კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ასწავლის გიორგი ქოჩიაშვილი თბილისელ გოგონებს ბიჭების „დაბეგვას“ და რატომ დაიწყეს ქართველმა ქალებმა კრივზე სიარული

გიორგი ქოჩიაშვილი ყოფილი მორაგბე, ამჟამად კი სპორტულ დარბაზში „ფორმა“ ფიტნეს-ინსტრუქტორია, რომელიც გოგონებს გახდომაში და სხეულის კარგი ფორმების შენარჩუნებაში ეხმარება. ამისთვის კი ის, ფიტნესთან ერთად, კრივში ვარჯიშსაც მიმართავს. ასე რომ, გიორგის დახმარებით, თბილისის ქუჩებში უკვე ბევრი გოგონა დადის – სხეულის კარგი, ნავარჯიშები ფორმებითა და კრივის ილეთების ცოდნით, რასაც საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენებენ.

 

გიორგი ქოჩიაშვილი: მორაგბე ვიყავი, „ყოჩებში“ დავიწყე თამაში, შემდეგ გავაგრძელე „ჯიქებში“, ნაკრებშიც მითამაშია, უცხოეთშიც ვთამაშობდი – საფრანგეთში, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე, ოპერაცია გამიკეთეს. სამწუხაროდ, რეაბილიტაცია არ ჩამიტარდა სწორად. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ვეღარ გავაგრძელებდი რაგბის თამაშს. დიდი ხანი მომიწია წოლა, ეს, თავისთავად, დიდი სტრესიც იყო, რადგან კარგად ვთამაშობდი. ამის მერე ჩემი ცხოვრების სტილი შეიცვალა, მაგრამ ამას საერთოდ არ ვნანობ. შემდეგ, რესპუბლიკურში რომ გავდიოდი რეაბილიტაციას, პარალელურად, ვმუშაობდი – ექიმის, ქალბატონ ნატა კენჭაძის დამხმარე ვიყავი რეაბილიტაციის განყოფილებაში. ნატამ ბევრი რამ მასწავლა და მეც ბევრი მოვძებნე, ვისწავლე და პროფესიონალურად მივუდექი საქმეს. ერთი წელი ვიყავი იქ და ადამიანებს ვეხმარებოდი, ანუ პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაცია, სამკურნალო ვარჯიშები მე მეხებოდა. ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა, მოსწონდათ ჩემი და ნატას შეთავაზებული ვარჯიშები. ნატამ ადამიანის ანატომიაც შემასწავლა და ამის მიხედვითაც ვაკეთებდი ვარჯიშებს. შემდეგ დიღომში გადავედი ჩემი მეგობრის დარბაზში. ბატონი ხვიჩა ცეკვავა დამთანხმდა, რომ ჩემთვის გამოეყო დარბაზი და იქ დავიწყე მუშაობა. მეც დავდიოდი იმ პერიოდში კრივზე. ერთ დღესაც მოვიდა „იმედის“ პროდიუსერი თამუნა ღვინიანიძე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი „შუადღეში“. 

– როდის დაიწყე კრივში ვარჯიში? 

– რაგბის პარალელურად, კრივშიც ვვარჯიშობდი, თუმცა პროფესიონალურ დონეზე არა – ფორმაში რომ ვყოფილიყავი იმიტომ. შემდეგ გადავწყვიტე, გოგონები მევარჯიშებინა, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე ყველაფერი: გავხდი და სხვანაირი აღნაგობა გამიხდა. თან, ამის მერე რაღაცეები წავიკითხე, ვნახე და ნელ-ნელა დავიწყე კრივში ვარჯიში. ერთ დღეს დარბაზში, სადაც გოგონებს ფიტნესში ვავარჯიშებდი, შემთხვევით ჩავიტანე ხელთათმანები. გოგონებმა მკითხეს: „ბოქსზე” დადიხარო? კი, დავდივარ-მეთქი. მოდი, ჩვენც გვავარჯიშეო. მეორე ვარჯიშზე რომ ჩავედი, სალომე ღვინიაშვილმა დამახვედრა მოკრივის ხელთათმანები და თათები: დავიწყოთო და დავიწყეთ. ანუ, სალომე იყო კრივში ჩემი პირველი ოფიციალური მოსწავლე. 

– დღეს ბევრმა გოგონამ, განსაკუთრებით კი მოდელებმა, კარგად იციან, რამდენად ეფექტურია სხეულის ლამაზი ფორმებისთვის კრივი. 

– ეს ერთგვარი „კოზირი” იყო, რომელიც, ვფიქრობ, კარგად გამოვიყენე. ერთმა მოკრივემ მითხრა, კრივში არასწორად ავარჯიშებო. მე კი ასეთი პასუხი გავეცი: სწორად ვავარჯიშებ, არა ისე, როგორც „ბოქსიორებს,” რადგან მათ ეს საჩხუბრად არ სჭირდებათ. კლასიკური კრივი რომ ვასწავლო გოგონებს, დამიჯერეთ, ერთ თვეში მობეზრდებათ. ამიტომ, მინდა, ისეთი ელემენტები ჩავრთო, მათთვის ვარჯიში სახალისო იყოს. თან, შერწყმული მაქვს ფიტნესთან, კრივთან. გარდა იმისა, რომ  სწორ დარტყმას სწავლობენ, ხალისობენ კიდეც. ვარჯიშის დროს, ერთი სული აქვთ, როდის გადავალთ კრივზე. ყველაფერი კომპლექსურია: გახურებისა და გაწელვის გარეშე არაფერს ვიწყებ, მერე ნელ-ნელა გადამყავს ვარჯიშზე. ეს უფრო სწორი მეთოდია, ვიდრე ის, რომ აზიდვები და ბევრი დამღლელი ვარჯიში ვაკეთებინო. 

– სხეულის რა ნაწილისთვის არის მაინც კარგი კრივში ვარჯიში? 

– კრივი გოგონას, უპირველეს ყოვლისა, ეხმარება გახდომაში. პლუს ამას, კუნთებს აშრობს, ფორმას აძლევს. თითქმის ყველა კუნთზე მოდის დატვირთვა. როდესაც კრივში მწვრთნელი გავარჯიშებს, გეუბნება: უპირველეს ყოვლისა, ფეხებს მიაქციე ყურადღება, რადგან მთავარი მოძრაობააო. ასე რომ, თავიდან ფეხებამდე ჩართულია: ხელები, კისერი, ფეხები. ძალიან კარგი სპორტია სავარჯიშოდ. 

– საკუთარმა გამოცდილებამ გაგაბედინა ამდენი გოგოსთვის გეთქვა, მოდი, კრივში ივარჯიშეთ, გახდებით და უფრო ლამაზი სხეული გექნებათო.

– არა მხოლოდ გახდებით, არამედ ქუჩაშიც გამოგადგებათ-მეთქი. მაგალითად, ერთი გოგო, სახელს არ ვიტყვი, მოვიდა ჩემთან ძალიან ბედნიერი: გამოვიყენე კრივის ილეთები, ბიჭი დავბეგვეო. 

– ანუ, ბიჭების დაბეგვასაც ასწავლი ამდენ გოგონას.

– რაღაც დონეზე – კი. თავიდან იმის გამოყენება დავიწყე, რაც მასწავლეს. მერე ვუყურებდი ისეთ კომბინაციებს, რაც ლამაზი უფრო იყო, ვიდრე – ეფექტური. ჩემთვის ეფექტი გახდომაა და არა ის, რომ ეფექტური იყოს მისი გამოყენება ქუჩაში, ჩხუბში. მირჩევნია, ლამაზი იყოს ტანისთვის და სანახაობრივადაც. როცა რაღაც კომბინაციას ამოვწურავთ, მერე ერთად შევდივართ „იუთუბიზე“. იქ მაქვს სხვა კომბინაციები, ვიდეო-კოლაჟები გაკეთებული და ერთად ვარჩევთ, როგორ ვივარჯიშოთ.

– ქართველ ბიჭებს უნდა ეშინოდეთ – შენი დახმარებით თბილისში ამდენი მოკრივე გოგონაა, მგონი, მათ თავსატეხი გაუჩინე. 

– რაც მითხრა იმ გოგომ, ერთი ბიჭი ისე ვცემეო, იმის მერე, შეიძლება, ასეც ითქვას. მიხარია, რომ საქართველოში ამ კუთხით წინსვლა იგრძნობა. უცხოეთში ვარჯიში იგივეა, საკვები რომ მიიღონ და სამსახურში იარონ. დიდი იმედი მაქვს, საქართველოშიც მალე ასე იქნება. დედაჩემი 50 წლისაა და ამ ასაკში ისეთ ფორმაშია, ძალიან ცოტა ადამიანი თუ იქნება.

– შენ არასდროს დაზარალებულხარ გოგონების დარტყმისგან?

– ერთ-ორჯერ მომხვედრია, მაგრამ ძალიან მწარედ არა. ამის გარეშე, არ გამოვა. 

– სალომე ღვინიაშვილი ახსენე. ის, მგონი, კრივში ყველაზე სტაჟიანია, ანუ მათ შორის, ვინც შენთან დადის. 

– კი, ერთ-ერთი სტაჟიანი, კარგი მოსწავლე და მონდომებულია. ნანუკა გოგიჩაიშვილიც ძალიან მონდომებულია. ზოგადად, ყველა გოგონა მონდომებით ვარჯიშობს. მოსწონთ.

– როგორც ვიცი, ბევრი ცნობილი მანდილოსანი დადის შენთან.

– მოდელები დადიან, ასევე, სამინისტროს თანამშრომლები, ბანკირები, ჟურნალისტები. ტელევიზიამ დიდი როლი ითამაშა. ტელევიზიიდან მოვხვდი ამ დარბაზში, რომელსაც „ფორმა“ ჰქვია. შარტავას 41 ნომერში მდებარეობს და იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ ყველას ძალიან მოსწონს აქ ყოფნა. ნანიკო ხაზარაძემ მომიყვანა  თავის მეგობართან, ელენე მუმლაძესთან, დაახლოებით 4 თვეა, რაც აქ ვარ. ჯგუფური ვარჯიშები გვაქვს, მარტო მე არ ვარ დატვირთული, ერთმანეთთან აქვთ კონტაქტი, ეხმარებიან, მეგობრობენ კიდეც. ჯგუფური უფრო არის კრივი, ვიდრე ინდივიდუალური. თუმცა, ყველას ინდივიდუალურად ვუდგები. 

– ანუ, ითვალისწინებ, სხეულის რომელ ადგილზე აქვს პრობლემა? 

– ვითვალისწინებ, რა სჭირდება და იმის მიხედვით ვუნიშნავ ვარჯიშებს. ზოგს, რომ შეხედავ, მიხვდები, რა პრობლემა აქვს. ზოგი გამხდარია, გახდომა არ სჭირდება, მაგრამ გამკვრივება უნდა. მეუბნებიან და მერე დავალებას ვაძლევ. გახურება, ფიტნესის ნაწილი ჯგუფურია და მერე გადავდივართ ინდივიდუალურ ვარჯიშებზე. 

– როგორი მასწავლებელი ხარ? 

– მკაცრი არ ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერში შუალედი მიჭირავს: ოდნავი სიმკაცრეც საჭიროა, სტაბილურობა ყველაზე მთავარია და არ უნდა დაგეზაროს ერთი და იგივეს ახსნა. რაგბში ძალიან კარგი მწვრთნელები მყავდა და ზოგადად, სადაც ვიყავი, ყველგან ამ კუთხით გამიმართლა. დიდ მადლობას ვუხდი მათ, ვინც მე გამზარდა: დავით გოცაძეს – ჩემს აღმზრდელს, ასევე, გოჩა კვაჭანტირაძეს და გია ამირხანაშვილს. ისინი ფანტასტიკური ადამიანები არიან. მათგან ბევრი რამ ვისწავლე არა მხოლოდ სპორტში, არამედ კაცობაშიც. რაგბი, ზოგადად, დიდი ოჯახია, იქიდან გამოსული ადამიანების უმეტესობა კარგი პიროვნებები არიან. დიდი მეგობრობა ვისწავლე მათგან. ცხოვრებაში, ოჯახის, რაგბისა თუ ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ასეთი მაგალითები ბევრი მყავს.

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, დაოჯახებული ხომ არ ხარ? 

– დაოჯახებული არ ვარ. პირად ცხოვრებაზეც არ მიყვარს ლაპარაკი. ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს. 

 

скачать dle 11.3