კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უფლებები ექნებათ ქართველ მომხმარებლებს ახალი კანონით და რატომ ეშინიათ საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს ქართულ ბაზარზე არსებული საქონლის ხარისხის შემოწმება

ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მომხმარებლები ბატკნებზე დაუცველები არიან. სავარაუდოდ, ამიტომაც და იმის გამოც, რომ ევროკავშირისკენ ვისწრაფით, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალი კანონი მზადდება. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამა „მომხმარებელი.ჯის“ ხელმძღვანელი ლია თოდუა.

 

– კანონპროექტი საბოლოო სახით ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ, ბუნებრივია, უკვე არსებობს კანონის ზოგადი ღერძი. როგორ დაეხმარება ის მომხმარებლებსა და მეწარმეებსაც უფლებების დაცვაში?

– ორი რამ უნდა გააკეთოს ამ ახალმა კანონმა. ჯერ ერთი, უნდა განსაზღვროს მომხმარებელთა უფლებები, ჩვეულებრივ სამოქალაქო ურთიერთობებისგან განსხვავებით. ყიდვა-გაყიდვა მეწარმეებს შორისაც ხდება, მაგრამ, როდესაც მომხმარებელი შემოდის ამ პროცესში, აუცილებელია მისი დაცვის განსაკუთრებული მექანიზმების შექმნა, რადგან მომხმარებელი გამოუცდელია ამგვარ ურთიერთობაში. ამიტომაც არის ევროკავშირში დაცული მომხმარებელთა უფლებები. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად გადმოვიდეს ჩვენს კანონში ის უფლებები, რაც ევროკავშირში აქვს მომხმარებელს. მეორეა ის, რომ უნდა დადგინდეს ამ უფლებების დაცვის იოლი საშუალებები და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სასამართლო, როგორც დღეს არის. ეს უფრო ძვირი და რისკიანი გზაა, რომელსაც მომხმარებელი ძალიან იშვიათად მიმართავს.

– არც უღირთ და იმიტომ.

–  ბევრი ხარჯი უნდა გაიღო, დიდხანს ელოდო და არ იცი შედეგი. მეწარმე ნებისმიერ შემთხვევაში უკეთეს ადვოკატს იქირავებს და რადგან ეს არის სამოქალაქო პროცესი, ანუ ადვოკატების შეჯიბრი, დიდია ალბათობა, პროცესი ძვირად ღირებულმა ადვოკატმა მოიგოს და მომხმარებელი დაიჩაგროს. ამიტომ აუცილებელია ადმინისტრაციული დაცვის მექანიზმები, როგორც ეს არის ევროკავშირში.

– სწორება აღებულია ევროკავშირზე?

– დიახ, ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა უახლოვდება ევროპულ ნორმებს და თუ ადრე პრობლემა იყო პურის შოვნა, დღეს ეს მოთხოვნები შეიცვალა. უკვე მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ვყიდულობთ იმავე ტიპის საქონელს, რასაც ევროკავშვირელი მომხმარებელი, მაგრამ უფლებები ნაკლები გვაქვს. მაგალითად, როდესაც ევროკავშირის მოქალაქე ყიდულობს კომპიუტერს, თუ კომპიუტერს ნაკლი აღმოაჩნდა, 2 წლის განმავლობაში შეუძლია, დააბრუნოს და გამოაცვლევინოს. ჩვენთან გაძლევენ გარანტიას, ჯერ ერთი, შემოკლებული ვადით და, მეორე, ხელს გაწერინებენ, რომ, თუ ერთ კვირაში არ დააბრუნე, მერე ვეღარ დააბრუნებ. რატომ? არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი დრაკონული შეზღუდვა იყოს. 

– თან, ფასითაც არ არის განსხვავება. ვერ ვიტყვით, რომ კომპიუტერი ჩვენთან იაფი ღირს, ხანდახან უფრო ძვირიც კი, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.

– დიახ, ნახევარ ან მესამედ ფასს რომ ვიხდიდეთ, კიდევ გასაგები იქნებოდა ასეთი მიდგომა, არადა, იმავე ფასს ვიხდით, მაგრამ ვყიდულობთ გაცილებით ნაკლებს და გაცილებით დაუცველები ვართ ევროკავშირის მომხმარებელთან შედარებით. ნამდვილად არ ვართ ჩვენ მათზე მდიდრები და რატომ უნდა ვიხდიდეთ ნაკლებში იმავე ფასს?! მიმაჩნია, რომ მეწარმეები არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ მომხმარებელთა დაუცველობით. ამდენად, პირველი, გვინდა განვსაზღვროთ ნაკლიან საქონელთან დაკავშირებული უფლებები და, მეორე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, დაწესდეს რეგულაციები საფრთხის შემცველ პროდუქციასთან დაკავშირებით. ჩვენთან შემოვიდა საჩივრები და ვერ ვიპოვეთ ვერც სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამაზე რეაგირებას მოახდენდა და ვერც ლაბორატორია, რომელიც ამას დაადგენდა.

– კონკრეტულად რაზეა საუბარი?

– მაგალითად, ბავშვის საწოლ ლეიბზე, რომელსაც ჰქონდა წებოს სუნი და არ გასდიოდა. ადამიანებმა გადაიხადეს 100-200 ლარი და არ იციან, საშიშია თუ არა ის ბავშვის ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, იყიდება ჩაიდნები და მათში ადუღებულ წყალს აქვს პლასტმასის სუნი. მართალია, ჩვენ ვაფრთხილებთ მომხმარებლებს, რომ მოერიდონ მათ შეძენას, მაგრამ მაინც იყიდება და არავინ ამოწმებს. შესაბამისად, არავინ იცის, რა საშიშროება მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმავეს თქმა შეიძლება კოსმეტიკურ პროდუქციასთან მიმართებაში, არც ისინი მოწმდება, არადა, პირდაპირ კონტაქტში შედის კანთან და შეიძლება, ძალიან საშიში იყოს. ამას ემატება ჭურჭელი, სათამაშოები. ანუ არის ისეთი პროდუქცია, რომლის გამოყენებისას შესაძლოა, თანდათანობით ვიწამლებოდეთ, მაგრამ მას არავინ ამოწმებს.

– ვერც ამოწმებს, როგორც ვიცი, ჩვენი ლაბორატორიები ყველაფერს ვერ ამოწმებენ.

– დიახ, რომ გადაიხადო კიდეც ფული, ლაბორატორია არ არსებობს, რომელიც შეამოწმებს. შესაბამისად, კანონმა ასეთი რამისგანაც უნდა დაიცვას მომხმარებელი. ამას გარდა, საჭიროა მომხმარებლის დაცვა სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკისგან: ჩვენთან მოვიდა რამდენიმე მეწარმე, რომლებმაც გვიამბეს, რომ მათი ინტერესებიც ზიანდება, ვინაიდან მაღაზიები მიიზიდავენ მომხმარებელს კარგი ხარისხის პროდუქციით, შემდეგ კი კარგი ხარისხის პროდუქციას რჩება 10 პროცენტი და ნაგვის გასაღებაზე არიან გადართულნი.

– ეს ქართული სინამდვილისთვის ბუნებრივი პროცესია.

– ეს სამარცხვინოა და ამის შედეგად მივდივართ იქამდე, რომ მომხმარებელი ჭკვიანდება და კარგავს ნდობას ადგილობრივი ბაზრისადმი. მე, როგორც მომხმარებელს, მირჩევნია, „ამაზონზე“ ვიყიდო პროდუქცია, რომელიც აქაც იყიდება, იმიტომ რომ ხარისხს ვენდობი და ისიც ვიცი, რომ შემიძლია, დავაბრუნო, თუ შეძენილ პროდუქციას პრობლემა ექნა.

– თანხასაც დაგიბრუნებენ და პროდუქტსაც გიტოვებენ, რომლის ხარისხშიც ეჭვი შეგეპარა.

– წარმოიდგინეთ, შორეულ ბაზარზე უფრო მეტად ვართ დაცულნი, ვიდრე აქ, ადგილზე. ეს თანდათან დააზიანებს ჩვენს ბაზარს და ეს უნდა გაიგოს ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ. ამ კანონის ინიციატორია ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი. მათ შექმნეს სამუშაო ჯგუფი იმ ორგანიზაციის წევრებისგან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ევროინტეგრაციის კომიტეტი ძალიან მონდომებულია, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე გააუქმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ძველი კანონი, მას მიაჩნია, რომ ეს საჭირო არ არის და იგივე პოზიცია უჭირავს დღეს.

– რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი არ არსებობდეს?

– რომ, რაც შეიძლება, ნელა შემუშავდეს კანონი, რაც შეიძლება, ნაკლები უფლებები ჰქონდეს მომხმარებელს.

– მოტივაციად რას ასახელებს?

–  ბენდუქიძის იდეოლოგიას.

– რომ ბაზარი დაარეგულირებს ამ პრობლემას?

– დიახ, ბაზარი და ჩვენნაირი ორგანიზაციები დაარეგულირებენ. მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, მალე იმასაც ვეტყვით ჩვენს მომხმარებლებს, რომ არაფერი აღარ იყიდონ საქართველოში და ეს იქნება გამოსავალი?! მაშინ რად მინდა სახელმწიფო, თუ ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ყველაფერს?! გასაგებია, რომ ისინი სხვა იდეოლოგიის ადამიანები არიან, მაგრამ სამწუხაროა, რომ იმავე იდეოლოგიის ადამიანს მიჰყავს ეკონომიკის სამინისტროში ეს მიმართულება. ჩვენ ვცდილობთ, შევხვდეთ ეკონომიკის მინისტრს, რადგან, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება და ძალაში შესვლისთვის მზადება დაიწყება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი იქნება მნიშვნელოვანი. თუმცა ევროკავშირს არ აინტერესებს, რამდენად დაიცავ შენი მომხმარებლის ინტერესს, მათ, აინტერესებთ, უსაფრთხო იყოს ის პროდუქცია, რასაც მათ ბაზარზე შევიტანთ. მაგრამ ამ ყველაფრის ამოქმედების პირობა არის თანდათანობითი ჰარმონიზაცია ევროდირექტივებთან და ამ ევროდირექტივებში შედის მომხმარებელთა უფლებების დაცვაც. ის ადამიანები თავიანთ სასარგებლოდ აშენებენ სახელმწიფოს და ჩვენც თუ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩვენ გამოგვადგეს, რაც ჩვენ გვჭირდება, იმ ინტერესებს უნდა იცავდეს. თუ ჩვენ არ გვინდა დავზიანდეთ, უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება. ეჭვი გვაქვს, ყველაზე დიდი ჭიდაობა მოგველის ისეთი ორგანოს შექმნაზე, რომელიც საჩივრებს მაინც მიიღებს, ისევე, როგორც სურსათის შემთხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოში შედის საჩივარი და ის ამის შედეგად ამოწმებს პროდუქციას.

– როგორც მივხვდი, სურსათთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე სხვა პროდუქციასთან მიმართებაში? 

– დიახ, სურსათთან დაკავშირებით მეტნაკლებად მოგვარებულია ეს პრობლემა, რადგან ამას უშუალოდ ითხოვს ევროკავშირი, მაგრამ  მეორე სფერო, რომელშიც შედის არასაკვები პროდუქცია, სრულიად დაურეგულირებელია. ამას არ ითხოვს ევროკავშირი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ჩვენი სახელმწიფოსგან. იმედი გვაქვს, ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ერთიანი ფონი ამაში დაგვეხმარება. ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია კანონპროექტის წარდგენა სამთავრობო და არასამთავრობო წრეებისთვის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეწარმეები არ მოდიან დიალოგზე. ჯგუფის მუშაობაში მოწვეულნი იყვნენ, მაგრამ  მხოლოდ ერთ შეკრებას დაესწრნენ და შემდეგ აღარ გამოჩენილან. ამდენად, ვერ ვიგებთ, რისთვის არიან მზად, თვითონაც ხომ ესმით, რომ პრობლემებია და იქნებ ვიღაცას უნდა კიდეც კეთილსინდისიერი ბიზნესის აწყობა?! გვინდა, ვიცოდეთ, მათთვის რა წესებია ხელსაყრელი. მაგალითად, ევროდირექტივა ამბობს, რომ ნებისმიერი ნაკლიანი საქონლის უკან მიბრუნების უფლება გაქვთ ორი წლის განმავლობაში, რაც უნდა იყოს, გარდა მალფუჭადი პროდუქციისა და არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა გარანტია. მოვაჭრე ვალდებულია, ორი წლის განმავლობაში, ნაკლიანი საქონელი იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ ვარგისი იყოს ან გამოგიცვალოთ ან, თუ თქვენ დათანხმდებით, ფასი დაგიკლოთ. გასაგებია,  რომ საქართველოსთვის შესაძლოა, ორი წელი ბევრი იყოს და ამისკენ ეტაპობრივად წავიდეთ.

– მე ასეთი არგუმენტიც მომისმენია, რომ საქართველოში დააზიანებენ ნივთს და შემდეგ მის გამოცვლას მოითხოვენ. არის ეს არგუმენტი?

– რა თქმა უნდა, არა. აქ არ იგულისხმება ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: ევროკავშირის კანონმდებლობით, შეძენიდან ექვსი თვის განმავლობაში მტკიცების ტვირთი აწევს არა მომხმარებელს, არამედ –  გამყიდველს. ჩვენთან ეს მომხმარებლებმა უნდა ამტკიცონ, თან, იმ პირობებში, რომ არ არის ლაბორატორიები. მაგალითად, სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ყველაფრის ექსპერტიზაზე უარს გვეუბნება: უარი გვითხრა მობილურების შემოწმებაზე, კომპიუტერების, ფეხსაცმლის შემოწმებაზე და, საერთოდ, ჩვენ არ ვიცით, რის ექსპერტიზას აკეთებენ.

– ქალიშვილობის ცნობას გასცემენ, ისიც გარეგანი დათვალიერებით.

– …ასეთ პირობებში როგორ უნდა ამტკიცოს მომხმარებელმა, რომ დაზიანება მისი ბრალი არ არის? ევროკავშირში კი, თუ ექვსი თვის განმავლობაში უკან აბრუნებ პროდუქციას და მეწარმე არ ამტკიცებს, რომ ხარვეზი მისი ბრალი არ არის, ითვლება, რომ მისი ბრალია. ექვსი თვის შემდეგ შესაძლოა, სათუო გახდეს. ჯერჯერობით ვერ გადავედით ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა, როდესაც გადაიდება გაფრენის დრო, უნდა გადაიხადოს თუ არა კომპენსაცია ავიაკომპანიამ, უნდა მოამარაგოს თუ არა საკვებით მგზავრი, უნდა მისცეს თუ არა დაძინების საშუალება და ასე შემდეგ.

– „აირზენა“, როგორც წესი, აბუჩად იგდებს თავის მგზავრებს. მე მქონდა ორჯერ შემთხვევა, როდესაც რეისის ნომერი შეცვალეს გაფრენის წინ, გაფრენა გადადეს შვიდი საათით და ეს გაირკვა მხოლოდ აეროპორტში მისვლის შემდეგ და, საერთოდაც, „აირზენას“ თვითმფრინავზე ისეც ავედი ერთხელ, რომ მგზავრთა სიაში არც ვყოფილვარ.

– ჯერჯერობით ვერც ჩვენ მივედით კონკრეტიკამდე. ამ ეტაპზე იმედი გვაქვს, რომ ზოგად კანონს მაინც შევიმუშავებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და შემდეგ ვიმუშავებთ სხვა თემებზე. იმიტომ რომ ძალიან გვეჭიდავება მეორე მხარე. მართალია, ევროინტეგრაციის კომიტეტი დაინტერესებულია ამ კანონის მიღებით, მაგრამ ველით ჭიდაობას მეწარმეებისგანაც, მათ შორის, პარლამენტში დარგობრივი კომიტეტისგან. მთავარია, კანონით დაცული იყოს მომხმარებელთა ძირითადი უფლებები, რომ აკრძალული იყოს მოტყუება და სადღაც შეიძლებოდეს ჩივილი, მას შეეძლოს რეაგირება.

– მაგრამ ეს შესაძლებელია ლაბორატორიების არარსებობის პირობებში?

– ლაბორატორიამ უნდა აიღოს აკრედიტაცია, რაც ძვირი ღირს და ეს გააძვირა სახელმწიფომ. ცალკე თემაა, რატომ გააძვირა.

– ახლა გააიაფოს, რა უშლის ხელს?

– ესეც შეიძლება. ძირითადად, ლაბორატორიები არ იღებენ აკრედიტაციას, თუ არ მოელიან შეკვეთებს. ამას გარდა, წინა მთავრობის პირობებში ძალიან ეშინოდათ, მაგალითად, ვერც ერთი ლაბორატორია ვერ დავითანხმეთ, გაეზომა გაზის ხარისხი, არადა შეუძლიათ, მაგრამ არავინ გაგვიზომა, იმიტომ რომ ეშინიათ, თუმცა დღეს ეს შიში შემცირებულია. ლაბორატორიებიდან მოდის „მესიჯები“, რომ ყველაფერს გაზომავენ, ვნახოთ… რადგან უცხოეთში გაგზავნა ძალიან ძვირი ჯდება და რთულია. ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი ის არის, რომ მომხმარებლები უნდა გავხდეთ უფრო მომთხოვნები და შევქმნათ ის ფონი, როდესაც ჩვენდამი ასე ზერელედ მოპყრობა შეუძლებელი იქნება. რაც უფრო ცივილიზებულები გავხდებით მომხმარებლები, მეწრამეებიც იძულებულნი გახდებიან, თავადაც ცივილიზებულნი გახდნენ და იმუშაონ ევროპული ნორმებით.

 

скачать dle 11.3