კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

„გაცოფებული” ქმრისა და მისი ყველა სურვილის შემსრულებელი ცოლის ამბავი

ზოგადსაკაცობრიო მოსაზრება-თეზა – „ძაღლი ადამიანის მეგობარია“, სულიკო ტორონჯაძისთვის სრულიად საპირისპირო გამოდგა.

გვარიანად შეჟუჟუნებული რომ ბრუნდებოდა საღამოს სახლში, პირდაპირ თავის სადარბაზოსთან უკბინა ძაღლმა, მაინცდამაინც, ფეხის „განაპირა“ კოჭზე.

სულიკო მთვრალი იყო, შტერი კი არა. გაახსენდა – მთვრალზე ცოფი მალე ვრცელდებაო და პირი იბრუნა. იბრუნა და დისპანსერში „ჩაუშვა“ ძაღლი ექიმ ჯიბილო ლაბაძესთან – ბოროტი განზრახვით მიკბინაო.

ექიმმა ძაღლი მოითხოვა – შევამოწმებთ, ცოფი ხომ არ აქვსო. იმანაც, „გაბაწრული“ მიიყვანა საწყალი „ბომჟი“ ძაღლი ექიმთან... მოკლედ, როგორც ხდება, რა...

– დაელოდეთ, პასუხს რამდენიმე დღეში გაცნობებთ, – უთხრა ექიმმა და ესეც დაიმედებული მოვიდა სახლში. მოვიდა და ცოლთანაც ჩაუშვა ის საცოდავი მაწანწალა. 

– აბა, მაჩვენე, სად გიკბინა? – დაინტერესდა ცოლი – ლოლა.

– აგერ, ა! – ტუფლიდან ამოიღო ფეხი სულიკომ. ა, ნახე აგერ!

– დედააა! – შეიცხადა და რა შეიცხადა ლოლამ, – დედა, ეს რა უქნია იმ საზიზღარს, გუშინ ნაყიდი ნასკი არ გამოუბდღვნია სულ?! არა, ეს აღარ ჩეიცმება!

– ქალო, ნასკს ჯავრობ შენ?! ცოფი გექნებაო – ექიმმა... არაფრით შენი გაბრაზება არ იქნებაო. შეიძლება, ცოლ-შვილიც დაცოფოო, აპა!

– ვაიმე, შვილებო! – აფუსფუსდა ლოლა, – ტარიელ, ლელა, კოწია... არ ამოხვიდეთ ჯერ სახლში, მამა ცოფდება, შვილებოოო! კიდევ რაო, ექიმმა?

– რაო და, თუ რამეზე გაბრაზდი, შეიძლება, ცოფმა იმატოსო. ვაი!

– შენც, არ გაბრაზდე... ჩვენ მოგიფრთხილდებით... ნუ გეშინია, კაცო, ნუ! – მხარში ამოუდგა ცოლი-ლოლა, – აგერ არ ვართ?!

დილაა და პახმელიაზეა დაკბენილი.

– ჰღღრრრ! – დაიძახა ლოგინიდანვე. 

ლოლას ტანში გაცრა.

– რა იყო, სულიკო?

– სულიკო კი არა, ჰღღღ! სულეიმანი დამიძახე! ე!

– ვაიმე, გაცოფდა! ასე იწყება ალბათ, – აკანკალდა ქალი.

ლოლა, კაი 20 წელი იყო, აღარ იწვა ქმართან, ცალკე ეძინა „გადაგრილებულს“ და, ქმრის ამ ჰღღ-ზე ემოციები მოეძალა. ჩავიდა ეზოში, უშველებელი ჯოხი გამოთალა, ზურგსუკან მიმალა და ისე შევიდა ქმრის ოთახში – რა იცი, რას იზამს, ამით მოვიგერიებო.

– რა გინდა, სულეიმან-აღა?

– ხაჭაპური – თანთქალა და ცხელი...

– ახლავე, საყვარელო, ოღონდ შენ არ გაცოფდე....

გავარდა საწყალი ბაზარში, მიდგა-მოდგა და ცხიმში აჭიპჭიპებული ხაჭაპურები დაულაგა თანამეცხედრეს.

– ალო, ლევიკო, მოდი, ხაჭაპურზე გეპაიჯები! – გადაურეკა ძმაკაცს სულიკომ.

– აღარ. პივა წამოაყოლე!

მეორე დღეს ლოლა უცნაურმა ხმამ გააღვიძა: „ყმუუ, ყმუუუ-ჰავ!!!“ ფრთხილად შეაღო ქმრის ოთახის კარი (ჯოხი ისევ ზურგს უკან აქვს – რა იცი, რა მოხდება?!).

– ხინკალი მიახვიე, ქალო. ოცდაოთხნაოჭიანი, თვარა, ცოცხლად შეგჭამთ... ვაიმე, ვცოფდები, მგონი, ნელ-ნელა! ჩემო ლოლა, მე კი არ მინდა, მარა...

გავარდა ლოლა ბაზარში, იყიდა კაი ფარში  და ავარდა ოხშივარი სამზარეულოში.

– ალიკ, მოდი, ცხელი ხინკალი არ გევასება? – ურეკავს „დაკბენილი“ ძმაკაცს, – ოღონდ, არაყი გამოაყოლე, 

მესამე დღეა და – ისევ...

მეოთხე დღეს ლოლიტამ ქმრის ტანისამოსის წესრიგში მოყვანა გადაწყვიტა – მართალია, დაკბენილია, მაგრამ, ტიტველი ხომ არ ივლისო და, სანამ სულიკო „ღმუ-ღრრ“-ს დაიძახებდა, საქმეს შეუდგა.

არ დასცალდა...

– ღრრ! ღრ!!!

– რას ინებებთ, სულეიმან ბატონო? – გასძახა შორიდან.

– ქაბაბი, ქაბაბი... შენ არ იცი, ნამდვილი ქაბაბი სად კეთდება?

– ვიცი, ვიცი, – უგულისყუროდ შეეხმიანა ცოლი და კოსტიუმის ჯიბეში პატარა, სულ პატარა ფურცელი „დაჩითა“. ცოლი იყო, უფლება ჰქონდა, ამოიღო, გაშალა და წაიკითხა: „ცოფი არ დადასტურდა“.

– ჰღრრრ! – ისევ მოისმა ქმრის ხმა.

აღმოსავლურ ბრძოლებში რომ იყენებენ, ზუსტად ის, ადრე გამოთლილი ჯოხი მოიგდო ხელში ლოლამ და, დასცხო და დასცხო?! ვის და – ქმარს; რა და – ჯოხი. საწყალ სულიკოს გაკვირვებაც არ აცალა, მოუნაცვლა და მოუნაცვლა.

 

 

скачать dle 11.3