კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სცენის გადაღება ეუხერხულებოდა ვანო სარაჯიშვილს ნატო ვაჩნაძესთან, ფილმში „მამის მკვლელი”

„საქართველოს ბულბული“ – ასე უწოდეს ვანო სარაჯიშვილს 20-იანი წლების საქართველოში, რომლის ხმა არა მხოლოდ ადამიანებს ანცვიფრებდა, არამედ, მისი ხმის სისუფთავესა და სიდიადეს ბუნებაც გრძნობდა.   

ვანო სარაჯიშვილი დაიბადა 1879 წლის 1 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ნოტარიუს პეტრე სარაჯიშვილისა და ეფემია რუსიშვილის ოჯახში. ის  მეთერთმეტე შვილი იყო პეტრე სარაჯიშვილისა. მამის   გარდაცვალების შემდეგ, 1887 წელს, ოჯახი თბილისში გადმოსახლდა და ვანო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, სადაც მიღებისთანავე ჩარიცხეს გუნდში, მეორე კლასიდან კი გუნდის ლოტბარი გახდა. იმავე წელს იწყებს ჩელოზე დაკვრის სწავლასაც. 1898–1900 წლებში პატარა ვანო უკვე სანდრო კავსაძის სახალხო გუნდის მომღერალ-სოლისტია. 19 წლის ვანო მოხალისედ ჩაირიცხა ერთ-ერთ პოლკში. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩნდა მას მშვენიერი ტენორი და ყველა ურჩევდა სიმღერის შესწავლას, მაგრამ, ხელმოკლეობა არ აძლევდა ამის საშულებას და, იძულებული გახდა, ხაზინაში დაეწყო სამსახური. 1903 წელს, მეგობრების შუამდგომლობით, მას ენიშნება სტიპენდია და მიემგზავრება პეტერბურგში, სადაც სწავლობს ჯერ ცნობილ მომღერალ პრიანიშნიკოვთან, შემდეგ კი პროფესორ პანაევა-კარაცევასთან. სწორედ მისი დახმარებით, ვანო სარაჯიშვილი პირველად გამოდის პეტერბურგის იტალიური ოპერის სცენაზე და მღერის „ტრავიატაში“ ალფრედის პარტიას. 1906 წელს იგი საგასტროლოდ ჩამოდის თბილისის საოპერო თეატრში და მღერის ალფრედის („ტრავიატა“) ჰერცოგის („რიგოლეტო“), ფაუსტისა („ფაუსტი“) და ლენსკის („ევგენი ონეგინი“) პარტიებს, რითაც აღტაცებაში  მოჰყავს საზოგადოება. თბილისში ჩატარებული გასტროლების შემდეგ, ვოკალური განათლების გაღრმავების მიზნით, ვანო სარაჯიშვილი მიემგზავრება იტალიაში და, ჯერ მღერის მილანის საოპერო თეატრში, შემდეგ კი პარმისა და ტრიესტის საოპერო დასებში. იტალიაში ყოფნის დროს მას აღფრთოვანებაში მოჰყავს შალიაპინი, რომელიც წინადადებას აძლევს, საგასტროლოდ გაჰყვეს პარიზში. ვანო სარაჯიშვილს იწვევენ პეტერბურგის იტალიური ოპერის დასში. რის შემდეგაც ის განუწყვეტლივ მუშაობს რუსეთის სხვადასხვა დასში, 1917 წლიდან კი საბოლოოდ  რჩება თბილისის ოპერის თეატრში. მაგრამ, მომღერლის სამშობლოში მოხდა განსაცვიფრებელი ამბავი – იგი, თბილისის თეატრის დირექციამ ოპერაში არ დაუშვა. საქმე მეფისნაცვლამდე მივიდა, რის შედეგადაც სარაჯიშვილს თბილისის სცენაზე გამოსვლის უფლება მისცეს... მრავალფეროვანი და ნაყოფიერია ვანო სარაჯიშვილის შემოქმედება. მისი რეპერტუარი 35-ზე მეტ ლირიკულ და დრამატულ ტენორის პარტიას მოიცავს.  

„1923 წლის ზაფხულში ჩვენი კინომრეწველობა შეუდგა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის „მამის მკვლელის” მიხედვით სურათის გადაღებას. ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ვანო სარაჯიშვილი. ის ასრულებდა იაგოს როლს, მე ვთამაშობდი ნუნუს. ვისაც ვანო სარაჯიშვილი უნახავს სცენაზე, მისთვის დიდი სიამოვნებაა ცოცხალი და მოძრავი იხილოს ის ეკრანზე… ვანო სარაჯიშვილმა კინოში მოიტანა არა მარტო თავისი გამოცდილება, არამედ, საუკეთესო სცენური ტრადიციები და ის თავისებურება, რაც ამ დიდ ხელოვანს ახასიათებდა. მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, სულ 16 წლის გოგონა და, ადვილად წარმოიდგენთ, რა სიხარული იყო ჩემთვის ვანო სარაჯიშვილის პარტნიორობა. მე ვთამაშობდი იმ ადამიანთან, ვინც ქართველი ხალხის სიყვარული იყო, ხოლო ჩემი ხნის ახალგაზრდებისთვის – ნამდვილი კერპი. სარაჯიშვილი მაშინ 45 წლის იყო, მაგრამ, ნახეთ ის ეკრანზე და დარწმუნდებით, რომ, სხვა ნიჭთან ერთად, ბუნებამ ის საოცრად დაზოგა და შეუნარჩუნა ახალგაზრდული შეხედულება, დიდი ტემპერამენტი და მომხიბვლელობა. მთელ ექსპედიციაში ყველაზე უფრო აღტაცებული, ცოცხალი, დაუღალავი, მხიარული და, ამასთანავე, საოცრად უბრალო და გულისხმიერი, ვანო სარაჯიშვილი იყო. სარაჯიშვილი თავიდანვე დიდი სერიოზულობით მოეკიდა საქმეს. აპარატის წინ დგას ვანო სარაჯიშვილი – იაგო, უკან კი აპარატი, ოპერატორი, რეჟისორი, მისი თანაშემწე, ასისტენტები, მსახიობები და საჭირო ტექნიკური პერსონალი. იწყება გადაღება სცენისა, სადაც იაგომ სიყვარული უნდა გამოუცხადოს ნუნუს. აი, საცაა, უნდა ამუშავდეს აპარატი, როცა, უეცრად, სარაჯიშვილმა უკმაყოფილოდ გადახედა აპარატს, მის გარშემო მდგარ ხალხს და საყვედურით მითხრა: „რას ჰგავს ეს ამბავი? როგორ გამოგიმჟღავნო ჩემი სიყვარული, როცა ამდენი ხალხი და, შენი ქმარიც კი, ეგერ დამდგარან, შემომცქერიან და ერევიან ჩემს საქმეში?! არ შეიძლება განა ეს სცენა გადავიღოთ მოწმეთა გარეშე!..”

მუშაობდა ის ყოველთვის შთაგონებულად და დიდი ტემპერამენტით. ხშირად თვითონვე იყო თავისი თავით კმაყოფილი და, როგორც ჭაბუკი, გულუბრყვილოდ და სიხარულით იტყოდა: „დიდებულად კი ჩავატარე ეს სცენა! ახ, რა კარგად ვითამაშე! ყოჩაღ ვანო სარაჯიშვილო!” 

რამდენიმე ტრიუკი ამ ფილმში ისეა გაკეთებული, რომ მასში მხოლოდ ნაწილობრივ მონაწილეობდა სარაჯიშვილი, მაგრამ, ის იმდენად გატაცებული იყო თავისი მუშაობით, რომ, როცა ეკრანზე ნახა მთელი სურათი, დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთა. ერთობ შესაქცევი იყო შემდეგი შემთხვევა: მოქმედების მიხედვით, მე ტყეში დავეხეტები: აი, საცაა დათვი უნდა დამესხას თავს. ტყეში მართლაც იყო დათვი, მაგრამ, ის უკანა ფეხით იყო  დაბმული და გაბრაზებული ღრინავდა. იმ წუთში, როცა ის თითქო უნდა მეცეს, გამოჩნდება იაგო, მივარდება დათვს, ჩასცემს ხანჯალს და მოკლავს. ეს კადრი გადაიღო აპარატმა შემდეგნაირად: სარაჯიშვილი-იაგო გადაიღეს ცალკე, გახელებული დათვიც – ცალკე. სარაჯიშვილმა-იაგომ მხოლოდ ხანჯალი ამოიღო და რაღაცას ჩასცა, ეკრანზე კი ისე გამოვიდა, თითქოს იაგო ეცა დათვს და მართლაც ჩასცა ხანჯალი. როცა ეს კადრი ნახა ვანო სარაჯიშვილმა, იმდენად გაკვირვებული იყო მისი რეალობით, რომ, დარწმუნებული შეიქნა, თითქო მართლაც მან მოკლა დათვი…  სამწუხაროა, რომ მის დროს ხმოვანი კინო არ არსებობდა. ძველმა ეკრანმა აღბეჭდა ვანო სარაჯიშვილის სახე, თამაში, მაგრამ, მთელი მისი სიდიადე ხომ სიმღერაში იყო… მრავალს მოუსმენია ვანო სარაჯიშვილისთვის, მაგრამ, ბევრს არ ჰქონია ბედნიერება, მოესმინა იმ წუთებში, როცა თვითონ მას ემღერებოდა; იმ წუთებში, როცა მას არ შეეძლო, არ ემღერა; როცა ის თავის ღმერთთან ურთიერთობაში იყო.  მე ერთხელ მქონდა შემთხვევა, ასეთ წუთში მომესმინა მისთვის. ეს მოხდა სიღნაღში. გაზაფხული იყო, აივანზე ვისხედით ძველი ციხე-გალავნის ახლოს. ნათელი, მთვარიანი ღამე იყო. ქვევით ალაზნის ველი გადაშლილიყო. დღისით მე დავინახე, თუ როგორ ყვაოდნენ იქ, ქვევით, ალუბლისა და ვაშლის ხეები და, ახლაც, ამ ნათელ ღამეში, მეჩვენებოდა, თითქო ვხედავდი მათ და ვყნოსავდი დამათრობელ სურნელს… სიჩუმეში ვიდექით და გავცქეროდით ყველანი ამ მომხიბლავ ჩვენებას. და აი, თითქოს მოულოდნელად კი არა, არამედ, თითქოს ჩვენი გულიდან ამოსულიყო, მოისმა ჯერ ჩუმი ჰანგი, ისეთივე ჩუმი, როგორადაც ლოცვა იწყება, ეს ვანო სარაჯიშვილი მღეროდა მშობლიურ „ურმულს”. ჩუმად დაიწყო, შემდეგ მისი ხმა თანდათან გაძლიერდა, გადაეფინა გაყუჩებულ ალაზნის ველს და შორეულ მთებს გადასწვდა… ეს ხმები, დაბადებული ამ ველზე, მის მწვანეში, ალაზნის ტალღებში, გლეხის კერის ღუღუნში, – იქნებ, ესმოდათ ყველა ამათ ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანებს… ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა ეს ღამე. ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა ვანო სარაჯიშვილი. ის თითქოს მითიურ ორფეოსად იქცა ჩვენთვის და მისი სიმღერის ძალა უკვდავ ლეგენდასავით დარჩა ხალხში.“ 

(ნატო ვაჩნაძე, „მოგონებები და შეხვედრები”, თბილისი, „ხელოვნება, 1950). 

 

скачать dle 11.3