კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიტაცეს ხელმოცარულმა ყაჩაღებმა სახლიდან ხალიჩა და როგორ დააკავეს ისინი მოპარული ცხენით

28 წლის ბესიკ კ-ძე სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა მარტოხელა მოხუცის დაყაჩაღების შემდეგ სოფლის დატოვებას ცდილობდა. ის ჯერ სოფლის მოსახლეობამ შეიპყრო და შემდეგ მათ ჩააბარეს სამართალდამცველებს, რომელთაც  მოგვიანებით, ბესიკ კ-ძის და,  მანანა კ-ძეც დააკავეს. 

და-ძმა კ-ძეები სოფელში, მამაპაპისეულ სახლში მას შემდეგ გადავიდნენ საცხოვრებლად, რაც თბილისში  ვალების გამო სახლი გაყიდეს და უსახლკაროდ დარჩნენ. მანანა კ-ძემ წვრილმანებით ვაჭრობა დაიწყო და სოფელ-სოფელ დადიოდა ტანსაცმლისა და სხვა ნივთების გასაყიდად. ბესიკ კ-ძემ, რომელიც წარსულში ქურდობისთვის იყო ნასამართლევი, ჯერ სასოფლო-სამეურნეო საქმეების გაძღოლა სცადა, მერე სხვა საქმე წამოიწყო. მაგრამ, ვერც ერთს გული ვერ დაუდო და ისევ დის შემოსავლით ცხოვრება გადაწყვიტა. სოფლის მოსახლეობა ახალგაზრდა  და-ძმას არ ენდობოდა, რადგან ძმა რამდენჯერმე საეჭვო ვითარებებში შეამჩნიეს. ის  ჯერ მეზობლის ფერმაში იპოვეს, შემდეგ ერთ-ერთი მეზობლის მიტოვებულ სახლში, ორივე შემთხვევა წვრილმან  ქურდობასთან  იყო დაკავშირებული. თუმცა, ალუმინის ქვაბების ქურდობისთვის მისი საქმე პოლიციამდე არ მისულა. ამას ახალგაზრდა კაცის რეპუტაცია შეეწირა,  რის გამოც „სამოქმედოდ”ის მეზობელ სოფელში გადავიდა. სწორედ იმ სოფელში ჩადენილი ყაჩაღობისთვის მოხვდა ბესიკ კ-ძე გისოსებს მიღმა.

71 წლის სანდრო ქ-შვილი სოფელში მარტო მას შემდეგ ცხოვრობდა, რაც მეუღლე გარდაეცვალა. ხანდაზმულ მამაკაცს მთელი სოფელი პატივს სცემდა – ასაკის მიუხედავად, ის ძალიან მშრომელი ადამიანი იყო და ყველას გვერდით ედგა. ერთადერთი შვილი სამუშაოდ ევროპაში იყო წასული და იქიდან მამას ფულს ხშირად უგზავნიდა. როგორც სოფელში ამბობდნენ, მამა შვილს ბინის საყიდელ ფულს უგროვებდა. ამის შესახებ ის მანანა კ-ძეს გამოუტყდა, რომელიც მოხუცთან ხშირად მიდიოდა. სანდრო ქ-შვილი მას საჭირო ტანსაცმელს აბარებდა და შვილის ტოლ ახალგაზრდა  ქალს  ხან ხილით უმასპინძლდებოდა, ხან სოფლის სხვა ნობათით. მანანა კ-ძემ მოხუცის ნდობა იოლად მოიპოვა. რამდენჯერმე საოჯახო საქმეშიც დაეხმარა და მოხუცისგან გასამრჯელოც მიიღო. ბოლოს კიდეც შეთანხმდნენ, რომ თვეში ერთხელ მანანა კ-ძე მოხუცის სახლს დაალაგებდა. მეზობლებმა რამდენჯერმე ურჩიეს სანდრო ქ-შვილს: ამ უცხო და გადამთიელ ქალს რატომ ენდობი, აგერ არ ვართ, ჩვენს სოფელში მოვძებნით ვინმეს, ვინც ქალის საქმეებში დაგეხმარებაო. მაგრამ, სანდროს ახალგაზრდა ქალი ეცოდებოდა და გარდა იმის, რომ ტანსაცმელს აბარებდა. სახლის დალაგებაშიც მოიხმარდა ხოლმე. მას შემდეგ, რაც მანანა კ-ძემ შეიტყო, რომ მოხუცი სახლში შესაძლოა, დიდი რაოდენობით თანხას ინახავდა, ის ძმასაც გაანდო. და-ძმამ მოხუცი კაცის დაყაჩაღება ერთად დაგეგმა.  როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, მათ ჯერ სანდრო ქ-შვილის გაქურდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ რადგან ქალმა ბევრი მცდელობის მიუხედავად, მოხუცის ბინაში ფულს ვერ მიაგნო,  მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.                

მოგვიანებით, დაზარალებულმა სანდრო ქ-შვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მას უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და დანით ემუქრებოდა. ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „ახალი შებინდებული იყო, ეზოს ჭიშკარი დავკეტე და სახლში შევედი. ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურე. ძაღლის ყეფა შემომესმა. ისევ ეზოში გავედი, ძაღლს დავუყვავე, არა და არ ჩუმდებოდა. ეზოს შემოვუარე, მაგრამ საეჭვო არაფერი შემინიშნავს და ისევ სახლში შევედი. ახალი ჩაძინებული ვიყავი, როცა ოთახში უცნაური ხმები გავიგონე და თვალი გავახილე. თავზე უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი მედგა ხელში დანით”.

მოგვიანებით ბრალდებულად დაკითხულმა ბესიკ კ-ძემ  განაცხადა, რომ მას მხოლოდ მოხუცის შეშინება უნდოდა და მასზე ფიზიკური ძალადობა მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა, რაც მიხვდა, რომ ფულს არ გამოუჩენდა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „მოხუცმა მე და მანანას გეგმები შეგვიცვალა. არც დანის გამოყენება მინდოდა და არც მოხუცის ცემა, მაგრამ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. როცა ვუთხარი, არაფერს დაგიშავებ, ფული მშვიდად გამომიტანე-მეთქი, გაიცინა და მითხრა: სად მაქვს ფული, 71 წლის კაცს რა ფულს მთხოვ, მომაბარე რამეო? ამის შემდეგ საწოლიდან გადმოვაგდე და ცემა დავუწყე, მაგრამ მივხვდი, ფულის გამომჩენი არ იყო. ცემით რომ მომკლა, კაპიკს ვერ მიიღებო, მითხრა. ამის შემდეგ ეზოში გავედი და მანანას დავუძახე: მოდი, დამეხმარე, ფული ერთად მოვძებნოთ-მეთქი. ჩვენი გეგმის მიხედვით, მანანა ეზოში უნდა დამლოდებოდა და სახლში არ შემოსულიყო. მაგრამ, გეგმები შეგვეცვლა. მანანამ სახე შარფით დაიფარა, რომ მოხუცს არ ეცნო და სახლში შემომყვა. ჩვენ ხან ფულს ვეძებდით, ხან ისევ ძირს დაგდებულ მოხუცს ვთხოვდით ფულს, თუმცა ის არაფრით არ ტყდებოდა. სახლში ფული არ მაქვსო. ამის შემდეგ დანა ავიღე და მოხუცს ტანზე რამდენჯერმე დავუსვი. ვერც ამან შეაშინა. ჯიუტად გაიძახოდა: რომ მომკლათ, ფულს ვერ  მიაგნებთ, რადგან კაპიკი არ მაქვსო. ამის შემდეგ წინასწარ მომზადებული თოკით მოხუცი საწოლზე დავაბი და ფულის ძებნა დავიწყეთ.  ჩვენ მართლაც ვერ ვიპოვეთ ფული, რის გამოც მანანას იქვე   დავუწყე ჩხუბი: რისთვის მომიყვანე ამ კაცთან, თუ არ იცოდი, ფული ჰქონდა თუ არა-მეთქი. რადგან ფულს ვერსად მივაგენით, მანანამ მითხრა, რომ მოხუცს სახლში ანტიკვარული სამოვარი და ძველი ხალიჩა ჰქონდა. სახლში ტომარა ვიპოვე,  სამოვარიც შიგ ჩავდე და ხალიჩაც.  ხელცარიელი ხომ არ წავიდოდი?! როცა ტომარა ეზოში გამოვათრიე, ისეთი მძიმე იყო, მივხვდი, იქიდან შორს წაღებას ვერ მოვახერხებდი და უცებ აზრად მომივიდა, მოხუცის ცხენი მომეპარა. ვიფიქრე, რომელიმე სოფელში გავყიდდი იაფად.  ათი ათას დოლარს ველოდი იმ სახლში, მაგრამ ვერ ვიპოვე – ცხენიც საქმე იყო. მანანამ მითხრა, მე ფეხით წამოვალო. ცხენზე შევჯექი, ტომარაც ზედ დავდე და ეზო იმავე გზით, მეზობლის ნაკვეთიდან დავტოვე. სახლშიც ჩემი დის მითითებით, ასე შევედი. სოფელი გავლილი არ მქონდა, როცა წინ რამდენიმე მამაკაცი გადამიდგა და დამაკავეს. როგორც მერე გავიგე, იმ ეშმაკ მოხუცს თოკი აუხსნია და მეზობლები გამომაყოლა მდევრად.”          

დაკავებული მანანა კ-ძე დიდხანს ამტკიცებდა, რომ ძმას „ნაკოლი” თავად მისცა, მაგრამ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. თავიდან მის დაფარვას მისი ძმაც ცდილობდა, მაგრამ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე და საქმის მოკვლევით, მანანა კ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჩადენილი ყაჩაღობისთვის შესაბამისი მუხლით დაკვალიფიცირდა. ამონაწერი დაზარალებული სანდრო ქ-შვილის ჩვენებიდან: „მართალია, მამაკაცი ვერ ვიცანი, მაგრამ როგორც კი სახლში ქალი შემოვიდა, რომელსაც სახე შარფით ჰქონდა ახვეული, მივხვდი, მანანა იყო. ის დროდადრო სახლს მილაგებდა ხოლმე. მერე მისი ხმაც გავიგე და ეჭვი აღარ შემპარვია.  არ ვიცი, რა იფიქრა და-ძმამ, ალბათ, გადაწყვიტეს, რომ სახლში ფული არ მქონდა, ან შესაძლოა, ჩემი მოკვლა ვერ გაბედეს. დანა რომ დამისვა ტანზე, ქალს გასძახა: მარილი მოიტანე, ჭრილობაზე უნდა დავაყაროო. მაგრამ, დანა ისე დამისვა, მხოლოდ კანი რომ გაეჭრა.  მე იმანაც მიშველა,  მანანას რომ არ ვუთხარი, გიცანი-მეთქი. თორემ შესაძლოა, მათ ცოცხალი არც დავეტოვებინე. როგორც კი სახლიდან გავიდნენ, მე საწოლიდან თავი ავიხსენი. იქამდეც მივხვდი, რომ მყარად არ ვიყავი დაბმული, მაგრამ არ შევიმჩნიე. როგორც კი თავი გავითავისუფლე, უპირველესად, მარანში შევედი და გადამალული ფული ვნახე. რა იცოდნენ თავდამსხმელებმა, რომ შემთხვევის ადგილიდან სულ რაღაც 5 მეტრში, ბოცაში 8 ათას დოლარს ვინახავდი. ამაში რომ დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, არც თავს დამანებებდნენ და ცოცხალს ნამდვილად არ გამიშვებდნენ. როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ სახლში ფული არ იყო.  როცა მივხვდი, რომ ფული ადგილზე იდო, მეზობლებს დავუძახე, რომ ის ახალგაზრდა სოფლის ორღობეებში ცხენით შორს ვერ წავიდოდა. მეც იქ დავახვედრე ჩემი მეზობლები, სადაც არ ელოდა.”  

  ხელმოცარულმა ყაჩაღებმა, რომელთაც მხოლოდ ხალიჩა, სამოვარი და ცხენი გაიტაცეს და რვა ათას დოლარს ვერ მიაგნეს, ჩადენილი დანაშაულის ყველა დეტალი აღიარეს. სასამართლომ ბესიკ კ-ძე დამნაშავედ ცნო და ორგანიზებული დანაშაულის, ქურდობისა და ყაჩაღობისთვის  რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა მის დას, მანანა კ-ძესაც, რომელიც ჩადენილი დანაშაულისთვის  გისოსებს მიღმა ოთხ წელს გაატარებს.    

 

скачать dle 11.3