კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

როდის გამოჩდნენ პირველად კახი კავსაძე და რობიკო სტურუა და რატომ ესროლა სერგო ზაქარიაძემ სტურუას რკინის ნივთი

„უმამოდ გავიზარდე. მძიმე ბავშობა მქონდა, ოჯახს ეკონომიკურად უჭირდა. მერე, როცა მსახიობი გავხდი, არც მაშინ მქონდა დალხენილი ცხოვრება. არასოდეს არავისი არაფერი შემშურებია, არც ახლა მშურს და ასე დავამთავრებ ცხოვრებას,” _ ამბობს კახი კავსაძე ხათუნა კიკვაძისა და დიმიტრი ხვთისიაშვილის წიგნში – „სახალხო არტისტი”. ეს ის შემთხვევაა, როცა არ იცი, რა უნდა თქვა ამ არაჩვეულებრივ კაცზე განსაკუთრებული და, მაინც რომ გინდა, რაღაც თქვა... კახი კავსაძე იმ თვისებებით, რაც მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა დანარჩენი არტისტებისგან, ყველასთვის მაგალითი იყო. რა შეიძლება ამ ადამიანში გხიბლავდეს? ყველაფერი. ჰოდა, აი, ისიც – მთელი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით. დღეს მას კიდევ სხვა ეპიზოდებით წარმოგიდგენთ.

ამოჩემებული პელე  

„მიშა ჭიაურელ-უმცროსს ისეთი იდეეები აქვს ხოლმე, რომ ეს კაცი სულ მუდამ მაცვიფრებს. მომიტანა სცენარი ფილმისა „მე, პელეს ნათლია” და მითხრა: „კახი, ამას გადავიღებთ, მერე ბრაზილიაში წავალთ, მერე შევხვდებით პელეს”... ვუსმენდი და ვფქირობდი, ნეტაი შენ, ოცნება რომ არ გეზარება-მეთქი... თურმე სადა ხარ?! ყველაფერს შეასხა ფრთები. პირველი „თავდასხმა” პელეზე განვახორციელეთ რომში, მეორედ კი – მილანში. რომში რომ ჩავედით, ჩვენებმა საიდანღაც გაიგეს, პელე რომელ სასტუმროში იყო დაბინავებული. მივადექით იმ სასტუმროს. ჩვენები  ადმინისტრატორს ეუბნებიან: პელესთან ინტერვიუ გვინდა და რომელ ნომერში მივაკითხოთო... ადმინისტრატორმა როგორც სულელებს, ისე შემოგვხედა და გამოგვყარა სასტუმროდან. თურმე, პელე იმ სასტუმროში საერთოდ არ ცხოვრობდა. ჟურნალისტებისთვის კვალი რომ აერიათ, იქ გაუფორმებიათ, რეალურად კი სულ სხვაგან იყო დაბინავებული. მიშიკო ანერვიულდა, არის ერთ ამბავში... მერე რაღაცნაირად პელეს დაცვის წევრები „შეაბა,“ მათ გაგვიმხილეს პელეს ნამდვილი ადგილსამყოფელი და ისიც გვითხრეს, რომ ორ საათზე სასტუმროდან გამოვაო. ჩვენც წავედით და დავბანაკდით იმ სასტუმროს ფოიეში. ისე ვნერვიულობდი, რომ ზედმეტი ღელვისგან გავითიშე და ჩამეძინა კიდეც. მაღვიძებს მიშა ჭიაურელის განწირული ხმა – არიქა, კახი, მოდისო. თვალი გავახილე და ვხედავ, საკმაოდ დაბალი, ტარაკანივით შავი კაცი როგორ ჩამოდის ლიფტით. მისკენ გავემართე. ის ქუჩაში არ გამოვიდა, იქვე კაფესკენ დააპირა წასვლა. იქ მიშიკო გადაუდგა წინ, აქედან მე დავუძახე: პელე, როგორ ხარ თუ იცი-მეთქი – ქართულად. შეშინებული თვალებით შემომხედა და რაღაც ჩაიბუტბუტა. საკმაოდ ბოხი ხმა ჰქონია. ეტყობა, მითხრა, არ მომკლათო. მერე კამერები დაინახა. მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვუპირებდით და ცოტა შუბლიც გახსნა. მე იქვე შევასრულე, რაც რეჟისორისგან მქონდა დავალებული. რაღაცეები ვუთხარი და საჩუქარიც გადავეცი. ეს, მესხმა და მეტრეველმა გამოგიგზავნეს-მეთქი. „ოო, მეტრეველი! – შეაფასა პელემ. მეტრეველი არც ერთ ბრაზილიელს არ დაავიწყდება. სწორედ სლავამ გაუტანა მარაკანაზე მეორე გოლი ბრაზილიელებს, რუსებთან ფრე რომ ითამაშეს. ფაქტობრივად, მეტრეველმა ბურთი დაუმალა ბრაზილიელებს და მაგას რა დაავიწყებდა. ასე იყო თუ ისე, ჩვენი მისია შევასრულეთ და დამშვიდებულები დავბრუნდით თბილისში. გადის რამდენიმე ხანი, მოდის მიშიკო და მეუბნება: კახი, ძალიან ბნელი კადრებია და კიდევ ერთხელ უნდა გადავიღოო... კინაღამ გადავირიე. რამდენიმე ხანში, პელეს დაბადებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მილანში იმართებოდა ბრაზილიის ნაკრებისა და მსოფლიო ნაკრების ამხანაგური შეხვედრა. ჩვენც იქ ჩავედით. მახურავს კახური ქუდი, მოხურული მაქვს დიდი ნაბადი და ასე მივდივარ. უკან მომყვებიან მიშიკო კამერით და მისი ქალიშვილი, რომელიც თარჯიმნად გვყავდა წაყვანილი. ისეთი გამომეტყველებით მივდიოდი, რომ არავინ მაჩერებდა, თან, ამათზე ვეუბნებოდი ქართულად – ესენი ჩემთან არიან-მეთქი. ასე გავიარეთ ყველა კორდონი და თავი ამოვყავით პელეს გასახდელში, სადაც წამოწოლილ პელეს ფეხებზე უკეთებდნენ მასაჟს. იქ კინოგადაღებისთვის ძალიან ბნელოდა. ვერაფერს გადავიღებდით, ამიტომაც, დაველოდეთ მის სტადიონზე გამოსვლას. იქ კი მივედი, მოვახურე ეს ნაბადი, დავახურე კახური ქუდი და ფოტოც კი გადავიღეთ ერთად... გავიდნენ სტადიონზე. დგანან ერთ მწკრივში, ესალმებიან მაყურებელს... უცებ მიშიკო მეუბნება, მიდი ახლა და პელეს რაღაც ჩაუჩურჩულე ყურშიო. მიშიკო, ბიჭო, პოლიცია მცემს-მეთქი, – შევიბრალე თავი, მაგრამ, არაფერმა გაჭრა. გავბრიყვდი, დავადე თავი და მინდორზე გავედი. ხმამაღლა ვეუბნები: აბა, პელე, ხომ იცი, რომ მე მამაშენის მეგობარი ვარ და თავი არ მომჭრა-მეთქი. გაშტერებული მიყურებდა... ერთადერთი რამე მიპასუხა – გრაცია პრეზენტოო, ანუ, დიდი მადლობა საჩუქრისთვისო... მე მხარზე ხელი დავარტყი, წამოვედი და დავჯექი წინა რიგში.        

მსოფლიო ნაკრებს წვრთნიდა ფრანც ბეკენბაუერი. გავიხედე, მოდის ეს შენი ბეკენბაუერი და უკან ვიღაც კაცი მოჰყვება, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ, სახით მეცნო. ეტყობა, „ფიფას“ ვიღაც გავლენიანი პირი იყო და ტელევიზიით მყავდა ნანახი. მივედი და ხელი ჩამოვართვი ბეკენბაუერს. ამ კაცმაც გამომიწოდა ხელი და უცებ მოცვივდნენ ჟურნალისტები – ეტყობა, იფიქრეს, რომ მეც ვიღაც მაგარი ვინმე ვიყავი – იქ, პელეს გავუვარდი მინდორზე, აქ ბეკენბაუერს ხელი ჩამოვართვი... მეც, რაც შემეძლო, ვპოზირებდი და ვიღებდით და ვიღებდით ფოტოებს. დაიწყო თამაში. პელე მირბის მარცხენა ფლანგზე. მესმის მიშას ხმა: კაცო, მიდი ახლოს და რაღაც დაუყვირეო... მოვუტრიალდი და ვუთხარი: მიშიკო, ახლა რომ მოგდებ ყბაში, ნახავ მერე, ვისაც დავუყვირებ-მეთქი. ასე იყო თუ ისე, მიშიკომ მოახერხა და, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, ზუსტად ის გამაკეთებინა მეც. ის რომ, გაეგოთ, რომ, იმას, რასაც ჩვენ  ვიღებდით, მხატრულ ფილმში უნდა გამოგვეყენებინა, საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას აგვკიდებდნენ. 

ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა, როცა ჩვენ წავედით გარინჩას საფლავზე. გაგიჟდა იმ პატარა სასაფლაოს დირექტორი – აქ არასდროს არავინ მოსულაო. კი, იუბილეებსაც იხდიან, პატივით მოიხსენიებენ, მაგრამ, საფლავი არავის უნახავსო. მერე მოვინდომეთ გარინჩას და გადაგვეღო. იმან ადვოკატი გამოგვიგზავნა და სოლიდური ჰონორარიც მოგვთხოვა. ჩვენ, ჯიბეგამოფხეკილებს, სად გვქონდა ამის ფული... მიშიკომ ვიღაც ზანგი ქალი „შეაბა“ და ის გადავიღეთ, როგორც გარინჩას და. 

ბელა

„ჩემს სიცოცხლეში ბელასთვის არ მითქვამს, მე შენ მიყვარხარ-მეთქი. მე ისე ვიქცეოდი, ისე ვმოქმედებდი, რომ ლოგიკურად ასე უნდა ეფიქრა. ინსტიტუტის დერეფანში, კარგად მახსოვს, გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა... გავგიჟდი!!! არ ვიცი, ამას ერთი ნახვით შეყვარება დავარქვა თუ რა დავარქვა, მაგრამ, ნამდვილად რომ დავრეტიანდი, ეგ მახსოვს. არადა, იმ დღიდან  ჩვენს ერთად ყოფნამდე 12 წელიწადი გავიდა... ილია ჭავჭავაძის არ იყოს, იცი მკითხველო, ეს თორმეტი წელიწადი რა თორმეტი წელიწადი იყო?!. მე მორცხვი ბიჭი თითქოს არასდროს ვყოფილვარ... გოგონებთანაც ძალიან ადვილად ვახერხებდი ურთიერთობას, მაგრამ... ბელასთან ვერაფრით ვერ გავბედე, გადამედგა პირველი ნაბიჯი... პირველ ნაბიჯს ვინ ჩივის, ახლოს გაკარებისაც კი მერიდებოდა... თანაც, ბელა როგორც კი მოეწყო ინსტიტუტში, მალევე მოხვდა კინოშიც – „საბუდარელ ჭაბუკში”, „დღე უკანასკნელი, დღე პირველში” გადაიღეს და საკმაოდ პოპულარულიც იყო უკვე... მე მას, როგორც მიუწვდომელ მწვერვალს, ისე ვუყურებდი... თავდაპირველად საოცარი კომპლექსიც მქონდა – რამე არ შემამჩნიოს-მეთქი. ჩვენ, სხვადასხვა კურსის სტუდენტებს, ერთად გვიტარდებოდა ხოლმე სასცენო მოძრაობა, მე და ბელაც ერთად ვვარჯიშობდით, ხელითაც კი შევხებივარ, თუმცა, ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი მისადმი გრძნობა არ გამოაშკარავებულიყო... მე მას ისე ვაღმერთებდი, რომ არავისთვის  არ მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი... ბელას პირველი ქორწინების შემდეგ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. ვერავინ დამწამებს, რომ... ბელას ოჯახის დანგრევაში რაიმე წვლილი მიმიძღვის. უბრალოდ, ჩათვალეთ ეს ახირებად, მაგრამ, ინტუიციით ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ქალი ჩემი ცოლი გახდებოდა. ნანუკას მამასთან განქორწინების შემდეგ კი, უბრალოდ, მივხვდი, რომ, თუ შორით დაგვას არ შევწყვეტდი და პირდაპირ არ გავამჟღავნებდი ჩემს გრძნობას, შეიძლებოდა, სამუდამოდ დამეკარგა. მეც, ვისარგებლე ამ მომენტით და, გადავწყვიტე, წერტილი დამესვა ამ „უთავბოლობისთვის”... მე და ბელამ ოფიციალურად რომ ვიქორწინეთ, ირაკლი სკოლას ამთავრებდა, ნანუკა კი, მგონი, ბებია იყო უკვე. ერთ დღეს ავთო საყვარელიძესთან რაღაც წვეულება გაიმართა, სადაც მე ვიყავი დაპატიჟებული და ბელაც წავიყვანე, როგორც ჩემი კოლეგა. იქ რომ მივედით, ბელა ყველას გავაცანი, როგორც ჩემი ცოლი. იმ დღიდან დაიწყო არსებობა ჩვენმა ოჯახმაც...” 

თუმანიშვილის კახი 

„მეორე კურსზე ვიყავი, როცა რუსთაველის თეატრმა დაიწყო მზადება მოსკოვის დეკადისთვის. სტუდენტები შეგვყარეს დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლში „ოიდიპოს მეფე”. სხვათა შორის, რობიკო სტურუაც იდგა მასაში ჩვენთან ერთად. არ დამავიწყდება, ერთ-ერთ წარმოდგენაზე სერგო ზაქარიაძეს ხელიდან შემთხვევით გაუვარდა რაღაც რკინის ნივთი და რობიკოს მოხვდა შუბლში... შუბლი გაუხეთქა კაცს... ხომ არ გგონიათ, სტურუამ ეს შეიმჩნია,  მიზანსცენა დაარღვია ან რამე მსგავსი?! მოკლედ, ვიდექით მასობრივ სცენაში, შემდეგ კიდევ რაღაც სპექტაკლში შეგვიყვანეს მასაში, მერე კიდევ რაღაც... ამასობაში, ინსტიტუტიც დავამთავრე და, როცა დადგა საკითხი თეატრში მიღების, მეც იქვე დამტოვეს... მიშა თუმანიშვილს მე არ ვუყვარდი. საერთოდ, რეჟისორებს ერთი თვისება აქვთ: არტისტები ხომ დარტყმულები ვართ, რეჟისორები ჩვენზე უარესნი არიან... რუსთაველის თეატრის მსახიობთა ერთ ჯგუფს ახალი დამთავრებული გვაქვს ინსტიტუტი და სწორედ მიშა თუმანიშვილის აუდიტორიას წარმოვადგენთ... მახსოვს, ერთ-ერთ „თავყრილობაზე” თუმანიშვილმა დაიწყო საუბარი თეატრში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებზე და მაგალითისთვის მე დამასახელა: „...აი, კახი, შეიძლებოდა, კარგი იურისტი გამხდარიყო, კარგი ექიმი, კარგი მშენებელი... არადა, შემთხვევით მოხვდა თეატრში და ახლა თავსაც ვეღარ ანებებსო...” ძალიან გავმწარდი, შეურაცხოფილად ვიგრძენი თავი. ვერ მოვითმნინე და პასუხის გაცემა შევკადრე: ბატონო მიშა, მე ისეთ ოჯახში დავიბადე და ისეთ  სახლში გავიზარდე, თეატრში შემთხვევით ნამდვილად არ მოვხვედრილვარ. როგორი არტისტი ვარ, ეგ არ ვიცი, მაგრამ, შემთხვევით ნამდვილად არ მოვხვედრილვარ თეატრში-მეთქი. სიმართლე თუ გინდათ, შემთხვევით თქვენ მოხვდით თეატრში. ძალიან კარგია, რომ მოხვდით, შესანიშნავი რეჟისორი ბრძანდებით, მაგრამ, ხომ ნამდვილად შემთხვევით მოხვდით-მეთქი? – ეს ვუთხარი და გავეცალე იქაურობას. ბატონი მიშა მიხვდა, რომ მისი ნათქვამი ძალიან მომხვდა გულზე, მეტიც, პირველი დარტყმა სულშიც და გულშიც იმ დღეს მივიღე... გადიოდა დრო, თეატრში მნიშვნელოვანს არაფერს ვაკეთებდი. სულ ველოდი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, არადა, ყველაფერი ძველებურად და ცუდად მიდიოდა ჩემთვის. ერთ დღესაც, ჩვენი თეატრის დასის მმართველმა, ვანო ჯინჯიხაძემ მითხრა: ხომ ხედავ, ბიჭო, არაფერს არ თამაშობ, იქნებ, წახვიდე თეატრიდანო... რაღაც მიზანი არ გაქვს ცხოვრებაშიო? მე ვუთხარი, მიზანი მაქვს – მიშა თუმანიშვილს უნდა ვათქმევინო, რომ არტისტი ვარ-მეთქი. რაო?! – გაუკვირდა ვანოს. კი, ასეა-მეთქი. რა პატარა კაცი ყოფილხარო. ასე იყო თუ ისე, მე დავრჩი თეატრში. გადიოდა წლები. რაღაც-რაღაცეები შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. დავიწყე კინოში გადაღება, ამასობაში რობიკო სტურუაც მოვიდა და რაღაც-რაღაცეები სცენაზეც ვითამაშე... ბატონი მიშა ჩვენი თეატრიდან უკვე წასული იყო და, ერთ მშვენიერ დღეს, კინომსახიობთა თეატრისაკენ ფეხით მიმავალს, მანქანა გავუჩერე: დაბრძანდით, ბატონო მიშა, მე მიგიყვანთ-მეთქი. ჯერ იუარა, მერე კი დამემგზავრა. გზაში მოვიკითხე – რა ხდება თქვენთან, თეატრში, როგორ მიდის მუშაობა-მეთქი და, უცებ, იცით რა მიპასუხა? ეჰ,  კახი, ერთი-ორი შენნაირი არტისტი რომ მყავდეს, რა მიჭირდაო. მოულოდნელობისგან მანქანა დავამუხრუჭე და თავიდან გავამეორებინე ეს წინადადება. მორჩა! ამ უდიდესმა რეჟისორმა, ბოლოს და ბოლოს, აღიარა, რომ, თურმე, მეც არტისტი ვყოფილვარ...” 

 

скачать dle 11.3