კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუთმო თამაზ თამაზაშვილმა წლების წინ სიძეს და ვინ დაწინდა ირაკლი ღარიბაშვილი გენერლის შვილზე

ვოიაჟი კახეთში მოულოდნელად დავგეგმეთ.  შემოდგომის მიწურულის ოქროსფერი დედოფლისწყაროს ძალიან უხდება. ჩემი ფოტოგრაფი ლამაზი პეიზაჟების გადაღებით ისე  გაერთო, ლამის  გადაავიწყდა  ქიზიყში ჩასვლის მთავარი  მიზანი.  ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დასახელებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული,  მაგრამ, დიდი და პატარა,  აქ დაბადებული და გაზრდილი  პრემიერის  წარმატებას ისევ ზეიმობს.  ისეთ ოჯახშია გაზრდილი, ქვეყანას მისი სახით  ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლებაო, – ვინაობას არ გვიმხელს ისე ხარობს  აქაური გლეხი და ახალ პრემიერს ისე „ამკობს,” თითქოს საკუთარ ოჯახში გაზრდილ ყმაწვილს აქებდეს...  რაიონულ ცენტრში საგზაო-სარემონტო სამუშაოებია გაშლილი,  ბოროტი ენები კი ამბობენ, ჯერ არ დანიშნულა და უკვე საკუთარი რაიონის აყვავება დაიწყოო,  მაგრამ, ასეთებს  არც პრემიერის   გულშემატკივრები რჩებიან ვალში – აცალეთ, ბატონო და, მთელ ქვეყანას  ააშენებსო.     

ჩვენი მასპინძელი გენერალი თამაზ თამაზაშვილია – ყოფილი სკანდალური პატიმარი და პრემიერის  სიმამრი. ამ ორი  ოჯახის ცხოვრება დიდი ხანია, ცალ-ცალკე აღარ  არსებობს.  თამაზ თამაზაშვილის ოჯახში ინტერვიუს ჩასაწერად მისული ჟურნალისტების „ცოცხალი” რიგია – ცხადია, რომ  პრემიერ-მინისტრის ოჯახის ყველაზე ხმაურიანი წევრი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ დიდხანს დარჩება.     

  თამაზ თამაზაშვილი ჟურნალისტებს ძირძველ ქიზიყში პატარა ექსკურსიას გვიწყობს. სოფელი მაჩხაანი ბატონი თამაზის მშობლიური სოფელია. აქვე, მთაზე, სამების სახელობის ტაძარი დგას, რომელიც გენერალმა მამასთან ერთად ააშენა ეკლესიის ძველ ნანგრევებზე. ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი პრემიერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ. თამაზ თამაზაშვილი სტუმარ-მასპინძლის ტრადიციას არ ღალატობს და კახურ მარანში, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან გვიწვევს. ეპატაჟურ გენერალს წნილის გაკეთებაც  სცოდნია, თანაც ისეთის, ბევრ დიასახლისს რომ შეშურდება. თამაზაშვილებთან  ყველაფერი ისეა, როგორც ტრადიციულ ოჯახს შეჰფერის: ქართული თონე, რელიკვიური  „ზავოდი”,  ყურძნის აკიდოები და ნივრის გალები; შვილიშვილების – ნიკოლოზისა და ანდრეას სახელობის   ჭურები,  რომლებშიც ისეთი ღვინო დაუყენებია ჩვენს მასპინძელს,  მოგინდება, „ღვინოვ, კახურო” წაიღიღინო. თამაზაშვილების   მარანიც ერთი დიდი ქართული ფენომენია:  აქ ბევრი თოფია, ოღონდ, ყველა ხის და სიმბოლური;  იმას სულ  არ ჰგავს, ხელისუფლების პირად ტუსაღს რომ „აღმოუჩინეს” დაკავების დროს. მარნის კედლებზე, სხვადასხვა ქართულ ატრიბუტიკასთან ერთად, დიდი ქართველების – ილიას, ერეკლე მეორის პორტრეტებია: ჩემმა შვილიშვილებმა ხომ უნდა იცოდნენ, ვისი გორისანი არიანო, – ამბობს ბატონი თამაზი და, იქვე, თავისი მშობლების პორტრეტების გვერდით, საპატიო ადგილას მოთავსებულ დედის დანატოვარ ანდერძსაც „გვიმხელს”.  

 გენერლის ოჯახში გაშლილ სუფრას არც  მძახალი აკლია, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მამაა.  შვილის მაღალი რეგალია მორიდებულ და სიტყვაძვირ ქიზიყელს  სულ არ დასტყობია.  მძახლები  ძველი მეგობრები არიან – ჯერ კიდევ მაშინ მეგობრობდნენ, სანამ მათი შვილები ერთმანეთს პირად ცხოვრებას დაუკავშირებდნენ. თამაზაშვილების ოჯახში ტარიელ ღარიბაშვილს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს – ადგილი არა მხოლოდ მძახლის, არამედ, კარგი მეგობრისა და ერთგული ნათესავის, რომელმაც შვილისა და მისი  სიმამრის  გამო ბევრ სირთულეს გაუძლო.  ტარიელ ღარიბაშვილის ინტერვიუზე დათანხმება ძნელი აღმოჩნდა: მე  რესპონდენტის გამოცდილება არ მაქვს, ამ როლს ჩემს მძახალს მივანდობო, – ამბობს და ასპარეზს  თამაზ თამაზაშვილს უთმობს...     

 თამაზ თამაზაშვილი:  აქაურობა ჩემთვის ისეთი ძვირფასია, სადაც არ უნდა ვიყო, აქ მალე ვბრუნდები. მე ტრადიციული კაცი ვარ, კოსმოპოლიტი  ვერ გავხდები.  ახლა ჩვენ ვართ მაჩხაანში. ამ სახლში, სადაც ჩემი წინაპარი, ვასო თამაზაშვილი  ცხოვრობდა,  ქაქუცა ჩოლოყაშვილი იმალებოდა სამი თვე. ამ ტახტზე იწვა.  აქ ყველაფერი ძველებურად არის შემორჩენილი. ეს არის ძირძველი ქიზიყი, უბატონო მხარე.  ეს კუთხე უმკლავდებოდა მტერს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კავკასიის მთების მხრიდან  ესხმოდა თავს. პირველ დარტყმას ქიზიყი იღებდა.  უსამართლობასთან ბრძოლა  ქიზიყში ყოველთვის ჩვეულებრივი რამ იყო და  მე როგორ ვიქნები სხვანაირი – ეს თვისება მეც გამომყვა. ფიზიკურად ძლიერი ხალხი  ვართ, პირდაპირები, არ ვიცით მიდებ-მოდება. ქიზიყელები მეფე ერეკლეს ისეთ რამეებს ეუბნებოდნენ, კაცი თურმე, გიჟდებოდა, მაგრამ, კარგი მეგომრები და ერთგულები რომ იყვნენ, ამიტომაც ჰყავდათ  ქიზიყელები მეფეებს რეგულარულ ჯარში. ჩემმა პირდაპირობამ ბევრი რამ მომცა, მაგრამ, ხელიც არაერთხელ შემიშალა კარიერულ წინსვლაში. მე არ ვიყავი ისეთი დიპლომატი, როგორიც ზოგიერთია. წლებმაც კი ვერ შემირბილა პირდაპირობა. დამიგროვდებოდა, დამიგროვდებოდა რაღაც და მერე უცებ ავფეთქდებოდი ხოლმე. ის უკვე ვიცი, რომ ხშირად სჯობია დიპლომატიურად მოიქცე; ისიც ვისწავლე, რომ ემოციები უნდა მოთოკო, მაგრამ ეს მაშინ ვისწავლე, როცა უკვე გვიან იყო (იცინის).   

– მაღალი ჩინები არც თქვენ არ გაკლდათ წარსულში.

– ყველაფერს ჩემით მივაღწიე, პატრონი და მფარველი არავინ მყოლია. კარიერისტიც  არ ვყოფილვარ.  დანიშვნაში ფულს ხომ იხდიდნენ, მე შვილებს ვფიცავარ, არასდროს არ გადამიხდია კაპიკი. არც სხვისთვის გადამიხდევინებია ფული – თუ კაცი მაგარი იყო, ისე წავწევდი წინ, მისი არაფერი მინდოდა. ოპერრწუმებულიც ვიყავი და სამმართველოს უფროსიც, მაგრამ, სულ ვიცოდი, რომ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი,  საქმე პასუხისმგებლობით უნდა მეკეთებინა. უგულოდ ვერაფერს ვაკეთებ, ყველაფერში ბოლომდე ვიხარჯები. ასეთი ხასიათი მაქვს: თუ ვჩხუბობ, ვჩხუბობ ბოლომდე; თუ მიყვარს, მიყვარს ბოლომდე, თუ ვქეიფობ – ვქეიფობ... ვფიქრობ, რომ, პოლიციელი ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენელზე უფრო სუფთა უნდა იყოს აზროვნებით.  ის, რომ კანონი შენს ხელშია, უფრო მეტს გავალდებულებს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. პროფესიონალმა, თუ ის კარგი ადამიანიც არ არის, შეიძლება, მეტად გააფუჭოს საქმე, ვიდრე არაპროფესიონალმა. ადამიანმა  სხვის უბედურებაზე არ უნდა ააგოს საკუთარი ბედნიერება.  იმის მიუხედავად, რაც მე გავიარე, ვფიქრობ, რომ იღბლიანი კაცი ვარ. რაღაც ძალა სულ მიმართავდა ხელს, ათას ხიფათს ვარ გადარჩენილი. ეს განგების ძალით ხდება მხოლოდ და მხოლოდ.  ათას რამეს რომ ამბობდნენ სააკაშვილის ჩინოსნები ჩემზე, მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რამდენმა რამემ გადაიარა ჩემს კისერზე, მათ შორის – შეიარაღებული ფორმირებების თარეშმა არეულ დროში. ყველა რომ იმალებოდა, მე არ დავმალულვარ; ბევრს რომ ეშინოდა, მე არ შევშინებულვარ. მეხვეწებოდნენ, ეს თანამდებობა ჩაიბარეო. ჩავიბარე, აღვკვეთე ათასი ჯურის  ხალხის თარეში და, მერე რომ იტყვიან, ქურდული ტრადიციების მატარებელიაო და კლიპებს დაამზადებენ შენზე, სად არის ნამუსი?! რა ქურდული ტრადიციები, მე ჩემი წინაპრების ტრადიციების მატარებელი ვარ.  ახლაც ყაყანებენ ნაციონალები. ახლა ისეთს ვერაფერს ვეღარ ამბობენ და აიჩემეს, თამაზ თამაზაშვილი მართავს პროცესებსო. ჯერ ერთი, მე არაფერს ვმართავ და, მეორეც – აბა, სააკაშვილისნაირმა ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა?! მართეს მათ  ეს ქვეყანა 9 წელი, დააქციეს ყველაფერი და უამრავი ადამიანი გააუბედურეს. ახლა რომ გვეძახიან, შევარდნაძისდროინდელებიო, თვითონ არ დაიზარდნენ შევარდნაძის კალთაში?! კადრების დანიშვნაში  ერევა თამაზაშვილიო, რომ  ამბობენ  ჟურნალისტი გეგელია და პარლამენტარი ნადირაშვილი, ან გაჩუმდნენ, ან ამ სისულეეებს დაანებონ თავი. კარგად კი უპასუხა ზაქარია ქუცნაშვილმა:  გენერალი სიმამრი ჰყავს, როგორ არ უნდა ჰკითხოს რჩევაო. ჩემი გამოცდილება ცოტას არ ნიშნავს, მაგრამ, მე არც საკუთარ თავს ვაკადრებ და არც ირაკლის, მის საქმეებში ჩავერიო. თვითონ გონიერი კაცია და კარგად იცის, ვინ სად უნდა დაინიშნოს.       

ერთი რამ მინდა ვთქვა: არსებობს შინაგანი ინტელექტი, რომელიც ან გაქვს, ან – არა. ეს არაა დამოკიდებული იმაზე, სად მუშაობ და რომელი ფენის წარმომადგენელი ხარ. აგერ, ვენახში გლეხი რომ მუშაობს, შეიძლება, იმას მეტი შინაგანი ინტელექტი ჰქონდეს, ვიდრე აკადემიკოსს, ათასი წიგნი რომ აქვს დაწერილი. ასეთი, შინაგანი ინტელექტის გლეხიც ბევრი მინახავს და ისეთიც – ვაიინტელექტუალი, რომელმაც, შეიძლება, რვა ენა იცოდეს, მაგრამ,  ღვთის მადლი არ ჰქონდეს.  იმ პაპას კი ისეთი ღვთის მადლი აქვს ბოძებული, ვერ შეედრება  ვინმე.   ადამიანის ორგანიზმი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ესაა: ღვთიური სული, სამშვინველი და ფიზიკური სხეული. ღვთიური სული არის ინტელექტი, სამშვინველი არის პასუხისმგებელი იმუნური სისტემის,  ფიზიკური სხეული კი ცხოველსაც აქვს. რატომ გადავრჩი მე ციხეში? იმიტომ, რომ  ჩემთვის ფიზიკური სხეული არაფერს ნიშნავდა და სულიერად ვიყავი გაძლიერებული.  ძალიან უკვირდათ ჩემი სიძლიერე. ამათ ეგონათ, შემაშინებდნენ და, რომ  გამოვიდოდი, ვიტყოდი: უი, მაპატიეთ, კი, გადატრიალებას ვაწყობდი-მეთქი. ამას ვერ მოესწრებოდნენ, მოვკვდებოდი და არ ვიტყოდი, სულ რომ სიცოცხლის  ფასად  დამჯდომოდა ეს. შვილებიც ასე მყავს გაზრდილი.  როგორ უნდა გატეხილიყო ნუნუკა? გამორიცხული იყო. ვიცოდი, როგორ უჭირდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ არ გატყდებოდა. ნათია ჩემი ადვოკატი იყო, დიდებს კი არა პატარა მარიამს ვერ გატეხდნენ. ისეთი წერილი  შემომიგზავნა ციხეში, რკინას გაალღობდა. ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს, არსებობს ბედნიერი დღეები. თუ გინდა,რომ ბედნიერი დღეები გქონდეს,  სულიერად, ფიზიკურად და ინტელექტუალურად ძლიერი უნდა იყო. ამან გადამარჩინა ციხეში, სადაც ყველაზე მეტად ის მაძლიერებდა, რომ მე ვიყავი მართალი და ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, სიმართლე აუცილებლად იზეიმებდა. 

– დღეს საქართველოში ძალიან პოპულარული კაცი ხართ: თქვენი სიძე ქვეყნის პრემიერია, ქალიშვილი კი – პირველი ლედი. როგორი განცდა გაქვთ?   

– მე ამის გამო არც ხიბლში ვარ და არც აღტკინებული და აჟიტირებული არ გახლავართ,  პირიქით, რაღაც სიმძიმე მაწვება.  მე ის დრო მერჩია, როცა ირაკლი „ქართუში” მუშაობდა, გაცილებით უფრო მშვიდი ცხოვრება გვქონდა. ახლა ათასი მტერი გამოჩნდება.  ვიცი, რა ძნელია პრემიერობა, რა ძნელია მისი ოჯახის წევრობა. ხალხი გამადიდებელი ლუპით მიყურებს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე არ შემცვლის  ის, რომ პრემიერის სიმამრი  და პირველი ლედის მამა ვარ.  ვცდილობ, ძველებურად ვიცხოვრო. მოტოციკლი მყავს, ავდივარ იმ მოტოციკლით ლისის ტბაზე და იქ  ვვარჯიშობ.  ბევრს ვცურავ, როგორც თბილისში, ასევე აქ, დედოფლისწყაროს ტბაზე. თუ სტუმრები მყავს – ვქეიფობ; ისე ვცხოვრობ, როგორც ქართველ კაცს შეეფერება. ხომ იცით, ზოგს თანამდებობაზე რომ დანიშნავენ, თვალები უბინდდებათ, მე ეს არასდროს დამემართება. ჩემთვის ყველა ისევ ისაა, ვინც იყო.  ისევ ისე ვიკეთებ საჭესთან ღვედს, როგორც აქამდე ვიკეთებდი. თუ სადმე დავლიე, მანქანის საჭესთან არ დავჯდები. მე რომ არ მქონდეს გაცნობიერებული, რას ნიშნავს და რამხელა პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული ირაკლის ახალი თანამდებობა,  შეიძლებოდა, ვყოფილიყავი აღტკინებული. ახლა  ჩემთვის მთავარია ჩემი სამშობლო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლის და მთელი გუნდის მეშვეობით წინ უნდა წავიდეს. ბიძინა ივანიშვილი საოცარი კაცია, ჩემთვის ის დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის დონის ქართველია. ირაკლი პიროვნულად,  ფაქტობრივად,  ბიძინას გაზრდილია, მან დიდი როლი შეასრულა ირაკლის ჩამოყალიბებაში. ჩემი დიდი სურვილი და მიზანია, რომ  ირაკლიმ უშველოს სამშობლოს, რასაც, ჩემი აზრით, კარგად გაართმევს თავს.

– როგორ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი თქვენი სიძე?

– ვიცოდი, რომ მას და ნუნუკას ერთმანეთი უყვარდათ. კაცურად, გაბედულად მოვიდა და გოგოს ხელი მთხოვა. მაშინ ორივენი პატარები იყვნენ. მამაჩემი ცოცხალი იყო და მითხრა: ეს ვინაა, ასე თამამად რომ მოვიდაო. მე მომეწონა მისი სიალალე. კი ვაპირებდი, მეთქვა,  მე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ, აბა, გოგოს უნდა, რომ გამოგყვეს-მეთქი? კარგად მინდოდა, გამებრუნებინა უკან, მაგრამ, არ გამომივიდა – ნუნუკას რომ შევხედე, მივხვდი, რომ უყვარდა და, მე წინააღმდეგი ხომ ვერ წავიდოდი?! სახლში სტუმრები მყავდა, სუფრა იყო გაშლილი და პირდაპირ შევთავაზე ირაკლის: აბა, ჩავიდეთ, ვიქეიფოთ-მეთქი, – ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მას შემდეგ ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც კარგ ოჯახს შეჰფერის. თავიდან სახლი არ ჰქონდათ და ჩემი სახლი დავუთმე საცხოვრებლად; ერთხანს ქირითაც იცხოვრეს. ირაკლი ბევრს მუშაობდა, მერე საკუთარი ბინაც  იყიდეს. ირაკლი ძალიან ყურადღებიანი კაცია, კარგი ოჯახის შვილია და თვითონაც კარგი ოჯახი შექმნა. ღმერთმა ყველას მისცეს ისეთი შვილი, როგორიც ირაკლია.

  თამაზ თამაზაშვილის ოჯახში სტუმართა შორის სასულიერო პირებიც იყვნენ, მათ შორის გახლდათ მამა ნიკოლოზი, რომელმაც 13 წლის წინ მაჩხაანის სამების სახელობის ტაძარში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის  ქორწინება აკურთხა უფლის წინაშე. დღეს მამა ნიკოლოზი  იხსნებს: „ირაკლი და ნუნუკა  ერთ-ერთი პირველი წყვილი იყო, რომელიც ამ ტაძარში დაიწინდა. ტაძარი, რომელიც თამაზ თამაზაშვილმა ააშენა მამასთან ერთად, ზუსტად იმ წელიწადს გაიხსნა. მათ ცოტა ხნის შემდეგ ჯვარი  თბილისში დაიწერეს, მაგრამ, მათი ცოლქმრული კავშირი უფლის წინაშე სწორედ აქ დაიწყო. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ირაკლი პრემიერი გახდებოდა, მისი მეუღლე კი – პირველი ქალბატონი, მაგრამ, ღვთის ნებით, ეს ასე მოხდა. ამ ლამაზ ოჯახს ყველაზე დიდი საფუძველი სიყვარულმა ჩაუყარა. ვფიქრობ, რომ ირაკლი გაამართლებს მთელი საქართველოს ნდობას და ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრი იქნება.“    

 

скачать dle 11.3