კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური გიორგიწმინდელი ხახონას ბიჭმა მამის შეურაცხყოფისთვის

გიორწმინდელ ხახონას, თურმე, თიბვისას მიუსწრო მთავრობის ხალხმა და, ხანჯლისკენ ხელის  გაწვდენაც არ აცადეს, ისე  გაკოჭეს და დააგდეს მდინარის პირას. ერთი საათი მაინც  ესხდნენ და ათას კითხვას  აყრიდნენ, მაგრამ, ხახონა პირგამეხებული მჯდარა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ერთი საათის შემდეგ თავისი სახლისაკენ წაუთრევიათ ძაღლივით დაბმული და ეზოში დაუგდიათ, სახლიდან კი დედამისი და ცოლი გამოუთრევიათ წივილ-კივილით, ისინიც დაუბამთ და თავიდან  დაუწყიათ კითხვების დასმა. სამნი ყოფილან, დიდები. წვერ-ულვაში ბარდებივით მოსდებოდათ სახეზე, ჩასისხლიანებულ თვალებს  ატრიალებდნენ და ხანდახან მძიმედ ჩაარტყამდნენ ხოლმე  წიხლს ხახონას, რომელსაც თითქოს პირი არცა ჰქონიაო – ოდნავი ხმაც კი არ ამოუშვია. მის დანახვაზე ცოლი და დედაც გაკერპებულან და ერთი სიტყვაც ვერ დაუცდენინებიათ ვერც ერთისათვის. გამწარებულებს, ქშენით მიუთრევიათ ღობესთან სამივე და დიდი, ფართო ხანჯლებით მოუჩეხავთ თავები...

ამ ყველაფერს, თურმე, სათივიდან უყურებდა ხახონას  14 წლის ბიჭი, არწივის ლაპივით აკვესებდა  თვალებს. სათივის სახურავში  ამძვრალა და ის  ტყვიისკოლოფიანი  და ოპტიკურლინზიანი  თოფი მოუძებნია, შარშან  მთავრობამ რომ აჩუქა მამამისს...

სათივის დირეზე დადო ძვირფასი იარაღი ხახონას ბიჭმა და ლინზაში გაიხედა. ახმახებს საქმე მოემთავრებინათ და სახლისკენ მოემართებოდნენ გასაჩხრეკად. ლინზის ანარეკლის  დანახვა მოუსწრია ერთ-ერთს, მაგრამ, უკვე გვიანი ყოფილა – პირველივე გასროლა მიზანში  წასულა და ყველაზე ახლოს  მყოფ წვეროსანს სახეში მოხვედრია. დანარჩენი ორი ღობისაკენ გაქცეულა და წვიმასავით წამოსულა სათივიდან  ტყვიები. ერთს გადახტომა  მოუსწრია, მეორე კიდევ, ღობეზე გადამხობილა ზმუილით. ხახონას ბიჭი მანამდე აწვებოდა სასხლეტს, სანამ უკანასკნელი  ტყვიაც არ გაისროლა და კოლოფი არ დაცარიელდა, მერე თოფი თივაზე მიუგდია და ტყეში შესულა.   

ერთი წლის შემდეგ  დიდი ქორწილი გამართულა ქვენოში, დიდძალი ხალხიც მოუწვევიათ და თამადაც შესაფერისი დაუნიშნავთ. დიდი ყოფილა ტანად და დიდი თანამდებობაც მიუციათ. მეხივით ხმა ჰქონია და ყველა პატივისცემით ექცეოდა  თურმე. სტუმრები რომ ფეხზე  წამოიშალნენ, თამადას სავსე  ლიტრიანი ყანწი აუღია და ღმერთის სადღეგრძელო უთქვამს. ყანწის მოყუდება რომ დააპირა, სწორედ მაშინ დაუქუხია თოფს და, დათვზე სანადირო ჟაკანს გოგრასავით გაუხეთქავს თამადის ბანჯგვლიანი თავი. გარეთ გამოვარდნილებს  ვეღარავინ უპოვიათ, თოფი კი იქვე ყოფილა მიგდებული. სამზადში მოტრიალე ქალებს დაუნახავთ გამხდარი, ტანსაცმელშემოხეული ბიჭი და ყველა მიხვედრილა რომ, ხახონას ბიჭმა ბოლო მტერი გაუყენა თავისი მამის გზას.

სამი წლის შემდეგ ბიჭი კახეთში  ყოფილა ნათესავებთან. დიდ  მოედანზე ჭიდაობა გამართულიყო. ჯანიანი ბიჭები ერთმანეთს  არაფერს უთმობდნენ, მაგრამ, ერთი ისეთი გოლიათი ყოფილა, წიწილებივით დაუფანტავს ყველა. ვერავინ რომ ვეღარ  გაიწვია საჭიდაოდ, ხახონას  ბიჭი დაუნახავს და გადაჰკიდებია: დამეჭიდე, ხევსუროვო. ბიჭი ხმას არ იღებდა თურმე და უხმოდ უარობდა. წამოუვლია ხელი ამ კახელს ბიჭისთვის და ცარიელი ტომარასავით დაუხეთქებია მთელი ძალით მიწაზე. ბიჭი წამოუყენებიათ და ძლივს გაუშლიათ წელში. კრინტი არ დასცდენია, უხმოდ მოუწმენდია ქვაზე გახეთქილი შუბლიდან სისხლი. კახელი ვეღარ დააოკეს, თურმე: რა მგლის ლეკვივით იყურება ეგ შობელძაღლი, დამაჭიდეთ, თორე, ამოგხოცეთ ყველაო. გაუწევია ხალხი, დაუვლია ხელი ბიჭისთვის, უარესი ძალით დაუხეთქებია მიწაზე და თვითონ ზედ გადასწოლია მთასავით ტანით. ხალხის ყურამდე რაღაცა სლოკინივით ხმა მისულა და კახელიც მოშვებულა რაღაცნაირად. ძლივს გადასწია კახელი ხალხმა და ქვეშიდან ხახონას ბიჭი გამომძვრალა გასისხლიანებული ხანჯლით. 

ბიჭი უკვე სრულწლოვანი  ყოფილა და ციმბირში გადაუსახლებიათ. ჩაყვანიდან სამ დღეში ჩეკისტები  დასდგომიან შუაღამეს თავზე. გაღვიძება ვერ გაუბედნიათ და მძინარე მოუკლავთ მაუზერებით. პატიმრები ყვებოდნენ მერე, თურმე, ექვსი კაცი ესროდა ერთდროულადო. პატიმრებმა არ იცოდნენ, მაგრამ, მთავრობის  ხალხმა იცოდა, რომ სწორედ ეს იყო გიორწმინდელი ხახონას  ბიჭი.

 

 

скачать dle 11.3