კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიული მანიაკები

შეხვედრა საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის სურვილით შედგა. მირიანი ახალი მისული იყო პროკურატურაში, როდესაც მდივანმა აცნობა, დავითი თავისთან გიბარებსო. მირიანმა ჩათვალა, რომ მის ხელმძღვანელს ძიების ამჟამინდელი მდგომარეობა აინტერესებდა. ამიტომაც სისხლის სამართლის საქმის ყველა მზა მასალას ერთად მოუყარა თავი და დავითის კაბინეტს მიაშურა. მაგრამ, მისდა გასაოცრად, მან სრულიად სხვა საკითხზე წამოიწყო საუბარი.

– ეს ნახე, – თქვა დავითმა და ქაღალდის ფურცელი გაუწოდა.

ფურცელი მთავარი პროკურორის სახელზე დაწერილი საჩივარი აღმოჩნდა, მისი ავტორი კი – მირიანისთვის კარგად ნაცნობი რამაზ დევიძე. ის დაწვრილებით აღწერდა მისი უკანონო დაპატიმრების დეტალებს, იზოლატორში გატარებულ ორ დღეს და საექსპერტო ნიმუშების აღების მისთვის დამამცირებელ პროცედურას. საჩივარში რამაზი განსაკუთრებულ ადგილს გიორგის უთმობდა. მას ახასიათებდა როგორც თავზეხელაღებულ, ძალადობისადმი მიდრეკილ პიროვნებას, რომელიც არაფრით შეეფერებოდა პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობას.

– საჩივარი დღეს შემოვიდა პროკურატურაში. მთავარმა პროკურორმა კი, როგორც შენს უშუალო ხელმძღვანელს, მე დამავალა ვითარების გარკვევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება... არ იყო ახლა ამის დრო, მირიან. ამას ყველაფრის გაფუჭება შეუძლია, – თქვა დავითმა, როგორც კი მირიანმა საჩივარი უკან დაუბრუნა.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა მან.

– საჩივარს... მთავარ პროკურორს პირდაპირ არაფერი უთქვამს, მაგრამ შევატყვე, რომ უკმაყოფილი იყო. პირველივე საქმეზე ასეთი იაღლიში არ უნდა მოგსვლოდა.

– მე ეს იაღლიშად არ მიმაჩნია!

– მე მიმაჩნია! – ცივად თქვა დავითმა, – ვერ ხედავ, როგორ ახასიათებს დევიძე ავალიანს?! თავზეხელაღებული, უპასუხისმგებლო, თანამდებობისთვის შეუფერებელი!.. ეს სახუმარო საქმე არ არის. დევიძე საზოგადოებაში მიღებული, ცნობილი მხატვარია; ჰყავს შესაბამისი საახლობლო, გააჩნია ფართო კავშირები, მათ შორის მედიასთანაც. ხვდები, როგორი ხმაურის ატეხა შეუძლია? მე იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ ყვება დევიძე ტანჯული სახით პროკურატურის გამომძიებლების ძალადობაზე და ასეთი სახით გახასიათებთ შენ და ავალიანს. გაითვალისწინე, რომ, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ავალიანი რამდენჯერმე მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში. ვინ არ დაიჯერებს, რომ გიორგიმ მართლაც დაარღვია კანონი დევიძესთან მიმართებაში?!

– მაოცებ, დავით. რატომ მსჯელობ დევიძის განცხადების საფუძველზე? მე არაფერში ვადანაშაულებ გიორგის. დევიძე ჩვენზეა განაწყენებული და საჩივარში სხვა სისულელეების დაწერაც შეუძლია, მაგრამ, შენ ხომ პროფესიონალი ხარ და არაერთხელ შეხვედრიხარ ასეთ საჩივრებს!

– შევხვედრივარ, მაგრამ, ამ შემთხვევაში საჩივარი საფუძვლიანად მიმაჩნია. შენ დააპატიმრე და ორი დღის შემდეგ გაათავისუფლე დევიძე. როდის იყავი მართალი – როდესაც აპატიმრებდი თუ როდესაც ათავისუფლებდი? – თქვა დავითმა.

– ორივე შემთხვევაში, – მშვიდად უპასუხა მირიანმა.

– შენ მე გამაგიჟებ! – გაბრაზდა დავითი, – ასეთი რამ ჯერ არ მსმენია. როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად დამნაშავეც იყოს და უდანაშაულოც?!

– ყოველ შემთხვევაში, მე საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს არ გავცდენივარ. მქონდა დევიძის ორი დღე-ღამით დაკავების უფლება?

– გქონდა.

– და დავაკავე კიდეც. შემდეგ კი მისმა ადვოკატმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც მის ალიბის უზრუნველყოფდა და მე ის უყოყმანოდ გავათავისუფლე. 

– მესმის. ეს ცოტა ხნით ადრე რომ მომხდარიყო, ყველაფერი ერთი საუბრით დამთავრდებოდა. საჩივარს, უბრალოდ, რეზოლუციას დავადებდი, რომ აქ მოყვანილი ფაქტები არ დასტურდება და ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ, ახლა საქმე მხოლოდ შენ არ გეხება. მე არ მინდა, რომ ჩვენი წამოწყება ასე უსახელოდ დასრულდეს... იქნებ, შენ თვითონ გსურს ასე? – დავითმა დაჟინებული მზერა მიაპყრო მირიანს, – შენ თავიდანვე არ გსურდა ავალიანის შენს ჯგუფში ჩართვა. ახლა გეძლევა მისი თავიდან მოშორების შესაძლებლობა. თანაც, ჯგუფის დაშლის შემთხვევაში, ავტომატურად დაინიშნები სამსახურის ხელმძღვანელად.

– იმედი უნდა გაგიცრუო. დევიძის განცხადების საფუძველზე ჩემი ჯგუფი თუ დაშალეთ, პირობას გაძლევ, რომ საერთოდ წავალ პროკურატურიდან!

– ხუმრობ?

– არა, სრულიად სერიოზულად გეუბნები, – უპასუხა მირიანმა.

– ასე შეგაყვარა თავი ავალიანმა? – ჩაიცინა დავითმა.

– უნდა ვაღიარო, რომ მასზე სწორი წარმოდგენა არ მქონდა. ფიცხი ადამიანია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან კარგი გამომძიებელია. მასთან მუშაობა მართლაც საინტერესოა.

– ლაღიძეზე რას იტყვი? – ჰკითხა დავითმა.

– ანა შესანიშნავი ადამიანი და უნარიანი გამომძიებელია. დროდადრო მავიწყდება, რომ ეს მისი პირველი გამოძიებაა. მაგალითისთვის გეტყვი, რომ იმ სამი ეჭვმიტანილის აყვანას ანას უნდა ვუმადლოდეთ – მან მიაქცია ყურადღება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ მედიკამენტის ქილას. ძიებისთვის ის მიმართულება აირჩია, რამაც, საბოლოოდ, ლომიძესა და მის თანამზრახველებზე გაგვიყვანა.

– გასაგებია... არ გეწყინოს, მირიან, მაგრამ, საჩივარს უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. სულ მცირე, მოკვლევა მაინც უნდა დავიწყო.

– დაიწყე, ეს შენი მოვალეობაა, მაგრამ ძალიან გთხოვ, მე და ჩემი ჯგუფის წევრებს მუშაობაში ხელს ნუ შემიშლით, – თქვა მირიანმა.

– რაღა დაგრჩათ სამუშაო? – გაუკვირდა დავითს, – ეჭვმიტანილები დაკავებულები გყავთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, დანაშაულს ისინიც აღიარებენ და ექსპერტიზამაც დაასკვნა, რომ გაუპატიურება მათ ჩაიდინეს. უახლოეს მომავალში შენგან ბრალის ოფიციალურ წარდგენას ველოდი, შენ კი, თურმე, მუშაობის გაგრძელებას აპირებ!

– საქმე გამოძიებული არ არის.

– რა დაგრჩათ გამოსაძიებელი?

– ექსპერტიზამ ერთი უცნაური გარემოება გამოავლინა და, ვიდრე მასში არ გავერკვევით, საქმეს ვერ დავხურავ, – უპასუხა მირიანმა.

– რა გარემოება? – დაინტერესდა დავითი.

– დევიძისგან აღებული ნიმუშის ანალიზი დიდი ალბათობით ემთხვევა ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი პირის ნიმუშს.

– ისევ დევიძე?! – მოიღრუბლა დავითი, – შენ რა გინდა, მართლაც უმუშევარი დარჩე?!

– ექსპერტიზის შედეგებს ვერსად გავექცევით, – მშვიდად ჩაილაპარაკა მირიანმა.

დავითი სწრაფად წაეტანა საქაღალდეს, რომელიც მირიანის წინ იდო, გადაშალა და ფურცვლა დაიწყო.

– საქაღალდეში ექსპერტიზის შედეგები არ არის, – თქვა მირიანმა.

– რატომ? – გაოცებით გახედა დავითმა.

– ჩივაძემ მხოლოდ გუშინ მაცნობა ექსპერტიზის შედეგების დამთხვევის შესახებ. ყველა გაუგებრობის გამოსარიცხად, მე განმეორებითი და უფრო დეტალური გამოკვლევის ჩატარება ვთხოვე.

– ეს გონიერი ნაბიჯია, მაგრამ, რას მოიმოქმედებ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა იგივე შედეგს უჩვენებს? – ჰკითხა დავითმა.

– ასეთ შემთხვევაში, დევიძეს გარკვეული საკითხების განმარტება მოუწევს.

– ერთი რამ ამიხსენი. აქვს თუ არა დევიძეს მყარი ალიბი? – სწრაფად ჰკითხა დავითმა.

– აქვს, – უყოყმანოდ უპასუხა მირიანმა.

– ასეთ შემთხვევაში, ჩვენ სრულ აბსურდამდე მივდივართ. ადამიანს, უბრალოდ, არ შეუძლია ერთდროულად ორ ადგილზე ყოფნა. თუ ის ღამით გურჯაანის საავადმყოფოში იმყოფებოდა, ვერაფრით მოხვდებოდა თბილისის ზღვაზე! – შენიშნა დავითმა.

– ამას მეც ვხვდები, მაგრამ, ექსპერტიზის შედეგებს მაინც გადავამოწმებ. ამის წინააღმდეგი ხომ არ ხარ? – გამომცდელად შეხედა მირიანმა.

– არა... მაგრამ გთხოვ, ნუღარ გაამწვავებ ვითარებას. შეგიძლია, დევიძე დაკითხო, მაგრამ, მის დაკავებას და, მით უმეტეს, იზოლატორში გამოკეტვაზე, არც კი იფიქრო! – გააფრთხილა დავითმა და საქაღალდე უკან დაუბრუნა.

* * *

იდეა გიორგის ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: ქალაქიდან ზღვაზე მოხვედრა ოთხი გზით იყო შესაძლებელი – ვარკეთილის, ლოტკინის, თემქისა და ნახალოვკის მხრიდან. ყველა ამ გზის გასწვრივ კი განლაგებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილი ობიექტები. შანსი მცირე იყო, მაგრამ მაინც რჩებოდა იმის ალბათობა, რომ რომელიმე კამერა ზღვისკენ მიმავალ გოგონასა და მის თანამგზარს ან თანამგზავრებს დააფიქსირებდა.

გიორგის წინადადების მოსმენის შემდეგ მირიანმა მცირე ხანს იფიქრა, შემდეგ კი დაეთანხმა:

– კეთილი... განსაკუთრებული იმედი არ მაქვს, მაგრამ, მაინც ვცადოთ. გადაამოწმე!

დღის მეორე ნახევარში გიორგიმ მოზეიმე სახით შეაბიჯა კაბინეტში. მას არაფერი უთქვამს მირიანისთვის და ანასთვის. კომპიუტერს მიუახლოვდა, გარე მეხსიერების დისკი მოარგო და კოლეგებს თეატრალურად მიანიშნა – უყურეთო.

მონიტორზე შავ-თეთრი გამოსახულება გამოჩნდა. მასზე აღბეჭდილი იყო გზატკეცილი, რომელზეც პერიოდულად მოძრაობდნენ მანქანები. მოულოდნელად მონიტორზე ნაცნობი სილუეტი გაკრთა.

– უკან დააბრუნე! – სწრაფად თქვა ანამ და ყურადღებით დააკვირდა მონიტორს.

გიომ ჩანაწერი უკან დააბრუნა და შეაჩერა.

– ეს კი ნაღდად სიურპრიზია! – ჩაილაპარაკა მირიანმა, როდესაც გამოსახულებაზე აღბეჭდილი მანქანა ამოიცნო. შეცდომა გამორიცხული იყო: მონიტორზე რამაზ დევიძის „ტოიოტა” მოჩანდა. შავ-თეთრ ჩანაწერზე მანქანის ფერზე მსჯელობა შეუძლებელი იყო, თუმცა, ამის საჭიროება არც არსებობდა – ჩანაწერზე ბუნდოვნად მოჩანდა მანქანის სანომრე ნიშანი: დევ 111.

– ჩანაწერს პროგრამისტებს გავაწმენდინებ, მაგრამ, ნივთმტკიცებად ასეც ივარგებს. ამას შეხედეთ, – გიორგიმ მონიტორზე მიანიშნა, მირიანს. მასზე გარკვევით მოჩანდა ნონა ბაქრაძე, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა. თავად მძღოლის სახე ჩანაწერზე არ ჩანდა. გადაღების მომენტში მას თავი გოგონასკენ ჰქონდა მიბრუნებული.

– საიდან ამოიღე ეს ჩანაწერი? – ჰკითხა მირიანმა.

– ლოტკინის გადასახვევთან პოლიციის ქვეგანყოფილება მდებარეობს და დევიძის მანქანა მისმა კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერი ოფიციალურად ამოვიღე. მის ნამდვილობას ქვეგანყოფილების ხელმძღვანელობა ადასტურებს. 

ანა ყურადღებით დააკვირდა მონიტორს და შემდეგ ჩაილაპარაკა:

– მგონი, უკანა სავარძელზე ვიღაც ზის.

– მაგას მეც მივაქციე ყურადღება, მაგრამ, მანქანას დაბალი სილუეტი აქვს. უკანა სავარძელი ჩრდილშია მოქცეული და რამის გარკვევა შეუძლებელია, – უპასუხა გიორგიმ.

– ამჟამად მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარი ისაა, რომ გოგონა დევიძის მანქანით მიიყვანეს თბილისის ზღვაზე. ამ დროს თავად დევიძე გურჯაანში იმყოფებოდა, მაგრამ, ვიღაც ხომ მართავდა მის მანქანას! მისი ნებართვის გარეშე კი საჭესთან ვერავინ მოხვდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მას მანქანის მოპარვის თაობაზე რაიმე განცხადება არ გაუკეთებია. ვნახოთ, რას იტყვის ამაზე მისი ადვოკატი, – თქვა მირიანმა, შემდეგ კი ტელეფონს გადასწვდა და ერეკლეს დაუკავშირდა.

ჩანაწერის ნახვამ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ერეკლეზე. ის კარგა ხანს იჯდა უხმოდ და თითებით ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდაზე.

– როდემდე ვისხდეთ ასე? – მირიანს მალე მობეზრდა კაბინეტში ჩამოწოლილი დუმილი.

– რას ელი ჩემგან? – უხალისოდ გახედა ერეკლემ.

– ყოველ შემთხვევაში, ჩუმად ყოფნას არა. შენი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება მთლად მამა აბრამის ბატკანი არ გამოდგა. თავად თუ არა, მისი მანქანა მაინც იმყოფებოდა თბილისის ზღვაზე. ჩვენთვის კი ცნობილია, რომ განსაკუთრებით უფრთხილდება ამ მანქანას და ის დევიძის ნებართვის გარეშე უცხო ადამიანის ხელში ვერ აღმოჩნდებოდა... – მირიანმა პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა, – კაცურად მითხარი, რამე იცი ამის შესახებ?!

– კარგი, რა! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ერეკლემ, – ასე მიცნობ?! მე ადვოკატი ვარ, ვიღაც ნაბიჭვრების პაძელნიკი კი არა! ეს რომ მცოდნოდა, ამ საქმეს საერთოდ არ მოვკიდებდი ხელს.

– ახლა ხომ იცი!

– ვიცი, მაგრამ, ახლა უკვე ხელშეკრულებით ვარ დაკავშირებული დევიძესთან.

– ჩვენ მასთან გასაუბრებას ვაპირებთ. შენ მიიღებ ამაში მონაწილეობას? – ჰკითხა მირიანმა.

– რა თქმა უნდა.

– კეთილი, – თქვა მირიანმა, – მაშინ ერთად ვეწვიოთ სახლში.

* * *

დევიძემ გაოცებით შეხედა გამომძიებლებს და ერეკლეს მიუბრუნდა:

– რაშია საქმე?

– შენთან საუბარი სურთ, – უპასუხა მან.

– ბოდიშის მოსახდელად მოხვედით? – დევიძემ დამცინავად გახედა მირიანს.

– არა, სხვა საკითხზე გვსურს საუბარი.

– თქვენ შორის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც საუბარს ვისურვებდი, ქალბატონი ანაა. თქვენ ორს კი სახლში არც შემოგიშვებთ, – უცვლელი ტონით განაგრძო რამაზმა.

– უკანალს ნუ ათამაშებ, ახვარო! – შეუღრინა გიორგიმ, შემდეგ მკერდში უბიძგა და დერეფანში შეაბიჯა.

– ხომ დაინახე! ახლავე გამოვიძახებ პოლიციას და შემდეგ მათთან გაარკვიონ ურთიერთობა! – ერეკლეს გასაგონად დაიძახა რამაზმა და მობილური ტელეფონი მოიმარჯვა, მაგრამ, ადვოკატმა დარეკვის საშუალება არ მისცა – ტელეფონი ლამის ძალით გამოჰგლიჯა ხელიდან, სავარძელზე დაჯდომა სთხოვა და შემდეგ უთხრა: 

– ჯერ მოისმინე, რას გეტყვიან და მერე გადაწყვიტე, ღირს თუ არა პოლიციის გამოძახება!

– კარგი, მოვუსმენ, – მოწყალება გაიღო რამაზმა და სტუმრებს ანიშნა დასხედითო.

მირიანი დევიძის პირისპირ ჩამოჯდა და ჰკითხა:

– როგორც მახსოვს, თქვენ ორი ძმა გყავთ. ხომ არ ვცდები?

– საჩივარმა შეგაფუცხუნათ და გინდათ, ჩემი ძმებით გამიმართოთ ვაჭრობა?! – მრისხანედ წამოიძახა დევიძემ, – გირჩევთ, თავი გამანებოთ, საჩივარს მაინც არ გავიტან უკან. პირდაპირ რომ მოსულიყავით და ადამიანურად გეთხოვათ, იქნებ, მართლაც გამეწია თქვენთვის ანგარიში, მაგრამ, ასეთ თავხედობას არ გაპატიებთ. მიბრძანდით აქედან, საუბარი დამთავრებულია!

– ნუ ვიჩქარებთ, – მშვიდად თქვა მირიანმა და ანას რაღაც ანიშნა.

მის ნიშანზე ანამ ჩანთიდან ნოუთბუქი ამოიღო, ჟურნალის მაგიდაზე დადო და ჩართო. მონიტორზე დევიძის მანქანის გამოსახულება გამოჩნდა.

– რა არის ეს? – გაოგნებულმა რამაზმა ესროლა მირიანს შეხედა.

– არ გეცნობათ? – მიუგო მან.

– ეს ჩემი მანქანაა, მაგრამ სად, როდის და რისთვის გადაიღეთ?!

– მანქანა ჩვენ არ გადაგვიღია, ის თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზაზე პოლიციის სამეთვალყურეო კამერამ დააფიქსირა. ახლა კი ყურადღებით დააკვირდით, ვინ ზის მძღოლის გვერდით? – მირიანმა ხელით მიანიშნა მონიტორზე.

რამაზმა ნოუთბუქთან ახლოს მიიწია, ყურადღებით ჩააცქერდა მონიტორს, შემდეგ კი დაზაფრული სახით მიუბრუნდა და აყვირდა:

– ვინ ჭამს ამას?! ეს ხომ წმინდა წყლის მონტაჟია!

– ნუ გაჰკივი დაზარალებულივით, თორემ, ისე მიგიმონტაჟებ დინგს, რომ ექსპერტიზაც ვეღარ ამოგიცნობს! – ავად წამოიძახა გიორგიმ და მისკენ წაიწია, მაგრამ ერეკლე თადარიგიანად გადაუდგა წინ და შეაჩერა.

– შენ რატომ ხარ ჩუმად? – ადვოკატს მიუბრუნდა დევიძე, – ვერ ხედავ, რას აკეთებენ?!

– დამშვიდდი. ჩანაწერი ნამდვილია, – უპასუხა მან, – ყვირილსა და ნერვების წყვეტას, ჯობია, დავსხდეთ და მშვიდ ვითარებაში გავარკვიოთ ყველაფერი.

– რაა აქ გასარკვევი? ვერავინ დამაჯერებს, რომ იმ დღეს ჩემი მანქანა ზღვაზე იყო. გურჯაანში მეგობრის მანქანით წავედი – ამაზე ჩვენებაშიც ვილაპარაკე. ჩემი კი სახლში დავტოვე.

– მაშინ, როგორ ავხსნათ ეს? – მონიტორზე მიანიშნა ანამ.

– არ ვიცი... უფრო სწორად, ვიცი! – სწრაფად თქვა დევიძემ, – სხვა რომ ვერაფერი მოახერხეთ, ჩემი მანქანა გადაიღეთ და შემდეგ ეს ჩანაწერი დაამონტაჟეთ!

– ნონა ბაქრაძეზე რას იტყვი, დამპალო! ჰგავს ეს ჩანაწერი რეანიმაციის პალატაში გადაღებულს?! – ისევ იფეთქა გიორგიმ.

დევიძე დაიბნა და თავი ჩახარა.

– ჩანაწერი ნამდვილია და ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადგენს. ის დანაშაულის ჩადენის დღეს, ოთხის ხუთ წუთზეა გადაღებული. ეს ზუსტად ემთხვევა ნონა ბაქრაძის გაქრობის დროს, – განაგრძო მირიანმა, – მაგრამ, ეს საქმის მხოლოდ ნახევარია. დღესდღეობით ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის წარმოდგენა არ შემიძლია, უბრალოდ, სიტყვიერად აგიხსნით იმას, რასაც მოგვიანებით ოფიციალური დასკვნით დავადასტურებთ. თქვენგან აღებული საექსპერტო ნიმუში ოთხმოცდახუთი პროცენტით დაემთხვა დაზარალებულისგან აღებუს ნიმუშს.

– მე არაფერი მესმის თქვენი პროფესიონალური ტერმინებისა. შეგიძლიათ, ნორმალური ენით ამიხსნათ? – თქვა დევიძემ.

– ეს იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, დანაშაულში თქვენ მონაწილეობდით.

– მაგრამ, მე...

– ვიცი, ვიცი... გურჯანიის საავადმყოფო და ასე შემდეგ, – არ დაასრულებინა მირიანმა, – ამ მხრივ თქვენთან პრეტენზია არ გვაქვს. უდავოა, რომ თქვენ მართლაც არ იმყოფებოდით თბილისში. ექსპერტმა თავისებურად განმარტა ასეთი დამთხვევის მიზეზი. ასეთ შედეგს მივიღებდით იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული თქვენთან გენეტიკურად ახლოს მყოფმა ადამიანმა ჩაიდინა, თქვენმა უახლოესმა ნათესავმა... მაგალითად, ძმამ!

– არა! – მთელი ხმით იყვირა დევიძემ, – ამაში ვერასოდეს დამაჯერებთ!

– მე არც მჭირდება თქვენთვის რაიმეს დამტკიცება. ჩემთვის მთავარია, სასამართლომ დამიჯეროს! – მშვიდად უპასუხა მირიანმა, – ახლა მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: ჩანაწერზე მძღოლის სახის გარჩევა შეუძლებელია. ამასთან, აშკარაა, რომ მანქანაში მესამე პიროვნებაც იმყოფება. შეგიძლიათ, მითხრათ, რომელ ძმას გადაეცით იმ დღეს მანქანა?

– არა-მეთქი! – ჯიუტად გაიმეორა დევიძემ, – გაგვანებეთ თავი და, პირობას გაძლევთ, რომ საჩივარს უკან გავიტან!

გიორგი ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს, საკინძეში სწვდა დევიძეს, ძლიერად შეანჯღრია და უყვირა:

– გინდა, ჩივილის ახალი მიზეზი მოგცე, ახვარო?!

საბედნიეროდ, მირიანი მზად იყო გიორგის ასეთი რეაქციისთვის. დროულად ჩააფრინდა მხრებში და დევიძეს მოაშორა. 

რამაზმა ღვარძლით აღსავსე ხმით ჩაილაპარაკა:

– რაც გინდათ, ქენით. მაინც ვერ მაიძულებთ, ჩემი ძმების წინააღმდეგ მივცე ჩვენება!

– ესე იგი, უარს გვეუბნებით თანამშრომლობაზე! კეთილი, მაშინ სხვა გზით წავალთ, – თქვა მირიანმა, შემდეგ მობილური ტელეფონი მოიმარჯვა, სადღაც დარეკა და თანამოსაუბრეს მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა: აიყვანეთ!

– რას ნიშნავს ეს?! – გაოცებით გახედა ერეკლემ.

– რას უნდა ნიშნავდეს? – უპასუხა მირიანმა, – ჩვეულებრივი პოლიციური ოპერაციაა – ეჭვმიტანილის დაკავება და პროკურატურაში დასაკითხად წარმოდგენა!

– ვინ... ვინ უნდა დააკავოთ?! – აღელდა დევიძე.

– თქვენი ძმები. ეს იძულებითი ზომაა. თქვენ არ გინდათ, გვითხრათ, რომელ მათგანს გადაეცით მანქანა, ამიტომაც, იძულებული ვარ, ორივე დავკითხო.

დევიძემ უღონო მზერა მიაპყრო ტელეფონს, რომელის მის წინ, ჟურნალის მაგიდაზე იდო.

– დაივიწყე, – გულგრილად უთხრა გიორგიმ, – ამის საშუალებას არავინ მოგცემს. რომც დარეკო და გააფრთხილო, მაინც არაფერი შეიცვლება. მთელი შენი საახლობლო რომ მოგროვდეს, შენს ძმებს მაინც დააკავებენ!

– ჩემი მშობლები ვერ გადაიტანენ ამას. არ შეიძლება, სხვანაირად მოვაგვაროთ ეს საკითხი? მამას ისედაც შერყეული აქვს ჯანმრთელობა, – ყრუდ ჩაილაპარაკა დევიძემ.

მირიანი წინ გადაიხარა, თვალებში ჩააცქერდა და ცივად უთხრა:

– არა მგონია, იმაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ახლა ნონა ბაქრაძის დედა იმყოფება!..

* * *

რამაზის უმცროსი ძმა, ჩვიდმეტი წლის დევი დევიძე, გასაოცრად ჰგავდა უფროს ძმას. მასავით ტანმაღალი, ახოვანი ახალგაზრდა იყო. ის ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ, გამომძიებლებს არ გამოჰპარვიათ მისი შემკრთალი გამოხედვა და ოდნავ მოცახცახე ხელები.

– შენს ადვოკატს იცნობ? – ჰკითხა მირიანმა.

– ბატონ ერეკლეს? – კაბინეტში მყოფ ადვოკატს გახედა დევიმ.

– ჰო...

– ვიცნობ... ჩემი ძმის ადვოკატი იყო, – დაუდასტურა დევიმ.

– ახლა შენი ადვოკატი იქნება, – თქვა მირიანმა და საქაღალდე გადაშალა.

– რაში მჭირდება ადვოკატი? – გაუბედავად იკითხა დევიმ.

– დაკავებისას პოლიციელებმა მიზეზი არ განგიმარტეს? – ჰკითხა მირიანმა.

– დაბნეული ვიყავი. წესიერად ვერც მივხვდი, რა უნდოდათ ჩემგან. ვიღაც გოგოს ახსენებდნენ. მეგონა, რომ ესეც ჩემი ძმის საქმეს უკავშირდებოდა.

– საქმე იგივეა, მაგრამ, ჯერ კიდევ გასარკვევია, ვის უფრო უკავშირდება ის – შენ ძმას, თუ შენ, – ამ სიტყვებთან ერთად მირიანმა მაგიდაზე ნონა ბაქრაძის ფოტოსურათი დადო და ჰკითხა: ამ გოგონას თუ იცნობ?

დევიმ გაუბედავად აიღო ფოტოსურათი, მცირე ხნით დააკვირდა და შემდეგ ჩაილაპარაკა:

– არა...

– კარგად გაიხსენე. იქნებ, სადმე შეხვედრიხარ?

– გამახსენდა, – ყოყმანით თქვა დევიმ, – თუ არ ვცდები, ის გოგო უნდა იყოს, რომელიც პოზირებას უწევდა ჩემს ძმას.

– პირადად შეხვედრიხარ? – განაგრძო მირიანმა.

– ერთხელ შევხვდი ჩემი ძმის სახელოსნოში. მხოლოდ რამდენიმე წუთით შევიარე ძმასთან – ფული მჭირდებოდა და მაშინ მოვკარი თვალი ამ გოგოს. რამაზმა მითხრა, ახალი მოდელიაო. სულ ეს იყო.

– რამაზი მანქანას გაძლევს ხოლმე?

– იშვიათად. ჩემთვის არაფერი ენანება, მაგრამ, იმ მანქანას განსაკუთრებით უფრთხილდება. თანაც, ეშინია. მეუბნება, ჯერ გამოუცდელი მძღოლი ხარ და მის სიმძლავრეს თავს ვერ გაართმევო, – უპასუხა დევიმ.

– მაგრამ, დროდადრო მაინც გაძლევს მისი მართვის საშუალებას.

– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც ჩემ გვერდით იმყოფება, – დააზუსტა დევიმ.

– მისი ნებართვის გარეშე არასდროს გისარგებლია მანქანით?

– რას ამბობთ! – სწრაფად თქვა დევიმ, – რამაზი ძალიან გაბრაზდებოდა და ახლოს აღარ მიმაკარებდა მანქანას!

– ამაზე რას იტყვი? – გიორგიმ სწრაფად შეაბრუნა ნოუთბუქი მონიტორით მისკენ.

დევი გამოსახულებას დააკვირდა და დაბნეული სახით გახედა.

– ცნობ მანქანას? – ჰკითხა გიორგიმ.

– ჩემი ძმის მანქანას ჰგავს. იგივე მოდელია, – ჩაილაპარაკა დევიმ.

– იქნებ იგივე მანქანაა. სანომრე ნიშანს შეხედე! 

დევის არც კი გაუხედია მონიტოროსკენ. მისმა ჩახრილმა თავმა ცივი ღიმილი მოჰგვარა გიორგის. უკვე გასაგები იყო – ახალგაზრდა პირველივე წამს მიხვდა, რომ ეს ნამდვილად მისი ძმის მანქანის გამოსახულება იყო.

– მანქანის საკითხი გავარკვიეთ. ახლა მძღოლზე გადავიდეთ. ისიც არ გეცნობა? – ჰკითხა მირიანმა.

– არა... – გაჭირვებით ჩაილაპარაკა დევიმ.

– მძღოლის გვერდით გოგონა რომ ზის, ის თუ გეცნობა?

– მეცნობა...

– იცი, სად გაკეთდა ჩანაწერი?

დევიმ უხმოდ გაიქნია თავი.

– ლოტკინის სიახლოვეს. თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზაზე! – თქვა მირიანმა.

– გინდა სხვა ჩანაწერიც გაჩვენო, რომელზეც მძღოლის სახე ჩანს?! – გიორგი ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას და ცივი მზერით ჩააკვდა თვალებში.

დევიმ მხერა აარიდა და სახეზე აიფარა ხელები.

– შემომხედე... მზერას ნუ მარიდებ! – გიორგი ხელებში სწვდა და ძალით მოაშორებინა სახიდან.

– რა გინდათ ჩემგან? – გაჭირვებით ჩაილაპარაკა დევიმ.

– ვინ ზის უკანა სავარძელზე?! ვინ იყო იმ დღეს შენთან ერთად?! სახელი, გვარი, მისამართი! – ტყვიამფრქვევივით მიაყარა გიორგიმ.

დევიმ სახე ისევ ხელებში ჩამალა და ოდნავ  გასაგონად ჩაილაპარაკა:

– ჩემი მეგობარი... ზურაბ აბულაძე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3