდები. 

– რომელი ჭეშმარიტების, რას ბოდავ? რატომ გგონია, რომ ოჯახის შექმნა საშინელებაა და,  საერთოდ, რა იცი ამის შესახებ? – არაფერი. ამიტომ, გიჯობს, საკუთარი თავი შეიცოდო. მე ძალიანაც ბედნიერი ვარ. 

– ჰო, აბა რა, ეტყობა მეტისმეტი ბედნიერებისგან არის, რომ სოციალურ ქსელში გამოფენილ ნაშების სურათებს არ უშვებ ხელიდან. 

– რა?! ჭარხალივით გაწითლდა ლაშა. 

– რა, არა? არ ათვალიერებ ნაშების სურათებს და მერე ლიტრობით წყალს არ სვამ?! – არ დაინდო და ბოლომდე მიაწვა გიგი. 

– არა, რა, ახია ჩემზე, ჭკუა ვერ ვისწავლე! შენთან ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება, ცინიკოსი ხარ!

– ახია, აბა რაა, ვერ გაჩუმდი? რას ჩაერიე იქ, სადაც არაფერი გესაქმებოდა? – გიგი აშკარად არ აპირებდა გაჩუმებას.

– მორჩა, საკმარისია, მე მივდივარ! – ზუკამ კომპიუტერი გამორთო და წამოდგა, – არ შეიძლება ამ პირობებში მუშაობა. 

– მეც მანდ ვარ, – მხარი აუბა ლაშამ, – არ შეიძლება ამ პირობებში მუშაობა. მაგრამ რა გინდა, ქნა? ვახოსთან ხომ არ ჩავუშვებ? რომც ჩავუშვა, მაინც არაფერი შეიცვლება, – ხელი ჩაიქნია ლაშამ. 

გიგის უნდოდა, პასუხი გაეცა ლაშას პროვოკაციული განცხადებისთვის, მაგრამ, ზუკას გაშვებაც არ უნდოდა. ამიტომ, თავადაც კომპიუტერს ეცა გამოსართავად და მეგობარს უკან გამოეკიდა, კიბეზე წამოეწია და მკლავზე მოჰკიდა ხელი. 

– მოიცადე, სად გარბიხარ? სამუშაო დღე ჯერ არ დამთავრებულა, ვახოსგან საყვედურს აიკიდებ. 

– შენ არავინ გკითხავს. საკუთარ საქციელზე პასუხს თავად ვაგებ, – უხეშად მოიშორა გიგის ხელი ზუკამ და ლიფტის ღია კარში ისე შევარდა, უკან აღარ მოუხედავს. გიგი ერთხანს დაფიქრებული იდგა, მერე ხელი ჩაიქნია და ოფისში შებრუნდა. 

– ლაშა, არ გინდა, ბარში ჩავიდეთ და რამე დავლიოთ? – ჰკითხა თანამშრომელს. ლაშამ თავი ასწია და ავად შეხედა: 

– თავი დამანებე, რა!

– ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, დალევა მინდა. წამოდი, რა, საერთოდ არ ამოვიღებ ხმას და არც სულელურად ვიხუმრებ. 

– შენი ნდობა როგორ შეიძლება? – ლაშას ყოყმანი დაეტყო. 

გიგიმ მეგობრულად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა, მერე ორი თითით ყელი გამოიწია: წამოდი, გთხოვ. ახლა რომ არ დავლიო, გავგიჟდები. 

ლაშამ თავი გადააქნია, ცოტა ხანს კიდევ ორჭოფობდა, მერე კი დათანხმდა: 

– ჯანდაბას, ჩავიდეთ. მეც არ მაწყენდა ცოტა ალკოჰოლი და რელაქსაცია, თორემ, ეს შეკვეთა მალე ჭკუიდან გადამიყვანს. იმ ქალს საერთოდ არა აქვს წარმოდგენა, რა უნდა. 

– ვინ ქალს?

– შემკვეთს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ქალი ყველა ერთნაირია – არც ერთმა არ იცის, რა უნდა სინამდვილეში, – ხელი ჩაიქნია ლაშამ და სკამზე გადაკიდებულ ქურთუკს დასწვდა. 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3