კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა სტალინის მამა

იოსებ სტალინი ამაყობდა თავისი ქართული წარმოშობით, რაც არაერთხელ აღუნიშნავს ჩერჩილთან, რუზველტთან, დე გოლთან და სხვა პოლიტიკოსებთან შეხვედრებისას. რაც შეეხება ოჯახს, სადაც ბელადი იზრდებოდა, იოსებს განსაკუთრებით დედამისი უყვარდა. გარეგნობით კი სტალინი მამას ჰგავდა. ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ სტალინისა და მისი მშობლების შესახებ ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიაქროს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. 

იოსებ სტალინის მშობლებმა, ბესო ჯუღაშვილმა და ეკატერინე, იგივე კეკე გელაძემ გორში იქორწინეს. ეს მოხდა 1874 წელს. წყვილის მეჯვარეები იყვნენ იაკობ ეგნატაშვილი და მიხა ციხითათრიშვილი.

მამის გარდაცვალების შემდეგ, ძმებმა, ბესარიონ და გიორგი ჯუღაშვილებმა, ქონება გაიყვეს. გიორგი მანგლისში დასახლდა და სამიკიტნო გახსნა. მოგვიანებით სამიკიტნო ყაჩაღებმა გაძარცვეს, გიორგი კი მოკლეს. რაც შეეხება ბესოს, ის თბილისში ჩამოვიდა, სადაც ხარაზთა საამქროს მიეკედლა და ხელობაც შესანიშნავად შეისწავლა. მოგვიანებით ვინმე აბრამოვმა გორში სახარაზო  სახელოსნო გახსნა, სადაც 30 ხელოსანი ჩაიყვანა. მათ შორის იყო სტალინის მამაც, რომელმაც მალე ხელოსნებში პირველი ოსტატის სახელი გაითქვა. ახლომახლო სოფლების აზნაურობა მასთან იკერავდა ჩექმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბესოს ჯიბე არასდროს ჰქონდა ცარიელი, კარგადაც იცვამდა და ჰყავდა მეგობრები, რომლებთანაც უყვარდა ქეიფი და დროსტარება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბესარიონი გორშივე დაქორწინდა ეკატერინე გელაძეზე. ეკატერინეს მამა, გლახო, თიხის ოსტატი (მეთუნე) გახლდათ, თავად ამილახვრის ყმა. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, გლახო გორში ჩავიდა ოჯახითურთ, ქალაქის განაპირას დასახლდა და კვლავ მეთუნეობას მიჰყო ხელი. კეკესა და ბესოს სამი ვაჟი შეეძინათ: უფროსი, გიორგი, რომელსაც სახელი ბიძის პატივსაცემად დაარქვეს, ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა. მწუხარებით შეპყრობილმა ბესომ სმას უმატა. მეორე ვაჟმა, მიხეილმა, მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა. 1978, ზოგიერთი ვერსიით კი 1879 წლის 21 დეკემბერს ჯუღაშვილების ოჯახში მესამე ვაჟი დაიბადა, რომელსაც იოსები დაარქვეს.  იოსები სუსტი ბავშვი იყო. 5 წლის ასაკში მას ყვავილი შეეყარა და სასწაულებრივად გადარჩა. 

ბესარიონი ენამოსწრებული, იუმორითა და სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული კაცი გახლდათ, თუმცა, გალოთების გამო, მას ხასიათი გაუფუჭდა, ხშირად ჩხუბობდა და ტეხდა აყალმაყალს როგორც სუფრაზე, ასევე, ოჯახში. როგორც თანამედროვენი აღწერენ, ბესო ჯუღაშვილი იყო გამხდარი კაცი, შავი თმითა და წვერ-ულვაშით. იგივენი დასძენენ, რომ იოსები ძალიან ჰგავდა მამას ახალგაზრდობაში.  ჩანს, გარდა გარეგნობისა, ბელადი სიმღერის ნიჭითაც დაემსგავსა მამას. სტალინი სიცოცხლის ბოლო წლებამდე მღეროდა. განსაკუთრბით ორი სიმღერა უყვარდა – „ხასანბეგურა” და „გაფრინდი, შავო მერცხალო”. ცნობილია ისიც, რომ სემინარიაში სწავლის პერიოდში იოსებ ჯუღაშვილი სემინარიის მგალობელთა გუნდში მღეროდა მეორე ხმას. ამ გუნდის შედგენისას მასწავლებლებმა საგანგებოდ შეამოწმეს მოწაფეების სმენა და ხმა. ცნობისთვის, ჯუღაშვილი ერთნაირი წარმატებით გალობდა როგორც ქართულად, ისე რუსულად. 

ისიც ცნობილია, რომ, როდესაც კეკემ იოსები სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა, ის ქმრის სურვილის წინააღმდეგ წავიდა. მოგონებების მიხედვით, სოსო სასულიერო სასწავლებელში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. სემინარია მომავალმა ბელადმა წარჩინების დიპლომით დაასრულა, რაც ოქროს მედალზე დამთავრებას ნიშნავდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი დიპლომები ძალიან იშვიათად გაიცემოდა ღარიბი ოჯახების შვილებზე.

გორში გატარებული რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, ბესარიონი თბილისში მიდის და ადელხანოვის ფაბრიკაში იწყებს მუშაობას. პირველ ხანებში ის საკმაოდ იშვიათად ჩადიოდა გორში ცოლ-შვილის მოსანახულებლად და, ამ ვიზიტების რაოდენობა თანდათან სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბესომ სმას უმატა და, შედეგად, სამსახურიც დაკარგა. ამის შემდეგ მან ქუჩაში, ფეხსაცმლის შემკეთებლად დაიწყო მუშაობა და, რასაც შოულობდა, სასმელში ხარჯავდა. 1909 წლის 7 აგვისტოს ბესარიონ ჯუღაშვილი თავისი ფეხით მისულა მიხეილის საავადმყოფოში, ანუ, დღევანდელ მეხუთე საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. საავადმყოფოს მასალებიდან ირკვევა, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი 55 წლის ასაკში გარდაცვლილა.

მართალია, სტალინი ძირითადად დედასთან იზრდებოდა ხელმოკლედ, არ ჰქონდა სათანადო კვება და პირობები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ფიზიკურად ძლიერი პიროვნება გახლდათ. მამას ბელადის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშია, რასაც ვერ ვიტყვით მის დედაზე. ბესოს სურდა, სოსო მეწაღედ გაეზარდა, კეკე კი ოცნებობდა, მისი შვილი სასულიერო პირი გამოსულიყო. როდესაც იოსები 5 წლის ასაკში ავად გახდა, დედამისი ფეხით ავიდა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და შესთხოვა: თუ შვილს გადამირჩენ, სოსო შენი მსახური გახდებაო. ქმრის თბილისში წასვლის შემდეგ კეკემ მუშაობა დაიწყო დების, დარია და ლიზა ყულიჯანოვების სამკერვალო სახელოსნოში. იქ 17 წელიწადს მუშაობდა და საუკეთესო მკერავად ითვლებოდა. მოგვიანებით, როცა უკვე მხედველობის პრობლემამ იჩინა თავი, კეკემ მატყლის საბნების კერვა დაიწყო. შვილისა და ღირსების შესანახად იგი არავითარ სამუშაოს არ ერიდებოდა. იყო ისეთი პერიოდებიც, როდესაც მდიდარ ოჯახებში რეცხავდა და ალაგებდა.

სტალინის დედამ საკმაოდ დიდხანს იცოცხლა. ის მოესწრო, როგორ გახდა მისი შვილი უზარმაზარი იმპერიის პირველი პირი, რომელსაც ყველა აღტაცებითა და პატივისცემით ეპყრობოდა. თვითონ კეკე მოკრძალებულად ცხოვრობდა საქართველოში, თუმცა, შვილის თხოვნით, გარკვეული ხნით კრემლშიც გადასახლდა. ეკატერინე გელაძე სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა  ქართველი ქალის ტრადიციულ სამოსს. სტალინის ქალიშვილის, სვეტლანას მოგონებების მიხედვით, ბელადი ხშირად უყვებოდა მას დედის შესახებ. სტალინს დედამისი ჭკვიან ქალად მიაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ განათლება არ ჰქონდა მიღებული. 1935 წელს სტალინმა თბილისში მოინახულა დედა. სტალინს ძალიან ესიამოვნა, როდესაც დედამ უთხრა: „დასანანია, რომ შენ მაინც არ გახდი მღვდელი.” კეკე გელაძე 1937 წელს გარდაიცვალა.

 

 

скачать dle 11.3