კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წაუვიდათ ქალებს გული გურამ ოდიშარიაზე და როგორ დააღწია მან თავი საერთაშორისო სკანდალს

„გევედრები, უფალო, გამხადე ამ სარეკლამო ფირნიშებზე გამოსახული ტიპივით ბედნიერი! მზესუმზირის ზეთის ბოთლი უჭირავს ხელში და უხარია! ტუალეტის წყლის ფლაკონი უჭირავს – უხარია! მანქანის საბურავი უჭირავს – უხარია! ასეთ ბედნიერს სიკვდილიც გაუხარდება, მოდერნიზებული კუბო”... მწერალს,  კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას, როგორც ჩანს, ძალიან კარგი იუმორი აქვს. ის თავისი დღიურის ჩანაწერებში როგორც სევდიან, ისე სახალისო ამბებს გადმოსცემს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.       

ბერძნული თავგადასავალი

როდოსის კუნძულზე პირველად 1999 წლის სექტემბერში მოვხვდი მწერალ დათო მჭედლურთან ერთად. მწერალთა და მთარგმნელთა სახლში ვცხოვრობდით, მართლაც ზღაპრული ადგილია როდოსი... თავდაპირველად, ზღვაზე პირველი სამი დღე პორტის სიახლოვეს გავატარეთ, არ ვიცოდით, თურმე, იქ ცურვა აკრძალული ყოფილა, ზღვაში ღრმად შევცურავდი ხოლმე, ღუზაჩაშვებულ გემებს ვუახლოვდებოდი, ხელს ვარტყამდი მათ კორპუსს და კვლავ ნაპირს ვუბრუნდებოდი. დათოს, როგორც მთის კაცს, ზღვის ეშინოდა, არც ცურვა იცოდა, მხოლოდ მკერდამდე შედიოდა წყალში. პორტში ყოფნის პირველ დღეს ზღვის ფსკერზე რამდენიმე ქაღალდის ფული ვიპოვე, ამოვყვინთე, დათოსთან მივცურე და ვახარე – აი, ზღვამ რამდენი დრაჰმა გვაჩუქა, ექვს პიცას ეყოფა-მეთქი. უკვირდა, როგორ პოულობო. მეორე დღეს ათი პიცის სამყოფი კუპიურები ამოვიტანე ზღვის ფსკერიდან, მესამე დღეს კი წყალქვეშა კლდესთან ოდესღაც ჩავარდნილი საფულე ვიპოვე, რომელშიც 300 ამერიკული დოლარი და 150 იორდანული დინარი აღმოჩნდა. ფული კარგად იყო შენახული – მარილიან წყალს ვერაფერი ევნო. დათოს შეეშინდა – აქ ვიღაც მოკლეს და მისი საფულეაო. ნუ გეშინია, ჩაუვარდებოდა-მეთქი, მაგრამ, დათომ – აწი ამ ადგილს არ გავეკაროთო. საბერძნეთში კიდევ ბევრი რამ გადაგვხვდა თავს დათოს და მე... მეოთხედ ჩამოვედი როდოსზე. დათოზე ვფქირობ – როდოსიდან ჩამოსვლის შემდეგ სულ ორიოდე წელმა გაიარა და... დათომ თავი მოიკლა. როგორ მოახერხა, დღესაც ვერ ვიგებ. ორი ტყვია დაიხალა: ერთი გულში, მეორე კი – თავში...

ლიფტში შეკეტილი გურამ ოდიშარია და „შავი მარგალიტი”

ბანგკოკში განსაკუთრებით ცხელა. მტვერი, ხმაური, „ტუკ-ტუკების” ჟრიამული, მხიარული ბანგკოკელები. ბუდისტური ტაძრები, ბუდას ქანდაკებები, ქუჩაში ხშირად გვხვდება მეფისა და დედოფლის უზარმაზარი სურათები, პრინცესასიც. ბევრს დავდივართ, ნამდვილი აზიური ბაზარი... ბანკეტებზე ყველაზე ხმაურიანები ქართველები ვართ, იტალიელებიც და რუსებიც. მგონი ყველაზე მეტ ღვინოსაც ჩვენ ვსვამთ... იტალიელები მილანში მეპატიჟებიან, რუსები – პიტერში... იქაურები დახუთულ სიცხეს შეჩვეულები არიან, ჩვენ მხოლოდ კონდიციონერთან ვგრძნობთ თავს კარგად. ტაილანდური მასაჟი, მაღალ ფეხებზე მდგარი, ტრადიციული ტაილანდური სახლები (დანარჩენი ფოტოებში ეძებე. ყველაფერი და ყველა იქ გაქვს, რაც რომანისთვის დაგჭირდება, „შავი მარგალიტიც”. დროს ნუ ხარჯავ ჩანაწერებზე, ყველაფერს ფოტოები და სუვენირები გაგახსენებენ). ჰო, ერთი ასეთი ისტორიაც „შავ მარგალიტზე”: ერთხელ რომელიღაც შეხვედრა გავაცდინე. ლიფტში კენიელი ლამაზმანი დამემგზავრა, მთლად ნაომი ქემპბელივით არ იყო, მაგრამ, ბევრად როდი ჩამოუვარდებოდა. ლიფტში მარტონი ვიყავით და, ვიფიქრე, უხერხულია, ასე უსიტყვოდ ვიმგზავროთ 25-ე სართულამდე-მეთქი და დამსხვრეული ინგლისურით ვკითხე: „საინტერესო შეხვედრა თუ იყო?“ ოღონდ, ვერ ვიხსენებ, შეხვედრა რომელ დროში მოვიხსენიე – „იყო”, „არის”, თუ „იქნება”. „შავმა მარგალიტმა” მიყურა, მიყურა,  და ლამის იყვირა: „ო, ნო, ნო, ნო!..“ მივხვდი, მან დაახლოებით ასე აღიქვა ჩემი ინგლისური – „შევხვდეთ ჩემთან, ნომერში, საინტერესო საღამოს გთავაზობ.“ არასწორად გამიგე-მეთქი, დავამატე. ამაზე მთლად გადაირია. მოკლედ, კინაღამ საერთაშორისო სკანდალში გავიხლართე. ჩემს ქვყანას კიდევ ერთი კონფლიქტი აკლდა, ისიც აფრიკასთან?! მეტი რა გითხრათ, მართალია ჩვენი პრეზიდენტი – ისწავლეთ, ისწავლეთ, მაგრად ისწავლეთ ინგლისური!  

ოტია იოსელიანი და „დაკაფჩონებული” გურამ ოდიშარია

თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავით ჯერ სტამბოლში, სამი საათის ლოდინის შემდეგ კი ბარსელონაში გადავფრინდით... სასტუმრო „კატალონია რუბენს”. მე და ოტია იოსელიანი ერთ ნომერში ვცხოვრობთ; ბაღათერ არაბული, ბაღათერის ვაჟი – დათა და ვანო იბერი – გვერდით ნომერში; ქეთი შენგელია – ცალკე ოთახში. ბარსელონაში ბესო ლიპარტელიანი, ჯონდო, ჯეირან, თემურ, რეზო მეშველიანები არიან ჩვენი მასპინძლები. ოტიამ გამბოლა, „დამაკაფჩონა”. ხან ერთ მუნდშტუკს ამოიღებს და აბოლებს, მერე, უმალ – მეორე მუნდშტუკს, მერე პაპიროსს ამოიღებს და აფუილებს. დროგამოშვებით ფანჯრებს ვაღებ, ოთახს ვანიავებ. ოტია ლაპარაკობს და ლაპარაკობს, იხსენებს ახალგაზრდობას. სანამ სახელი არ გავითქვი, არ ვეგონე მწერალი. ჯიბგირი ვეგონე ან შოფერი. მწერალი სხვანაიარად ჰყავდა ხალხს წარმოდგენილი. უხარია, როცა მის მოთხრობას ვიხსენებ... თავის ძაღლებზე მიყვება ოტია, ბოხოს განსაკუთრებით სიყვარულით იხსენებს: „დაბერდა ბოხო და, ვხედავ, სადღაც მიდის. გეიქცეს უნდა სახლიდან, ტყისკენ მიდის, ღობეში მიძვრება, არ უნდა, თავისი სიკვდილი მაჩვენოს. სად მიდიხარ, ბოხო-მეთქი?! საწყალი თვალებით შემომხედა და დაბრუნდა. მეორე დილით რო ავდექი, ვხედავ, კიბეზე წევს ბოხო, მომკვდარა ღამით...“ – ცრემლი ადგება თვალებზე. თან, სულ ბუზღუნებს: „მომეცი საპარსი, დამვიწყნია. მერე: არ მომწონს შენი საპარსი… კრემი მინდა, წევიცხო სახეზე... რა სუნი აქვს ამ კრემს, არ მომწონს… ფეხსაცმლის მაშველი ხომ არ გაქ? მეიტა. ისე,  რამ წამოგაღებინა ამ სიშორეზე ეს მაშველი“...

სოხუმი, გურამ ოდიშარია და ჯონ ლენონი

სოხუმი საოცარი ქალაქი იყო. სხვებთან ერთად, აქ ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთა წარსული იდუმალებით იყო მოცული: რუსეთის რევოლუციებს მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოქცეული დიდგვაროვნები, მაღალი რანგის ოფიცრები, კავკასიას თავშეფარებული სხვადასხვა რელიგიური რწმენის ხალხი და ასე შემდეგ. რომანოვებთან დაკავშირებულ საიდუმლოზე (რომელიც, თავის მხრივ, სოხუმს უკავშირდება) ვწერდი ჩემს წიგნში „სოხუმში დაბრუნება”, მაგრამ, რატომღაც, გამომრჩა ლენონისა და იოკო ონოს ამბავი: ჯონ ლენონის მეუღლის – იოკო ონოს ბიცოლა, ანა ბუბნოვა (დიმიტრიევნა), სოხუმში თავის დასთან, შესანიშნავ მხატვართან, ვარვარა ბუბნოვასთან ერთად ცხოვრობდა. დები აფხაზეთის ომის დაწყებამდე გარდაიცვალნენ.  ბუბნოვები პეტერბურგში დაიბადნენ და თავადაზნაურთა წრიდან იყვნენ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იძულებით დატოვეს რუსეთი და მოხვდნენ იაპონიაში. იქ ანა ბუბნოვა ცოლად გაჰყვა იოკო ონოს მამის ძმას, საკმაოდ მაღალი წრისა და შეძლების კაცს. ანას იოკოს ბიძისგან შეეძინა ვაჟი, რომელიც 14 წლის ასაკში ავადმყოფობით გარდაიცვალა. ანამ შვილთან ერთად იქ ბევრი რამ დაასაფლავა და ქმარსაც გაეყარა. 60-იანი წლების დასაწყისში ანა და ვარვარა ჩამოვიდნენ და სოხუმში დასახლდნენ... ანა ძალიან კარგი მუსიკოსი იყო და სოხუმელ ბავშვებს ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა. მასთან მეცადინეობდა ჩემი ბავშვობის მეგობარი – ლადო კუკულაძე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანა ბუბნოვა ლამაზი ქალი იყო. იოკო ონომ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან თბილად მოიხსენია ანა ბუბნოვა – ის ვიოლინოზე დაკვრას მასწავლიდა და, რა არის მუსიკა, მისგან გავიგეო. ჩემს ახალგაზრდობაში იოკოს სოხუმში როგორ ჩამოუშვებდა საბჭოთა ხელისუფლება, ის ხომ ლენონის ცოლი იყო! კომუნისტები საბჭოთა ახალგაზრდობას ისე იცავდნენ „ბითლზისგან”, როგორც ეპიდემიისგან.  ისე, „ბითლზზე” კი გვისაუბრია ბუბნოვებთან, თუმცა, ხასგასმით არასდროს უთქვამთ, რომ იოკო ონო მათი ნათესავი იყო. რამდენიმე ადამიანმა კი ვიცოდით ეს ამბავი, მაგრამ, ამდენად ახლობელი თუ იყო, არ გვეგონა.

როგორ დაალპო და დაშალა საბჭოთა სისტემა გურამ ოდიშარიამ

უმაღლეს სასწავლებელში მყავდა ერთი ლექტორი, კომუნისტური პარტიის ისტორიას გვიკითხავდა. ხშირად ვკინკლაობდით: ამართლებდა 37-ის დახვრეტებს, მემუქრებოდა „კაგებეთი“. რამდენჯერმე რექტორთან დამასმინა: დისიდენტურად აზროვნებს, ამირია მონასტერიო. ერთხელაც, რაღაც თემის დაწერა დაგვავალა. დავწერე, რომ საბჭოთა სისტემა დალპა და დაიშლება-მეთქი და სტუდენტების წინაშე ხმამღლა წავიკითხე. პარტისტორიის ლექტორს კინაღამ გული წაუვიდა, ვალერიანის წვეთები მოითხოვა, მერე ტირილი აუვარდა. კინაღამ გამრიცხეს...                                     

პროთეზის ფეხი, მდუღარე წყალი და „დაბოლებული“ რუსი მეთევზე

თორმეტი წლის ვიყავი, ფეხი რომ დავკარგე – ნაღმზე ავფეთქდი. მალე შევეჩვიე პროთეზს. ერთხელ, ზამთარში, ერთ რუს მეთევზეს არაყზე დავენიძლავე, რომელი უფრო დიდხანს გაუძლებდა ყინულიან ტბაში ფეხის ჩაყოფას. რა თქმა უნდა, გავიმარჯვე – მე ხომ პროთეზიანი ფეხი მქონდა წყალში ჩაყოფილი, მან კი, ეს არ იცოდა. ვუთხარი, მოგატყუე-მეთქი. 

პროთეზიდან უთასმებო ფეხსაცმელი ხშირად მძვრებოდა. ერთხელ, ქუჩაში მეგობარს ვთხოვე, როგორმე მიემაგრებინა პროთეზზე ფეხსაცმელი. იმანაც, სადღაც ლურსმანი და ჩაქუჩი გააჩალიჩა, სკამ-ძელზე დამსვა და ფეხსაცმელი რამდენიმე ლურსმნით ლანჩის მხრიდან პროთეზში ჩამიჭედა. გამვლელები თვალებს არ უჯერებდნენ, რამდენიმე ქალი ცუდად გახდა. 

ერთ-ერთ ქორწილში მომსახურე ქალმა კი პროთეზიან ფეხზე ადუღებული წყალი გადამასხა. მე ეს არ დამინახავს, თავი გვერდზე მქონდა მიბრუნებული და ამხანაგს ვესაუბრებოდი. სტუმრებმა რა იცოდნენ, რომ პროთეზი მქონდა, გაოცებულები თავს აქნევდნენ და ჩემზე ამბობდნენ: აი, ნახეთ, ნამდვილი ჯიგიტია, ქალი უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაეგდო, ერთიც არ დაუკვნესია, არაფერი შეიმჩნია, ნახეთ, რა ტკივილს გაუძლოო...

 

скачать dle 11.3