კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ავთანდილაშვილი-ავთანდილიანი

ავთანდილაშვილი ეპონიმური ტიპის გვარ-სახელია. სახილი ავთანდილ, მნიშვნელობის მიხედვით, უკავშირდება არაბულ-ირანულ ენებს და ნიშნავს „სამშობლოს გულს“, „სამშობლოს რწმენას“ ან „სარწმუნოების სამშობლოს, კერას“. ის საკუთარ სახელად ქცეულა და ძალიან გავრცელებულია ქართულშიც. პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“. მისი მოფერებითი ფორმაა ავთო.

ავთანდილაშვილი-ავთანდელიშვილი ქართული გვარ-სახელია.

ავთანდილაშვილები, 1721 წლის აღწერის თანახმად, ქვემო ქართლში აზნაურები იყვნენ. მხოლოდ თავად ყაფლანიშვილებს ჰყავდათ ცხრა აზნაური, მათ შორის არიან: ყულიჯანა, ფრიდონა, ფარემუზა, ბერუა, გიორგი, დოლმაზა, ზავრიდა.

ავთანდილაშვილების გვარის შტო-გვარებია ბეჟანაშვილი და ტერტერაშვილი. ქვემო და შიდა ქართლში სამართლებრივ ძეგლებში მოიხსენიებიან: ბიძინა, ზაალ, გიორგი, როინ, თამაზ, იაგანა, იესე, ჟამურა, ბერუა ავთანდილაშვილები.

საქართველოში 203 ავთანდილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 101, თბილისში – 44, გორში – 12. არიან სხვაგანაც.

ასევე, ბევრი ავთანდილაშვილი ავთანდილიანად არის ჩაწერილი. ისინი 20 სულზე მეტია დაფიქსირებული, ხოლო ავთანდილოვად 141 ადამიანი ჩაწერეს და სხვა ეთნოსის გვარს მიაკუთვნეს.

გილაური-გილაშვილი

გილაური ქართული ეპონიმური გვარ-სახელია, რომელშიც ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გილა. ეს სახელი ბევრ ისტორიულ წყაროშია დაფიქსირებული. ასევე, მისგანაა წარმოშობილი გვარი გილაშვილი.

გილაშვილი და გილაური ერთი და იმავე გვარად ჩანს. გილაშვილი უსწრებს წინ გილაურს. „გილაშვილი ერეთში მცხოვრები, სვიმონ მეფის ნებართვით, ნიკოლოზ კათალიკოსმა იგი მამულითურთ უბოძა ვახტანგ ბატონიშვილს, ყურისუბნის სანაცვლოდ, ეს მოხდა 1574 წელს“.

„გილაშვილი გიორგი, ერედველი, მამულითურთ კათალიკოსმა ზებედემ უწყალობა ჯვარისმტვირთველ დავით ელიოზის ძე გედევანიშვილს“ (1610 წელი).

გილაშვილები ჩანან სოფლებში: თვალი, ერედვი; იყვნენ საეკლესიო პირები და აზატი ყმები. „დავით გილაშვილი, თვალს გაღმა მცხოვრები აზატი ყმა, არსენ ნინოწმინდელის განჩინებით, მას ევალებოდა ნინოწმინდის საყდრისთვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება, თუ უმართალი კაცი გარდაიცვლებოდა“ (1688-1694 წლებში).

„გილაური ქიტუა იყო მოწმე უცნობი პირების მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1685 წელი).

საქართველოში 215 გილაური ცხოვრობს: მცხეთაში – 160, თბილისში – 53, დუშეთში – 2.

231 გილაშვილი: საგარეჯოში – 114, თბილისში – 74, გურჯაანში – 23. არიან სხვაგანაც.

უმეკაშვილი

უმეკაშვილის გვარის ფუძემდებელს სახელად უმეკა რქმევია. სამართლებრივ ძეგლებში მოიხსენიებიან „უმეკაშვილი – უმეკაანთ – უმეკათ“; „უმეკა მირტაშენს მცხოვრები, ის მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს“ (1537-1538 წლები).

„უმეკაშვილი, რუისში მცხოვრები, დავით მეფემ ის შესწირა ოქონას საყდარს“ (1382 წელი).

„უმეკაშვილის შარასთან მდებარეობდა გივი სააკაძის მიერ ლიპარ თუმანიშვილისთვის მიყიდული მიწა“ (1963 წელი).

„უმეკაშვილი ნასყიდა, მოწმე და შუამდეგი ბახუტა ელიოზისძის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაშვილისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წელი), ბატატი მახალაშვილის მიერ სვეტიცხოვლის სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისთვის მიცემულ ბაგის ნასყიდობის წიგნისა“ (1690 წელი).

უმეკაშვილი-უმიკაშვილი ქართული გვარ-სახელია. წინაპარს უმეკა რქმევია, გვარს, სულ ცოტა, 7-8 საუკუნის ისტორია აქვს და ბევრი გამოჩენილი პიროვნებაც ჰყავდა.

საქართველოში 400 უმეკაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 221, გორში – 118, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.

ქაჩიბაძე-ქაჩიბაია

გვარი ქაჩიბაიძე-ქაჩიბაძე პირველად მოიხსენიება 1425-1461 წლებში. ქაჩიბაძე ბარათა, ქავთარისძე, ვინც საფუძველი ჩაუყარა ბარათაშვილების საგვარეულოს, მოიხსენიება 1425-1461 წლებში, იყო „დიდი“ ბარათა, სალაროს მოლარე, ჰყავდა თანამეცხედრე – თინათინი, შვილები: დავით, ლიპა, გერმანოზ. უწყალობა თავის ძმებს თევდორაძე და ნავროზ ბუჟღულაშვილებს სოფელი ნაქურდევი (1461 წელს); შესწირა საქართველოს კათალიკოს დავითის დროს სოფელი ყორანთა და გააჩინა ორი აღაპი თავისთვის და თინათინისთვის.

ქაჩიბაძე-ბარათაშვილ-ყაფლანიშვილებმა, ამ ორმა დიდმა სათავადომ, მოგვცა 60-ზე მეტი საგვარეულო, ააშენა 218-ზე მეტი სოფელი.

საქაჩიბაიო არის უბანი სენაკში, ეკის მთის ძირას. საქაჩიბაიო არის, ასევე, ყოფილი დასახლებული უბანი კეთილოში.

ქაშიბაძეებს მიაჩნიათ, რომ იმერეთში და სამეგრელოში მცხოვრები ქაშიბაძეები არიან ქაჩიბაისძე-ქაჩიბაძეები.

საქართველოში 423 ქაჩიბაია ცხოვრობს: სენაკში – 179, თბილისში – 105, ზუგდიდში – 30. არიან სხვაგანაც.

ქაჩიბაძე 824.

აბულაშვილი-აბულაძე-ობლიძე

აბულაშვილის გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა, რომელიც „საყავრეს მცხოვრებს“ ნიშნავს და მოხსენიებულია 1527-1556 წლებში.

„აბულაშვილმა ქიტუამ, აზნაურ ნასყიდა აღნიაშვილთან ერთად, თავისი ბატონის, ბეროს დასტურით, ბერ ყორღანაშვილს მიჰყიდა საწისქვილე მიწა ბოსტნით, ტყითა და გზით“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).

1721 წლის აღწერით, ქვემო ქართლში მებატონე მემამულეებად მოიხსენიებიან აბულაშვილი ღთისია, აბულაშვილი რევაზა, აბულაშვილი გივი, აბულაშვილი ბარათა და გიორგი.

ამავე ძირისაა გვარი აბულაძე, ამ გვარიდან კი გვარი – ობლიძეა წარმოქმნილი.

„აზნაურ ობლიძეების წინაპარნი იყვნენ იმერეთით აბულაძეთაგანნი შორეულნი მონათესავენი და მეორე აზნაურნი და ამათგანი ვინმე დაშთა ობლად და მივიდა ქართლსა შინა და დაესახლა, რომლის ობლობის გამო გაუგვარდათ ობლიძეობა. ვახტანგ მეფის დროს, 1711 წელს და არიან მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინა“.

საკუთარი სახელი აბულ ათაისძე მოიხსენიება ნიკორწმინდის ტაძრის 1070-1080 წლების საბუთებში. ჯავახეთშია აბულის მთა. აბულაძეები იმერეთში 25 სოფელში ცხოვრობენ, არგვეთით დაწყებული ჭოლევით დამთავრებული.

აბულაძე აზნაურული, ცნობილი და პოპულარული გვარია.

აბულაძე და აბულაშვილი სხვადასხვა გვარია.

საქართველოში 1 187 აბულაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 403, თბილისში – 286, ახმეტაში – 142. არიან სხვაგანაც.

10 438 აბულაძე. თბილისში – 1 474, თერჯოლაში – 829, ზესტაფონში – 687. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3