კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

ოცი წლის წინ

(გაცნობა)

ფეხბურთის ამბების გახსენებამ დიმიტრის მდგომარეობა დაამძიმა და ექიმი იძულებული გახდა, დამამშვიდებელი დოზა გაეზარდა, თუმცა, ვერ მიხვდა, რა დაემართა მის პაციენტს, რადგან, სულ რამდენიმე წუთის წინ საგრძნობლად უკეთ იყო.

ძილ-ბურანში წასულმა დიმიტრიმ, რატომღაც, ნანიტაზე გადაიტანა ფიქრი და, თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ, მისი ნახვა მოუნდა. როგორც არასდროს, ისე მოეძალა სინანულის გრძნობა. დიმიტრი უკანასკნელ ძალ-ღონეს მოიკრებდა, მის წინ მუხლებზე დაემხობოდა და ისე სთხოვდა პატიებას ყველაფრისთვის – ყველა ტკივილისა და წყენისთვის, რაც კი მისთვის მიუყენებია ცხოვრებაში და, რაც მთავარია, დარწმუნებული იყო, რომ ყოფილი ცოლი გაუგებდა, აპატიებდა და მასთან დარჩებოდა. ამ იმედმა სიმშვიდე მოჰგვარა და, შეეცადა, ის დღე გაეხსენებინდა, ნანიტა რომ გაიცნო. თავიდან რაღაცნაირად აერ-დაერია მოგონებები, მაგრამ, ბოლოს ყველაფერი ისეთი სიზუსტით გაახსენდა, თითქოს გუშინდელი ამბავი იყო. 

...უნივერსიტეტის ბაღთან გუგას შეხვდა. ძალიან ლამაზი გოგო ახლდა, უცნაურად ლამაზი: თავიდან ყურადღებას არ მიაქცევდი, ჩვეულებრივი გოგო გეგონებოდა; მერე და მერე კი მიხვდებოდი, რომ სულ გინდოდა, გეყურებინა და, რომც მოგესურვებინა, თვალს ვერ მოსწყვეტდი. დიმიტრისაც ასე დაემართა: უნდოდა, გუგასკენ გაეხედა, მისალმებოდა მაინც, მაგრამ, ვერ ახერხებდა – გამოლენჩებული მიშტერებოდა თვალებში უცნობ გოგონას და ხმის ამოღების უნარიც კი წართმეოდა. დაჰიპნოზებულივით იდგა და, მისი თვალებიდან გადმოღვრილი უცნაური სითბოთი გარემოცული, საოცარ ნეტარებას განიცდიდა. რაღაც მომენტში ისიც კი გაიფიქრა, ან სიზმარს ვხედავ, ან ზღაპარში მოვხვდიო და ჯიბეში ჩაყოფილი ხელით ბარძაყზე იჩქმიტა. ჩქმეტა და გუგას ხმის გაგონება ერთი იყო:

– დიტო, გაიცანი, ეს ნანიტაა!

– ჰა? – ძლივს გამოერკვა დიმიტრი.

– ეს ნანიტაა, ჩემი საცოლე! – ლამის ყურში ჩასძახა გუგამ, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ძმაკაცის გამოთაყვანებული სახის დანახვა, – რამ გამოგაშტერა, მთვრალი ხომ არ ხარ? – მერე ნანიტასკენ გააპარა თვალი და გულმა რეჩხი უყო, რადგან, ისიც გაშტერებული უყურებდა დიტოს და, ეტყობოდა, რომ გუგა აღარც კი ახსოვდა.

გუგას ყურები აეწვა და ხელისგულები აექავა – ასე ემართებოდა ხოლმე, როცა ვინმეს ცემის სურვილი უჩნდებოდა. თავისდაუნებურად, მომუჭა კიდეც ხელები და დიმიტრისკენ მიბრუნდა, რომ ერთი კარგი ეთავაზებინა, მაგრამ, ბოლო წამს თავი მოთოკა – არ უნდოდა, ნანიტას თვალწინ ეჭვიანი შეყვარებულის მუშტი-კრივი გაემართა, თანაც – საკუთარ ძმაკაცთან და, მით უმეტეს – მისთვის ასეთ ბედნიერ დღეს. ლამის კბილები დასცვივდა, ისე დააჭირა ერთმანეთს, გულითადი ღიმილი გამოიწურა სახიდან და ნაძალადევი მხიარულებით გამოაცხადა:

– რესტორანში გეპატიჟებით! დღეს ბედნიერი დღე გამითენდა და, მინდა, ერთად აღვნიშნოთ!

– მოხდა რამე? – მექანიკურად, ზრდილობის გამო ჰკითხა დიმიტრიმ და თვალი ძლივს მოსწყვიტა ნანიტას.

– მოხდა, მაგრამ, ახლა მეტი აღარაფერი მკითხო, დანარჩენი – რესტორანში! – იმავე რიხით განაგრძო გუგამ, თან თვალს არ აშორებდა ნანიტას, რომლის სახის გამომეტყველებაც აშკარად გულზე ეკლად ესობოდა.

– კიდევ ელოდები ვინმეს? – „სააქაოს” დაუბრუნდა დიმიტრი და შეეცადა, არაფერი შესტყობოდა, არადა, სხვა დროს მსგავსი არაფერი განუცდია: გული ამოვარდნაზე ჰქონდა, დაბნეულობამ და უხერხულობის შეგრძნებამ მთელი მისი არსება მოიცვა, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა და სიტყვებსაც ძლივს უყრიდა თავს. ცდილობდა, გოგოსკენ არ გაეხედა, რომ გაწითლება-გაფითრებას ბოლომდე არ გაეცა, არადა, ვერც გუგას უსწორებდა თვალს – თვითონაც ხვდებოდა, რომ ძმაკაცთან არ იყო მართალი. თუმცა ჯერჯერობით არც არაფერი თქმულა და არც არაფერი მომხდარა, მაგრამ, დიმიტრი გრძნობდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა, თანაც – ძალიან მალე და ძალიან ხმამაღლა, რადგან, გულში უკვე მტკიცედ და მყარად გადაწყვიტა, რომ ნანიტა ხელიდან არ გაეშვა და უნებურად თავისი „საფირმო“ ფრაზა წამოუტივტივდა გონებაში – „ეს გოგო ჩემთვინ მინდაო“. სხვათა შორის, სიტყვასიტყვით ასე გაიფიქრა და გაეღიმა კიდეც, რადგან, ცნობილი ქართული ფილმიც და მულტფილმიც ერთდროულად გაახსენდა, თუმცა, დიმიტრის სურვილი და ნდომა იმ მომენტში ძალიან გულწრფელი იყო. იმ წუთას ამაზე არ უფიქრია (ვერც იფიქრებდა, ისე იყო გაოგნებული), მაგრამ, მერე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როცა ამ დღესა და წუთებს იხსენებდა ხოლმე, ყოველთვის უკვირდა – ვერაფრით ხსნიდა იმ „რაღაცას“, რაც მაშინ დაატყდა თავს.

– ვიღას უნდა ველოდო, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ორი ადამიანი აქ მყავს, დღეს კი სხვა არავინ მჭირდება, – თქვა გუგამ და ტაქსი გააჩერა. რომ ჩასხდნენ, თითქოს თავი იმართლა: – დღეს ჩემი მანქანა სპეციალურად დავტოვე – ვიცი, ცოტა დალევა მომიწევს, თანაც, ისეთი რომანტიკული საღამოა, ქეიფის შემდეგ აშკარად არ გვაწყენს ფეხით გასეირნება, არა, ნანიტა? – მიუბრუნდა გოგონას და, თვალებში რომ შეხედა, უცბად, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ჩაქრა და ჩაინავლა – ნანიტა სადღაც სხვაგან იყო, არც კი გაუგონია მისი სიტყვები. რაღაც უცნაური სევდა აღბეჭდვოდა სახეზე – თითქოს ნანობდა, რომ სადღაც დააგვიანდა თუ, პირიქით, სადღაც ცოტათი იმაზე ადრე მივიდა, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ, რაღაც ჭინკა მაინც უკრთოდა თვალებში.

– ნანიტა, რაზე ფიქრობ? – მისი გამოფხიზლება სცადა გუგამ, როცა რესტორანში მაგიდას შემოუსხდნენ. ნანიტა შეკრთა და უაზროდ შეხედა შეყვარებულს. გუგამ ახლა უკვე ძალიან ახლოდან ჩახედა თვალებში და, მიხვდა, რომ, ის „ჭინკა“, რომელიც ხშირად დაუნახავს ნანიტას გამოხედვაში, მას აღარ ეკუთვნოდა. ეს იყო აკრძალული ილეთი, დარტყმა წელს ქვემოთ, პენალტი ცარიელ კარში და, ყველაფერ ამის შედეგად – საშინელი შოკი, გამოწვეული დაკარგვის შიშით; დაუმსახურებელი და მოულოდნელი ღალატი ორი ყველაზე ახლობელი ადამიანისგან. მართალია, შედეგი ჯერ გამოკვეთილი არ იყო, მაგრამ გუგამ უცნაური სუნი იგრძნო – მძიმე და აქამდე უცნობი, თან, ისეთი, ვერაფერს რომ ვერ მიამსგავსა, რაღაცნაირი მქისე, ბლანტი, შესუნთქვისთანავე გულს რომ გიყინავს და ტვინს რომ გიხურებს. ჰაერიც ისეთი გახდა, მინავლებული ცეცხლის მიღმა რომ გაგიხედავს და დაგინახავს, როგორ უსიამოდ ირწევა ყველაფერი... თავისდაუნებურად გაახსენდა ოდესღაც სადღაც წაკითხული, რომ, ყველაფერს, ნივთიერსაც და არანივთიერსაც, თვით გრძნობებს, განცდებსა და განწყობასაც კი, თავისი სუნი აქვსო. გაახსენდა და დაინტერესდა, ნეტავ, ახლა რის სუნს ვგრძნობო.

„შიშის? – გაიფიქრა დაეჭვებულმა, – არა, ეს ის არ არის; ტკივილის? – არც ეს; სიყვარულის დაკარგვის? – ჰო, ეს უფრო ახლოა, მაგრამ, ამ სუნს მაინც რაღაც სხვა ჰქვია... ღალატის! ღალატის სუნი ვიგრძენი! ნამდვილად ესაა!..“ – კინაღამ მთელი ხმით იყვირა გუგამ, რადგან, მიხვდა, რომ ზუსტად მიაგნო იმ „რაღაცას” და საშინელების მოლოდინში ისე დაიძაბა, ხელები დაუბუჟდა.

ჯერ კიდევ სულ რაღაც ერთი საათის წინ ბედნიერმა საქმრომ დიდი წვალებით დაძლია თავი და გაღიმებულმა გადახედა ნანიტასა და დიმიტრის. ნანიტას თვალები დაეხარა და გაფითრებული და გაშეშებული იჯდა, თითქოს შუბლზე მიდებული იარაღის გასროლას ელოდა; დიმიტრი სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდა, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და აშკარად ცდილობდა, მალე დამთვრალიყო, რომ მერე, თუ რამე სისულელეს იტყოდა ან ჩაიდენდა, სასმელს დაბრალებოდა, რადგან, მისი ცუდი სიმთვრალის ამბავი მთელმა სამეგობრომ იცოდა. გუგა მიხვდა, უფრო კი იგრძნო, რომ, რაც უფრო გაგრძელდებოდა მათი ვახშამი, მით მეტად გარისკავდა მისთვის ყველაზე სათუთს, წმინდასა და ამაღლებულს. ამიტომ, გადაწყვიტა, შეძლებისდაგვარად ბუნებრივად შეეჩერებინა მოსალოდნელი წარღვნა – წამოდგა, სასმისები შეავსო, ორივეს მიუჭახუნა და მოგონილი რიხით წარმოთქვა: 

– დიმიტრი, მოდი, ეს ბოლო სადღეგრძელო ისევ ჩემი და ნანიტას ბედნიერებისა შევსვათ. ნურც კაცი და ნურც ღმერთი ნუ დაგვაშორებს სიკვდილამდე. ნანიტას დღეს ხელი ვთხოვე, თანხმობა მითხრა და, ჩემზე ბედნიერი კაცი  არ მეგულება დედამიწის ზურგზე. შენ ჩვენი მეჯვარე უნდა იყო და, ამიტომ, ჩვენი სამეგობროდან პირველს შენ გაგაცანი ჩემი მომავალი ცოლი. ღმერთმა შენც გაგრძნობინოს ნამდვილი სიყვარული და გაპოვნინოს ქალი, რომელიც ცაში აგიყვანს და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ კაცად გაქცევს!..

– ბიჭო, შენ რა მაღალფარდოვანი სადღეგრძელოები გცოდნია! წიგნებიდან ისწავლე თუ ნანიტა გამეცადინებდა? – აშკარად დასცინა დიმიტრიმ. ის უკვე საკმაოდ ნასვამი იყო და თავის სიტყვასა და საქციელს კონტროლს ვერ უწევდა, უფრო სწორად, ვითომ ვერ უწევდა, თორემ, არც ისე გათიშული იყო, რომ თავისთვის საზიანო ბოდვები დაეწყო, – თანაც, ძმაო, რომ მეუბნები, ღმერთმა გაპოვნინოს ქალი და გაგრძნობინოს ნამდვილი სიყვარულიო, რა იცი, იქნებ უკვე ნაპოვნიც მყავს და ნაგრძნობიც მაქვს?

– მერე, გაგვაცანი, ბატონო, ორივეს გაგვიხარდება! იმ დღეს მოვესწრო, რომ შენ სერიოზულად შეგიყვარდეს ვინმე და მერე თუნდაც მომკლა, თორემ, დავიღალე შენი უთავბოლო სატრფიალო თავგადასავლებით, გოგოების გაცნობა-მიტოვებით, რომანტიკულად დაწყებული და დრამატულად დასრულებული დროებითი სიყვარულებით! გეყო დონჟუანობა! მაგარი ბიჭი ხარ, გოგოებს მაგრა ევასები, მაგრამ, თექვსმეტი წლის აღარ ხარ. ნანიტა! – მიუბრუნდა გუგა, ცოტა არ იყოს, გაოცებულ ნანიტას, – იცი, ქალაქის ნაშებმა რა შეარქვეს ჩემს ძმაკაცს? „ვერელი კაზანოვა“. ამასაც, რა ენაღვლება, მაგრად იფერებს, თუმცა, ერთ რამეში არ ეთანხმება – კაზანოვა მახინჯი იყო, ეს კი კრასავჩიკია და ამით აბამს გამოუცდელ გოგოებს, ერთ-ორ თვეში კი – ჩაო-ბამბინო! დააყენე საშველი, ძმაო! იცი, რა მაგარია, როცა სიგიჟემდე გიყვარს და მასაც ასევე უყვარხარ?! – პათეტიკით დაასრულა გუგამ თავისი ტირადა, ნანიტას მხარზე ხელი მოხვია და მიიხუტა, – ასე არ არის, ნან?! – ჰკითხა  ღიმილით და თვალებში აკოცა. ნანიტა გაუძალიანდა. დიმიტრის მწველ მზერას გრძნობდა და უხერხულობისგან აღარ იცოდა, რა ექნა. მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი იყო, დიმიტრი მაშინვე მიხვდა, საით უკაკუნებდა გუგა და დაიბოღმა. გულში ფიქრობდა, სამაგიერო როგორ გადაეხადა იმის გამო, რომ ნანიტასთან ასე სააშკარაოზე გამოიტანა მისი პირადული ამბები. დიმიტრიმ ნანიტასკენ გააპარა თვალი და გული უსიამოდ შეეკუმშა: ნანიტას აღარ ეტყობოდა ის ვნებათაღელვა, რაც დანახვისთანავე დაემართა – გოგო მშვიდად იჯდა და ღიმილით უსმენდა გუგას. დიმიტრი მიხვდა, რომ გუგამ „პენალტი” დაურტყა და გოლიც გაუტანა – ნანიტას გააგებინა თავისი „კრასავჩიკი“ ძმაკაცის „ბაბნიკობა” და გააფრთხილა კიდეც – შენც იგივე მოგელისო; იმასაც მიხვდა, რომ გუგას  ნათქვამი ზუსტად მოხვდა მიზანს – ნანიტა უკვე მთლიანად ფლობდა საკუთარ თავს და მისკენ აღარ აპარებდა დამფრთხალ მზერას. დიმიტრიმ გულში ბოღმა ჩაიდო. ნანიტამ მასზე საოცარი ეფექტი რომ მოახდინა, ამაზე ორი აზრი არ არსებობდა, მაგრამ, ასე ერთი საათის გაცნობილი გოგო მართლა შეუყვარდა თუ არა, ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული და, თუ მანამდე რაღაც „ტორმუზს“ მაინც გრძნობდა – ძმაკაცს საცოლე როგორ „დავაწეროო“, ახლა მიზნად დაისახა, მწარედ ეძია შური და ეს უკუდო ამპარტავანი თავის ადგილზე მოესვა.

რესტორნიდან გამოვიდნენ თუ არა, ტაქსიც გამოჩნდა. დიმიტრიმ ფეხით გასეირნება შესთავაზა ორივეს, მაგრამ, ნანიტამ იუარა – ძალიან გვიან არის და სახლში ინერვიულებენო. გუგას გაუხარდა ნანიტას უარი – არ უნდოდა მთვრალ დიმიტრისთან ერთად სიარული, მით უმეტეს, რომ ნანიტაც თან ახლდა.

ტაქსი რომ გაჩერდა, ბიჭებმა გოგონა წინ დასვეს, მძღოლის გვერდით, თვითონ კი უკანა სავარძელზე მოთავსდნენ. 

– ჯერ ვერაზე, მერე კანდელაკზე და ბოლოს – მთაწმინდაზე, – უთხრა გუგამ მძღოლს და ფული წინასწარ მოამზადა.

– თავიდან მიშორებთ? – გაჭირვეულდა დიმიტრი, – ჯერ ნანიტა მივიყვანოთ, მერე – შენ, ბოლოს კი ეს ძია-კაცი მე მიმიყვანს.

გუგა მიხვდა, რომ ნანიტას სახლში მიცილების შემდეგ ძმაკაცთან ძალიან არასასიამოვნო საუბარი მოუწევდა. უნდოდა კიდეც, დალაპარაკებოდა, მაგრამ, დიმიტრი მთვრალი და აგრესიული იყო და გუგა გრძნობდა, რომ ეს საუბარი საქმის გარჩევაში გადაიზრდებოდა, რაც ორივესთვის ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. გუგამ ისიც იგრძნო, რომ ბავშვობის ძმაკაცი დაკარგა, თანაც, მისთვის ყველაზე ბედნიერ დღეს და ყველაზე უმტკივნეულო სიტუაციაში: ნანიტას ცოლობა სთხოვა და თანხმობაც მიიღო, ამხელა სიხარულსა და ბედნიერებას მარტომ ვერ გაუძლო და ამ ბედნიერების გამზიარებლად უახლოეს ძმაკაცს დაუძახა, მაგრამ, მან, გაზიარების ნაცვლად, ამ ბედნიერების წართმევა დაუპირა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყველაფერი: მეგობრობაც, ნდობაც, გუგას მომავალიც...

გუგა ყველაფერ ამაზე ფიქრობდა, გამოსავალს ეძებდა, მაგრამ, ვერ პოულობდა და თანდათან იპყრობდა მრისხანება. ბოლოს გადაწყვიტა, მოსახდენი მაინც მოხდებაო და ბედს მიენდო.

ნანიტას სახლამდე ისე მივიდნენ, ხმა არც ერთს არ ამოუღია. თითქოს ყველა თავის საფიქრალს მისცემოდა, მაგრამ, თითოეულის ფიქრის ყოველი წერტილი, ყოველი ხვეული დანარჩენ ორს ეხებოდა, მართალია, სხვადასხვა პოზიციიდან და სხვადასხვა კონტექსტში, მაგრამ, მაინც დანარჩენ ორს.

ტაქსიში ისეთი დაძაბული და უსიამოვნო სიჩუმე ჩამოწვა, გაოცებულმა მძღოლმა ჯერ რამდენჯერმე გადახედა სამივეს, მერე იფიქრა, ცოტას გავახალისებო და მაგნიტოფონი ჩართო. კანიდან ძვრებოდა რომელიღაცა პოპვარსკვლავი, მაგრამ, მგზავრებიდან არც ერთმა ყურადღებაც რომ არ მიაქცია, მძღოლი დაიძაბა, მაგნიტოფონს  ჩაუწია და შიშით გახედა ნანიტას, მერე უკანაც გააპარა თვალი და აშკარად შეეშინდა – ალბათ, მძარცველთა ბანდა ეგონა. უნდა გენახათ მისი სიხარული, როცა ნანიტას სახლთან ბიჭებიდან ერთ-ერთმა ფული გადაუხადა და უთხრა, თავისუფალი ხარო. მისმა მგზავრებმა მოხედვაც ვერ მოასწრეს, ისე წამში აორთქლდა იქიდან.

ნანიტა რაღაცნაირად, უხერხულად დაემშვიდობა ორივეს და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სადარბაზოში.

მარტო დარჩნენ თუ არა, დიმიტრიმ ირონიულად შეხედა გუგას და დამცინავი ხმით მიმართა:

– აბა, გისმენ! მგონი, რაღაც გაქვს სათქმელი!

გუგა წამით დააბნია ასეთმა თავხედობამ. სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც იმედოვნებდა, რომ დიმიტრი მობოდიშების მაგვარს ეტყოდა რამეს, ან, აუხსნიდა, თუნდაც ორი სიტყვით, რა მოხდა იმ ბოლო სამი საათის განმავლობაში ისეთი, რამაც მათი თითქმის ოცწლიანი მეგობრობა სათუო გახადა, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, გაჩუმებულიყო მაინც, დიმიტრიმ იქით შეუტია.

გუგას დაბნევა წამიერი იყო, უცებ მოეგო გონს, მაგრამ, უკვე ყოფილი ძმაკაცის (ამაში გუგა უკვე დარწმუნებული იყო) ჩვეულმა თავხედურმა შეტევამ იმედის ის ბოლო სხივიც ჩაუკლა გულში, რომელსაც გუგა ებღაუჭებოდა – იქნებ, ყველაფერი მომეჩვენა და სინამდვილეში  ასე არ მომხდარა; სიმთვრალით მოუვიდა, თორემ, ბავშვობის მეგობარი ასეთ უღირსობას და არაკაცობას როგორ გაიფიქრებდაო.

– პირიქით, მე გისმენ! – შეეპასუხა თამამად, რითაც ყოფილი ძმაკაცის გაოცება გამოიწვია.

– რაო, ბიჭუნა, ლაპარაკიც ვიცით? – ენის მოჩლექით უთხრა დიმიტრიმ და ნაძალადევად გაიცინა. გუგას ეცნო ეს ხმაც, ეს გამომეტყველებაც, ეს ცინიზმიც – ზუსტად ასეთი იყო დიმიტრი ყოველთვის, როცა ვინმეს დაჩაგვრა ან თავისი უსინდისობის გატანა უნდოდა. ასეთი ხასიათის გამო დიმიტრის თითქმის ყველა მეგობარი ჩამოშორდა და, საბოლოოდ, მარტო გუგაღა შემორჩა – ბავშვობის დროინდელი, თითქმის თანშეზრდილი მეგობარი, რომელიც ყველასთან კბილებით იცავდა მას და ყველას უხსნიდა, რომ დიმას ვერ უგებდნენ, თორემ, სულაც არ არის ცუდი ბიჭი. ძმაკაცები არ ეთანხმებოდნენ გუგას, მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვების დროს დიმიტრიმ მართლაც იცოდა გვერდში დადგომა და, მეგობრის გამო ხშირად დანისთვისაც კი შეუშვერია მკერდი, მაგრამ, როცა საქმე გოგოს ეხებოდა, ანუ, თუ დიმიტრის გოგო მოეწონებოდა, მისთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისი შეყვარებული ან საცოლე იყო ის გოგონა – თვითონ მოეწონა და მორჩა, სხვა აღარაფერი აინტერესებდა. გუგას უნებურად გაახსენდა დიმიტრის „საფირმო“ ფრაზა – „ეს გოგო ჩემთვინ მინდა“, რომელსაც დიმიტრისავე სატრფოებმა „ბრენდ „დიმიტრის“ საფირმო სლოგანი”  უწოდეს; ის კი არ იცოდა, რომ ამ თავხედმა დონჟუანმა ეს ფრაზა ნანიტას დანახვისთანავე წარმოთქვა გულში.

– ლაპარაკიც ვიცი და, თუ საჭირო გახდება, მუშტის მოქნევაც არ გამიჭირდება. წესით, კარგად უნდა გახსოვდეს ეს ამბავი – შენს დასაცავად არაერთხელ გამომიყენებია.

– რა იყო, მაყვედრი?

– არ გაყვედრი, ჩემი მუშტის ძალას გახსენებ.

– მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? – ჩაეცინა დიმიტრის.

– მაქვს, მაგრამ, ჯერ შენგან ველი...

– რას, ბოდიშის მოხდას? რატომ უნდა მოგიხადო ბოდიში?

– კარგი, არანაირი ბოდიში არ მჭირდება, პირდაპირ გეტყვი: ძალიან გთხოვ, ნუ ჩაერევი ჩემი და ნანიტას ურთიერთობაში, ნუ დამინგრევ ცხოვრებას. ჩვენ უკვე ორი წელია, ერთმანეთი გვიყვარს. დღეს ნანიტამ ცოლობაზე მითხრა თანხმობა და შენ მეჯვარედ მინდოდი, მაგრამ, მურმანის ეკალივით გაგვეხირე შუაში. წადი, დიმიტრი, წადი ჩვენი ცხოვრებიდან! დღეს შენ კიდევ ერთი ადამიანი დაკარგე – უკანასკნელი ერთგული მეგობარი და, დარწმუნებული ვარ, მარტო დარჩი. საერთოდ დაივიწყე, რომ მიცნობდი და არც კი გაიელვო ჩემი და ნანიტას ცხოვრებაში, თორემ, ამას სიცოცხლის ბოლომდე სანანებლად გაგიხდი, იცოდე! – გუგამ თავისი მონოლოგი კბილების ღრჭიალით დაიწყო და ავისმომასწავებელი ჩურჩულით დაასრულა. ასეთი გუგა დიმიტრის არასდროს უნახავს და, რაღაც მომენტში საკუთარ თავს გამოუტყდა კიდეც, რომ გულის სიღრმეში გუგასი ყოველთვის ცოტათი შურდა და ცოტა ეშინოდა კიდეც, მაგრამ, ამის აღიარება კატეგორიულად არ უნდოდა. ახლა კი, უკვე ყოფილ ძმაკაცს რომ შეხედა, მის თვალებში შეურაცხყოფილი, ღალატის გამო გამწარებული, ყველაფერზე წამსვლელი შურისმაძიებლის ბოროტი ნაპერწკალი დაინახა და ცივად გააჟრჟოლა. ამ მომენტში კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ მტყუანი იყო გუგასთან, ანუ, გუგა მართალი იყო მასთან და, ეს სიმართლე, რომელიც ცალთვალა ურემზე იყო შემომჯდარი, ადრე თუ გვიან მაინც დაეწეოდა და ძალიან მწარედ მოსთხოვდა პასუხს. ამ შიშმა დიმიტრი აიძულა, უფრო სწრაფად აემუშავებინა რუხი ნივთიერება და ქვეშიდან გამოსვლის ისეთი გზა გამოეძებნა, რომ, არც თავის ჩანაფიქრზე ეთქვა უარი და თვითონაც მეტ-ნაკლებად სუფთად გამოსულიყო სიტუაციიდან. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია – შეშინებულ სახეზე ისევ ცინიზმი აიფარა ნიღბად და გუგას პირში მიახალა:

– შენ, ალბათ, გგონია, რომ ახლა სიმთვრალე მალაპარაკებს, მაგრამ, გრადუსმა გამიარა და აბსოლუტურად ფხიზელი გეუბნები: მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე საათის წინ, ვითომ ხუმრობით, ნანიტას თვალში მიწასთან გამასწორე, მაინც პატიოსანი ბრძოლა მირჩევნია, რომ მერე მოძალადის იარლიყიც არ მომაწებო. გაგეცლებით, ოღონდ, ერთი პირობით: ეს ნანიტამ უნდა მითხრას, თანაც, ორივეს თანდასწრებით! თუ გინდა, ახლავე, თუ გინდა – ხვალ. იმან მითხრას, წადი, არ მჭირდებიო და წავალ!

– ნაძირალა ხარ! არ გაბედო ნანიტას გარევა ამ საქმეში, თორემ, საკუთარი ხელით გამოგჭრი ყელს! – დაიხრიალა გუგამ და დიმიტრის ისეთი უთავაზა ყბაში, რომ იმან თავი ვერ შეიკავა და ახალმოხრეშილ ტროტუარზე გაგორდა. გუგამ წამოდგომა აცადა – არ იკადრა, წაქცეულისთვის დაერტყა და კიდევ მოუქნია მუშტი, მაგრამ, დიმიტრიმ აიცდინა, გახეთქილი ტუჩი მაჯით მოიწმინდა და მთელი ხმით იღრიალა:

– ძალიანაც გინდა, მაგრამ, ხელს არ შემოგიბრუნებ.  ჩვენ აქ ერთ ქალს ვიყოფთ და ვერ გაგვიყვია; მზად ვართ, მის გამო ერთმანეთი დავხოცოთ, იმაზე კი არ ვფიქრობთ, ის ვის ამოარჩევს – შენ თუ მე. კიდევ გიმეორებ: რამდენიც არ უნდა მირტყა, თითსაც არ დაგაკარებ. მაგრამ, იმას კი გეტყვი, რატომაც გამწარდი ასე: გეშინია, ნანიტამ მე არ ამირჩიოს და შენ არ გითხრას, წადი ჩემი ცხოვრებიდანო! გეშინია, დიახ, გეშინია! იმიტომ, რომ შენ ორი წელი დაგჭირდა მისი გულის დასაპყრობად და მაინც სათუოდ გაქვს საქმე, მე კი ეს ორ წუთში შევძელი. ყოველთვის გჯობდი, ახლაც გაჯობე და ეს გხეთქავს გულზე! თუ ასე არ არის, დაუძახე, ჩამოვიდეს და ნანიტამ გადაწყვიტოს ჩვენი დავა. მაგრამ, ამას არ იზამ, იმიტომ, რომ მხდალი ხარ, ლაჩარი, ქვეშაფსია! თუ ასე არაა, მიდი, დაუძახე, დაუძახე-მეთქი!

გუგა უკვე ვეღარ ფლობდა თავს. გრძნობდა, რომ მთლიანად მოექცა დიმიტრის გავლენის ქვეშ და წამოეგო მის ანკესზე; ხვდებოდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ, თავს ვეღარ აკონტროლებდა. ჯიბეში ორკაპიკიანები მოძებნა და იქვე, კორპუსის კედელზე მიდგმული ტელეფონის ჯიხურისკენ გაიქცა, თან უკან იყურებოდა და დიმიტრის მუქარით უყვიროდა:

– არ მეშინია! ნანიტას ვუყვარვარ! აი, ჩამოვა და ნახავ, როგორ ძაღლივით გაგაგდებს აქედან, შე დამპალო ნაბიჭვარო!

ტელეფონის ჯიხური საკმაოდ შორს იდგა, თანაც, ბნელოდა, მაგრამ, დიმიტრიმ მაინც დაინახა, როგორ ხელის კანკალით აკრიფა გუგამ ნომერი და, სულ რამდენიმე წამის განმავლობაში, ალბათ, პირველად  ცხოვრებაში, სინდისის ქენჯნა იგრძნო და საოცრად შეეცოდა ყოფილი ძმაკაცი, რომელსაც მართლაც უნგრევდა მომავალს. იმ მომენტში დაეჭვდა კიდეც, მართლა უნდოდა თუ არა, ნანიტა ჩამოსულიყო და მასზე გაეკეთებინა არჩევანი, მაგრამ, უცებ გახეთქილი ტუჩი აეწვა და ისევ ბოღმამ დარია ხელი – საშინლად მოუნდა, ნანიტას უარი არ ეთქვა გარეთ გამოსვლაზე ამ შუაღამისას, სახლში მისვლიდან სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ. დიმიტრი დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ამაზე ფიქრით წინასწარ ტკბებოდა. უცებ გუგას სასოწარკვეთილი ხმა მოესმა. სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ, მიხვდა, რომ მისი ყოფილი ძმაკაცი უკვე ყოფილ საცოლეს (ამაში დიტოს ეჭვი აღარ ეპარებოდა) რაღაცას უხსნიდა, უმტკიცებდა თუ არწმუნებდა. ხუთი წუთის შემდეგ გუგა ერთიანად გაფითრებული და აკანკალებული დაბრუნდა. ღამის სიცივის მიუხედავად, სახეზე ხვითქი გადასდიოდა, თუმცა, ვერაფერს გრძნობდა. ძლივს მოახერხა ჯიბიდან სიგარეტის ამოღება, მერე კარგა ხანი მოანდომა სანთებელას ანთებას და ერთი ნაფაზით ღერი შუამდე ჩაიყვანა. ხმას არც ერთი აღარ იღებდა, ნანიტას გამოჩენას ელოდნენ.

უცებ სადარბაზოს კარის გაჯახუნების ხმა გაისმა და ორივე ისე შეხტა, თითქოს ვინმეს ტყვია ესროლოს. ამხელა კაცები იქვე მდგარ ხეს აეკრნენ და, ამ ერთი ციდა გოგოს წინაშე ისეთი პატარები და უსუსურები გამოჩნდნენ, რომ თვითონაც იგრძნეს ეს და, ცოტა არ იყოს, შერცხვათ.

გოგონა ისეთი სახით მიუახლოვდა, დიმიტრი ვერ მიხვდა, უთხრა თუ არა გუგამ ყოფილ საცოლეს (ყოფილი რომ იყო, ამაში უკვე დარწმუნებული იყო), რატომ გამოიყვანეს ამ შუაღამისას გარეთ სახლში მიყვანიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ. თვალებში რომ შეხედა, დიტომ იგრძნო, რომ გოგომ არაფერი იცოდა, მაგრამ, ქალური ალღოთი გრძნობდა: კაცებმა იმიტომ გაუძახეს, რომ, ან მანდილი უნდა ჩაეგდო მათ შორის (რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით), ან, კიდევ უარესი – ახლა, ამ წუთას, სწორედ მას უნდა გაეკეთებინა არჩევანი, რომელიც სამივეს მომავალ ცხოვრებას გადაწყვეტდა ან კარგად, ან ავად. ნანიტა, თავისი 19 წლის მიუხედავად, სრულყოფილი, მოაზროვნე, რაც მთავარია, ჭეშმარიტი ქალი იყო და, ბიჭებს რომ მიუახლოვდა, თავი უკვე შემზადებული ჰყავდა, საჭიროების შემთხვევაში, ყველაზე ლმობიერი ან ყველაზე მწვავე გადაწყვეტილება მიეღო; ამიტომ, მისვლისთანავე, ყოველგვარი პაუზის გარეშე და ძალიან მტკიცედ, მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა:

– გისმენთ!

დიმიტრიმ იგრძნო, რომ, ჯობდა, გაჩუმებულიყო – გუგა ვერ გაუძლებდა ამ სიჩუმეს და, ცხელ გულზე, განერვიულებული, წყობიდან გამოსული და უკვე თითქმის დამარცხებული, რაღაცას ისეთს წამოროშავდა, რაც ისევ დიმიტრის წისქვილზე დაასხამდა წყალს. მართლაც ასე მოხდა – დიმიტრის სტრატეგიამ და ტაქტიკამ გაამართლა: გუგამ რამდენიმეწამიან სიჩუმესაც კი ვერ გაუძლო და აღელვებულმა მიმართა ნანიტას:

– ნანიტა! პირდაპირ გეტყვი: დიმიტრის ნებავს, რომ შენი თავი წამართვას! დარწმუნებულია, ამის უფლება აქვს, რადგან, ჰგონია, რომ შენ მას თანაუგრძნობ. ახლა შენ უნდა გადაწყვიტო ჩვენი დავა, შენ უნდა გააკეთო არჩევანი ჩვენ ორს შორის! მაინტერესებს, ძალაშია თუ არა შენი დილანდელი პასუხი – შეგახსენებ, რომ შენ თანხმობა მითხარი, როცა მე ცოლობა გთხოვე. ახლა კი გისმენთ, შენი სიტყვა განაჩენი იქნება ერთ-ერთი ჩვენგანისთვის. თქვი, უთხარი ამ ნაბიჭვარს, წაეთრიოს ჩვენი ცხოვრებიდან! უთხარი!

გუგა აშკარად ისტერიკაში იყო და დიმიტრის გულში გაეღიმა – მისმა ყოფილმა ძმაკაცმა ერთი ქულა უკვე დაკარგა, რადგან, ქალები ვერ იტანენ ისტერიკიან და სასოწარკვეთილ მამაკაცებს და ეს ნანიტას მაშინვე შეეტყო სახეზე.

– ვისი იდეა იყო ჩემი აქ გამოძახება? – ძალიან მშვიდი ხმით იკითხა ნანიტამ და ორივეს გამომცდელად გადახედა.

– ჩემი, ჩემი იდეა იყო! – იყვირა გუგამ, – ჩვენს დავას აზრი არ აქვს, მთავარი შენი სიტყვაა, შენი არჩევანია!

თავიდან დიმიტრიმ ვერ გაიგო, რატომ დაიბრალა გუგამ ის, რაც მას ზიანის მეტს არაფერს მოუტანდა. მხოლოდ მერე მიხვდა, რომ ეს გაუაზრებლად გააკეთა – გაღიზიანებულმა ვერ მოზომა, რა უნდა ეთქვა, თან, ვეღარ ითმენდა, ისე ეჩქარებოდა ნანიტას პასუხის გაგონება და, თავისი ჭკუით, ამით ნერვიულობისა და უხერხული სიტუაციის ხანგრძლივობა შეამცირა, მაგრამ, აქაც წააგო. 

„კიდევ მინუს ერთი ქულა“, – კმაყოფილებით გაიფიქრა დიმიტრიმ და ნანიტას ხმის ამოუღებლად შეხედა თვალებში.

გოგონა რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა ხან ერთს, ხან – მეორეს, მერე გუგას შეხედა რაღაც უცნაური მზერით – ირონიით, სიბრაზით, სიძულვილით, იმედგაცრუებით თუ სიბრალულით – დიმიტრიმ ვერ გაარკვია, მაგრამ, კიდევ ერთხელ შეეცოდა ყოფილი ძმაკაცი.

– ესე იგი, გამოდის, რომ შენ ვერ დამიცავი, გიჭირს ჩემი შენარჩუნება და მე დამიბარე, რომ თავიც თვითონ დავიცვა, შენც დაგიცვა და ჩვენი სიყვარულიც? – რაღაცნაირი გამომცდელი ხმით ჰკითხა ნანიტამ.

– მე... მე... – დაიბნა გუგა, რადგან, მიხვდა, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

ნანიტამ ახლა დიმიტრის შეხედა და მკაცრად ჰკითხა:

– შენ რას იტყვი?

– გამომყევი ცოლად! დღესვე, ახლავე! – პირდაპირ მიახალა დიმიტრიმ და გაუღიმა, – ეს კი ეცადა, – დიმიტრიმ გუგასკენ გაიქნია თავი, – გავეშავებინე შენს თვალში, მაგრამ, არც ისეთი ცუდი ტიპი ვარ. ჩემი ცოლი რომ გახდები, მაშინ დარწმუნდები, რომ მართალს გეუბნები!

– ნაძირლები ხართ ორივე, არაკაცები, ნაბიჭვრები! მეზიზღებით, ვერ გიტანთ ვერც ერთს! ჩემი სახელის ხსენება არ გაბედოთ არც ერთმა, თორემ, ცემაში მოვაკვლევინებ თქვენს თავს, თქვე ქალაჩუნებო! – იყვირა უცებ ნანიტამ და ატირებული გაიქცა სადარბაზოსკენ.

გუგა ენაჩავარდნილი იდგა. ყველაფერს მოელოდა იმის გარდა, რაც მოხდა და, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

დიმიტრი უცებ მოსწყდა ადგილს, ნანიტას დაეწია, გზა გადაუღობა, მოულოდნელად გულში ჩაიკრა ატირებული გოგო და სულმოუთქმელად მიაყარა:

– მართლა შემიყვარდი! დაგინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდი! ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნია! წამოდი ჩემთან, ახლავე, ამ წუთას! მე დაგიცავ ყველასგან და ყველაფრისგან! ხომ ვიცი, რომ შენც შეგიყვარდი ერთი დანახვით! დაწყნარდი, ნუ ტირი, წამოდი ჩემთან, გთხოვ, გევედრები! – და დიმიტრი გაოცებული გოგოს წინ მუხლებზე დაეცა. ბოლოს კი თითქმის ჩურჩულით უთხრა: – არ მიმატოვო, თორემ, მოვკვდები... 

ამ სიტყვების წარმოთქმისას ბიჭი თითქმის გულწრფელი იყო, მაგრამ, ბოლო მომენტში იგრძნო, რომ რაღაც ზედმეტად თეატრალიზებული მონოლოგი გამოუვიდა (თუმცა, ეს სპეციალურად ნამდვილად არ უქნია) და შეეშინდა, ყველაფერი ხომ არ გავაფუჭეო.

ნანიტამ უცებ შეწყვიტა ტირილი და გუგას გახედა, რომელიც ისევ ისე გაშეშებული იდგა და მთვარეულივით უაზროდ უყურებდა ამ სცენას, მერე კი უცებ იყვირა:

– წადი, გაჰყევი! ერთმანეთის ღირსები ხართ, მოღალატეებო, უსინდისოებო! – მერე მოსწყდა ადგილს და მთელი ძალით გაიქცა.

ნანიტას რაღაც ჩასწყდა გულში. გუგამ კიდევ ერთი და უკანასკნელი შეცდომა დაუშვა: თუნდაც იმ მომენტში რომ მისულიყო, ხელი ჩაეკიდა და, არც არაფერი ეკითხა, ისე წაეყვანა სახლში, ნანიტა გაჰყვებოდა და აღარც არასდროს გაიხსენებდა ამ ღამეს, მაგრამ, ასე არ მოხდა და გოგომ დიმიტრის თავი დაუქნია, მერე კი თვითონაც ჩურჩულით უთხრა:

– კარგი, ოღონდ, იცოდე, შემდეგ არ ინანო!

დიმიტრიმ გამარჯვების სიტკბო ვერც კი იგრძნო, ისე გაუკვირდა ნანიტას პასუხი. კიდევ ერთხელ გაჰკენწლა გულში, შეცდომას ხომ არ ვუშვებო, მაგრამ, უკან დახევა აღარ გამოდიოდა, ჩაჰკიდა ხელი და ფეხით გაუყვნენ გზას ახალი, აბსოლუტურად დაუგეგმავი და გაუცნობიერებელი ცხოვრებისკენ. და, როდესაც დიმიტრიმ მხარზე ხელი მოჰხვია და გულზე მიიხუტა აკანკალებული ნანიტა, გოგონა მხოლოდ მაშინ მიხვდა, რატომაც გააკეთა ასეთი არჩევანი: უუნარო გუგას ჯინაზე. ის ახლა შეურაცხყოფილი ქალი იყო, ნამდვილი ქალი კი ყოველთვის მწარედ იძიებს შურს თავის შეურაცხმყოფელზე, თუნდაც ამ შურისძიებას საკუთარი სიყვარული შესწიროს მსხვერპლად.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3