კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გვამი - სატყუარა

მისტერ შელვუდი, ცნობილი ამერიკელი მაძებარი, კაბინეტში მარტო იჯდა, როდესაც მასთან უხეიროდ ჩაცმული, გაუპარსავი და ჭუჭყიანი ახალგაზრდა კაცი შევიდა.

– მე მინდა, გაცნობოთ ახლახან მომხდარი მკვლელობის შესახებ. ჩემს მეზობლად, ბინაში, მოხუცი ქალი მოკლეს. გამომყევით, იქნებ, ცხელ კვალზე დაიჭიროთ მკვლელი!

მაძებარმა ეჭვით შეხედა უცნაურ სტუმარს და ირონიულად გაეღიმა:

– ასე სწრაფად არ ხდება საქმე, მით უმეტეს – ჩვენი. პოლიციაში უნდა წავიდეთ. მე მხოლოდ გაუგებარ და რთულ საქმეებზე ვმუშაობ და ასეთი მკვლელობები პოლიციის პრეროგატივაა.

– ვიცი, მაგრამ, ეს უბრალო მკვლელობა არ არის. მხეცურად  ჩადენილი, სასტიკი მკვლელობაა, მოხუცი ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს. მკვლელს მხოლოდ თქვენ თუ გამოიყვანთ სააშკარაოზე.

– მადლობა ასეთი ნდობისთვის, მაგრამ, პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა. თქვენ ჩემთან ერთად მოგიწევთ წამოსვლა. რა გქვიათ?

ახალგაზრდა კაცი შეყოყმანდა.

– ჩარლი, ჩარლი სმიტი. მე არ მეგონა, რომ... იცით, ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს... უბრალოდ, ადამიანურად... შემეცოდა ის ქალი. არავის არაფერს უშავებდა საცოდავი... ბეტი სიპლანდი ერქვა... პოლიცია და თქვენ უჩემოდაც მიხედავთ ამას.

– არა, უნდა წამოხვიდეთ!

შელვუდი ადგა და ისე შეხედა ახალგაზრდა კაცს, რომ ისიც იძულებული გახდა, ამდგარიყო. შელვუდის  ოფისიდან პოლიციამდე ერთი კვარტალი იყო გასავლელი. ჩარლი სმიტმა სიბნელით ისარგებლა და მაძებარს თვალსა და ხელს შუა გაუქრა. შელვუდი შეფიქრიანდა და ეჭვებით დამძიმებული შევიდა პოლიციის განყოფილებაში. ინსპექტორმა ყურადღებით მოუსმინა.

– რაღაც ბინძური საქმე ჩანს. რას იტყვით, წავიდეთ?

– აუცილებლად. ყოველი შემთხვევისთვის, ოთხი პოლიციელი გამაყოლეთ. მისამართი მაქვს. ვნახოთ, რა ხდება. ვფიქრობ, რატომ გამექცა გზიდან... შეიძლება, მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ, ვეჭვობ, უწინ პოლიციასთან ექნებოდა პრობლემები.

– შენთან რატომღა მოვიდა?

– იქნებ, მართლაც ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე – ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. თუმცა... – მაძებარი უცებ გაჩუმდა და სათქმელი აღარ დაასრულა, აღარ უთხრა ინსპექტორს, რისი ვარაუდი გაუჩინა ამ ყველაფერმა...

სახლი ჩაშავებული და ღარიბული იყო... კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურებოდა ოთახი, სადაც პოლიციელებს მართლაც დახვდათ გვამი. ქვის ჭუჭყიან იატაკზე სისხლის გუბეში ეგდო ღრმად მოხუცებული ქალი. ოთახში ერთი დანჯღრეული საწოლის, უბადრუკი კომოდისა და სკამის მეტი არაფერი იდგა. მკვლელობა სამზარეულოს დანით იყო ჩადენილი... მკვლელობის სისხლიანი იარაღიც იქვე ეგდო.

– მდაა... უცნაურია, რატომ უნდა მოეკლათ ეს საცოდავი? გაქურდვა თითქმის გამორიცხულია. მეზობლებიდან სახლის მეპატრონე დავკითხე. ყველამ თქვა, რომ შემოწირულობებით ცხოვრობდა და ნახევარჯერ შიმშილობდა. არც ოთახს ეტყობა, რომ აქ ვინმე რამეს ეძებდა.

– იქნებ, მკვლელმა ზუსტად იცოდა, სად ედო მოხუცებულს ფული და მის ასაღებად შევიდა, ქალს კი უცებ გაეღვიძა, წინააღმდეგობა გაუწია და, იმანაც, მოკლა, – ვარაუდი გამოთქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა, – იქნებ მკვლელი სწორედ ის ჩარლია და იმიტომაც გაიქცა?

– მოკლა და ჩემთან მოვიდა, მკვლელობა გამოიძიეო? – თავი გააქნია მაძებარმა, – ლოგიკაში არ ჯდება, თანაც, არანაირში.

– ჩვენ მაინც დავიწყებთ იმ კაცის ძებნას.

– ასე მოიქეცით. მე სახლში წავალ და ვიფიქრებ. ბევრი კითხვა გამიჩინა ამ მკვლელობამ, – თქვა შელვუდმა, – მაგ სმიტის აღწერილობას კი მოგცემთ.

მეორე დღეს, დილით, შელვუდმა უცნაური ამანათი მიიღო, გამომგზავნის ვინაობის გარეშე. მომცრო ყუთი მას დიასახლისმა შეუტანა. მაძებარმა მისი მაგიდაზე დადება სთხოვა და მაშინვე თავის თანაშემწე, ბომბების სპეციალისტი გამოიძახა. მისი ეჭვი გამართლდა: ყუთში პატარა ბომბი იდო, რომელსაც საკმაოდ დიდი ზონარი ჰქონდა და უკვე ცეცხლიც ეკიდა.

– ვიღაცას ძალიან არ უყვარხარ, მისტერ შელვუდ. ჩემთვის რომ არ დაგერეკათ, აქაურობისგან აღარაფერი დარჩებოდა, არც თქვენგან, – უთხრა თანაშემწემ, – ბომბს რა ვუყო?

– ისე გაანეიტრალე, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენების შესაძლებლობა მქონდეს. იმ ვიღაცამ სერიოზული შეცდომა დაუშვა. შეძლებ ამის გაკეთებას?

– უპრობლემოდ. მაგრამ, მაინც ფრთხილად იყავით.

შელვუდმა მხოლოდ გაიღიმა პასუხად. საიდუმლო მკვლელობის გასაღები – გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. რისკი სერიოზული იყო, თუმცა, არც უფიქრია, პოლიციისთვის ეთხოვა დახმარება. ზუსტად იცოდა, რაზეც მიდიოდა, მაგრამ, ჩიტი ბდღვნად  ღირდა. საღამოს, როცა შებინდდა, ბომბი პალტოს ჯიბეში ჩაიდო და იმ სახლისკენ გასწია, სადაც მკვლელობა მოხდა. დარწმუნებული იყო, რომ იქ ბევრი დამნაშავე და პოლიციის მიერ ძებნილი აფარებდა თავს. სწორედ მათ გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ კაცი, რომელიც მუდმივად კვალში ედგა მათ და გასაქანს არ აძლევდა. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მოხუცი ქალი მხოლოდ სატყუარად გამოიყენეს. მკვლელობის მთავარი მოტივი მისი – შელვუდის განადგურება იყო. აზარტმა სიფრთხილის ხმა ჩაახშო...

სახლი ისევ ისე იყო ჩაბნელებული. მაძებარმა სანთებელა აანთო და პირქუში დერეფნის დათვალიერებას შეუდგა... ფრთხილად, ხელის ცეცებით გადაადგილდებოდა და მალე იპოვა, რასაც ეძებდა... ვიწრო კარი ადვილად გაიღო და ქვემოთ ჩასასვლელი საფეხურები გამოჩნდა. რევოლვერით ხელში, ჩასვლა დაიწყო და, ერთბაშად, კარგად განათებულ სარდაფში აღმოჩნდა. უცბად ვიღაცის ძლიერმა ხელმა აიტაცა და რევოლვერი წაართვა, მერე კი იატაკზე დააგდო. გონი არ დაუკარგავს და ნათლად დაინახა მის წინ აღმართული რვა მამაკაცი. ექვსი მათგანი მაშინვე იცნო – მისი წყალობით დაჭერილი და გასამართლებული ბანდიტები იყვნენ. ორი ციხიდან გაიქცა და დღემდე უშედეგოდ ეძებდა პოლიცია. ის სმიტიც მათთან ერთად იყო.

– ოჰო, აქ მშვენიერი ბუნაგი გქონიათ... იმიტომ გამომიგზავნეთ მოსაწვევი? – იხუმრა და, სცადა, გაეცინა.

– მალე აღარ იქნები ასეთ გუნებაზე, – უთხრა ჩარლი სმიტმა, – ძალიან ეშმაკი ყოფილხარ, შელვუდ, მაგრამ, დღეს შენი გამჭრიახობის ბოლო დღეა. მორჩა. აღსასრულის ჟამმა ჩამოჰკრა. ახლა კედელთან მიგაყენებთ და თითოეული ჩვენთაგანი თითო ტყვიას გესვრის, იმიტომ რომ, ყველასთან ვალში ხარ.

შელვუდმა იქაურობას მზერა მოავლო და, უცებ, კედელთან, სადაც საბუხრე მილი გადიოდა, პატარა ნიშა დაინახა. გაჭირვებით წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაემართა კედლისკენ.

– კარგია, საკუთარი ფეხით რომ მიდიხარ განკითხვის კედელთან, – სიცილით უთხრა ბანდიტებიდან ყველაზე საშიშმა, წითურმა ბილმა, – გახსოვს, ჯონ პეტერის მკვლელობისთვის შენი წყალობით რომ დამაპატიმრეს და სამუდამო მომისაჯეს? ეს მოხუცი ქალიც მე მოვკალი, მაგრამ, ამისთვის ვეღარ დამიჭერენ – შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ.

– რაღას ელაპარაკები, მოვუღოთ ბოლო! – დაიყვირა ჩარლი სმიტმა და მაძებარს რევოლვერი დაუმიზნა, – ამის გამოა, რომ პოლიცია ყველგან გვპოულობს. მოვრჩეთ საქმეს!

სწორედ ამ დროს, მოხდა ბანდიტებისთვის წარმოუდგენელი რამ: შელვუდმა ჯიბიდან ბომბი ამოიღო და შუა ოთახში ისროლა, თავად კი ისკუპა და ნიშას ამოეფარა. გაისმა გამაყრუებელი აფეთქების ხმა და სარდაფის ორი კედელი მთლიანად ჩამოინგრა. ბომბი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შელვუდი წარმოიდგენდა. ექვსი ბანდიტი ადგილზე მოკვდა. მათი გვამები ისე იყო დამახინჯებული, ამოცნობა გაჭირდებოდა; ორი კი ჯერ ისევ ფართხალებდა და ხროტინებდა.

– ძაღლო! – ამოიოხრა წითურმა ბილმა და სული განუტევა. ჩარლი სმიტი ოდნავღა ფეთქავდა და უგონოდ იყო. შელვუდმა პოლიციის მოსვლამდე გაქაჩა, რომელიც აფეთქებით შეშინებულმა მეზობლებმა გამოიძახეს. მერე კი გული წაუვიდა. მაინც იოლად გადარჩა. 

ერთი თვის შემდეგ, ჭრილობებმოშუშებული, უკვე საკუთარ ოფისში იჯდა და უტყვი ღიმილით პასუხობდა პოლიციის ინსპექტორის საყვედურებს...

 

 

скачать dle 11.3