კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინციდენტში გაეხვია მოსკოვიდან თბილისში მომავალი ლადო ბედუკაძე და რას ითხოვს მისგან მეუღლე

მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება რადიკალურად სხვადასახვანაირია: ვიღაცისთვის გმირია, რომელმაც ხელისუფლება  შეცვალა, ვიღაცისთვის – ანტიგმირი. ხანდახან თავადაც  ფიქრობს, რომ თავისი სახელი და გვარი ბარიერად ექცა.  ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა და სამოქალაქო სექტორში „დაბანაკდა”,  თუმცა, ჯერჯერობით, არც ამ ფლანგზე აქტიურობს.  საკუთარი ცხოვრება მან თავად  გაყო ორ ნაწილად. რა დარჩა ძველ ცხოვრებაში და რა ხდება გამყოფ ზოლს მიღმა, ამის შესახებ ლადო ბედუკაძე თავად გიამბობთ.   

ლადო ბედუკაძე:  დეკემბერში  არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრი” დავაფუძნე. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, სამთავრობო სექტორში  ვერ წავიდოდი.  პოლიციის აკადემია მაქვს დამთავრებული და ნებისმიერ ძალოვან სისტემაში შემეძლო მუშაობის გაგრძელება, მაგრამ, მე რომ სადმე მუშაობა დამეწყო, ნებისმიერ ძალოვან მინისტრს დარტყმის ქვეშ დავაყენებდი, შესაბამისად, ასეთი სურვილი არც გამჩენია. რიგით ინსპექტორად რომ დამეწყო მუშაობა, ამაზეც  ერთი ამბავი ატყდებოდა. ამიტომაც გავაკეთე არჩევანი არასამთავრობო სექტორზე, სადაც ჯერ კიდევ ქაოსია და  ბევრი რამ არის გასარკვევი და დასარეგულირებელი.  ჩვენს  ორგანიზაციას საკმაოდ მრავალფეროვანი  მიმართულებები  აქვს, ერთ კონკრეტულ სფეროში არაა ჩაკეტილი. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ადამიანების ერთიანი ბაზის შექმნაზე, ასეთი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. მთავარი მაინც ისაა, რაც  დღეს აწუხებს ჩვენს საზოგადოებას – სამართლიანობის დამკვიდრებისკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობა.  ჩვენ არც ვაქებთ ვინმეს და არც ჩასაფრებული პოზიციიდან  ვაკრიტიკებთ  სახელისუფლებო  სექტორს, უფრო თანამშრომლობისთვის ვართ მომართული. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით და, არავისთვის არაა დასამალი, როგორ  ფინანსდებიან ისინი. ჩვენ არ გვაქვს დაფინანსების წყარო. მინდოდა, გამომეძებნა ისეთი ქართველი ბიზნესმენი, პატრიოტი ადამიანი, ვისაც ექნებოდა ამ ორგანიზაციის დაფინანსების სურვილი, მაგრამ, ასეთი ადამიანი ვერ ვიპოვე. საქართველოში ისეთი პოლიტიკური პროცესია, ამგვარი ადამიანის მოძებნა არ იყო იოლი. არ ვიცი, ჩემს სახელ-გვარს ერიდება ვინმე თუ ჩემს ხასიათს, მაგრამ, რაც ჩავუღრმავდი ამ თემას, მივხვდი, რომ მერიდებიან.

– საკუთარი  თავი ბარიერად გექცათ?

– არ ვიცი. ფაქტი სახეზეა, რომ ვიღაცეები ჩემთან ურთიერთობას ერიდებიან. შესაძლოა, ვიღაც  იმასაც  ფიქრობდა, რომ ამ ორგანიზაციით დაკავშირებული იქნებოდა ან ივანიშვილთან, ან ღარიბაშვილთან;  ვიღაცას, შეიძლება, ისიც ეგონა, რომ, ამან, ანუ მე, შეიძლება გააკეთოს ისეთი რაღაც, რაც დაგვაპირისპირებს ამ ხალხთანო.  მე მესმის მათი.  ვერ ვიპოვეთ ასეთი ადამიანი და ამიტომაც ვართ ასე –  ნაჩუქარი  კომპიუტერითა და ტექნიკით.  

– თუმცა, „ქორთიარდ მერიოტში” ოფისის დაქირავება არცთუ იაფი საქმეა. 

– ეს ოფისი  მეგობარმა დამითმო, არაფერს არ ვუხდი. ნიკო შარაბიძისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის.  კომპიუტერი და პრინტერი ანზორ ქოქოლაძემ მაჩუქა – ჩვენი ურთიერთობა ციხეში დაიწყო და  დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. როგორ არ მოვიხსენიო თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც ყოველთვიურად ათასი ლარით მაფინანსებს.     

– ფულზე წუწუნებთ. ის ორი მილიონი დოლარი სადაა, რომლის აღებასაც ხშირად აბრალებენ ლადო ბედუკაძეს.   

– დოლარი არა, ევროო...  ერთ კვირაში დავხარჯე ის ფული (იცინის).  მელას რაც ენატრებოდა, ის ესიზმრებოდაო, ხომ გაგიგიათ; ამიტომაც, ყველაფერი ფინანსური ინტერესისკენ იმ ტიპის ადამიანებს მიჰყავდათ, რომლებიც ამ პრინციპით ცხოვრობენ. რომ ამბობენ, დოკუმენტები გვაქვს, ბედუკაძემ ფული რომ აიღოო, დადონ, ბატონო, ეს დოკუმენტები! თუ გავყიდე ის კადრები, რა მომარბენინებდა აქეთ? იმ ფულით უზრუნველად ვიცხოვრებდი, ისეთ ბიზნესს დავიწყებდი, ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში  რომ კარგად გაცხოვრებს. მე საკუთარი სიცოცხლე და ოჯახის წევრები დავაყენე ისეთი დიდი  რისკის ქვეშ, რაც არანაირი ფული არ ღირდა.

– და, ეს ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთხელ არ გინანიათ?

–  პრინციპში არ ვნანობ, მაგრამ ხშირად  ვწუხვარ, რომ ასე გავწირე ოჯახი. ჩემი ოჯახი ახლაც მძიმე სიტუაციაშია. ყოველდღიური „თავდასხმები”  ჩემზე იოლი არაა ჩემი 14 და 7 წლის შვილებისთვის. ისინი უკვე დიდები არიან და ყველაფერი კარგად ესმით.  თან,  ჩემი ბიჭი ძალიან პოლიტიზებულია, ჩემგან განსხვავებით,  ყველა მინისტრისა და მათი მოადგილეების სახელი და გვარი  ზეპირად იცის (იცინის). სიდედრი დღემდე მსაყვედურობს, რომ მათი ცხოვრება ავაფორიაქე. ძალიან უჭირს ამ ყველაფრის პატიება ჩემს მეუღლეს, რომელმაც  მძიმე სტრესი გადაიტანა. ის 4-5 საათი ჰყავდათ დაკავებული მანქანაში. სულ მთხოვს, რომ აღარ ჩავება ხმაურში, ვინმეს არ დავეჯახო.  ახლახან  „ჰუმან რაითს ვოჩის” ანგარიშში  ისეთი აბსურდული გამოხმაურება იყო  ჩემ წინააღმდეგ, არ შემეძლო, ეს უპასუხოდ დამეტოვებინა. მე არც ბინა გამომიცვლია ჩემი ოჯახისთვის, არც სკოლა  ჩემი შვილებისთვის,  თუმცა, მათი ცხოვრება ვეღარასოდეს იქნება ისეთი მშვიდი, როგორიც ადრე იყო. ამას ითხოვს ჩემი ცოლიც, მაგრამ, მე ვარწმუნებ, რომ ეს გამორიცხულია. მე კი არა, ისეთ ადამიანს უგონებენ საშინელებებს, ვისი ავტორიტეტიც ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალია (მის უწმინდესობას ვგულისხმობ), ათას ბრალდებას უყენებენ ხოლმე. მე როგორ ვიქნები იმ ხალხის მოსაწონი, ვინც დღესაც მინისტრი უნდა ყოფილიყო, ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი და ყველაფერი თავზე დაემხო?! ძალაუნებურად გამოვედი მთავარი მოქმედი პირი. ეს ხელისუფლება მე არ მომიყვანია, ეს ხელისუფლება ხალხმა მოიყვანა.       

– თუმცა, მთავარი ფაქტორი ის ისტორია იყო,  რომლის მთავარი პერსონაჟიც თქვენ იყავით. ამან  თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო. არ გიჭირთ ახლა ცხოვრება იმ ყველაფრის შემდეგ?  

– დიახ, ჩემი ცხოვრება მართლაც ორად გაიყო.  ბევრ რამეს უკვე იმის მიხედვით ვალაგებ, რაც იყო იმ ნაწილში და რა – მას შემდეგ. ძალიან მძიმე  პერიოდი გავიარე და ახლა ბევრად რთულია ჩემი ცხოვრება, ვიდრე  იყო ადრე. მაშინ არსად ვჩანდი, ჩემთვის წყნარად ვცხოვრობდი, ჩემი ყოველდღიური რეჟიმი არაფრით იყო გამორჩეული სხვებისგან და, უცებ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მე არასდროს არ ვამბობ, რომ ეს მე გავაკეთე და გმირი ვარ. არა! უფრო მეტიც, მე ორ სპილოს შორის გაჭყლეტილი კოზაკის როლში აღმოვჩნდი – ერთმანეთს დაეჯახა ორი დიდი ძალა და, ჩვენ, ვინც ვიყავით ჩართული, ყველაზე მეტად გავიჭყლიტეთ შუაში, ჩვენ დავზარალდით. მერე ჩვენ შორის მოაწყვეს პროვოკაცია, რომ დავეშალეთ და  უფრო იოლი ყოფილიყო ჩვენთან  ბრძოლა.   ათასი რამ ითქვა ჩვენზე,  თუნდაც ის, რომ გამომიყენეს და გადამაგდეს. არ ვიცი, ეს როგორ დავამტკიცო, ან, რატომ უნდა დავამტკიცო რამე?! 

– საზოგადოების დამოკიდებულება ლადო ბედუკაძის მიმართ რადიკალურად განსხვავებულია: ვიღაცისთვის გმირი ხართ, ვინც ხელისუფლება შეცვალა, ვიღაცისთვის – ანტიგმირი. 

– ამასაც გაგებით ვეკიდები.  ადრე არ მქონდა ამდენი პრობლემა, ორ ადგილას ვმუშაობდი, ოჯახს ვინახავდი; არც ამდენი მტერი მყავდა.  დღეს მე ჩემს მეგობარ ბიზნესმენზე, თამაზ ელიზბარაშვილზე ვარ დამოკიდებული,  ის  მეხმარება. სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის დროს ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ცნობილ  გახმაურებულ პატიმრებთან.  ჩვენ დღემდე ახლო ურთიერთობები გვაქვს.  სხვათა შორის, როდესაც ჩემ წინააღმდეგ „რუსთავი 2-ზე” აქტიური კამპანია მიდიოდა და ერთ-ერთი ყოფილი მსჯავრდებული გამოიყვანეს ჩემ მიმართ მძიმე ბრალდებებით, მე დამიკავშირდა ადამიანი, საკმაოდ დაახლოებული  მიშა სააკაშვილის გარემოცვასთან და, შემომთავაზა, რომ ღიად დამიჭერდა მხარს და გამოააშკარავებდა იმ ადამიანს, ვინც მე ბრალდებებს მიყენებდა. მე თვითონ ვუთხარი უარი – ის სხვა ბანაკში იყო, მე სხვა ბანაკში ვიყავი და მას ვერ გავიმეტებდი, რომ თავისი წრე დაპირისპირებოდა.  

– ახლა, როცა პოლიტიკურად  რთული პერიოდები დგება, საკუთარი წილი  პასუხისმგებლობის განცდა გიჩნდებათ? თქვენ მიერ  სოციალურ ქსელში  გაზიარებული ლინკებითა და პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, დროდადრო  ლადო ბედუკაძეც „წაუოპოზიციონერებს?”

– მე ძალიან ვწუხვარ, რომ  ასოცირებული ვარ  ახალ ხელისუფლებასთან. მათ მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა მე მირტყამს. ძალიან მგრძნობიარედ აღვიქვი მინისტრების „ჯიპების” თემა. სულ ვამბობდი, სუბარი დაღუპავს-მეთქი ამ სისტემას და ასეც მოხდა. შენ არ უნდა გაიმეორო ის შეცდომები, რაც  წინა ხელისუფლებამ დაუშვა.  იცით, რამდენ ახლობელს უთქვამს ჩემთვის: შენ მაინც რას ამბობ, შენი მოყვანილები არ არიანო?! არ არიან, ბატონო, ჩემი მოყვანილები. ამას წინათ მოსკოვიდან მოვფრინავდი თვითმფრინავით, განზრახ ჩავედი იქ. თვითმფრინავში ორ ნასვამ მამაკაცს შორის  ხელჩართული ჩხუბი ატყდა. ერთ-ერთი მათგანი ექიმი იყო, მეორე კრიმინალური ფიგურა ჩანდა და საქმეს ურჩევდა. ექიმმა მიცნო და დამიძახა: აჰა, შენი მოყვანილიც ესაა, მიშას დროს ამას ვინ გაბედავდაო? მივედი ახლოს გასაშველებლად, მაგრამ, ჩხუბი უკვე გახურებული იყო. თვითმფრინავშიც კი წამომაძახა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ეს ამბავი, რაც ყოველთვის ძალიან მწყინს. 

 –  თქვენ ისევ დაცვით დადიხართ. დღეს თქვენი თავისუფლება ისევ  შეზღუდულია? 

– არა, მე არც დღეს მაქვს აკრძალვები,  თვითონ ვერიდები ისეთ ადამიანებთან კომუნიკაციას, ვისთანაც, შეიძლება, კონფლიქტი მომივიდეს. სხვათა შორის, ქუჩაში, ჩვეულებრივ ადამიანებთან, ინციდენტი არ მქონია. ძალიან ხშირად დავდივარ მამა გაბრიელის საფლავზე. იქ ხალხი მოდის ხოლმე ჩემთან და  ძალიან თბილად მესაუბრება. კამერით ხომ ვერ ვივლი, რომ ეს ჩავიწერო?! ის ადამიანები კი, ვინც ჩემ მიმართ  კრიტიკულად არიან განწყობილნი, თვითონ უნდა გამოვიდნენ იმ მონური დამოკიდებულებებიდან, რომელშიც ცხოვრობდნენ, თორემ, მე ცუდად ნამდვილად არ ვიყავი.   ვუყურებდი ხალხს, რომლებიც იქ მოჰყავდათ და ვხედავდი,  რომ ისინი ვერ  ცხოვრობდნენ კარგად.  ხვალ-ზეგ მეც მიმიყვანდნენ იქ. მე ძალიან მამძიმებდა ის სიტუაცია. სახლში ხმას ვერ ვიღებდი,  მივდიოდი სტუდენტებთან და  „ვაბოლებდი” მათ,  რომ ციხეში კარგი  სიტუაცია იყო.  რკინა ხომ ტყდება ტემპერატურის ცვლილებაზე, მეც ეგ დამემართა. ვერ ვიტყვი, რომ  ამ ერთ წელიწადში ვინმემ გამრიყა ან დამკარგა. ჩემი სამეგობრო წრე ისევ ის წრეა, რაც იყო. რაც შეეხება დაცვასა და თავისუფლებას, მე არ ვარ შეზღუდული. ფინანსები რომ მიწყობდეს ხელს, რესტორანშიც ვივლიდი თავისუფლად.  დამპატიჟონ  და წავალ (იცინის).  ჩემ ირგვლივ ყოველთვის არის ვიღაც, ხან ღიად, ხან – ფარულად.  მე თვითონ მინდა, მაკონტროლონ, რომ, იცოდნენ, მე არ ვარ საფრთხე ახალი ხელისუფლებისთვის.  მოისმინონ ჩემი სატელეფონო საუბრები, გააკონტროლონ ჩემი სოციალური ქსელი – იცოდნენ, როგორ ვცხოვრობ.  

– რამე ახალ „სიურპრიზს”  ხომ არ უნდა ველოდოთ მომავალში  თქვენგან?

– არ ვიცი,  შესაძლოა, იყოს კიდეც. არ ვიცი,  ეს ვინმეს ესიამოვნება თუ არა, მაგრამ, ახლა ამაზე საუბარი არ მინდა.   

– სამოქალაქო სექტორში გადმოსულ ექსპრემიერს ამ „არეალში” მაინც  ხვდებით? 

– შემოვიდა უკვე? მე ჯერ ვერ ვხედავ მას ამ არეალში. 

– სამაგიეროდ, ოფისი გაქვთ ისე მოწყობილი, პირდაპირ უყურებთ  ექსპრემიერის სასახლეს.

– ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. როცა ამ კაბინეტში შემოვედი და ფანჯრიდან გავიხედე, უცებ ვერც კი  მივხვდი, ეს რა შენობა იყო.  ახლა, ამას რომ გაიგებენ, შეიძლება, ისიც თქვან, რომ იქამდე ძაფი მაქვს გაბმული და დილით ხელს მიქნევს, მაგრამ,  კარგად დააკვირდით და ნახავთ, რომ ამ ორ შენობას, ისევე, როგორც ჩვენ, არაფერი აკავშირებს (იცინის).      

 

скачать dle 11.3