კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასესხო დავალიანებისას შეეძლება მოვალეს საკუთარი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გატანის თავიდან აცილება და მისი შენარჩუნება, დავალიანების მიუხედავად

რაკი ისე მოხდა, რომ ჩვენი მოქალაქეები მეტად ხშირად ებმებიან ხოლმე საკრედიტო მახეში –  ერთი მხრივ, საკუთარი გამოუცდელობის, მეორე მხრივ, საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო გამსესხებლების მოქნილი უნარ-ჩვევების წყალობით, საკმაოდ ბევრი უკვე დარჩა საცხოვრებლის გარეშე და არანაკლებს ეს პერსპექტივა ემუქრება. მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაზოგვის კვირეულის ფარგლებში საკმაოდ ლაკონურად ჩამოგვიყალიბა ჩვენი მოსახლეობის კრედიტებისადმი დამოკიდებულება: „ყველაფერი მარტივად იწყება, როდესაც მომხმარებელი განვადებით იძენს ძვირად ღირებულ ტელეფონს, რასაც შემდგომ საკრედიტო ბარათიც ემატება და ერთ დღეში სესხის დამტკიცების და ზაფხულში შვებულების კარგად გატარების შეთავაზებაც. შემდეგ მომხმარებელი იღებს მეორე საკრედიტო ბარათს, იმისთვის, რომ გადაფაროს პირველი და საბოლოო ჯამში, აღმოაჩენს, რომ რამდენიმე საკრედიტო ბარათი და რამდენიმე სესხი აქვს, რაც საკმაოდ ძვირად ღირებულია. გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის მომხმარებელი ყველა სხვა სესხის გადასაფარად იღებს დიდ სესხს და იპოთეკით ტვირთავს უძრავ ქონებას.“

სწორედ ამ მიზეზების გამო იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი ცვლილებები მოამზადა ორ კანონში, რითაც სახელმწიფო ცდილობს, დაეხმაროს მოქალაქეებს, არ აიღონ მაღალპროცენტიანი სესხი კერძო გამსესხებლებისგან, გადაარჩინონ თავიანთი უძრავი ქონება აუქციონზე მინიმალურ ფასად გაყიდვისგან, რომ ერთ მეტად არამშვენიერ დღეს ქუჩაში არ აღმოჩნდნენ ცარიელ-ტარიელები. ამ მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე განგვიმარტავს.

– რამ განაპირობა ცვლილებების აუცილებლობა საკანონმდებლო დონეზე და, რატომ მოექცნენ რეგულაციის ქვეშ კერძო გამსესხებლები?

– პრობლემა ის არის, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სესხულობს ფულს არა მხოლოდ ბანკების და სხვა ფინანსური ორგანიზაციებისგან, არამედ  –  კერძო გამსესხებლებისგან, რომლებიც საკმაოდ დიდ პროცენტებს იღებენ ხოლმე. ლაპარაკია  ყოველთვიურ 5 და 10 პროცენტზე, რაც წლიურად 60-დან 120 პროცენტამდე მერყეობს. ეს ძალიან დიდი თანხაა და ამგვარი სესხების უზრუნველყოფა ხდება უძრავი ქონებით, ძირითადად, საცხოვრებელი ბინებით და სახლებით, რომლებიც მოვალეებს გააჩნიათ და საბოლოოდ ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მათი უმრავლესობა ვალდებულებას ვერ ასრულებს, კარგავს საცხოვრებელს და აღმოჩნდება ქუჩაში ოჯახებიანად.

– უფრო მეტი იპოთეკარი ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების მიერაა დაზარალებული თუ მევახშეების მიერ?

– პირადად მე, საერთოდ მოვერიდებოდი ტერმინ „მევახშის“ გამოყენებას, იმიტომ რომ ეს ტერმინი საკმაოდ უარყოფით ასოციაციას იწვევს. არიან კერძო პირები, რომლებიც ცხოვრობენ იმით, რომ გაასესხებენ მათ ხელთ არსებულ ფულად სახსრებს. ისიც გასაგებია, რომ ისინი მეტ პროცენტს ადებენ თავიანთ გასესხებულ თანხას, რადგან რისკი ბევრად მეტია და ცხადია, ამ რისკს უნდა უზრუნველყოფა, მათ შორის, შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ვლაპარაკობთ ყოველთვიურ 5 და 10 პროცენტზე, ეს ძალიან ბევრია და უამრავი ადამიანი სარგებლობს იმით, რომ, ჯერ ერთი, სახელმწიფოს წლების განმავლობაში არ ჰქონდა დადგენილი არანაირი რეგულირება და, მეორეც, ხალხის გაჭირვებით. ამდენად, ჩვენ მიერ შემუშავებული ცვლილებების მიზანია, რაღაცნაირად დავარეგულიროთ ეს კერძო ურთიერთობები და დავადგინოთ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ადამიანებს დაიცავს ქუჩაში გაყრისგან.

ასევე, მე არ გამოვიყენებდი ტერმინ „დაზარალებულს“, რადგან დაზარალებული არის ადამიანი, რომელიც ვიღაცის არამართლზომიერი ან სულაც დანაშაულებრივი ქმედებით განიცდის რაღაც ზიანს.

– ბუნებრივია, როდესაც განვადებით ყიდულობ მობილურ ტელეფონს, იმას გარდა, რომ უფრო ძვირი გიჯდება, თანხის სრულად დაფარვის შემდეგ ამ ტელეფონის ღირებულება ისედაც იკლებს და გამოდის, რომ ორმაგს ან სამმაგს იხდი. 

– ყველა უნდა შეეჩვიოს, რომ, როდესაც სესხს იღებ, ის უნდა დააბრუნო და როდესაც ხარ ზრდასრული ადამიანი, ანგარიში უნდა გაუწიო იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც შეიძლება, დადგეს, თუ ვალდებულებებს ვერ შეასრულებ. მათ შორის, უნდა შეაფასო შენი შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, მე მოვერიდებოდი ორივე ტერმინს: „მევახშესაც“ და „დაზარალებულსაც“. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს გონივრულად, მაგრამ ყველამ პერსონალურად უნდა აგოს პასუხი აღებულ ვალდებულებებზე.

რაც შეეხება იმას, თუ ვისგან უფრო ხშირად სესხულობენ ფულს: რასაკვირველია, უფრო ხშირად ბანკებისგან, მაგრამ არსებობს ისეთი კრედიტებიც და ისეთი სასესხო მომსახურებებიც, რაზეც ბანკები არ მიდიან, რადგან ისინი ყურადღებას აქცევენ კლიენტის საკრედიტო ისტორიას, მაშინ, როდესაც კერძო გამსესხებლებისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და ამიტომაც არის მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტი უფრო ძვირი.

– კონკრეტულად საკანონმდებლო ცვლილებებზე ვისაუბროთ: რომელ კანონში და რა ტიპის ცვლილებები იგეგმება?

– ცვლილებები შედის ორ მთავარ კანონში: პირველი ეს არის „სამოქალაქო კოდექსი“, რომელშიც შედის რამდენიმე ცვლილება. მათ შორის, იპოთეკის ხელშეკრულების სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება.

– რას მოგვცემს ეს სანოტარო წესით დამოწმება?

– მოგეხსენებათ, უძრავ ნივთებზე, მათ შორის, იპოთეკის ხელშეკრულებების დამოწმების სანოტარო ინსტიტუტი გაუქმებულია, მხარეებს შეუძლიათ, პირდაპირ მივიდნენ მარეგისტრირებელ ორგანოში და იქ გააფორმონ იპოთეკური ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის მოსამსახურეს, მით უმეტეს, იუსტიციის სახლის მოსამსახურეს არც ვალდებულება გააჩნია და არც კომპეტენცია საიმისოდ, რომ განუმარტოს მხარეებს, რა სამართლებრივ საფუძველს წარმოშობს ესა თუ ის ხელშეკრულება, მათ შორის, იპოთეკის ხელშეკრულება. მისი ვალდებულებაა, უბრალოდ რეგისტრაციაში გაატაროს მინიმალური პირობების არსებობის შემთხვევაში. მაშინ, როდესაც ნოტარიუსს გააჩნია ვალდებულება, შეაფასოს ხელშეკრულება, მათ შორის, შინაარსობრივად რამდენად აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და განუმარტოს მხარეებს სამართლებრივი შედეგები. ეს არის კიდევ ერთხელ, ბოლო გაფრთხილება იმ პირის, რომელიც სესხს იღებს შესაძლოა, საკმარისად მაღალი პროცენტით და შესაძლოა, თავისი უძრავი ქონების უზრუნველყოფით, რომ მან შეიძლება, ეს ვალდებულება ვერ შეასრულოს და აღმოჩნდეს ქუჩაში. მე ამას შევადარებდი სახელმწიფოს მოთხოვნას მოტოციკლეტისტისადმი, რომ დაიხუროს ჩაფხუტი, იმიტომ რომ ეს კეთდება მისი უსაფრთხოებისთვის.

– და, როგორც ვიცი, წესდება ზედა საპროცენტო ჭერი?

– კერძო იპოთეკარებისთვის და არა საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის წესდება მაქსიმალური ჭერი იპოთეკურ სესხებზე. საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის 2,5-ჯერ მეტ ოდენობას. კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, თუ წინა წელს კომერციული ბანკების სესხების საშუალო არითმეტიკული იყო 14 პროცენტი, 14 გამრავლებული ორ-ნახევარზე გამოდის წლიური 35 პროცენტი მაქსიმალურ ჭერად. 

– წინა წლის საბანკო იპოთეკური კრედიტების საშუალო არითმეტიკული თუ ყველანაირი სესხის საშუალო არითმეტიკული?

– იპოთეკური სესხების საშუალო არითმეტიკული. ნოტარიუსის პირდაპირი ვალდებულება იქნება, ჩაიხედოს ხელშეკრულებაში და ნახოს, რამდენია იქ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი და, თუ ამ კანონით დადგენილ შეზღუდვას ეწინააღმდეგება, ანუ არის უფრო მეტი, ასეთი ხელშეკრულება არ უნდა დაამოწმოს.

– რა ცვლილებები შედის მეორე –  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში“?

– „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში“ სამი მნიშვნელოვანი ნოვაციაა. პირველი ეხება სავალდებულო აუქციონების რაოდენობას. დღეისთვის სავალდებულო აუქციონის წესი ასეთია: ტარდება პირველი აუქციონი და, თუ ვერ მოხდა ნივთის რეალიზაცია პირველ აუქციონზე, ტარდება ერთი განმეორებითი აუქციონი. საწყისი ფასი განისაზღვრება შემდეგნაირად: აუქციონზე გატანილი ქონების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი, განმეორებით აუქციონზე კი უკვე ნულოვან ფასად გადის ქონება, რაც, ცხადია, ძალიან მძიმე ტვირთია მოვალისთვის. ეს ქონების საბაზრო ღირებულების 50-პროცენტიანი შემცირებაა და განმეორებით აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასი იმას ნიშნავს, რომ მას იმ ქონებიდან არაფერი დარჩება მას შემდეგ, რაც აუქციონის შედეგად ვალს გაისტუმრებს.

ჩვენ შემოგვაქვს ორი  განმეორებითი აუქციონის ინსტიტუტი. პირველი აუქციონი გაიმართება საწყისი ფასით, რაც იქნება საბაზრო ღირებულების 75 პროცენტი, პირველი განმეორებითი აუქციონი –  საწყისი ფასით საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით და მეორე განმეორებითი აუქციონი –  ნულოვანი საწყისი ფასით.

შემდეგი ნოვაცია გახლავთ ეგრეთ წოდებული წინმსწრები აუქციონის ინსტიტუტი. ეს ნიშნავს, რომ მოვალეს შეუძლია, მოითხოვოს გარკვეული სააღსრულებო საფასურის საფუძველზე აღმასრულებლისგან, რომ იძულებით აუქციონამდე ჩატარდეს წინმსწრები აუქციონი.

– რით განსხვავდება წინმსწრები აუქციონი იძულებითისგან?

– განსხვავდება იმით, რომ აქ კი არ მცირდება საბაზრო ღირებულება, ანუ ქონების საწყისი ფასი 75 ან, მით უმეტეს, 50 პროცენტამდე, არამედ საწყისი ფასი განისაზღვრება მოთხოვნის ოდენობით. თუ მოთხოვნა არის 10 000 დოლარი, საწყისი ფასი აუქციონზე იქნება 100 000 დოლარი და არა 75 000 ან 50 000 დოლარი, რასაც, თუ მოემატება ფასი, ქონების ღირებულება გაიზრდება. ეს, ცხადია, მოვალეს აძლევს საშუალებას, დარჩეს თანხა ქონების რეალიზაციის შემთხვევაში.

და ბოლოს, მესამე მნიშვნელოვანი ნოვაცია: წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, კრედიტორს ჩემ მიმართ აქვს 10 000 დოლარის მოთხოვნა, საიდანაც გასტუმრებული მაქვს 9 500 დოლარი, მაგრამ დადგა ვალდებულების სრულად შესრულების ვადა და მე 500 დოლარით ვერ შევასრულე ჩემი ვალდებულება. აღსრულება ხდება, მიუხედავად იმისა, რომ 500 დოლარია დარჩენილი და ქონება იძულებითი წესით გადის აუქციონზე და ამ 500 დოლარის გამო მე შეიძლება, აღმოვჩნდე ქუჩაში. მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად იძულებითი მართვის ისედაც არსებულ წესებში შემოდის ასეთი უფლება: როდესაც ქონების ღირებულება მინიმუმ 10-ჯერ მაინც აღემატება მოთხოვნას, მოვალეს ექნება უფლება, მოითხოვოს იძულებითი მართვა.

– და ეს რას ნიშნავს?

– თუ ქონების ღირებულება 10-ჯერ აღემატება მოთხოვნას და, მეორე მხრივ, არსებობს ვარაუდი, რომ შემიძლია სამი თვის განმავლობაში გავისტუმრო ვალდებულების დარჩენილი ნაწილი, იძულებით აუქციონზე კი არ გავა ქონება პირდაპირ, არამედ მომეცემა შანსი, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, რაღაც საშუალებით, მათ შორის, გაქირავებით, დავფარო მთლიანი დავალიანება.

– იძულებითი მართვის მოთხოვნის შემთხვევაში, ვინ იქნება ეს იძულებითი მმართველი?

– ეს ინსტიტუტი ისედაც არსებობს, მაგრამ ქონება შეიძლება, გადავიდეს თვითონ მოვალის მართვაში, რომ ქონება არ განადგურდეს ან დაზიანდეს.

– ამ ცვლილებებს უკუძალა ექნება?

– სააღსრულებო კანონში შეტანილი ნოვაციები ამოქმედდება ნებისმიერის მიმართ, ვის მიმართაც მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი, მაგრამ, რაც შეეხება ჭერს: არ იმოქმედებს მათზე, ვინც ფული გაასესხა ამ ცვლილებების მიღებამდე. მაგრამ ვის მიმართაც მიმდინარეობს აღსრულების წესი, ჯერ არ არის გატანილი ქონება იძულებით აუქციონზე, მას შეუძლია, მოითხოვოს წინმსწრები აუქციონი და სეკვესტრი.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი წესდება კერძო გამსესხებლებისთვის და არა მიკროსაფინანსო ოროანიზაციებისა და ბანკებისთვის, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც საკმაოდ მაღალ პროცენტად გასცემენ სესხებს და ხშირად რეალური პროცენტი 60-ზე და მეტზეც ადის.

– ჩვენ არ გვინდა, რამენაირად ჩავერიოთ საფინანსო სექტორის მუშაობაში და ამით ზიანი მივაყენოთ მთლიანად ეკონომიკას. ჩვენი იმ თანამემამულეების გამო, რომლებმაც აიღეს იპოთეკური კრედიტები და შემდეგ ვერ დაფარეს, ჩვენ ვერ ჩავერევით ეკონომიკაში ისე, რომ ზიანი მივაყენოთ ბანკებს და საფინანსო ორგანიზაციებს.

– მე მოვისმინე ასეთი მოსაზრებაც, რომ ეს არის შეტევა კერძო გამსესხებლებზე; იზიარებთ ამ კრიტიკას?

– ეს არავისზე შეტევა არ არის, ეს არის არაგონივრული საპროცენტო განაკვეთების რეგულირება, რაც ყველა ქვეყანაში ასეა. ჩვენთანაც იყო დარეგულირებული და სასამართლოს შეეძლო, დაეწია არაგონივრული საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ შემდეგ ყველანაირი შეზღუდვა გაუქმდა, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ წლიური 120 პროცენტი წესდებოდა, რის გადახდაც წარმოუდგენელი იყო. ამდენად, ეს მინიმალისტური ჩარევა ყოველმხრივ გამართლებულია.

 

скачать dle 11.3