კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვრცელდება საქართველოში თანამედროვე ერესი და რატომ სჭირდებათ ქრისტიანებს საკუთარი არცოდნის აღიარება

საქართველოში ქრისტიანობის პირველი ბურჯები, მოწამეები, არაქართველი ქრისტიანები იყვნენ: სიდონია, შუშანიკი, რაჟდენ პირველი მოწამე, ევსტათი მცხეთელი და აბო თბილელი. ეს მართლმადიდებლური სწავლების დიდი ქადაგებაა და ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ არის ნაციონალური წარმონაქმნი; რომ ყველას აქვს უფლება, გახდეს მართლმადიდებელი, დაიცვას ქრისტიანული სარწმუნოება; რომ ცხონების კარი ყველასთვის ღიაა. რისი ცოდნა გვაკლია ქრისტიანებს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 

 

– როცა მეოთხე საუკუნეში საქართველოში მართლმადიდებლობა ფეხს იდგამდა, პირველი მართლმადიდებლები სწორედ არაქართველები ხდებოდნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები არ იყვნენ მოწამეები, მარტვილები, უბრალოდ, ჰაგიოგრაფებმა, უპირველეს ყოვლისა, დააფიქსირეს არაქართველი ადამიანების მარტვილობა, რათა ეს ჩვენთვის მაგალითი ყოფილიყო. დღეს, სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ქრისტიანები სხვადასხვა სექტაში ერთიანდებიან და გაბრწყინებული სახეებით ქადაგებენ. რამდენიმე თვის წინ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მართლმადიდებლობაზე უარი თქვა და ისლამი მიიღო, ამაზე კი ყველა დუმს – ეკლესიაც, პრესაც. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმე უნდა გაუსწორდეს, უბრალოდ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქრისტიანი ადამიანი ისლამს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ კარგი ქრისტიანები, კარგი მქადაგებლები, ყველაფერი ხიბლის მდგომარეობაშია. ამიტომაც, ჩვენ მართლმადიდებლებმა, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი რწმენა, ქადაგება, რათა ასეთი რამ კიდევ არ განმეორდეს. ამისთვის კი საჭიროა, დავფიქრდეთ ერთ რამეზე: თუ გვგონია, რომ რაღაც ვიცით, კარგად დავფიქრდეთ, ეს ნამდვილად ვიცით თუ არა. თუ ხარ მართლმადიდებელი, რამდენად იცი, რას გასწავლის ეკლესია, ვინ ხარ და რა გევალება, საიდან მოდიან შენი წინაპრები, რა არის კეთილი და ბოროტი...

– რატომ არის დღეს ჩვენი ცნობიერება შორს ამ ყველაფრისგან?

– ყველაფერი ღმერთისგან მოდის, ხოლო სრული სისავსით საღვთო სიბრძნე მხოლოდ იესო ქრისტეშია, ისევე, როგორც ცხონების გზა იესო ქრისტეში, მისგან ნასწავლები კი – დედაეკლესიაში. მინდა, წაგიკითხოთ ერთი ასეთი სწავლება: ის, ვინც არ იცის და  არ იცის, რომ არ იცის,  ბრიყვია და მოერიდე მას. ვინც არ იცის – ასეთი ადამიანი ბევრია, თან, იცის, რომ არ იცის და არც არაფრის სწავლა არ უნდა. ამის შესახებ ეკლესია ქადაგებს: ძაღლებსა და ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრით, რადგან, მათ არც უნდათ და, რომ უთხრათ, მაინც არ გაიგებენ. ეკლესიას ასეთი სწავლება აქვს: ეშმაკში არის გარკვეული ცოდნა, ეშმაკი შედარებულია ქვას, რომელიც მზეზე გდია, გარედან თბება მზის სხივებით, მაგრამ, შიგნით სიბნელეა. ასეა ბევრი უმეცარი. რამდენი ქადაგება, რამდენი წიგნი გამოდის, მაგრამ, ადამიანების დიდ ნაწილს ეს არ აინტერესებს. რაში გჭირდებათ ის ბიბლია, ლოცვების წიგნი, ხატები, თუ არც წაიკითხავთ, არც ილოცებთ და არ იღებთ ცოდნას?! თუ ადამიანს არ გააჩნია ცოდნა და არც უნდა, რომ გაიგოს, ისწავლოს რამე, მაშინ, ჯობია, ასეთ ადამიანს გაერიდოთ, რადგან, ყველასთვის არ არის სიბრძნე. სიბრძნე იმისთვის არის, ვინც ეძებს, რადგან, ვინც ეძებს, ის პოულობს. მეორე, შედარებით საინტერესო სწავლება ასეთია: ის, ვინც არ იცის, მაგრამ, იცის, რომ არ იცის, გულმართალია და ასწავლე მას. 

– როგორი ადამიანები იგულისხმებიან?

– ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ იციან რაღაც, მაგრამ, შეუძლიათ ამის აღიარება და სურთ, რომ ისწავლონ. ასეთი ადამიანი გულმართალია; არ რცხვენია იმის აღიარების; რომ რაღაც არ იცის, რომ უმეცარია და იწყებს სწავლას. იმას კი არ ამბობს, რომ ათი თუ 20 წელია ეკლესიაში დადის, ამდენჯერ ეზიარა, ამდენჯერ თქვა აღსარება, პირიქით, ამბობს: ვკითხულობ ბიბლიას, საეკლესიო სწავლებებს და, ვხვდები, როგორი უმეცარი ვარ, ამიტომ მასწავლე. ეს არის გულმართალი მდგომარეობა. ხშირად ადამიანები ბევრ რამეში ვერ ერკვევიან, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს ამბობენ, რადგან, ამპარტავნები არიან და რცხვენიათ იმის ხმამაღლა აღიარების, რომ რაღაც არ იციან ან ვერ გაიგეს. ჩვენ, ქართველები ხომ „განათლებული“ ხალხი ვართ, „ყველაფერი ვიცით“, მაგრამ, არ ვიცით სარწმუნოების სიმბოლო, „მამაო ჩვენო“, პირჯვრის გადაწერა და სწორედ ეს არის ჩვენი უმეცრება. ყოველთვის იყავით მოწაფის სტატუსით და ეძებეთ მასწავლებელი. წმიდა მამებმა ჩვენთვის დაწერეს მარგალიტები, რომ ვისწავლოთ, გავიგოთ და უფრო მეტი ცოდნა შევიძინოთ. ჩვენი მტერი აღარ მოდის მორკალური ხმლებით, პირიქით, მოდის იდეოლოგიით, მწვალებლობით, გარკვეული სწავლებებით, რომლებიც კარგადაა შენიღბული. ჩვენ ხშირად ვამაყობთ ჩვენი ქართველობით – რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ, თუ ქართველი ხარ, მადლიერი უნდა იყო ღმერთის, რომ საქართველოში მოგავლინა, მოგცა სჯული დაბადებიდანვე, ამას კი მოფრთხილება სჭირდება. დღეს, როგორც ეკლესიაში, ისე ერში, ძალიან ბევრი რამ არის სამარცხვინო და ეს უნდა ვიცოდეთ, ვიფიქროთ ამაზე. თუ ამ ცოდნას არ ჩავწვდებით, არ გავიაზრებთ იმას, რაც იყო წარსულში, მოტყუებულები დავრჩებით აწყმოშიც და მომავალშიც. დასაფიქრებელია ის, თუ როგორ იქცევიან თანამედროვე მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, სასულიერო პირები: არ უყვართ საქართველო, ქადაგებენ საკუთარ აზრს, სისულელეს, ეჭვქვეშ აყენებენ წმიდა მამების სიწმიდეებს; ხოლო მართლმადიდებელი ქრისტიანები სჩადიან მკრეხელობას, მრუშობის ცოდვაში არიან და ეს უარესია, ვიდრე რომელიმე სექტაში ყოფნა. ამიტომაც, უნდა ამხილო ის, ვინც შენსავით არის შემოსილი, გაბრწყინებული პანაღია უკეთია და მკრეხელობას ქადაგებს – ეს ცუდი კი არ არის, რადგან, სანამ ის ჯოჯოხეთში აახელს თვალს, მანამდე უნდა დაისაჯოს, შეინანოს; უნდა ილოცო მისთვის, რომ მისი სული გადარჩეს და ერი არ გაირყვნას ბოლომდე. ეს არის ჩვენი უმეცრების ნიშანი, რასაც კიდევ არაერთხელ გამოვცდით საკუთარ თავზე. ჩვენი მთავარი ღირსება არის ეროვნულობა, მართლმადიდებლობა, ქართველობა, ამისთვის კი შესაბამისი ცოდნა უნდა გაგვაჩნდეს. 

– როგორია მესამე მდგომარეობა?

– ვინც იცის და არ იცის, რომ იცის – მას სძინავს. სამწუხაროდ, ასეთები ბევრნი არიან. ღმერთმა მათ მისცა ნიჭი, განათლებული მშობლები, ბევრი რამ იცის, მაგრამ, თავადაც არ იცის, რომ იცის და თავის ტალანტებს მიწაში ინახავს. ღმერთი რომ მოვა, ეტყვის: „მე ქართველი ვიყავი, მართლმადიდებელი, რაც მომეცი, იმისთვის არაფერი მიმიმატებია და, აჰა, უკან წაიღე!“ მაგრამ, უფლისგან მოისმენს: უგუნურო მონავ, 5 ტალანტი მოგეცი, რომ კიდევ 5 მიგემატებინა მისთვის! იცი, რომ ქართველი ხარ, მართლმადიდებელი ხარ, იცი, ამხელა სიბრძნეა შენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ, გძინავს, არაფერს აკეთებ მისთვის, მის გადასარჩენად. უნდა გავაღვიძოთ ერთმანეთი წირვა-ლოცვით, რომ არ ჩავცვივდეთ ხრამში. სახარებაში წერია: „გაიღვიძე, მძინარევ, ნათელი მოვიდა!“ იესო ქრისტე არის ნათელი სოფლისა და, თუ შენ გძინავს, ძილშივე გარდაიცვლები და, რომ გაახელ თვალს, აღმოჩნდები ჯოჯოხეთის წიაღში. მეოთხე მდგომარეობა: ვინც იცის და იცის, რომ იცის, ბრძენია და მისდიეთ მას. ასეთი ადამიანები არ მეგულება ცოცხლებს შორის. სამაგიეროდ, ეკლესიამ იცის და, იცის, რომ იცის, ამიტომ, მივსდიოთ მას, ანუ: იოანე ოქროპირს, ბასილი დიდს, პავლე მოციქულს და ასე შემდეგ. ჩვენ არაფერი ვიცით, სამაგიეროდ ეკლესიამ იცის, რომელიც იესო ქრისტეს მისტიკური სხეულია  და, რადგანაც ღმერთმა ყველაფერი იცის, შენ კი ვერ ხედავ, ამიტომ, მან ეს გადმოგცა სამოციქულო ეკლესიის წიაღში, წმიდა მამების სწავლებით. ჩვენი ერის მთავარი ღირსება ის არის, რომ, რაკი ერთხელ გვიცნობიეს მართლმადიდებლობა, არასდროს გვიღალატია. ქართველი ერეტიკოსები არ არსებობდნენ – არანაირი ერესი არ წარმოშობილა საქართველოში და ეს ღვთის ძალიან დიდი წყალობაა. თუმცა დღეს ჯერ აღიარებული არ არის, მაგრამ, არსებობს თანამედროვე ერესი, ეკლესიაში  ფეხი მოიკიდა ძალიან ბევრმა ცრუ სწავლებამ, რომელიც, დიდ მასშტაბებს თუ მიიღებს, მერე გავხდებით რაღაც გარკვეული ერეს-იარქები. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფრისგან. ქართველი ერი პირველი საუკუნიდან დაწინდული იყო ქრისტეზე, ეს იქნება მანამდე, სანამ არ მოვა იესო ქრისტე და მერე გვეცოდინება, გაბრწყინდება თუ არა ივერია; რა ვიცით, რა არ ვიცით; თუ იმ დედა-ეკლესიის წიაღში ვმოღვაწეობდით, რომელმაც ყველაფერი იცის და ეს ცოდნა არ არის მღვდელში, არ არის ეპისკოპოსში, არა რაიმე ორგანიზაციაში, არამედ არის ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში. ამიტომ, დროა, ერთად ვაღიაროთ ჩვენი უმეცრება, დავიწყოთ სწავლა, რადგან, სწავლა ყოველთვის აუცილებელია და ეს მარადიული პროცესია, რომელიც მუდმივად გრძელდება.

 

скачать dle 11.3